დისიდენტი, რომელმაც გენერალი შალვა მაღლაკელიძე ჩაწერა და სურდა თუ არა ჰიტლერს საქართველოში მონარქიის აღდგენა?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-07-2014, 16:14 | ინტერვიუ | ნანახია - 1861

მაკა მალხაზიშვილი

   

    დისიდენტი ვიქტორ რცხილაძე - თეოლოგი, ფილოსოფოსი, მწერალი და მთარგმნელი. მის კალამს ეკუთვნის ისეთი მნიშვნელოვანი წიგნი, როგორიცაა ,,მეოცე საუკუნის გერმანელი მოაზროვნეები ღვთის არსებობის შესახებ”. გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის , არანაკლებ მნიშვნელოვანი თარგმანებიც მისივე კომენტარებით, როგორიცაა: რომანო გუარდინი- ,,რელიგია და გამოცხადება”, ჰანს ზედლმაირი ,,თანამედროვე ხელოვნების რევოლუცია”, გერმანელი მისტიკოსები, იოჰანეს ჰესენი - ,,პლატონიზმი და პროფეტიზმი”, კონრატ პაულ ლისმანი - ,,სიორენ კირკეგორი” და სხვ. არც ისე დიდი ხნის წინ,  ქართველმა მკითხველმა უკვე იხილა შალვა მაღლაკელიძის მოგონებების წიგნი, რომლის წინასიტყვაობა და ბოლოსიტყვა  ბატონ ვიქტორს ეკუთვნის.

 

- ბატონო ვიქტორ, თქვენ საბჭოთა პერიოდში გერმანიის არმიაში მყოფი ქართველი გენერალი შალვა მაღლაკელიძე  ჩაწერეთ, იმ პერიოდში ეს ძალიან სახიფათო იყო, მასთან შეხვედრა როგორ მოახერხეთ?

 

- მასთან გასაუბრება ყოველთვის მინდოდა, ერთხელ, შალვა მაღლაკელიძე მუშთაიდის ბაღის გასწვრივ მიმავალი დავინახე, წინ გადავუდექი და გავეცანი. საუბრით იქვე ბაღში გადავინაცვლეთ. ჩემთვის, ახალგაზრდა ისტორიკოსისთვის მისი მონათხრობი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტე ჩამეწერა. ბატონი შალვა დამთანხმდა. ერთ დღესაც , იმ დროისთვისაც ძველი, დიდი „ბაბინებიანი“ მაგნიტოფონი ვიშოვე და მას ჩემს ბინაზე ვთხოვე მოსვლა. მას 1975 წლის ზაფხულში ორი კვირის მანძილზე ვწერდი.  ამ ჩანაწერების გაკეთებიდან არც ისე დიდი დრო გავიდა და 1976 წელს ბატონი შალვა გარდაიცვალა...

 

- ვიცი, რომ ქართველი გენერლის ჩანაწერების 2 ბაბინა, ანუ ის, სადაც ბატონი შალვა  იმდროინდელ პოლიტპატიმრებით სავსე მეტეხის ციხეში არსებულ  საშინელ სიტუაციაზე ჰყვებოდა, გაურკვეველ სიტუაციაში დაიკარგა.  ამ ბაბინების შესახებ ზვიად გამსახურდიამ იცოდა...

 

- ასეა, დაკარგულია ერთი ბაბინა, სადაც გენერლის ძალიან საინტერესო  ჩანაწერებია, საერთოდ, დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია იმდროინდელი ამბები თავად ნახოს „მოგონებებში“. ვიტყვი იმას, რომ დანარჩენ კასეტებს ჩემი დაპატიმრების შემდეგ აწ განსვენებულმა, თავად ყოფილმა ლეგიონერმა, ამირან სოსიაშვილმა უპატრონა... რაც შეეხება, ზვიად გამსახურდიას, ღვთის წინაშე ყველა ცოდვილია, უცოდველი არავინაა... ჩემს წიგნში „ბოროტება, მისი ნიღბები და მისი გამოვლინება საქართველოში“ მცირეოდენი მოგონება „პირველ პრეზიდენტს“ მივუძღვენი და ეს შეხედულება არ შემიცვლია... ზოგადად კი მიმაჩნია, რომ დისიდენტს არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ამბიციები და მისი საბოლოო მიზანი ხალხის, ქვეყნის თავისუფლების და არა საკუთარი ძალაუფლების მოპოვება უნდა იყოს...  გენერლის მოგონებებში ყველაფერი ღირებულია, განსაკუთრებით ის, რაც  მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობას ეხება გერმანულ არმიაში.  როცა ვწერდი, ბატონი შალვა 81 წლის იყო, მშვენიერი მეხსიერება ჰქონდა და მის მოგონებებს ისტორიული ფასეულობა აქვს, ბატონი შალვა თხრობის დროს ობიექტური და თვითკრიტიკული იყო.

 

- ცნობილია, რომ მას ცოცხალი ადოლფ ჰიტლერი ჰყავდა ნანახი...

 

- ჰიტლერს მაშინ შეხვდა ფონ დერ შულენბურგი, გერმანიის ყოფილი ელჩი სსრკ-ში შემდეგ კი ანტიჰიტლერული აჯანყების მონაწილე, ხოლო შალვა მაღლაკელიძე ამ შეხვედრას უბრალოდ დაასწრეს.  ცნობილია, რომ საქართველოს ე.წ. „მენშევიკური“ მთავრობის დამხობა და მონარქიის აღდგენა თავად შალვა მაღლაკელიძის მიერ განიხილებოდა. (იმ დროისთვის, მაღლაკელიძე ტფილისის გენერალ-გუბერნატორი იყო.) გენერალი ამას საქართველოში მყოფი გერმანული ჯარის დახმარებით 1918 წელს აპირებდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების გამო, ეს გეგმა  ვერ განხორციელდა. არსებობდა მოსაზრება, რომ ჰიტლერი საქართველოში მონარქიის აღდგენას აპირებდა, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება.  ფაქტი, სხვადასხვა წყაროების საშუალებით, უკვე მოგვიანებით გაირკვა. თუმცა, გერმანული დროშის ქვეშ მებრძოლმა ქართველებმა ეს  მაშინ არ იცოდნენ. მათ სჯეროდათ, რომ ამას ფაშისტური გერმანიის დახმარებით შეძლებდნენ. 

 

-როგორც ვიცი, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური მანამდე საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის წევრი იყო.

 

დისიდენტი, რომელმაც გენერალი შალვა მაღლაკელიძე ჩაწერა და  სურდა თუ არა ჰიტლერს საქართველოში მონარქიის აღდგენა?- ის ძალიან განათლებული ადამიანი გახლდათ, თავის დროზე მან ბერლინის უნივერსიტეტი დაამთავრა და იურისპოდენციაში ფილოსოფიის დოქტორი გახლდათ და 1918-1921 წლებში  საქართველოს მთავრობაში იყო, ხოლო 1919-1920 წლებში თბილისის გენერალ-გებერნატორი იყო. 1921წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ,  მაღლაკელიძე იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. 1929 წელს გიორგი შვანგირაძესთან ერთად ლიტვაში მან საზოგადოება ”ივერია”  ჩამოაყალიბა, მას მალე სომხური დიასპორაც შეუერთდა და ორგანიზაციას ”კავკასიური საზოგადოება” დაერქვა. საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნიდან წამოსულ თანამოძმეთათვის მატერიალური და სხვა სახის დახმარების გაწევა იყო. შიდა უთანხმოების გამო, 1933 წელს, საზოგადოებიდან ქართველები წამოვიდნენ და იმავე წლის ნოემბერში  ლატვიის ქართული საზოგადოება დააარსეს.  მაღლაკელიძე მისი აქტიური წევრი იყო და საფრანგეთში ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ცენტრთან ჰქონდა კავშირი. ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო თეთრი გიორგის ორგანიზაციის და ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის, რომელიც გერმანიაში ქართული პოლიტიკური ემიგრანტების მიერ ჩამოყალიბდა. ის უძღვებოდა კავკასიის კომიტეტს მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში.

 

- ომის დროს, გენერალი მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, მასში ქართველი პატრიოტები შედიოდნენ და ამ ლეგიონის მიზანი, საბჭოური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა იყო...

 

- დიახ ასე იყო, 1941 წელს  მან ქართული ლეგიონის თამარ  მეფის ორდენი შექნა . 1944 წელს მას ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.

 1943 წელს მაღლაკელიძის ნაწილები კავკასიონთან, საქართველოსგან 500 მეტრის მოშორებით იყვნენ. გეგმა ასეთი იყო: მაღლაკელიძის საქართველოში შემოსვლისთანავე, კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ ნიკო მუსხელიშვილს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდა გამოეცხადებინათ. მაგრამ გერმანელებმა საბჭოთა ჯარის დამარცხება ვერ შეძლეს და ამ გეგმის აღსრულება ვერ მოხერხდა.  მსოფლიო ომის შემდეგ ქართველი გენერალი დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა. 1954 წელს მან მიუნხენში ორგანიზაცია ”საზღვარგარეთ ქართველ მეომართა კავშირი” შექმნა. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა სუკ-ის აგენტებმა დააპატიმრეს, ამის მერე 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თბილისში ცხოვრობდა და  1976 წელს გარდაიცვალა. ასეთი გახლდათ ამ ლეგენდარული გენერლის, მამაცი ადამიანის, ნამდვილი პატრიოტის - შალვა მაღლაკელიძის ცხოვრება...

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია