ტყვიით შემოხაზული ბაბუის სილუეტი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-07-2014, 19:03 | ინტერვიუ | ნანახია - 836

 ტყვიით შემოხაზული ბაბუის  სილუეტიმაკა მალხაზიშვილი

 

           ბავშვობა სოხუმში გაატარა, უფრო სწორედ, შეიძლება ითქვას, რომ სოხუმში დატოვა.... მას შემდეგ იქ, ბავშვობის ქალაქში დაბრუნების ფიქრს წუთითაც არ მიუტოვებია, ამიტომ უფროსების ნათქვამი სიტყვები: სახლში დაბრუნების მომენტი არ გამოგეპაროს-ყოველთვის ახსოვდა და ამ ,,დაბრუნების მომენტს ჩასაფრებული“ ცხოვრობდა.  ერთხელაც ეს მომენტიც დადგა, სოხუმში ჩავიდა და ბავშვობის სახლში დიდხანს იდგა იმ  კედლის წინ, რომელსაც ტყვიით შემოხაზული  ბაბუის სილუეტი დღემდე ეტყობოდა... მერე თბილისში ჩამოსულმა ფოტოგამოფენა მოაწყო, სადაც სოხუმელებს სულ სხვანაირი, ტყვიისფერი და მოქუფრული მათი ქალაქი უჩვენა. ფოტოხელოვანი ნანკა კიკალია

 

-ნანკა, ხსოვნაში შემორჩენილი სოხუმი გაიხსენეთ, როგორია? 

 

- ყოველთვის, როცა თვალებს ვხუჭავ აღმოვჩნდები სოხუმში… აი, ,,ვხედავ“  ღია ცის ქვეშ კაფეში როგორ ვხსედვართ მე, ჩემი და, დედა, მამა და ჩვენი ახლობლები. უფროსები ქვიშაზე მოხარშულ სოხუმურ ყავას სვამენ, ბავშვები კი - ნაყინს მივირთმევთ, რომელსაც ზედ უგემრიელესი შოკოლადი აქვს მოყრილი… აფხაზეთი ჩემთვის სითბოსთან და მზესთან ასოცირდება, ჩემი იქაური მოგონებებიც ასეთივეა: თბილი და მზიანი... მაგრამ მერე ომი დაიწყო... მახსოვს ფეხით გავიარეთ ერთკილომეტრიანი ენგურის ხიდი და ყველაფერი, ჩემი ბავშვობა სადღაც უკან,  ჩემს მიღმა დარჩა...

 

- და როგორი იყო სოხუმი, რომელსაც წლების მერე ,,შეხვდით“?

 

 ტყვიით შემოხაზული ბაბუის  სილუეტი-  ეს იყო ნაცრისფერი ქალაქი, მოქუფრული ცით და უღიმილო ადამიანებით, არც სოხუმური ბირჟა იყო, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ერთად ისხდნენ.  ყველა ზღვისპირა კაფე კი - დანგრეული და განადგურებული იყო,  სანაპირო - ადამიანებისგან მიტოვებული... აფხაზეთში პირველად 1997 წელს ჩავედი, მაშინ პატარა ვიყავი და ეს გაუაზრებელი ნაბიჯი იყო,  უბრალოდ მენატრებოდა და მისი ნახვა მინდოდა.... ბაბუის ნახვა მსურდა, ომი ისე დამთავრდა, რომ მან საკუთარი სახლი არ მიატოვა. ჩვენს სახლში, ერთ-ერთ კედელზე, დღესაცაა ბაბუის სილუეტი... ბაბუა კედელთან მიაყენეს და  ტყვია დაუშინეს, არ მოკლეს, მაგრამ კედელს ტყვიებით მისი გამოსახულება დაატყვეს....  აფხაზეთში რომ დავბრუნდი, სახლი ისეთი დამხვდა, როგორიც დავტოვეთ, მაგრამ  გაძარცვული.  ხელუხლებელი მარტო წიგნები იყო ბიბლიოთეკაში და ისინი ყველა უკან წამოვიღე. მახსოვს, აფხაზებმა  საზღვარზე როცა წიგნები დაინახეს -  სიცილი დაიწყეს, ხალხი ნივთებს ეზიდება და ეს კი წიგნებსო... კიდევ სანაპიროდან აკრეფილი სოხუმის ზღვის ნაფერები კენჭები წამოვიღე, მინდოდა, სანაპირო მომეგლიჯა და ჩახუტებული თან წამომეღო… იქ აფხაზებსაც შევხვდი, გაუცხოებულ აფხაზებს, მაგრამ მაინც ჩვენიანებს, რადგან ყველას საქართველო ენატრება და ამას უკვე ვერც მალავენ.. 20 წელი გავიდა იმ ომის შემდეგ და აფხაზეთის საკითხი სულ უფრო ნაკლებად აქტუალური ხდება - ახალი ცხელი წერტილები გაჩნდა მსოფლიოში, ახალმა თაობამ კი სოხუმსა და აფხაზეთზე არაფერი იცის. ის მათთვის უცხოა უკვე..


- თბილისში  სოხუმში გადაღებული ფოტოები გამოფინეთ და ამ  გამოფენას ბევრი ადამიანი ეწვია...


 ტყვიით შემოხაზული ბაბუის  სილუეტი- ჩემმა ფოტოგამოფენამ, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ გაიმართა,  კარგად ჩაიარა. იქ მოსულ ადამიანებს დღევანდელი, რეალური  აფხაზეთი ვაჩვენე, ისეთი როგორიც სინამდვილეშია.. ყველას თვალებში მონატრება იყო...ძალიან მინდა, დღევანდელ აფხაზებს დავუმეგობრდე და ამისთვის აფხაზური ენა ვისწავლო. მინდა მათ ქართული იცოდნენ.  ჩვენ უნდა გავხდეთ იმის გარანტები, რომ აფხაზურ ენასა და და კულტურას დავიცავთ. გამოფენაზე ყველა მოვიდა, ადამიანები ტიროდნენ, მაგრამ სოხუმში დაბრუნების  სურვილს მაინც გამოთქვამენ და ესაა მთავარი.. სიზმარში დღესაც ვხედავ ენგურის ხიდს, როგორ ვერ გადავდივარ მასზე, ხან კი მესიზმრება თითქოს ენგურის  გადალახვას ვერ ვახერხებ… სამწუხაროდ, ჩემი სიზმრები აფხაზეთთან მიმართებაში ისეთვე შავ-თეთრია, როგორც ჩემს  მიერ აფხაზეთიდან ჩამოტანილი ფოტოები. მაგრამ სიზმრები ხომ ძილში გადატანილი ფიქრებია, მე მჯერა, რომ ერთხელაც,  ჩემს სოხუმურ სახლში დავიძინებ და მაშინ კი სიზმარში ფერადკენჭებიან სანაპიროს ვნახავ...

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია