პუტინის ღამის გამოსვლა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-07-2014, 13:28 | მსოფლიო | ნანახია - 3856

პუტინის ღამის გამოსვლანიკოლოზ ვაშაკიძე

 

       22 ივლისს, ღამის 2 საათზე, რუსული არხების ეთერში მოულოდნელად პუტინი გამოჩნდა და ორწუთიანი განცხადება გააკეთა. განცხადება მალაიზური ბოინგის ტრაგედიას ეხებოდა.

       ამ გამოსვლის შეფასებისას ყველა ერთხმად აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის საგრძნობლად შელახულ სახეს და იოლად შესამჩნევ ემოციურ აშლილობას. უძილო ღამის, თუ ღამეების  და ნერვიულობის ნიშნები აშკარად სახეზეა. რა თქმა უნდა, პუტინის ემოციურ აშლილობას მისი ბანდიტების მიერ უმოწყალოდ  დახოცილ 298  მგზავრისა და მათი ოჯახების მიმართ თანაგრძნობას ვერ მივაწერთ.

რუსეთის პრეზიდენტს არ სჩვევია ასეთი „წვრილმანებით“ საკუთარი თავის შეწუხება. სანერვიულოდ მას, თავისი ღირებულებების სკალიდან გამომდინარე,  გაცილებით უფრო სერიოზული მიზეზები აქვს. სასიკვდილო საფრთხე, მისივე უგუნური და ცინიკური პოლიტიკის შედეგად, მის ძალაუფლებას, კეთილდღეობას და სიცოცხლეს ემუქრება. რუსული სახელმწიფოებრიობის ბუნებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის უმაღლეს მმართველებს, საფრთხე, როგორც წესი, ამ სამ კომპონენტში ერთდროულად ადგება. რუსეთის დიქტატორების ძალაუფლება მათსავე კეთილდღეობასთან და სიცოცხლესთან მჭიდროდ არის შედუღაბებული.  პუტინის შემთხვევაში ამ სამი კომპონენტის განუყრელობა კიდევ უფრო მჭიდროა, და ეს მას კარგად ესმის.

       რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქვეყანა ყოველთვის ცდილობს მაქსიმალური ექსპლუატაცია გაუწიოს მსოფლიოში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ის იმას კი არ ცდილობს, რომ სხვებთან ერთად მიმართოს საკუთარი ძალისხმევა ამ ნეგიტიური პროცესების გასანეიტრალებლად, არამედ როგორც წესი, პირიქით, თავად ახდენს მათ პროვოცირებას და ხელშეწყობას, რათა შემდგომში ამ პროცესებში მსხვილი საერთაშორისო მოთამაშის სტატუსით  რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს.

       ამ თავისებურებით არის გამოწვეული ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში აღმოცენდა და დღემდე ვერაფრით  იქნა დაძლეული ისეთი ბოროტება, როგორიც არის სეპარატიზმი და მის ნიადაგზე გაჩაღებული კონფლიქტები. რუსეთი მათ აღმოფხვრას კი არ ცდილობს, არამედ თავად უკეთებს მათ პროვოცირებას, ცდილობს უზრუნველყოს მათი მდგრადობა და შეუქცევადობა და ოფიციალური „გამრიგებლის“ როლში უსასრულოდ პარაზიტირებს კაცობრიობის ამ წყლულებზე. ქართველებს, ოსებს, აფხაზებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, მოლდოველებს და ა.შ. კარგად ესმით ის, რაზეც არის აქ საუბარი.

      არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ეს ბოროტი პოლიტიკა, მთელი თავისი სიგრძე-სიგანით, უკვე უკრაინელ ხალხს დაატყდა თავს. უკრაინის რუსული სივრციდან პოლიტიკური და ეკონომიკური ამოხტომის რეალური პერსპექტივა და მისი სვლა ევროპული სივრცისკენ დამანგრეველ საშიშროებას უქმნის პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივ-მაფიოზურ მოდელს. ამიტომ, რუსეთის დიქტატორი ცდილობს ეს პრობლემა ნაცადი მეთოდით გადწყვიტოს.

      სცენარი მარტივი და საზიზღარია: ტერორისტული ბანდფორმირებების აღჭურვა და შეგზავნა აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში, მათი მეშვეობით იქ სეპარატისტული მოძრაობის აგორება და ამ პროცესის მუდმივი, მოსკოვიდან კონტროლირებადი, შეიარაღებული კონფლიქტის რეჟიმში გადაყვანა. ეს, პუტინის ჩანაფიქრით, არ მისცემს უკრაინას წელში გამართვის საშუალებას, შეაჩერებს მის ევროპულ  ინტეგრაციას და   მოსკოვს  უკრაინის ხელმძღვანელობაზე ზემოქმედების მუდმივ  ბერკეტს გაუჩენს. ამ სცენარის დასკვნით და გაუთავებელ ფაზაში გადასაყვანად პუტინმა მთელი თავისი პოლიტიკური და პროპაგანდისტული რესურსი ჩართო. ატყდა ჩვეული ყაყანი სამხედრო მოქმედებების დაუშვებლობაზე და დაიწყო ზეწოლა უკრაინის ხელმძღვანელობაზე ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერებისა და ბანდფორმირებებთან მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით. სამწუხაროდ, ამ ზეწოლაში პუტინს ევროპელმა ლიდერებმაც აუბეს მხარი. მოლაპარაკებებს რაც უნდა მოჰყვეს კარგად ვიცით: სეპარატისტ-ტერორისტების ლეგიტიმაცია და კონფლიქტის მუდმივ, ლათენტურ ფაზაში გადაყვანა. მეტი რა უნდა რუსეთს?!

პუტინის ღამის გამოსვლაპუტინისთვის საუბედუროდ, ეს თამაში მთლიანად არია რუსი ტერორისტების მიერ სამგზავრო ავიალაინერის განადგურებამ. პოროშენკოს გაპრეზიდენტების შემდეგ, უკრაინა იმაზე უფრო მძლავრად აღუდგა წინ რუსეთის აგრესიას, ვიდრე ამას რუსეთის დიქტატორი მოელოდა. მიუხედავად ამისა, უფრო მეტი რესურსების გადასროლით და რამოდენიმე ევროპელი ლიდერის მომხრობით, ის იმედს არ კარგავდა, რომ სიტუაციას სასურველი კალაპოტით მიმართავდა. უცებ კი  ისეთი ტრაგედია მოხდა, რომელმაც მთელი მსოფლიო და, რაც მთავარია, მთელი ევროპა შეაძრწუნა. ყველასათვის ნათელია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ტერორისტები პუტინის მიერ არიან აღჭურვილები და შეგზავნილები. ასევე, არავის ეჭვს  იწვევს, რომ სამგზავრო თვითმფრინავი მათი ჩამოგდებულია. განსაკუთრებით შემაძრწუნებელი არის ის, რომ თვითმფრინავი  ჩამოგდებულია  ისეთი ტიპის დანადგარით, რომლის ტერორისტული ბანდფორმირებებისათვის გადაცემა უპასუხისმგებლობისა და ცინიზმის მწვერვალს წარმოადგენს. ერთ დღეში ევროპელებისათვის სრულიად ნათელი გახდა ის, რაც ჩვენ უკვე დიდი ხანია კარგად ვიცით და რისკენაც ისინი ნელ-ნელა, მაგრამ მიდიოდენ - პუტინი და მისი რეჟიმი უსერიოზულეს საერთაშორისო საფრთხეს წარმოადგენს. პუტინისთვის პოლიტიკურად დამღუპველია          ამ ტრაგიკული მოვლენის ემოციური ფონის ევროპული კონტექსტი - მისმა ბანდიტებმა ერთი გასროლით ასობით უდანაშაულო, მშვიდობიანი ევროპელი მოკლეს, მათ შორის, უამრავი  ბავშვი.  ძალიანაც რომ უნდოდეთ, ეს საშინელი რეალობა და მისგან გამომდინარე საყოველთაო ევროპული უკიდურესი აღშფოთება, ევროპელ ლიდერებს სურვილის შემთხვევაშიც კი მანევრისათვის სივრცეს არ უტოვებს. თანაც, ამ ტერორისტულ აქტამდე სულ ცოტა ხნით ადრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო რუსეთის წინააღმდეგ მართლა სერიოზული სანქციების პაკეტი. ევროპელებმა ტერაქტის მერეც რომ არაფერი მოიმოქმედონ არ შეიძლება. ამასთან ერთად,  მთლიანად არის დანგრეული პუტინის საერთაშორისო იმიჯი - ის, პრაქტიკულად, კრიტიკის ობიექტიდან დაუფარავი სიძულვილის ფიგურად გადაიქცა. და, რაც მთავარია, უკვე ევროპაში აღარავის  მოუბრუნდება ენა კვლავ მოსთხოვოს პოროშენკოს ანტიტერორისტული ოპერაციის შეჩერება.

         პუტინი მძიმე, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. რამოდენიმე დღე ის პრაქტიკულად დუმდა. ის გრძნობს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მასზე აწი მოხოლოდ გაძლიერდება, თანაც მნიშვნელოვნად და სწრაფად. ამავე დროს, მას უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. მას აწი დათმობას მის მიერვე უკიდურესად ეგზალტირებული თანამოქალაქეები არ აპატიებენ. ამ დაბნეულობაში მან ისეთი უგუნური ნაბიჯიც კი გადადგა, რომ  თავის საინფორმაციო საშუალებებს დაავალა შიზოფრენიკ გირკინის იდიოტური ვერსიის ტირაჟირება წინასწარ მოტაცებული და გვამებით დატვირთული თვითმფრინავის შესახებ.

        საბოლოოდ, პუტინმა ოფიციალური რეაგირება მაინც მოახდინა, თუმცა, ამ რეაგირებასთან დაკავშირებული ყველა დეტალი სწორედ იმ პანიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. თავისთავად ცუდი და უცნაურია, როცა განცხადება არ კეთდება რამოდენიმე დღის განმავლობაში. შემდეგ, მოულოდნელად, ღამის ორ საათზე, რუსეთის პრეზიდენტი შეშლილი სახით წარსდგა ტელემაყურებლის წინაშე, ყალბი პათოსით „შეიბრალა“ ტერაქტის მსხვერპლნი და მომხდარში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება თავს რომ არ იცავდეს ტერორისტების თავდასხმისაგან ასეთი რამე არ მოხდებოდა. როგორც სჩანას, რუსულ პოლიტიკურ ცინიზმს  მართალაც  არ აქვს საზღვარი.

        ბევრი თავს იმტვრევს იმაზე, თუ რას მიაწეროს რუსეთის პრეზიდენტის ეს დაგვიანებული ღამის გამოხტომა. ვფიქრობ, ახსნა მისი გამოსვლის დაბოლოებაში უნდა ვეძებოთ. პუტინმა და მისმა გარემოცვამ ხანგრძლივი ნერვიული ტვინის ჭყლეტის შედეგად, მათი აზრით,   იპოვეს ორიგინალური  საშუალება, ეს საშინელი ტრაგედია ისევ იმ ბნელი პოლიტიკური მიზნების მისღწევად გამოეყენებინათ, რომელთაც  სამასამდე  უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

       რუსეთის დიქტატორმა, მოიშველია რა ემოციური არგუმენტი იმის შესახებ, რომ ტრაგედია კი არ უნდა თიშავდეს ადამიანებს, არამედ აერთიანებდეს მათ, განაცხადა, რომ ახლა მთავარია  მომხდარის კვალიფიციური და მაღალი დონის გამოძიება.  ამისათვის კი, მისი თქმით,  აუცილებელია, შეწყდეს  ცეცხლი (ანუ, ანტიტერორისტული ოპერაცია), მხარეები მიუსხდენ  მოლაპარაკების მაგიდას და მაღალი დონის საერთაშორისო კომისიას შეუქმნან ყველა პირობა ტრაგედიის სრულფასოვანი გამოძიებისთვის.

       ერთი სიტყვით,  პუტინმა მთელი მისი ძალისხმევის მიუხედავად, თვეების მანძილზე ვერ შეძლო საკუთარი ბანდფორმირებების ლეგიტიმაცია, ფსევდო სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის გაუთავებელ ფაზაში გადაყვანა და, ახლა, ცდილობს მომხდარი საშინელი ტრაგედია და ევროპელთა მხრიდან ობიეტქური გამოძიების  ჩატარების გულწრფელი სურვილი ამავე მიზნის მისაღწევად  გამოიყენოს. ეს ყველაფერი, გინდა თუ არა, იმასც კი გაფიქრებინებს, რომ სამოქალაქო თვითმფრინავი  სულაც არავის არევია სამხედროში თვითმფრინავში და ის მართლაც განზრახ ჩამოაგდეს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია