ერთი გურჯის რომანივით უცნაური ცხოვრება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-08-2014, 15:16 | ინტერვიუ | ნანახია - 1274

ერთი გურჯის  რომანივით უცნაური ცხოვრებამაკა მალხაზიშვილი

                         

ის პირველი იყო, რომელმაც თურქეთის  რადიოსა და  ტელევიზიაში  ქართული სიმღერები გაუშვა, სოსო ცივაძე თურქეთელი ქართველია, მისი ცხოვრების  გზა იმდენად განსხვავებულია, რომ ის  საინეტერსო რომანის პერსონაჟს უფრო ჰგავს.

 

- სოსო, მოგვიყევი შენს ცხოვრებაზე, როდის გააცნობიერე, რომ ქართველი ხარ?

 

- დავიბადე კლარჯეთში, შავშეთში ბრილურ (ჩრდილიან) მთაზე, ბებიაჩემის ექიმობით აგვისტოს 9-ში ერთ ავდრიან  დღეს. სოფელში ყანის, ჩალის საქმეებზე დავდიოდი. რაც  ლაპარაკი დავიწყე, ბავშობიდან 14 წლამდე სოფლის საქმეებზე ვმუშაობდი. ჩემს ბაშვობაში სოფელში არც დენი და არც ტელევიზორი არ იყო, ამიტომ უფრო შევინარჩუნეთ ქართული ენა. მოხუცები სასაუბროდ რომ  დასხდებოდნენ, ჩვენ ვუსმენდით და  ჩვენც ქართულად ვლაპარაკობდით. ბავშვობაში არც კომპიუტერი იყო და ამიტომ უფროსებისგან ვსწავლობდით ყველაფერს, იმათგან ვიღებდით მაგალითს. იმ დროს ვერ ვხვდებოდი, რომ როცა გავიზრდებოდი ეს ცხოვრებაც და ქართული ენაც მომენატრებოდა.  იმას გეტყვით, რომ  ბაბუაჩემი ხშირად მიყვებოდა, რომ  ჩვენ ცივაძეების განაყარი ვართ, ანუ წარმოშობით სოფელ უბედან ვართო. სოფელ უბეში ჩვენი წინაპრების ბევრი კომლი ყოფილა, იქ ვერ დატეულან და ნაწილი სოფელ ლეონიძეში გადასულა.  ჩემი ბიძები და  მეზობლები დიდი ქალაქიდან ზაფხულში დასასვენებლად რომ ბრუნდებოდნენ და მათი შვილების ტანსაცმელებს როცა ვხედავდით, გვრცხვენოდა  ჩვენი სოფლური ტანსაცმლის. ჩვენც გვინდოდა ქალაქურად ჩაცმა  და  დიდი ქალაქების ნახვა, გვინდოდა  იქ წასვლა და მუშაობა.  მერე ისეთი დრო მოვიდა, რომ სარფის კარი გაიხსნა და ჩვენთან შავ ზღვაზე ბევრი ქართველი და რუსი ტურისტი ჩამოვიდა.  ერთხელ ქალაქ რიზეში მომუშავე  ,,მარშრუტკის“ მძღოლი შემხვდა და მითხრა, შენ გურჯის ენა იცი და შენისთანა ადამიანები რიზეში ძალიან სჭირდებათ თარჯიმნადო. მეც წავედი რიზეში სასტუმროში სამუშაოდ. იქ კი ძველ და ნახევრად დავიწყებული  კუთხური ქართული ენით დავიწყე ლაპარაკი. ჩემი იქ მუშაობის  ორი წლის  შემდეგ ასეთი ამბავი მოხდა: საქართველოდან ჩამოსულიყო ავტობუსი, საიდანაც ტურისტები ჩამოვიდნენ. ერთი მოხუცი ქალბატონი ქართულად რომ ვლაპარაკობდი, დაინტერესდა ჩემით და მკითხა: შვილო, ქართველი ხარო? თურქეთში  ჩვენ  გურჯებს გვეძახიან და ჩვენს თავსაც გურჯებს - საქართველოს კი გურჯისტანს ვეძახდით. სარფის კარის გახსნის მერე ქართველებს რუსებს ვეძახდით. ამიტომ გამიკვირდა, გურჯისტანიდან ჩამოსული ხალხი ჩვენს ენაზე, ანუ ქართულად (გურჯულად) რომ ლაპარაკობდა. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ენა მარტო ჩვენ ვიცოდით და სხვებმა უკვე დავიწყეს. რადგან გურჯისტანი საბჭოთა კავშირი იყო, იქ კი ყველა რუსი გვეგონა. ამ ქალბატონმა რომ მკითხა:  ქართველი ხარო, მე ვუპასუხე:  არა, ქართველი არ ვარ, გურჯი ვარ მეთქი. ის ქალბატონი კი ატირდა და ასე მითხრა: შვილო, ჩვენ ერთი სისხლი გვაქვს და ერთი ხალხი ვართო, საზღვარი რომ ჩაიკეტა, ჩვენ იქით დავრჩით და თქვენ აქეთო. იმ დროს ჩვენი ქართული ისტორია არ ვიცოდი და ამიტომ გამიკვირდა, სატირალი რა მაქვს, ან ამ ქალს რა  ატირებს მეთქი.... მერე იმ ქალმა ჩემი გვარი მკითხა, მე არ მახსოვდა ეს  სიტყვა და გვარი, როგორც კვარი ისე გავიგე.  ამიტომ იმ ქალს ასე ვუპასუხე: ჩვენ კვარით ცეცხლს ვანთებთ მეთქი. იმან მითხრა: კვარი სხვა არის და გვარი სხვა არისო.  სოფელში თქვენ რას გეძახიანო?  გამახსენდა, რომ ცივაძეები ვიყავით.  ეს რომ ვუთხარი,  გადამეხვია და მითხრა, რომ ნამდვილი ქართული გვარი გქონია შვილოო. ჩემი თურქული სახელი სონერია და მკითხა: არ გინდა, ქართული სახელი დაგარქვაო? ეს  იმან დამარქვა სოსო… ამის მერე ყველას ამ ქართული სახელით ვეცნობოდი.

 

 -  ვიცი, რომ ბაბუა  გარმონზე უკრავდა...

 

ერთი გურჯის  რომანივით უცნაური ცხოვრება- ბაბუაჩემს სოფელში ერთი ძველი გარმონი ჰქონდა. სოფელში ყველა  ეხუმრებოდა, რომ ახმედას ჭკუა სადა აქვსო, იმიტომ რომ, ბაბუამ  გარმონი ერთ ყანაში გადაცვალა და ისე იყიდა. ბაბუაჩემი ხშირად უკრავდა მასზე და იმის მოსმენით სევდიანი ვხდებოდი.

 როცა სტამბულში წავედი, იქ კაი ხანს ისეთ საქმეებზე ვიმუშავე და ისეთ კუთხეში ვიცხოვრე, სადაც ქართულად ნაკლებად ვსაუბრობდი და აღარ მქონდა ჩემს ხალხთან ურთიერთობა. სტამბულში თურქული ინსტრუმენტი ბაგლამა ვიყიდე. დავინტერესდი თურქული  სიმღერებით, ოღონდ არა პროფესონალურად... დავიწყე მეგობრებთან ერთად დაკვრა და სიმღერა. ამის მერე ბევრმა დრომ გაიარა და  ჩემს თავს ვკითხე: შენ ხომ ქართველი ხარ და შენი  კუთხური  ტრადიციები და სიმღერა-ცეკვები გაქვს მეთქი?! ჰოდა,  მივატოვე თურქული ინსტრუმენტი  და აკორდეონი ვიყიდე. ბავშვობის დროიდან სხვის კარებზე დიდ ქალაქებში მუშაობამ ნერვები მომიშალა და დამღალა. გავუბრაზდი ჩემს თავსაც და ცხოვრებასაც,  სტამბულის ქუჩებში აკორდეონით გავედი და ნახევარი წელიწადი ქუჩებში ვმღეროდი და ვუკრავდი. სიმღერებს მე თვითონ  ვწერდი  და თვითონვე  ვმღეროდი. მერე ეს ქუჩის მომღერლობაც მივატოვე და ჩემს სამუშაოს დავუბრუნდი. მინდოდა ჩემი საქმე გამეხსნა და ბიზნესი გამეკეთებინა, ახლა უკვე ეს მიზანი გამიჩდა.

 

-  ერთი პერიოდი თურმე  საკუთარ ლიტერატურულ კაფესაც ამუშავებდი...

 

- დიახ,  ქალაქ იზმირში ლიტერატურული კაფე გავხსენი. ლიტერატურასთან ერთად იქ დასაკრავი ინსტრუმენტებიც შევიტანე. აქ მხოლოდ ტრადიციული დაინტერესება  მქონდა, რადგან ამ კაფედან არანაირი მოგება  მქონია, მარტო ვიზარალე, ძალიან  ძვირად დამიჯდა ამიტომ გავყიდე. დავბრუნდი ქალაქ კოჯაელში და აქსესუარების მაღაზია გავხსენი.  აქ უფრო ტაო-კლარჯეთელები  ცხოვრობენ.  ჩემი სიმღერაც და მუსიკაც სულ ჩემთან იყო. ქალაქ გებზეში ართვინის კულტურის ცენტრია გახსნილი და აქ ყველა სეზონზე კულტურის შეხვედრები იმართებოდა. იქ  ჩემს დასთან, მთვარისა ცივაძესთან  ერთად  მომღერალთა ანსამბლი შევქმენი და მას ,,ჭოროხი“ დავარქვით. მერე ისიც დაიშალა . ჩვენ კი ახალი ანსამბლი ,,ქარიშხალი“ დავაარსეთ. ამანაც  არ გაძლო დიდი ხანი.  და- ძმბა სხვა რამაა და ერთად სიმღერა კი სხვა რამე და ეს საქმეც ვეღარ გავაგრძელეთ. მთვარისამ თავისთვის დაიწყო სიმღერა. ამის მერე ანსამბლები აღარ გამიკეთებია. იმ ქალმა რომ დამარქვა სოსო, ვთქვი, რომ  ამის შემდეგ მხოლოდ ამ სახელით ვიმღერებ მეთქი. თურქეთში ჩვენებურ ქართველებზე მეტად  თურქები დაინტერესდნენ. ამიტომ სოსო ცივაძე  უცხო სახელი იყო მათთვის და ასევე უცხო იყო  ჩვენებურ სახელ და გვარ დავიწყებულ ქართველებისთვისაც. ორკესტრში აკორდეონზე და  სხვა ინსტრუმენტებზეც ვუკრავ. სოსო ცივაძე ქართული სახელი და გვარი რომ იყო და ქართველობიდან მოდიოდა, ეს ხალხმა ცოტა გვიან გაიგო.

 

-სოსო  ვიცი, რომ ერთი პერიოდი თურქეთის რადიოშიც მუშაობდი, სადაც მუსიკალური პროგრამა მიგყავდა...

 

ერთი გურჯის  რომანივით უცნაური ცხოვრება- ამ ამბავსაც მოგიყვებით. ერთხელ ტაო-კლარჯეთის ქალაქ ართვინის კულტურის ცენტრის კონცერტზე დამპატიჟეს. მერე იქ ხშირად ჩამოვდიოდი და საქველმოქმედო კონცერტზე გამოვდიოდი ცნობილ მომღერლებთან ერთად.  ერთხელ ამ  ქალაქის რადიოში მომზადდა კონცერტში მონაწილე მომღერლების შოუ, სადაც მეც დამპატიჟეს. რადიოში ჩემი ცოცხალი მუსიკით  გამოვედი და პროგრამის წამყვანმა  მკითხა, რომ  რადიოში ორსაათიანი პროგრამა გვაქვსო და ხომ ვერ შეძლებ, რომ წაიყვანოო. გამიხარდა: კი ბატონო, თუნდაც ხუთი  საათი იყოს მეთქი. ჰოდა, დავიწყე: სტუმარიც მე ვიყავი და წამყვანიც იმ პროგრამის. რადიოს მმართველი გახარებული იყო, პროგრამამ კარგად ჩაიარა. ამის მერე  შემომთავაზა, რომ  ჩვენ შავი ზღვის ეთნიკური პროგრამის: ქართულ, ლაზურ, ბერძნულ მელოდიებზე მუსიკალური გადაცემების დაწყება გვინდა და  თუ  შეძლებო. მეც დავთანხმდი, მაგრამ ვუთხარი, რომ ბევრი პატრონობა არ მიყვარს მეთქი, ამიტომ ამ პროგრამას სახელსაც მე დავარქმევ და მარტო მე გავაკეთებ მეთქი. ამ შოუს  ,,შავი ზღვის წვიმა“ დავარქვი. წელიწადნახევარი ვაკეთე ეს პროგრამა, მაგრამ არც ლაზი  და არც ქართველი ამ პროგრამის სპონსორი არ გამიხდა. თურქეთის კანონები შეცვლილი იყო ამ დროს და  ბიზნესმენებმა  ასე მითხრეს: შენ ეთნიკური კულტურის პროგრამას ამზადებ, ამ პროგრამაში პოლიტიკა არის გარეული, ამიტომ გვაზარალებო და გვერდში არ დამიდგნენ... პროგრამა კი რადგან უკვე დაწყებული იყო,  შუა გზაში მიტოვება არ მინდოდა და  ნახევარი წელი მას თვითონ ვაფინანსებდი, რადიოში  ჩემი მაღაზიის რეკლამას ვაკეთებდი. იმ რადიოს მმართველი თურქი იყო, ჩემს საქმეში არასოდეს ერეოდა და ყველაფერში  მენდობოდა.  თურქეთის  რადიოსა და  ტელევიზიაში პირველად  მე გავუშვი ქართული სიმღერები. რადიო ინტერნეტშიც იყო და ხალხს ყველგან ჰქონდა საშუალება, რომ ის მოესმინათ. მაგრამ მე  დიდი ბიზნესმენი არ ვიყავი და  მხოლოდ ნახევარი წელი შევძელი ამ პროგრამის დაფინანსება. მერე დავიღალე და  ვთქვი- ახლა მეყოფა, დასვენების დრო მოვიდა მეთქი. დღეს კი მინდა, რომ  ასეთი პროგრამა ტელევიზორშიც  გავაკეთო...

 

- ქართულ ენაზე წერ სიმღერებს და ოცნებობ, რომ შენი სიმღერები საქართველოშიც მოისმინონ...

 

- ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მაინტერესებდა საქართველოში  ჩამოსვლა, მაგრამ მაშინ ვერ გავბედე, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ აქ ძალიან  დიდი  არეულობა არის და თურქეთიდან წამოსული ხალხი თბილისიდან უკან გაქურდული ბრუნდებოდა. მაგრამ 15 წლის მერე მაინც მეღირსა საქართველოში ჩამოსვლა. ვნახე დიდი ქალაქები: თბილისი, მცხეთა, სიღნაღი, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი და  ძალიან მომეწონა. საქართველო ვნახე, ჩემი ისტორიული  სამშობლო, მაგრამ ხალხთან ერთად დაღლილი ქვეყანაც ვნახე. პირველად რომ ჩამოვედი,  გულში გამიცოცხლდა ჩემი ბებია და ბაბუა. გამახსენდა ის ტკივილი, რომ თურქეთის ქართველებს ყველა დღე ეკარგებათ ქართული ენა. დამღლელმა  ცხოვრებამ, ევროპულ-ამერიკულმა პოპ-კულტურამ მარტო ჩვენ ქართველები კი არა, თურქეთშიც ბევრი ეთნიკური ხალხი დააშორა თავის კულტურას. ჩვენს გულში კი ჩნდება  ქართული კულტურის დაკარგვის შიში... მართლია, თურქეთის ქართველები მუსლიმანურ რელიგიაზე ვართ გაზრდილი,  საქართველო  კი ქრისტიანული  ქვეყანაა, მაგრამ ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის, ამის გამო ჩვენს შორის  ურთიერთობაში პრობლემები არ უნდა იყოს, ერთმანეთს უნდა გავუგოთ და ერთად ვაცხოვროთ ჩვენი  კულტურა...   

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია