თურქული კრიზისი, მისი მიზეზები და შესაძლო შედეგები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-06-2013, 21:10 | მსოფლიო, არქივი | ნანახია - 2834

თურქული კრიზისი, მისი მიზეზები და შესაძლო შედეგები ნიკოლოზ ვაშაკიძე

 

მეზობელ თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ბუნებრივია, არ შეიძლება ეს მოვლენები, პირველ, რიგში, საქართველოსთვის არ იყოს საინტერესო. ის, თუ როგორ წავა საქმეები თურქეთში, აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩვენს ქვეყანაზე, ამიტომ, რა თქმა უნდა, აუცილებელია ყოველთვის გვქონდეს ადეკვატური წამოდგენა იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენს სიდიდით მეორე მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარეობს.

 

ბოლო ათი წელია, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ინტერესით და გარკვეული შეშფოთებითაც ვადევნებთ თვალყურს იმ ახალ კურსს, რომელსაც დაადგა თურქეთი ისლამისტური ელფერის მქონე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის და მისი ქარიზმატული ლიდერის, პრემიერ-მინისტრ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკური ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან.

 

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თურქეთის დამაარსებელმა ქემალ ათათურქმა ახალი თურქეთი მკაცრად დააფუძნა სეკულარიზმისა და ევროპეიზმის პრინციპებზე, თურქეთის რესპუბლიკის პოლიტიკური ცხოვრება, რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე, მნიშვნელოვანწილად ამ პრინციპებსა და რელიგიური ხასიათის მქონე ე.წ. თურქულ „ტრადიციონალიზმს“  შორის ბრძოლის ნიშნით მიმდინარეობს.

 

ცხადია, „ლაიციზმად“ წოდებულმა ათათურქის სეკულარიზმის ტრადიციამ სერიოზულად დაიმკვიდრა ადგილი თურქულ საზოგადოებაში რესპუბლიკის დაარსებიდან განვლილი ათწლეულების მანძილზე, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით, პროვინციული მოსახლეობა, დღემდე უფრო „ტრადიციონალიზმის“ ზნე-ჩვეულებების მატარებელია.

 

სწორედ ამიტომ თურქეთის რესპუბლიკის ლაიცისტური კურსის უზრუნველყოფას ყოველთვის სჭირდებოდა მძლავრი გარანტი, რომლის როლსაც ათწლეულების მანძილზე სეკულარიზმის პრინციპებზე მყარად მდგომი თურქეთის შეიარაღებული ძალები ასრულებდა. თურქი სამხედროები ტრადიციულად ღრმად იყვნენ ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან მომენტებში თავისი მკვეთრი ჩარევით გადამწყვეტ სიტყვას ამბობდენ თურქეთის შემდგომი განვითარების საქმეში. მათ სამჯერ მოახდინეს სამხედრო გადატრიალება - 1960, 1971 და 1980 წელს, 1997 წელს კი, დამაჯერებელი ზეწოლის შედეგად, ხელისუფლებას ჩამოაშორეს მაშინდელი ისლამისტი პრემიერი ერბაქანი და მისი ისლამისტური „კეთილდღეობის პარტია“.

 

თურქეთის რესპუბლიკის არსებობის ბოლო ათწლეული ხასიათდება სწორედ იმით, რომ ისლამისტურმა ძალებმა მიაღწიეს უპრეცედენტო დომინირებას თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში და, 2002 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მყარად დგანან სახელმწიფოს სათავეში.

დამხობილი ერბაქანის დროშა მტკიცედ აიტაცა ხელში მისმა ყველაზე ნიჭიერმა და ენერგიულმა მოწაფემ რეჯეპ ერდოღანმა, მან დაშლილი კეთილდღეობის პარტიის ბაზაზე დააარსა სამართლიანობისა და განვითარების პარტია, თავი დააღწია ყველანაირ პოლიტიკურ დევნას და აკრძალვებს და, 2002 წლის გამარჯვების შემდეგ, თავის პარტიასთან ერთად, დამაჯერებლად ხელმძღვანელობს ქვეყანას.

 

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის არჩევნებში გამარჯვება განპირობებული იყო იმით, რომ თურქული საზოგადოება გადაღლილი და გაწბილებული იყო ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული და კორუფციაში ღრმად ჩაფლული ელიტით. ამ ელიტის ფონზე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის წარმომადგენლები უფრო მეტი პატიოსნებით, უბრალოებითა და ხალხთან სიახლოვით აშკარად მომგებიანად გამოიყურებოდნენ. პარტიამ აღმავალი წარმატებით გაიმეორა თავისი გამარჯვება 2007 და 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომლებზეც მან სარეკორდო - 49.91 პროცენტი აიღო.

 

თურქული კრიზისი, მისი მიზეზები და შესაძლო შედეგებიწინა ხელისუფლებისგან ერდოღანმა   არცთუ სახარბიელო რეალობა მიიღო მემკვიდრეობით: ჰიპერინფლაცია, პოლიტიკურა არასტაბილურობა და ევროკავშირთან მოლაპარაკებების სტაგნაცია. ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთმა შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. მმართველი პარტიისა და პრემიერის მიერ ინიცირებულმა ინვესტიციის ხელშემწყობმა კანონებმა, ფუფუნების საგნებზე მაღალი გადასახადების დაწესებამ, თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზების მკვეთრმა ზრდამ და შედეგად მიღებული ფინანსური რესურსების ეკონომიკის განვითარებაზე სწორმა და ოპერატიულმა გადამისამართებამ შედეგი გამოიღო. ინფლაცია 2001 წლის 68-პროცენტიანი მაჩვენებლიდან 2013 წლისთვის 8 პროცენტამდე დაეცა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ გაიზარდა და მისი ზრდის ტემპით თურქეთი მსოფლიო ლიდერთა შორის აღმოჩნდა, რის შედეგადაც ეკონომიკის სიდიდით ის მსოფლიო ათეულში შევიდა. ამავე დროს, თურქეთის ეკონომიკა შესაშური სტაბილურობით გამოირჩევა. ევროპაში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე მან მყარი ზრდის ტემპი შეინარჩუნა. ერდოღანისა და მისი პარტიის მმართველობის პერიოდში თურქეთში აშენდა 30 000 კილომეტრი საავტომობილო გზა, 10 000 კილომეტრი რკინიგზა, რეგიონებში შეყვანილ იქნა სწრაფი მატარებელი, ადგილობრივმა მრეწველობამ დაიწყო ტრანსპორტის, ვერტმფრენებისა და შეიარაღების წარმოება, ამოქმედდა ამორტიზებული საცხოვრებელი ფონდის ლიკვიდაციის ძალზე ეფექტური პროგრამა, 8-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება, ავტომატიზებულ იქნა ონ-ლაინ მომსახურების სფერო, გადახდილ იქნა საგარეო ვალი და ა.შ.

 

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წარმატებებმა თავბრუ დაახვია ერდოღანს. ხელისუფლებაში ყოფნის ათწლეულის მანძილზე მისი ავტორიტარიზმი და ამბიციურობა თანდათან სულ უფრო მეტად გაიფურჩქნა. საპარლამენტო უმრავლესობის ფაქტორის გამოყენებით მმართველმა პარტიამ მნიშვნელოვანწილად დაიპყრო სახელმწიფო აპარატი. ერდოღანის ერთპარტიულმა მთავრობამ თავის რადიკალურ გადაწყვეტილებებში თითქმის შეწყვიტა ოპოზიციური სპექტრის აზრის გათვალისწინება და დაუფარავად დაადგა ქვეყნის ისლამიზაციის კურსს.

 

თანამედროვე თურქეთის ისტორიაში ერდოღანმა თითქმის შეუძლებელი შეძლო - მან კისერი მოუგრიხა ხელშეუხებელ და ძლევამოსილ სამხედრო ელიტას და ჩამოაშორა ის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ამისთვის მან მარჯვედ გამოიყენა ე.წ. „ერგენეკონის“ შეთქმულების საქმე და, ფართო საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე დაყრდნობით, უპრეცედენტო რამ მოახერხა - ციხეში აღმოჩნდნენ თურქეთის ხელშეუხებელი კასტის, უმაღლესი გენერალიტეტის წარმომადგენლები. მათთან ერთად თავისუფლება აღეკვეთა ძველი პოლიტიკური ელიტის მრავალ წარმომადგენელს - ბიზნესმენებს, ჟურნალისტებს, სზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს, იმ ადამიანებს, ვინც წინ აღუდგა ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ახალ კურსს.

 

ერდოღანი ერდოღანი არ იქნებოდა, რომ ეს შეტევა სწრაფად არ განევითარებინა სხვადასხვა მიმართულებით. მან მოახერხა ქვეყნის ისეთ მნიშვნელოვან სტრუქტურებში, როგორიცაა, მაგალითად, პოლიცია, სპეცსამსახურები და სასამართლო, უზრუნველეყო მის მიმართ ლოიალური ადამიანების დომინირება. ამავე დროს, თავად სამხედრო ძალებში დაჩქარებული ტემპით დაიწყო ერდოღანის პოლიტიკური კურსის მომხრე ოფიცრების დაწინაურება. 2011 წლის რეფერენდუმის შედეგად თურქეთის სასამართლო სისტემაში პრინციპული ცვლილება მოხდა - გაუქმდა სამხედრო პირების გასამართლების სამხედრო სასამართლოების ექსკლუზიური პრეროგატივა და ეს უფლება სამოქალაქო სასამართლოებს გადაეცა, რამაც საფუძვლიანად შეარყია სამხედრო ისტებლიშმენტის პოზიციები.

 

გენერალიტეტის შესუსტებასთან ერთად, პირდაპირპროპორციულად გაძლიერდა რელიგიურ ლიდერთა კასტა. რელიგიის საქმეთა სამმართველო თურქეთის სახელმწიფო სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სტრუქტურად გადაიქცა და დღეს მისი ბიუჯეტის მოცულობა ენერგეტიკისა და თავდაცვის ბიუჯეტის მოცულობამდე გაიზარდა. თურქეთში ამ მიმართულებით სწრაფი ცვლილებები თვალშისაცემი გახდა. ერდოღანის ათწლიანი მმართველობის განმავლობაში თურქეთში აშენდა 7300 მეჩეთი, განათლების სისტემის რეფორმის შედეგად უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში რელიგია აუცილებელ საგნად შეიტანეს, ხოლო საერო სკოლების საშუალო კლასებში შემოღებულია რელიგიათმცოდნეობის სწავლა და, ასევე, მოიხსნა  სკოლების ტერიტორიაზე მოსწავლე გოგონებისთვის თავსაბურავით სიარულის აკრძალვა. თავსაბურავიანი ქალები მომრავლდა, აგრეთვე, სახელმწიფო დაწესებულებებში, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.

 

მართალია, ერდოღანი და მისი პარტია კვლავაც ოფიციალურად ინარჩუნებენ ევროკავშირში გაწევრიანების საგარეო-პოლიტიკურ კურსს, ამ პროცესის გაურკვეველი ვადით შეფერხებით გამოწვეული იმედგაცრუება თურქულ საზოგადოებაში მათ მოქნილად მიმართეს ოტომანური იმპერიის სიდიადის აღდგენის ალტერნატიული კურსის მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ ოტომანური პერიოდის იდეალიზაცია და პროპაგანდა ერდოღანის მმართველობის ერთგვარ სიმბოლოდაც იქცა, თავად მას ხშირად სულთანსაც კი უწოდებენ. მმართველი ძალა სულ უფრო ხშირად უწოდებს თურქეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ დიდ ხიდს, ხაზს უსვამს თურქეთის უნიკალურ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას და აქ პრაქტიკულად ღიად იკითხება სუბრეგიონში თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური დომინირების იდეოლოგია ოტომანური იმპერიის ახალი რედაქციის სახით.

 

ალბათ არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, ქემალ ათათურქის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე ძლიერი და მასშტაბური ფიგურაა, თუმცა, ის, ამავდროულად, ქემალის პოლიტიკურ ანტიპოდად გვევლინება. ქემალის კურსის მთავარი პრინციპები იყო  საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან რელიგიის მაქსიმალური გამოდევნა და რადიკალურად უარის თქმა ოტომანური წარსულის მემკვიდრეობაზე. სწორედ ამ ორ ფუძემდებლურ პრინციპთან მიმართებაში ერდოღანი და მისი პარტია დიამეტრულად საწინააღმდეგო კურსს ატარებენ და ამ ორი კონტრპრინციპის, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ისლამიზაციისა და ნეოოტომანობის სინთეზის ერთგვარი გრანდიოზული სიმბოლოა სტამბოლის ცენტრში მსოფლიოში ყველაზე დიდი მეჩეთის მშენებლობის პროექტი, რომელიც თავისი მასშტაბით  მუსლიმანების მთავარ მეჩეთს, მექაში განლაგებულ ალ-ჰარამს აღემატება.

 

ამ პროცესებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ერთი ფაქტორი. ეს არის თავად პრემიერ ერდოღანის ფიგურა, მისი პირადი გეგმები და ამბიციები. ის უდავოდ ძლიერი და ამბიციური პიროვნებაა და აშკარად ლამობს შევიდეს ისტორიაში როგორც ახალი დიადი თურქეთის სახელოვანი ლიდერი. ამიტომ მან ინიცირება გაუკეთა საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის თანახმადაც, თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს, ხოლო პრეზიდენტი, პარლამენტის ნაცვლად, პირდაპირ მოსახლეობამ აირჩიოს და დიდი ძალაუფლებით იყოს აღჭურვილი. ერდოღანი თვითონ უმიზნებს ამ პოსტს და ამით თავისი პოლიტიკური სიცოცხლის გახანგრძლივებას აპირებს. თუმცა, ამ ცვლილებებისთვის მას ჯერჯერობით პარლამენტში საკმარისი ხმები არ გააჩნია და მათ გასატარებლად კიდევ დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. სამაგიეროდ, ამ გეგმებისა და, საერთოდ, მისთვის დამახასიათებელი ავტორიტარული სტილის გამო ოპონენტები ერდოღანს სულ უფრო ხშირად სდებენ ბრალს დიქტატორულ მისწრაფებებში.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ქემალ ათათურქის ფიგურა გახდა მაისის ბოლოს სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში ამოფრქვეული საპროტესტო ტალღის სიმბოლო. მომიტინგეები საპროტესტო მოძრაობის დროშად ქემალის პორტრეტებს იყენებენ და საკუთარ თავს ათათურქის ჯარისკაცებს უწოდებენ.

 

ქემალ ათათურქის პოლიტიკური ტრადიცია ღრმად არის ფესვგადგმული თურქულ საზოგადოებაში. ათწლეულების მანძილზე თურქულ საზოგადოებაში ათათურქის პრინციპების მიზანმიმართულ კულტივაციას, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ ჩაუვლია. თურქეთის დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის სიმწვავე და სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ერდოღანის ახალი კურსი რადიკალურად მიუღებელია სეკულარულ ტრადიციებზე აღზრდილი თურქეთის საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ამ კურსით მკვეთრმა უკმაყოფილებამ, რომელიც თანდათან იზრდებოდა ერდოღანის მმართველობის ათწლეულის მანძილზე, გამოიწვია ის გრანდიოზული პოლიტიკური აფეთქება, რომლისთვისაც თითქმის უწყინარი და არაპოლიტიკური გეზის პარკის გაჩეხვის თემა გამოდგა საბაბად.

 

ვინ არის ის ხალხი, რომელიც დღეს თურქეთში საპროტესტო მასას წარმოადგენს? რა თქმა უნდა, მისი დიდი ნაწილი ქალაქის მოსახლეობაა და მასში დიდია ახალგაზრდების, სტუდენტების წილი. მრავლად არის ინტელიგენციის წარმომადგენლები, პირველ რიგში, ხელოვანები, ამავე დროს, უმაღლესი განათლების მუშაკები, სახელმწიფო მოხელეები, სხვადასხვა კალიბრის ბიზნესმენები და ა.შ., მოკლედ, საზოგადოების მეტ-ნაკლებად ევროპეიზებული ნაწილი, რომლისთვისაც სეკულარიზმი ფუნდამენტური ღირებულებაა და რომელმაც გემო გაუგო ისეთ ხილს, როგორიცაა პიროვნული თავისუფლება და მას ასე იოლად  არ დათმობს. მაგალითად, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ერეოდეს ასე აქტიურად მთავრობა ალკოჰოლის მოხმარების პიროვნულ არჩევანში ან რატომ უნდა უნერგავდნენ ასე დაჟინებით რელიგიური ცხოვრების წესს. და, რაც მთავარია, ისინი ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ ერდოღანის მმართველობის ავტორიტარულ სტილს. მათი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზიაა ის, რომ ერდოღანს და მის მთავრობას მათი აზრი და განწყობა საერთოდ არ აინტერესებთ. საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი თემაა ის, რომ ხელისუფლება მათ მიმართ სრულიად გაუცხოებულია და მათ აზრს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას. ისინი გრძნობენ, რომ მთავრობას დაყოფილი ჰყავს მოსახლეობა თავისიანებად და უცხოებად და ამას სამართლიანად შეურაცხყოფად აღიქვამენ. გეზის პარკის გაჩეხვის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ სტილში მიიღეს. ამიტომაც ითამაშა მან მასობრივი მღელვარების ესოდენ ეფექტური კატალიზატორის როლი.

 

უდავო პოლიტიკური ნიჭის მიუხედავად, ამ საკითხში ერდოღანი მძიმე შეცდომას უშვებს. მრავალათასიანი საპროტესტო მასა, რომლის უკან მოსახლეობის დიდი ნაწილი დგას, მან არეულობის პირველივე დღეებში მარგინალებად მონათლა და „უსაქმურების“, „მძარცველებისა“ და „ექსტრემისტების“ დამამცირებელი ეპითეტებით შეამკო. რა თქმა უნდა, ამან საზოგადოების ისედაც აღშფოთებული ნაწილი კიდევ უფრო განარისხა და გასაკვირი არ არის, რომ მომიტინგეებმა ასეთ მოპყრობას პრემიერის გადადგომის მასობრივი მოთხოვნით უპასუხეს. სხვათა შორის, ამ სიტუაციით მშვენივრად ისარგებლა ერდოღანის ჩუმმა პოლიტიკურმა მეტოქემ, პრეზიდენტმა აბდულა გიულმა და მძიმე დარტყმა მიაყენა მას თავისი შემწყნარებლური განცხადებით, რომელშიც დემოკრატიისა და საპროტესტო აზრის მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემა გამოხატა და  უსაფრთხოების სტრუქტურებსა და პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, თავშეკავებულად მოეპყრონ ოპოზიციურ აზრსა და მომიტინგეებს. ხვალ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის დღის წესრიგში აუცილებლად დადგება ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა და მაშინ პარტიას ისეთი ლიდერი დასჭირდება, რომელიც არა მხოლოდ პარტიისა და მისი მომხრეებისთვის, არამედ მთელი თურქეთის მოსახლეობისთვის უნდა იყოს მისაღები. ამ თვალსაზრისით, გიულმა თავისი მოქნილი სვლით ბრწყინვალე პოლიტიკური ქულები ჩაიწერა და ერთგვარი რევანშიც აიღო ერდოღანზე მრავალწლიანი დაკნინებისთვის.

 

სამაგიეროდ, ერდოღანმა თავის შეუპოვარ და უკომპრომისო სტილში განაგრძო მოვლენებზე რეაგირება. საპროტესტო აქციები უხეშად დაშალა, რასაც მსხვერპლი, დასახიჩრება და უამრავი ადამიანის დაპატიმრება მოჰყვა. ამის მერე ერდოღანი კიდევ უფრო აღრმავებს თავის შეცდომას - იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციურად განწყობილ თანამოქალაქეებთან დიალოგი გაემართა, თავისი მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს და მრავალრიცხოვან კონტრმიტინგებს მართავს თურქეთის სხვადასხვა ქალაქში. ამ მიტინგებზე ის დამამცირებელი ეპითეტებით მოიხსენიებს ოპონენტებს. და ეს მაშინ, როცა საპროტესტო აქციებში მონაწილეთა რაოდენობა უკვე მილიონებით ითვლება. ეს ყველაფერი საოცრად ჰგავს იმ საბედისწერო შეცდომას, რომელიც თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ და სულ ახლო წარსულში მიხეილ სააკაშვილმა დაუშვეს. კატეგორიულად დაუშვებელია ქვეყნის ხელმძღვანელისთვის და, მით უმეტეს, ადამიანისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს ერის ლიდერობაზე, თავისიანებად და არათავისიანებად დაყოს ქვეყნის მოსახლეობა. შეიძლება მოწინააღმდეგეები ქვეყნის ლიდერს  კრიტიკულად უყურებდენ, მაგრამ ლიდერის მხრიდან მათ მიმართ აგდებული დამოკიდებულება და აროგანტული გაუცხოების დაფიქსირება ამ ხალხის აღშფოთებას აათმაგებს და რადიკალურ, შეურიგებელ მოწინააღმდეგებად აქცევს. ასეთ დროს ზომიერად კრიტიკული და ნეიტრალური ბევრი ადამიანიც კი საბოლოოდ გადადის ოპოზიციონერთა ბანაკში.

 

აქ საინტერესო ის არის, რომ ასეთ შემთხვევებში ხელისუფლებამ ძლიერი ქმედებებით შეიძლება დააშოშმინოს მოსახლეობა, მაგრამ ოპოზიციური განწყობა არსად არ ქრება, ის სხვა ფორმებს პოულობს და, დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან, თავის გადამწყვეტ სიტყვას მაინც იტყვის. თურქმა პროტესტანტებმა მთავრობის ძალისმიერ ქმედებებს მეტად ორიგინალური პასუხი მოუძებნეს: ისინი ჩუმ, სტატიკურ აქციებს მართავენ - ამა თუ იმ სიმბოლიკით დატვირთულ ადგილთან ათასობით ადამიანი ფეხმოუცვლელად, ჩუმად დგას რამდენიმე საათის განმავლობაში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საბოლოოდ ეს ხალხი მოიქცევა ისე, როგორც ეს მოხდა საქართველოში ცოტა ხნის წინ: როცა საბოლოოდ გაუცრუვდება იმედი, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს შეისმენს, ისინი მოკუმშავენ მუშტებს და ჩუმად, მოთმინებით დაელოდებიან არჩევნებს, სადაც  საბოლოო სიტყვას იტყვიან.

 

ისმის კითხვა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მოვლენები თურქეთის შიდაპოლიტიკურ პარტიულ ბრძოლაზე.

 

 მაღალი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოლო განვითარების ფონზე მომავალი არჩევნებისთვის მოხდება სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების მნიშვნელოვანი კონსოლიდაცია და იქნება ერთიანი ოპოზიციური ბლოკის შექმნის მცდელობა. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ზედაპირზე ამოაგდოს ახალი ალტერნატიული ქარიზმატული პოლიტიკური ლიდერი და შვას განახლებული წინასაარჩევნო პოლიტიკური პლატფორმა.

 

 არსებული ვითარება დიდი კითხვის ქვეშ აყენებს ერდოღანის გეგმებს კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელსაც, მისი ჩანაფიქრით, მისთვის დიდი უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტობისკენ უნდა გაეხსნა გზა. არსებულ პარლამენტში ერდოღანს ამ რეფორმისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა არ გააჩნია, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე კი მომდევნო არჩევნებში ხმათა ამ გადამწყვეტი რაოდენობის მოპოვება უკვე  მეტად პრობლემატურად გამოიყურება.

 

წესით, ახალმა ვითარებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს სამართლიანობისა და განვითარების პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე. პარტია დგას ძალაუფლების შენარჩუნების სერიოზული ამოცანის წინაშე, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური კრიზისი კი დაჟინებით კარნახობს მას გარკვეული კორექტივების აუცილებლობას. პარტიამ ბოლო არჩევნები დამაჯერებლად მოიგო ხმათა 49.91 პროცენტით, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 50 პროცენტზე მეტი მას მხარს არ უჭერს და, შესაძლოა, ბოლო მოვლენების ფონზე მოწინააღმდეგეთა რიცხვი მატულობს კიდეც, თანაც ამ წინააღმდეგობას მნიშვნელოვანწილად ანტიერდოღანული განწყობა კვებას. თავად ერდოღანმა კრიზისის დროს თავისი რადიკალური ქმედებებით მოწინააღმდეგეთა ნაწილობრივი გულის მოგების შანსი მინიმუმამდე დაიყვანა. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში პარტიაში დაიწყოს ფიქრი იმაზე, რომ მათ უკვე სჭირდებათ არა იმდენად ისეთი ლიდერი, რომელიც უპირობო სიყვარულითა და მხარდაჭერით სარგებლობს მომხრეთა შორის, არამედ ისეთი, რომელიც უფრო მისაღები იქნება თურქეთის მთელი მოსახლეობისთვის. ამ კონტექსტში ჩვენ უკვე ვახსენეთ ის პოლიტიკური სვლა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა გააკეთა, მოგვიანებით კი თურქეთის ვიცე-პრემიერმა ბიულენთ არინჩმა ასევე მეტად კონტრასტულად იმოქმედა ერდოღანთან შედარებით: მან ბოდიში მოუხადა დემონსტრანტებს პოლიციის ქმედებების გამო და, ასევე, აღფრთოვანება გამოხატა მათი პროტესტის ახალი ფორმით - ჩუმი დგომითი აქციებით. მოარული ხმების თანახმად, არინჩის ამ ნაბიჯებმა მასა და ერდოღანს შორის მწვავე კონფლიქტი გამოიწვია. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოველივე მომავალზე ორიენტირებული შიდაპარტიული ბრძოლის პირველი ნიშნები იყოს.

 

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში დაწყებული მღელვარება უკვალოდ არ ჩაივლის. დღეს საიმედო პროგნოზის გაკეთება ძალზე ძნელია, მაგრამ რაღაც ვარაუდების და დასკვნების გამოთქმა მაინც შეიძლება. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ, როგორც ირკვევა, თურქეთის საზოგადოების ევროპეიზებული ნაწილი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, უკვე მეტად გააქტიურებულია პოლიტიკურად და ის  სეკულარიზმის პრინციპებს იოლად არ დათმობს. ამავე დროს, შეიმჩნევა, რომ თურქული საზოგადოების დასავლური მენტალიტეტის მატარებელი ნაწილი და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობა, თავისი მსოფლმხედველობით და მოთხოვნებით უკვე ათათურქისეულ სეკულარიზმზეც ამაღლდა და იკავებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მაღალი ევროპული სტანდარტების პლატფორმას. რაც შეეხება პრემიერ ერდოღანს, მართალია, ის დღეს რჩება ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად, მაგრამ არ არის გამორიცხული, თურქეთში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა კრიზისმა გარკვეული ხნის მერე მის პოლიტიკურ კარიერას წერტილი დაუსვას.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია