საქართველო და CPLP

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-07-2014, 20:04 | მსოფლიო | ნანახია - 2010

საქართველო და CPLPგია ჯაფარიძე

 

მ.წ. 23 ივლისს აღმოსავლეთ ტიმორის დედაქალაქ დილიში გამართულ პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP -Comunidade dos Países de Língua Portuguesa) სამიტზე საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის ასოცირებული დამკვირვებელი გახდა.

 

ყველაფერი 2010 წლის დეკემბერში დაიწყო, როცა CPLP-ს აღმასრულებელ მდივანსა და ქართულ მხარეს შორის ქ. ლისაბონში პირველი შეხვედრა შედგა.  საქართველოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, მოადგილეების და შესაბამისი დეპარტამენტების ძალისხმევით  უკვე  2012 წლის დასაწყისში ყველა საკითხი საქართველოსა და CPLP-ს შორის მოგვარებული იყო და იმავე წლის ივლისის მაპუტუს სამიტზე საქართველოს დასწრება და შესაბამისად ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსის მიღება შეეძლო. თუმცა, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო მაშინ ეს ვერ მოხერხდა და ბუნებრივად გადაიდო შემდეგი სამიტისთვის. საქართველო-პორტუგალიის და საქართველო- CPLP-ის ურთიერთობათა დეტალებზე, ალბათ, როდესმე პროცესის მონაწილე ადამიანები დაწერენ. ამჯერად 23 ივლისს შემდგარი ფაქტის მნიშვნელობაზე შევჩერდეთ.

 

პორტუგალიურენოვანი, იგივე ლუზოფონური სამყარო, ოთხ კონტინენტს მოიცავს - ევროპას (პორტუგალია), ამერიკას (ბრაზილია), აფრიკას (ანგოლა, მოზამბიკი, გვინეა-ბისაუ, კაბო ვერდე, სან ტომე და პრინსიპი) და აზიას (აღმოსავლეთ ტიმორი, ასევე 1999 წლიდან ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი მაკაუს სპეციალური ავტონომიური რეგიონი და ინდოეთის შტატი გოა, პროვინცია დამანი), შესაბამისად თანამეგობრობაც ოთხ კონტინენტზეა განფენილი. პორტუგალიური ენა მსოფლიოში მეექვსე ყველაზე გავრცელებული ენაა, მასზე 260 მილიონზე მეტი ადამანი საუბრობს; 9 ქვეყანაში პორტუგალიური სახელმწიფო ენაა, აღსანიშნავია აგრეთვე, რომ პორტუგალიური ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური ენაა, როგორიცაა African Union, MERCOSUR, Organization of American States და სხვ.

 

თავად პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობა 1996 წლის 17 ივლისს ქ. ლისაბონში დაფუძნდა. თავდაპირველად ის 7 სახელმწიფოს აერთიანებდა, თუმცა, უკვე მაშინ ნათელი იყო, რომ აღმოსავლეთ ტიმორი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ორგანიზაციის წევრი გახდებოდა, რაც მოხდა კიდეც 2002 წელს. მრავალწლიანი დისკუსიის შემდეგ 2014 წელს დილის სამიტზე CPLP-ს წევრი გახდა ეკვატორული გვინეა (მალაბუს განაცხადს ლობირებდნენ აფრიკული სახელმწიფოები ანგოლას მეთაურობით, ხოლო წინააღმდეგობის საბაბს წარმოადგენდა ეკვატორული გვინეის არადემოკრატიული მმართველობა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი).

 

ორგანიზაცია სპეციფიკური დახურული გაერთიანებაა, მისი წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ პორტუგალიურენოვანი სახელმწიფო. ის შედგება თავად პორტუგალიის და პორტუგალიის ყოფილი კოლონიებისგან. ცხადია, ორგანიზაციის ყველა ქვეყანას საკუთარი ინტერესები და დღის წესრიგი აქვს, პორტუგალია კულტური დიპლომატიის გზით ცდილობს, გარკვეული გავლენა შეინარჩუნოს ექს-კოლონიებზე, ამავდროულად საერთაშორისო ასპარეზზე პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების ერთ მონოლითურ ჯგუფად მოქმედების შედეგად გაზარდოს საკუთარი საერთაშორისო წონა. მართლაც, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ძალიან ბევრ გლობალურ საკითხზე CPLP შეჯერებულ და შეთანხმებულ ერთიან პოზიციას აფიქსირებს. ლისაბონისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება, ამას გარდა, პორტუგალია, როგორც ევროკავშირის და ნატო-ს წევრი-სახელმწიფო, დამატებითი დიპლომატიური აქტივობის სივრცეს იძენს CPLP-ის სხვა სახელმწიფოებსა და, ერთი მხრივ, ევროკავშირს და, მეორე მხრივ, ნატო-ს შორის. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიას ერთხმად დაუჭირეს მხარი და სამ კონტინენტზე მისი კანდიდატურის სასარგებლოდ კამპანიას აქტიურად აწარმოებდნენ ორგანიზაციის ქვეყნები 2010 წელს, როცა პორტუგალია არჩეული იქნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად (2012-14 წწ.).

 

საკუთარი ინტერესები აქვს CPLP-ის ყველაზე დიდ სახელმწიფოს, ბრაზილიას.            ე.წ. BRICS-ის, ანუ მსოფლიოს ყველაზე განვითარებადი ქვეყნების არაფორმალური ჯგუფის და მომავლის პერსპექტიული ეკონომიკურ-პოლიტიკური გიგანტების კლუბის წევრი ბრაზილია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს CPLP-ს ფორმატს. ბრაზილია „დიდი ნახტომისთვის“ ემზადება, მას პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოები არამარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც აინტერესებს. ყველა სახის ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ანგოლა და ასევე მდიდარი მოზამბიკი ნედლი მატერიალებით უწყვეტი უზრუნველყოფის წყაროა, რომელშიც ბრაზილია უაღრესად დაინტერესებულია. სამხრეთ ამერიკის ქვეყანა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმის მომხრეა და ამ კუთხითაც CPLP-ის მიმართ ბრაზილიის ინტერესი მაღალია.

 

სხვა სახელმწიფოებს რაც შეეხება, უდავოდ უნდა გამოიყოს ანგოლა. სამოქალაქო ომის და შიდა პრობლემების შემდეგ დღეს აფრიკის ეს სახელმწიფო პოლიტიკურად უფრო სტაბილურია. ბუნებრივი რესურსებით (ნავთობი, ძვირფასი მეტალები, ძვირფასი მინერალები და სხვ.) უსაზღვროდ მდიდარ ანგოლას პრეტენზია აქვს არამარტო სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, არამედ აფრიკის მთელ კონტინენტზე ლიდერის როლი იტვირთოს. ანგოლა ზრდის რეგიონზე გავლენას, კონტინენტის კონფლიქტებში მშვიდობისმყოფლის ფუნქციის შესრულებასაც ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ანგოლაში სამყაროს დიდი სახელმწიფოების ინტერესები იკვეთება, თუმცა, ბუნებრივი რესურსების ოდენობა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ა.შ.შ.-ს, ჩინეთის, საფრანგეთის და სხვათა ინტერესები დაკმაყოფილდეს - ტორტის ნაჭერი ყველას ხვდება. ანგოლა კონტრასტების ქვეყანაა, ბოლო სტატისტიკით დედაქალაქი ლუანდა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით მსოფლიოში ყველაზე ძვირი ქალაქია (http://www.dailymail.co.uk/news/article-2183616/Luanda-The-capital-Angola-expensive-city-world.html).  CPLP-ის ფორმატი ანგოლასთვის მინიმუმ ორი მიზნის მიღწევას ემსახურება. ერთი მხრივ, ლუანდას ლუზოფონურ ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების განმტკიცება სურს, მეორე მხრივ, CPLP ანგოლასთვის სხვა კონტინენტებზე გადასასვლელი ხიდია. ამავდროულად, პორტუგალიურენოვანი თანამეგობრობის წევრობა ზრდის ლუანდის შედარებით პოლიტიკურ ძალას მსოფლიოში, და პირველ რიგში აფრიკის კონტინენტზე.   

 

საინტერესო შემთხვევაა კაბო ვერდე - ქართულად მწვანე კონცხი. საქართველოში ეს ქვეყანა მხოლოდ ლეგენდარული მომღერლით, სესარია ევორათია ცნობილი.  კაბო ვერდე შემდგარი დემოკრატიაა, ერთგვარი აფრიკული „success story“-ია, დეკოლონიზაციის და სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესი იქ შედარებით უმტკივნეულოდ წარიმართა. ამის მიზეზი ის იყო, რომ პორტუგალია თავის კოლონიებში ადმინისტრაციულ თანამდებობეზე კაბო ვერდელებს ნიშნავდა, შესაბამისად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კაბო ვერდე განსხვავებით სხვა აფრიკული სახელმწიფოებისგან ადმინისტრაციული რესურსით უზრუნველყოფილი აღმოჩნდა. კაბო ვერდეს სპეციალური პარტნიორობა აკავშირებს ევროკავშირთან.

 

მაინც რატომ არის საინტერესო ლუზოფინური სამყარო საქართველოსთვის? რა დამატებითი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსს CPLP-ში?  რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეს კითხვები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გაჩნდა და თითქოს ეჭვქვეშაც კი დადგა ამ ნაბიჯის მიზანშეწონილობა. ზემოთ პარაგრაფებში პორტუგალიის, ბრაზილიის, ანგოლას და კაბო ვერდეს მაგალითების განხილვა ნაწილობრივ იძლევა პასუხს ამ კითხვებზე, თუმცა, მოქმედების სივრცე და პერსპექტივა, რასაც CPLP ხსნის, საქართველოსთვის გაცილებით ფართოა.

 

უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საქართველოს არ ძალუცს მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში დიპლომატიური მისიის გახსნა, ჩვენგან ძალიან შორს მდებარე ქვეყნებში საელჩოს ან საკონსულოს ფუნქციონირება ფინანსურ და სხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ასეთ ქვეყნებთან საქართველოს შეხვედრის ადგილი გაერო-ს შტაბ-ბინა ან სხვა მრავალმხრივი ფორმატია. CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებლობა ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებთან შეხვედრის მეორე ადგილს აჩენს. ლისაბონი, სადაც პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის შტაბ-ბინაა განთავსებული, ლუზოფონურ სამყაროსთან საქართველოს მუდმივი კონტაქტის და დიპლომატიური აქტივობის სივრცე უნდა გახდეს.

 

საქართველოს საელჩოები ბრაზილიასა და პორტუგალიაში 2010 წელს გაიხსნა. სხვა პორტუგალიურენოვან სახელმწიფოებში საქართველოს წარმომადგენლობა არ აქვს.  ორგანიზაციის სხვა წევრ-სახელმწიფოებთან ურთიერთობების დღევანდელი მდგობარეობიდან გამომდინარე, CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი,  შეიძლება ითქვას, დღის წესრიგში მათი არსებობის აუცილებლობას ამ ეტაპზე არ აყენებს.

 

CPLP-ის ქვეყნებთან ურთიერთობაში საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელება. თუ პორტუგალიის, ევროკავშირის წევრისა და ნატო-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის  და ბრაზილიის მხრიდან ეს გამორიცხულია, ასეთივე სიმშვიდით ვერ ვიქნებით სხვა ლუზოფონურ სახელმწიფოებთან მიმართებაში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციას არ შეუწყვეტია სხვადასხვა ტიპის თხოვნები თუ შანტაჟი პორტუგალიურენოვანი ქვეყნების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. CPLP-ის ფორმატი საშუალებას იძლევა ორგანიზაციის წევრი-სახელმწიფოები მუდმივი კონსულტაციების და მონიტორინგის რეჟიმში იყვნენ თბილისის მხრიდან.

 

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ სან ტომე და პრინსიპი იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც ტაივანის დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. საქართველოსთვის საყურადღებო უნდა იყოს პოლიტიკურად არასტაბილური გვინეა-ბისაუ, სადაც ხშირია სამხედრო გადატრიალებები და პოლიტიკური ქაოსი, რაც თავისი ინტერესებისთვის შეიძლება გამოიყენოს რუსეთის ფედერაციამ. პორტუგალიის შუამდგომლობა და CPLP-ის ინსტრუმენტები ამ მხრივ საუკეთესო პრევენციას წარმოადგენს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნახსენებ ბერკეტებს წინა წლებში საქართველო ეფექტურ უტილიზაციას უწევდა და რუსეთის თხოვნებზე პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების მხრიდან უარის ფაქტებიც გვახსოვს.

 

არაღიარების პოლიტიკის გარდა CPLP-ის სახელმწიფოებთან უფრო ინტენსიური განხილვის და შედეგის მომტანი შეიძლება გახდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხი. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2011 წელს მიიღო გვინეა-ბისაუს მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლებში დაიკარგა.

 

საქართველოსთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სხვა რომელიმე საკითხზე საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაცია, რისთვისაც CPLP-ის ფორმატი პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების დადებითი პოზიციის მოპოვების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

 

CPLP და მისი წევრი-სახელმწიფოები ინდივიდუალურად შესაძლოა საქართველოსა და იმ რეგიონებს შორის დამაკავშირებელი ხიდი გახდეს, სადაც საქართველო ნაკლებად არის წარმოდგენილი (მაგ: აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია). ამას გარდა, CPLP-ის ქვეყნები არიან ბევრი ისეთი რეგიონალური ორგანიზაციის წევრი (მაგ:ECOWAS), სადაც საქართველოს წვდომა შეზღუდულია და CPLP-ის სახელმწიფოებთან კავშირი შეიძლება პოზიტიურად იქნეს გამოყენებული.

 

ამ პრაქტიკას სხვა სახელმწიფოებიც მიმართავენ, მაგალითად, ჩინეთის ავტონომიური რეგიონი - მაკაუ, პეკინისთვის ერთგვარ ფანჯარას წარმოადგენს ლუზოფონურ სამყაროში და პირიქით, მაკაუ ლუზოფონური სამყაროსთვის ჩინეთში შესაღწევი კარია.

 

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია CPLP-ის სახელმწიფოებთან ურთიერთობების ეკონომიკური განზომილება. ინვესტიციების მოზიდვის გარდა, CPLP-ის ბაზრები იძლევა სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობის პოტენციალს, რაც ასევე წარმატებით შეიძლება გამოიყენოს საქართველომ, მისმა მეწარმეებმა და მოქალაქეებმა. CPLP-ის ქვეყნებს აქვთ დეფიციტი როგორც კვალიფიციური მუშახელის, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების (მაგ: ექიმების, ექთნების, ინჟინრების, პედაგოგების, IT სპეციალისტების და ა.შ.), ასევე პროდუქციის და სერვისების მიწოდების კუთხით, რაც შეიძლება საქართველომ შეავსოს. დემოკრატიული ტრანსფორმაციის და სახელმწიფო სექტორის რეფორმის ქართული გამოცდილების ექსპორტირება სახელმწიფოს ნების შემთხვევაში დღესვე დასაწყებია. საქართველოს შეუძლია იყოს ინვესტიციების და გამოცდილების, პროდუქციის და სერვისის არამარტო მიმღები, არამედ გამცემიც.

 

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიურენოვანი აფრიკული ქვეყნების პოლიტიკური ელიტის ნაწილს განათლება მიღებული აქვს ყოფილ სსრკ-ში, მათ შორის საქართველოშიც. ბევრი მათგანისთვის თბილისი და საქართველოს სხვა რეგიონები კეთილ მოგონებად რჩება. ეს ემოციური კავშირი შესაძლებელია საქართველოს პოლიტიკურ კაპიტალად იქცეს. ტერიტორიულად მცირე სახელმწიფოსთვის სამყაროს სხვადასხვა წერტილში მეგობრების ყოლა, მათ შორის პოლიტიკურ ელიტებში, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობას შეუძლია უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას და უმაღლეს სასწავლებლებში ქვოტები გამოუყოს  CPLP-ის ქვეყნების ახალგაზრდებს. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს გაზრდის საქართველოს მეგობრების რიცხვს.

 

საქართველოს მიერ CPLP -ის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსის მიღების ფაქტი ნამდვილად მისასალმებელია, ის მრავალმხრივი დიპლომატიის წარმოების იმ პრაკტიკის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლებამ დაიწყო და განსაკუთრებულ წარმატებას 2008-2012 წლებში მიაღწია. ამავდროულად ის არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის მიერ დასახული იმ სტრატეგიული გეგმების და ამოცანების განხორციელება, რომელსაც ინერციით აგრძელებს სამინისტროს ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

 

სახელმწიფოში ადმინისტრაციული მეხსიერების და მემკვიდრეობითობის პრინციპის  არსებობა უმთავრესი მომენტია, ამიტომ წინა ხელისუფლების დაწყებული საქმის  დღევანდელი მთავრობის მიერ დასრულება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება იქნეს აღქმული. ამ მხრივ, კითხვები არ ჩნდება, მაგრამ საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც გაურკვევლობის, ორაზროვნების, არაკომპეტენტურობის და არათანმიმდევრულობის შთაბეჭდილებას ტოვებს, კითხვებს ლოგიკურად ბადებს - ესმის კი მოქმედ მთავრობას, რას მოაწერა ხელი დილიში? რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობაში ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსმა? საერთოდ რატომ გავწევრიანდით (ან დამკვირვებლის სტატუსი მოვიპოვეთ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში? რას ვაპირებთ მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლების ინიციატივით დაწყებული საკითხები ამოიწურება და ინერცია ბუნებრივად გაჩერდება?

 

არ მინდა დავწერო - „იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს მთავრობას ესმის“ - იმედი კი არ უნდა ვიქონიოთ და გვჯეროდეს, არამედ ზუსტად უნდა ვიცოდეთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ მთავრობა ეფექტურად გამოიყენებს იმ უპირატესობებს, რასაც CPLP-ს თუ სხვა საერთაშორისო ან რეგიონალური ორგანიზაციის ფორმატი იძლევა.  სასურველია მთავრობა მხოლოდ ინერციას არ მიენდოს და მეტი გამბედაობა ჰქონდეს ახალი ინიციატივების და ახალი პერსპექტივების შექმნის კუთხით.  

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია