ქართული სამედიცინო სექტორის დილემა და პერსპექტივები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
31-07-2014, 16:23 | მსოფლიო | ნანახია - 4043

ქართული სამედიცინო სექტორის დილემა და პერსპექტივებიზურაბ გურული

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი. ამერიკულ-ქართული სამედიცინო ასოციაციის (GAMPHA) პრეზიდენტი

 

2011 წლის იანვარში, ვაშინგტონში ჩატარებულმა კონფერენციამ „მედეა 2011“ ამერიკულ-ქართული სამედიცინო ასოციაციის შექმნის იდეა წაახალისა.ეს  კონფერენცია  საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სამედიცინო ინტელექტუალური რესურსის კონცენტრაციის  პირველი და ყველაზე მასშტაბური  მცდელობა იყო. ასოციაცია მოქმედია, რეგულარულად ატარებს ტრადიციულ სამეცნიერო კონფერენციებს თბილისში, მაქსიმალურად  უკავშირდება  რეგიონებსაც - დახმარებას უწევს კოლეგებს, პაციენტებს, აქვს პარტნიორული ურთიერთობები ევროპაში მოქმედი ქართველი ექიმების ასოციაციასთან. მიუხედავად ამისა, შედეგები ნაკლებად ხელშესახებია, პერსპექტივა კი - არაქმედითი და გაურკვეველი, რადგან  არ არსებობს სისტემური მიდგომა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დამოკიდებულია ცალკეული პირების პერსონალურ მოტივაციაზე. საქართველოს შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურების პოზიცია არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, მასშტაბის მოლოდინი  არაპროდუქტიულია. მიზეზი მარტივია და ცალსახა - ადგილობრივი მაპროფილებელი სტრუქტურები ვერ (ან არ) ხედავენ საზღვარგარეთ არსებული ქართული სამედიცინო ინტელექტის გამოყენების ადგილს და საშუალებას, რაც მათ პროფესიონალიზმს დადებითად არ ახასიათებს.

 

2003 წლიდან დაწყებულმა ჯანდაცვის რეფორმირებამ კონკრეტული შედეგები მოიტანა: ჩანაცვლდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა უახლესი, სტანდარტების შესაბამისი ობიექტებით, ჯანდაცვის სამინისტროს პატრონაჟით განხორციელდა არაერთი კომერციული პროექტი, დაიწყო კონკრეტული მუშაობა დაზღვევის სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების შესაქმნელად. თუმცა აქაც იკვეთება პრობლემა, რომელიც კვლავ გეგმის და სისტემის არარსებობამ წარმოქმნა. შესაბამისი სახსრების, კონტაქტების და სურვილის მქონე პირებმა შექმნეს  ე.წ.  ახალი ტიპის კლინიკები, შესაბამისად აღჭურვილი და მოდერნიზებული, მაგრამ ხელმისაწვდომი მინიმალური რაოდენობის პაციენტებისთვის. არის აბსურდული სამედიცინო დაწესებულებებიც, მომსახურების საეჭვო დონით და გაურკვეველი სტრუქტურით, ფარმაცევტული კომპანიებისა და სადაზღვევო სააგენტოების კუთვნილი კლინიკების ასევე აბსურდული გაერთიანებები.  გახარჯული უზარმაზარი სახსრები და საინვესტიციო რესურსი, შეძენილი სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა არ არის საკმარისი კონკრეტული მიმართულების განსასაზღვრად -  საით მიდის ქართული მედიცინა. მიზეზი აქაც ნათელია: ქვეყნის სამედიცინო სისტემის და სტრუქტურის ბაზისს ქმნის არა სამედიცინო ინფრასტრუქტურა, თუნდაც უმაღლესი ხარისხის, არამედ პერსონალი. თუკი ვერ მოხერხდა სამედიცინო პერსონალის განათლების სისტემის მორგება საერთო სტრუქტურაზე, გარდაუვალია ქაოსი.

 

საქართველოში ჩამოსვლისას მქონდა შესაძლებლობა შესაბამისი პასუხისმგებლობის მქონე მაღაჩინოსნებისთვის მეკითხა, თუ როგორ ესახებათ საქართველოს სამედიცინო სისტემის მომავალი. ვინტერესდებოდი, სად და როგორ ხედავდნენ ჩვენს მონაწილეობას ამ სისტემის ჩამოყალიბებაში. პასუხი იყო უნივერსალური: ავაშენებთ უმაღლესი კლასის კლინიკებს, აღვჭურვავთ უმაღლესი კლასის ტექნიკით, და მერე მოგიწვევთ ამერიკიდან თუ ევროპიდან ამ კლინიკებში სამუშაოდ. პასუხი საუბრის გაგრძელების პერსპექტივას კლავდა და მეც და ჩემი კოლეგებიც ვარჩევდით ზრდილობიან დუმილს. ვთვლიდით, რომ ამ ადამიანებთან მარტივ ჭეშმარიტებებზე საუბარიც კი უშედეგოა, რადგანაც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ დიდი ძალისხმევით მიღწეული კარიერული პოზიცია დათმობას ნაკლებად ექვემდებარება, რომ არაფერი ვთქვათ ამ ადმაინების პასუხისმგებლობაზე არსებულ ოჯახებსა და სხვა სოციალურ ვალდებულებებზე. გარდა ამისა, აშკარაა, რომ არავითარი წარმოდგენა არ არსებობს, თუ როგორ უნდა მომზადდეს კვალიფიციური ექიმი, რა სისტემით უნდა გადანაწილდეს კადრები და დასაქმდეს საჭირო კვალიფიკაციით.  მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღნიშვნაც, რომ საზღვარგარეთ მოქმედი ქართველი ექიმებიდან სულ რამდენიმე მოღვაწეობს დეფიციტურ და მნიშვნელოვან სფეროებში, რაკი ამ სახის სპეციალისტებს განვითარებული ქვეყნები საკუთარი რესურსის ხარჯზე ამზადებენ და დაჯავშნული აქვთ საკუთარი კადრებისათვის.

 ზემოთ რაც ითქვა, საკმარისია ნიჰილიზმისთვის როგორც ქართულ სამედიცინო საზოგადოებაში, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შორის. ეს სტატია ერთგვარი განაცხადია იმ სამოქმედო გეგმის თაობაზე, რომელზეც ვმუშაობ. ამ თემას წლების განმავლობაში განვიხილავდი, ნაფიქრია და გარკვეული მონახაზიც არსებობს, მაგრამ მისი საბოლოოდ ფორმირების სტიმული მოიტანა პირადმა წერილმა, რომელიც ახალგაზრდა ქართველი ექიმისგან მივიღე. ციტატა, რომელიც ავარჩიე, არ არის ერთი პირის პრობლემა. მისი განზოგადება აღწერს ზოგად სიტუაციას. ექიმი მწერს: "უკვე დაახლოებით ათი წელია მეტ-ნაკლებად აქტიურად დავუკავშირდი სამედიცინო სფეროს და სწორედ ეს ათი წელი აღმოჩნდა ყველაზე უნაყოფო  ჩემს ცხოვრებაში. არ მინდა იფიქროთ ზარმაცი და ამბიციური კურსდამთავრებული გწერთ .. რეიტინგის გათვალისწინებით პრეზიდენტის სტიპენდიით ვსარგებლობდი.. " ეს წერილი დაწერილია გაურკვეველი მომავლის შიშით და ასახავს მოტივირებულ დეპრესიას. ეს ზოგადად დამახასიათებელია მომავალი სამედიცინო თაობისთის  და მით მეტად აქტუალურია, რაც უფრო მაღალია სწორება პროფესიონალიზმზე. საქართველოში მოქმედი 16 უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულების პერსპექტივა სრულიად დამოკიდებულია შემთხვევითობაზე  და პირად შეუპოვრობაზე.  დამწყები მედმუშაკების ნიჭიერი ნაწილი, სათანადო კლინიკური წვრთნის არარსებობის გამო, არჩევს დასაქმებისთვის მიმართოს ფარმაკოლოგიურ და სხვა სამედიცინო კომერციულ ფირმებს. გამორჩეულები და შესაძლებლობის მქონენი კი მიდიან და პრაქტიკა აჩვენებს, რომ აღარ ბრუნდებიან. საქართველოში ამჟამად 30 ათასამდე ექიმია. ყველაზე ლიბერალური ევროპული სტანდარტებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ესაჭიროება დაახლოებით 4-5 ათასი ექიმი. ფაქტიურად არ არსებობს კვალიფიციური საშუალო სამედიცინო რგოლი - ექთნები, რომლის გარეშე სრულყოფილი სამედიცინო სისტემა არ ფუნქციონირებს. ექიმთა სიჭარბის აღმოსაფხვრელად არის მათი ექთნად გადაკვალიფიცირების შემთხვევები, სცადეს უმცროსი ექიმის ინსტიტუტის შემოღებაც. ეს აბსურდული მეთოდებია. კომიკური იყო წინასწარ დაზეპირებული სტანდარტული კითხვარებით ჩატარებული სასერთიფიკაციო გამოცდებიც.

სტატია ლოგიკურად წარმოშობს კითხვას - როგორ ახერხებს ქართული სამედიცინო სექტორი ფუნქციონირებას. აქ, ისევე როგორც სხვა სფეროებშიც, რესურსს ერთეული პროფესიონალები ქმნიან. არ არსებობს სამედიცინო სტრუქტურის განვითარების ხედვა და სტრატეგია. საუბარი იმაზე, თუ რა დატვირთვა აქვს ჯანდაცვას სახელმწიფო მშენებლობისას, უკვე  ჩვეულია.

 

სიახლე იქნება ახალი სისტემის სტრუქტურა, რომლის შექმნა და ქართულ რეალობაზე მორგება რთულია, შრომატევადი და მოითხოვს ხარისხიან ცოდნას. თავდაპირველად საკმარისი იქნება თუნდაც მონახაზი, რომლის განხილვა და დეტალებით შევსება შექმნის პროდუქტთან მიახლოებულ ვარიანტს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კვალიფიციური ექიმის ჩამოყალიბებას 13-14 წელი სჭირდება. ეს ხანგრძლივი, რთული და ამავე დროს ძვირადღირებული პროცესია, შესაბამისად ექიმის ხელფასი ამერიკის უმაღლესი ხელფასების მქონეთა 3%-შია. კადრების სელექციისა და წვრთნის პროცესი რთულია და მოითხოვს უკომპრომისო შრომას საფეხურებად: კოლეჯი, 4 წლის ვადით, რომლის დასრულებაც არის სამედიცინო სკოლისთვის აუცილებელი ბარიერის გადალახვის წინაპირობა, 4 წელი სამედიცინო სკოლა, სადაც ხდება სპეციალიზებული უნარ–ჩვევების მაქსიმუმის აღება. ბოლო ეტაპია კლინიკური რეზიდენტურა, რომელიც გრძელდება 3–6 წელი და რომლის დასრულებაც იძლევა დამოუკიდებელი პრაქტიკის მანდატს. რეზიდენტების რაოდენობას სახელმწიფო არეგულირებს სხვადასხვა მექანიზმით. ძირითადია  ე.წ.  სააკრედიტაციო კომისიები, რომლებიც კლინიკებს ანიჭებენ მათ ბაზაზე რეზიდენტების საწვრთნელი პროგრამების ჩამოყალიბების უფლებას. კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, უნდა ჰქონდეს პაციენტთა ადექვატური ბრუნვა და რაც მთავარია, ჰყავდეს კვალიფიციური პედაგოგები. აკრედიტაციისა და რეზიდენტთა რაოდენობის მკაცრად განსაზღვრის შემდეგ, სახელმწიფო, თითოეულ ახალგაზრდა ექიმზე, წელიწადში დაახლოებით 150 ათას დოლარს უხდის კლინიკას. რეზიდენტის საშუალო წლიური ხელფასი  დაახლოებით 40 ათასი დოლარია. დარჩენილი თანხა და დამატებითი ფაქტორი, რომ კლინიკა იღებს მაღალკვალიფიციურ, ინტელექტუალურ მუშახელს ძალიან იაფად, წარმოადგენს უდიდეს მოტივაციას ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულებისათვის, აქტიურად ჩაებას ახალგაზრდა სპეციალისტთა წვრთნის პროცესში. თითოეული რეზიდენტის კვალიფიკაცია, მათი ცოდნის მატების პროგრესი კონტროლდება შესაბამისი სააკრედიტაციო გამოცდებით, ყოველი სასწავლო წლის ბოლოს. წვრთნის დასრულებისას შესაბამისი დარგის სამეცნიერო საბჭო ახდენს  წერითი და ზეპირი გამოცდების ორგანიზებას. ამ გზით ხორციელდება ერთგვარი კორელაცია სახელმწიფოში არსებულ საწვრთნელ კლინიკებს, რეზიდენტების განათლებასა და ექიმთა საერთო რაოდენობის რეგულირებას შორის. ამ მიზეზით, ამერიკელი ახალგაზრდა, რომელიც ექიმის პროფესიას ირჩევს, საბოლოოდ გარანტირებულია სამუშაო ადგილით და გაწერილი აქვს კარიერის განვითარების საფეხურები.

 

 საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სტრატეგიის შექმნა შეუძლებელია დაწყებითი სამედიცინო განათლების, დიპლომის შემდგომი კლინიკური წვრთნის, კლინიკების სპეციფიკისა და რაოდენობის ერთიანი, კომპლექსური ხედვის გარეშე. ეს სტრუქტურები ერთმანეთთან ორგანულად უნდა იყოს შერწყმული. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. მკაცრად ორგანიზებული სააკრედიტაციო და საკვალიფიკაციო სისტემა აუცილებელია ჯანდაცვის ხარისხის შესანარჩუნებლად, ასევე ამ პროფესიაში წამსვლელთა რაოდენობის დასარეგულირებლად. კლინიკები, რომელთა ბაზებზე გახსნილი იქნება რეზიდენტთა საწვრთნელი პროგრამები  და რომლებიც სოლიდურ თანხებს მიიღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ მოსამზადებლად, პასუხისმგებელი იქნებიან კადრებზე, როგორც პროდუქტზე.

 

  განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს საშუალო სამედიცინო რგოლის ჩამოყალიბება. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება სრულყოფილი სისტემის შექმნა. საქართველოში არ არსებობს კარგად ჩამოყალიბებული და გაწვრთნილი ექთნების კასტა. ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს, რომელთაგანაც მთავარი გახლავთ ის ფაქტი, რომ ძველი საბჭოთა მენტალიტეტის მიხედვით ექთნები, რატომღაც, განიხილებიან შეუმდგარ ექიმებად. ეს არის უაღრესად მცდარი და ამავე დროს უაღრესად მავნე მიდგომა. ექთანის პროფესია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და განსაკუთრებული საპატიო ადგილი უჭირავს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის სამედიცინო სისტემაში. საექთნო საქმეს ჰყავს თავისი სწავლულები, პროფესორები და ა.შ. და მათ განათლებაში განსაკუთრებული ადგილი აქვთ მიჩნეული ექიმებსაც. საშუალო სამედიცინო რგოლის ჩამოყალიბება შეუძლებელი იქნება სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, რადგან მკაცრად განსაზღვრული ანაზღაურების სტანდარტების არარსებობის გამო ნიჭიერი ახალგაზრდები თავს აარიდებენ ამ პროფესიას. სტრატეგიის შექმნა რთულია, მოითხოვს დროს და სპეციფიკურ შრომას, მაგრამ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი და არ ექვემდებარება გადავადებას.

 

ქართული სამედიცინო სექტორის დილემა და პერსპექტივებისაზღვარგარეთ არსებული სამედიცინო პოტენციალი, მისი კლინიკური და ადმინისტრაციული გამოცდილება არის რესურსი, რომელიც მზა გამოცდილებას და ცოდნას მოიტანს, შექმნის აუცილებელ საინფორმაციო ბაზას, სისტემას შესთავაზებს ყალიბს და სტანდარტს. უცხოური პროფესიული რესურსი არის ერთგვარი ბონუსიც. რაც შეეხება მისი გამოყენების ფორმას, აქ შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის სპეციალური სახელწიფო კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის სტრატეგიაზე მუშაობა, პარტნიორობა ან კურირებაც კი, საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაში ქმედითი მონაწილეობა.

 

ჩვენ ვაკეთებთ განაცხადებს, საზოგადოებას ვთავაზობთ მზა გამოცდილებას, წარმატებულ და აპრობირებულ სისტემატიზაციას, ქმედით მომენტებს და ნიუანსებს, რომელთა გამოყენება თავიდან ააცილებს ქართულ სამედიცინო სექტორს ამორფულ არსებობას. პრობლემა კომპლექსურია და ითხოვს გენერალიზებულ მიდგომას. შესაქმნელია ერთიანი სტანდარტი და  აღმოსაფხვრელია ქაოსი სამედიცინო განათლების სფეროში. ეს გახლავთ დარგის განვითარების ერთადერთი რეალური გზა.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია