მოსახლეობის პოლარიზაციის გავლენა ბიზნესის განვითარებაზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-06-2013, 21:02 | ბლოგები | ნანახია - 1907

მგონი ყველა დამეთანხმება, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა სამ დიდ ჯგუფად არის გაყოფილი. არსებობს ორი “პოლუსი” – “ნაცები” და “ქოცები”, მათ შორის კი ე.წ. “შუაშისტების” ან “არავისტების” ჯგუფი. რამდენად კარგია  ასეთი დაყოფა გნებავთ მორალის, გნებავთ სოციალური ან პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ალბათ შესაბამისი დარგის სპეციალისტების (სპეციალურად არ ვხმარობ სიტყვა “ექსპერტს”, რომლის მნიშვნელობა დღეს დისკრედიტირებულია) განსჯის საგანი უნდა გახდეს. მინდა მკითხველის ყურადღება შევაჩერო ბიზნესის განვითარებასა და ასეთი დაყოფის შედეგებზე.

 

მოგეხსენებათ, ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკის “საყრდენი” წვრილი და საშუალო ბიზნესია. ამ ქვეყნებში წვრილი და საშუალო ბიზნესი ქმნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 60 პროცენტს და ასაქმებს მოსახლეობის  დაახლოებით 70 პროცენტს. ეკონომიკის კერძო სექტორის 95 პროცენტს სწორედ წვრილი და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს.  პრაქტიკამ აჩვენა, რომ რაც უფრო განვითარებულია წვრილი და საშუალო ბიზნესი, მით უფრო დივერსიფიცირებული და, შესაბამისად, მდგრადია ქვეყნის ეკონომიკა.

 

წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებას არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ამ ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, წვრილი და საშუალო მესაკუთრეები, ქმნიან ე.წ. საშუალო კლასს, რომელიც შემდეგ წარმოშობს ე.წ. “სამოქალაქო საზოგადოებას”, ანუ საზოგადოებას, რომელიც არ არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება კი ქვეყნის სტაბილურობის გარანტია. სწორედ სამოქალაქო საზოგადოება “ითხოვს” და შემდეგ “იცავს” დემოკრატიას. სხვა სიტყვებით, ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობისა და დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც, თავის მხრივ, ეკონომიკის განვითარებისა და საშუალო და წვრილ მესაკუთრეთა ფენის შექმნის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება.

 

კითხვაზე, თუ რა არის საჭირო ბიზნესის განვითარებისთვის, სტანდარტული პასუხი ასეთია: ხალხი-იდეა-ფული...
ხალხში იგულისხმება პიროვნებები, ვისაც სურს “საკუთარი საქმე” დაიწყოს და აწარმოოს. იდეაში - პროდუქტი, მისი შექმნისა და შემდგომი გასაღების გზები, ფულში კი საინვესტიციო კაპიტალი. ალბათ ვინმე დაამატებს “ბიზნეს-გარემო” - რაშიც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ტექნოლოგიური გარემო იგულისხმება.

 

დასავლურ კონკურენტულ ბიზნეს-გარემოში ჩემი ოცწლიანი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფრის თავი და თავი არის ნდობა. ნდობის გარეშე ბიზნესი წარმოუდგენელია. როდესაც ხალხი არ ენდობა ერთმანეთს, არ ენდობა მართლმსაჯულებას, ეჭვისთ უყურებს ყველაფერ ინოვაციურსა თუ გაუმჯობესებულს, რომელი ბიზნესის განვითარებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

 

განა უნდობლობის ბრალი არ არის ის დრაკონული კანონმდებლობა, რაც ბოლო წლებში მძიმე ტვირთად აწევს ბიზნესს?

 

როდესაც სოფლის მეურნეობის განვითარებაზეა საუბარი, ყველა თანხმდება, რომ უნდა წვრილი მეურნეობები უნდა გამსხვილდეს ყიდვა-გაყიდვის ან კოოპერაციის გზით. თუ გლეხებს მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გაყიდვა არ სურთ, რატომ არ ყალიბდება სასოფლო კოოპერატივები - იმიტომ რომ ერთმანეთს არ ენდობიან. ეს კი ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობა მუდმივ დოტაციაზე იქნება, თუ არადა გაკოტრდება.

 

გახსოვთ ალბათ ტელეგადაცემების ციკლი, როდესაც “მდიდარი ბიძიები და დეიდები” ბიზნეს-პროექტებს აფინანსებდნენ. ეს ყველაფერი ხომ დავალებით კეთდებოდა და არა ამ ხალხის სურვილით. განა არ შეიძლებოდა, რომ 1000 მოქალაქეს 100 ლარი გაეღო რომელიმე პროექტის დასაფინანსებლად? ალბათ არ შეიძლება, რადგან, ვფიქრობ, საქართველოში ვერ იპოვით 1000 ადამიანს, რომელიც “ვიღაცას” ანდობს თავის 100 ლარს.

 

ჩვენს უნდობლობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რაც კიდევ უფრო განამტკიცა სოციალისტურმა წყობილებამ. უბედურება ის არის, რომ ამ თემაზე არავინ ლაპარაკობს, ტაბუირებულია (ისევე როგორც ფარისევლობის როლი უნდობლობაზე). განა ვერ ხედავთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში უნდობლობამ კი არ იკლო, არამედ უფრო იმატა? რადგან მოსახლეობის პოლარიზებამ, პოლიტიკური ჯგუფებისა თუ პარტიების მარგინალიზაციამ, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირებამ კიდევ უფრო დაამძიმა არსებული სიტუაცია?

მე მგონი, ხალხს უნდა ესმოდეს, რომ თუ არ განვითარდა ეკონომიკა, არ ჩემოყალიბდა საშუალო კლასი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, არავითარი დემოკრატიული სახელმწიფო  არ გვექნება.

ეკონომიკა არ განვითარდება, სანამ ბიზნესი არ დადგება ფეხზე.

ბიზნესი ფეხზე ვერ დადგება, სანამ უნდობლობა იარსებებს.

უნდობლობა კი მანამდე იარსებებს, სანამ არ შეწყდება მოსახლეობის პოლარიზება-დაპირისპირება და არ აღმოიფხვრება “ორმაგი სტანდარტების ნორმა”.

 

 

როდესაც უნდობლობის საკითხი “მოგვარდება” , გაცილებით იოლი იქნება ნორმალური ბიზნეს-კანონმდებლობის მიღებაცა და “ხალხი-იდეა-ფული” კონცეფციის განხორციელებაც.

 

გიორგი კავკასიძე

ცუგი, შვეიცარია

25 ივნისი, 2013 წელი

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია