რუსული ტანკები არ მოდიან?!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-08-2014, 01:57 | წიგნები | ნანახია - 2600

ზურა ოდილავაძე, 2014 წელი, აგვისტო

 

 (ამონარიდი ჩემი ახალი რომანიდან –  ,,რეისი ორპირი - თბილისი - სტოკჰოლმი. 2000 - 2020 წლები“, რომელიც შეიქმნა მწერალ დ. (ჯორდანო) ვაშაკიძის ,,ორპირული ქრონიკების“ საფუძველზე)

 

   ორპირის გადასასვლელ ხიდთან საკმაოდ მოძველებული, შინდისფერი ,,07”იდგა. მანქანაში მჯდომი მამაკაცი გზას გაჰყურებდა. ის ტანკების კოლონას ელოდებოდა. რუსები რატომღაც აგვიანებდნენ... 

 

  ქართული ჯარის წარმატებაში დარწმუნებული დათო 10 აგვისტოს ცისკარს ,,მარსელიოზის” სიმღერით შეხვდა. შვიდამდე ძლივს მოითმინა, ახალ ამბებს აღარც დაელოდა, აფხაზეთიდან დევნილ მეზობელთან ავარდა, ბინის კარი ბრახუნით  შეუნგრია და ახარა: ,,როკი ჩვენიაა-ა! ,,უძლეველი” რუსული არმია დავადუღეთ!”. შემდეგ ,,ვაროჟანა-სომეხთან“ ჩავიდა, საზეიმოდ გაიპარსა და იქ შეკრებილ საზოგადოებას ნიშნისმოგებით განუცხადა: ,,დავიხიეთ რუსები - მორჩა!”. ამასობაში კი ორი მხრიდან შემოჭრილი რუსული არმია თბილისისკენ მიიწევდა. დათომ ამის შესახებ ჯერ არაფერი იცოდა. მხოლოდ 10 საათისთვის შეიტყო – ქართველები უკან იხევენ, საჯარისო შენაერთებმა დატოვეს ცხინვალი, გორი. ტელევიზორთან მიწოლილმა სიმწრით წამოიძახა: ,,ისევ დაგვამცირეს ამ არამზადებმა!”. დათოს ცრემლი მოადგა და ჭერს მიაშტერდა. აქამდე ომს ძლევამოსილი ქართული ჯარის ელვისებურ შეტევად აღიქვამდა. წარმოსახვით ბრძოლაში მხოლოდ ქართველების გამარჯვებით სვლას და მტრის გაქცევას წარმოიდგენდა. ომის ტრაგედია რეალობად მხოლოდ დამარცხების სიმწარემ აქცია. პატრიოტული აღტკინების ბურანი განქარდა. დათოს უმოქმედობის შერცხვა. უხერხულობის გრძნობა ძლივს დაძლია, გამგეობაში ავიდა, მოხალისედ ჩაეწერადა და დაიბარა: ,,ასაკს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, სამაგიეროდ, მაგარი ექიმი ვარ!”. მობილურის ნომერი ჩაიწერეს, დაგირეკავთო. მოეჩვენა, თითქოს დასცინოდნენ, იმ დროისთვის ხომ სატელეფონო ქსელი გათიშული იყო. საღამოსკენ, 5-6 საათზე, გაიგო – რუსეთის ჯარი  საქართველოს ფართომასშტაბიან ოკუპაციას იწყებდა. იბომბება ქალაქები. ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, გორში ტანკები შედიან. თბილისი – შეტევის, ავიაჭურვების, საარტილერიო ცეცხლის მოლოდინშია. მთელი საქართველო მიჩუმებულიყო...

 

   ისევ ტელევიზორს მიაშტერდა. ,,Euronews” ყოველ ნახევარ საათში იმეორებდა: ,,ქართველი მეომრები ხოცავენ დაჭრილ რუს სამშვიდობოებს და ოს მეომრებს, აწიოკებენ მშვიდობიან მოსახლეობას, არ ინდობენ მოხუცებს და ორსულ ქალებს”. თავში ერთი ფრაზა უტრიალებდა - ,,Грузины добивают раненных!”... ,,უჰ, თქვენი..!”,– უძლურებისგან გაცოფებული უკანასკნელი სიტყვებით აგინებდა ტელევიზორს, კედლებს. რუსულ არხებზე ოკუპაციისთვის  შესაბამისი სახელიც გამოუგონიათ – ,,საქართველოს მშვიდობისკენ  იძულების ოპერაცია”. ,,НТВ”-ზე მანქანაში ჩამწვარი ქართველი პოლიციელების კადრები: ,,დანახშირებული გვამები მცხუნვარებისთვის დამახასიათებელ ,,ბოქსიორის პოზაში”. დახრუკულ პოლიციელებს უახლოვდება მოხუცი ქალი... აფურთხებს! კისერში მოუიჭირა. აქვითინდა.

   შუადღისთვის გამოდის პატრიარქი: ,,... დასანანია, რომ პირველად ისტორიაში მართლმადიდებელი ერი გვბომბავს...”. ამ სიტყვების გაგონებაზე დათო საწოლიდან წამოვარდნილა და, როგორც შემდეგ მიყვებოდა, დაუწყია დღიურის შედგენა.

 

   თბილისში ჩამოსული ჩემთან მოვარდა. წესიერად არც მომესალმა, შემოსვლისთანავე გაცხარებით დაიწყო: ,,რა მოხდა, ბიჭო, ,,პირველად” – მე-11 არმიის წითელ კომისრებს კასეტური ბომბები არ ჰქონიათ, არა?! არც ტანკები ეყოლებოდათ მაგ ნაბოზვრებს! არ ყოფილაო – გესმის შეენ?! ესენი ვინ არიან, ვინ?!”..      

   11 აგვისტო, ორშაბათი. დილიდან დეპრესია, ცრემლები... დღის 4-5 საათი, შეტყობინება თბილისიდან – ,,ორპირისკენ დაიძვრნენ”. იგივე ესმოდა ეზოში ჩამომსხდარ ჭორიკანა ქალებისგან. ,,რუსული ტანკები მოდიან, ტან-კე-ბიი!” – იმეორებდა დავითის ადუღებული გონება. უმოქმედობა, უმწეობა აუტანელი შეიქნა, სულ გადაირია! ეზოში ჩავიდა. თავში ათასგვარი სისულელე უტრიალებდა: ,,რა ვქნა, რაა?!”... სულ მოკლე ხანში სასოწარკვეთა – გაცოფებით, შემდეგ კი გაბედულებით შეიცვალა: ,,ჩემი ოცნების აღსრულების დრო დადგა! ტანკებს გადავუდგები!”. უჩვეულო ეიფორია დაეუფლა. ,,ჰო, გავალ და ტანკების კოლონას მანქანით გავაჩერებ... დიახ, ასე! მაგათი..! ავტოც არაა დასანანი – ,,07”-ა, თანაც ძველი... გადმოვხტე მანქანიდან თუ გმირულად შევწირო თავი? მეყოფა გამბედაობა? კარგი, ადგილზე გავარკვევ”. სახლში შემობრუნდა და მზადებას შეუდგა.

 

   წყალი გადაივლო. პარკებიდან უხმარი მაისური და საცვალი ამოიღო, საზეიმოდ გამოეწყო. ,,Hugo Boss”-ის ყუთი გახსნა და უხვად დაისხა. შემდეგ, ჩვენი ღამის საუბრებისას ამ ფრიად საინტერესო დეტალს ღიმილით განმარტავდა: ,,მორგში, ჭირისუფლი გოგონების დასანახავად ,,ტანკგადავლილი გმირი” ხომ უნდა ვყოფილიყავი სათანადოდ დაზმანული, არც სასიამოვნო სურნელი იქნებოდა უმნიშვნელო”.

 

   საკუთარი გამბედაობით შეშინებული დათო ცახცახმა აიტანა. ეზოდან კვლავ რუსების მოლოდინით აღელვებული მეზობლების ხმები მოესმა. ფანჯრები დააღო, კომპიუტერთან მივიდა, საქართველოს ჰიმნი ბოლო ხმაზე დააგუგუნა! როგორც იქნა, გაეტია. მანქანა დაქოქა, გამგეობის შენობასთან მივიდა. დგას ორპირის მთავრობა და ,,ბიზნეს-ელიტა”, ასე, ოცი კაცი. რატომღაც საზეიმოდ გამოწყობილან... დადგა:

– რა ისმის, მოდიან?

– ახლა გამოვასწარით სენაკიდან, იქანა არიენ ჯერე... შეიძლება დეიძრენ! – უპასუხა ორპირის საკრებულოს საკმაოდ ,,გაალკაშებულმა“ თავმჯდომარემ, სოკრატ გულდედავამ.

– ბიჭებო, ასე ხომ არ ვიდგებით?! მოდი, ტრასაზე გავიდეთ და ჩამოშვებული თავებით მაინც დავდგეთ... არ შევაფურთხოთ მტეერს?!

   თავისდაუნებურად ადვილად შეცვალა ადრე მიღებული თავგანწირვის გეგმა – გმირობა, პატრიოტიზმი ხომ თითქოს სასირცხვილოცაა. უხერხული პაუზა ორპირის გამგებელმა, ვალერიან შენგელიამ, დაარღვია:

– ბატონო დავით, როგორ გეკადრებათ? ახლა მაგის დროა?! არ გაგიგიათ – ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო?”

   თავისთვის გაიფიქრა - ოხ, შენი ,,ბაბაია” დედას შ...ო!, ხმამაღლა კი ვერ შეჰკადრა – გამგებელია, რაც არ უნდა იყოს. ჯერ გაჩუმდა... და მაინც აფეთქდა:

– კი მაგრამ, გუშინ ჩვენ ძმებს და შვილებს რომ უშვებდი სასაკლაოზე, ეგ როგორაა?! ისინი დაგეტოვებინა ,,ბაბაიას” დასაძახად და შენ წასულიყავი ფრონტზე!

   გარშემო სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. საპატიო საზოგადოება დაიშალა, მოშორებით, მანქანებთან ჩამოსხდა. დათო მიჰყვებოდა: ,,ელიტა” ფიქრობდა – ტო, ამას შიგა აქვსო! დამცინავ, სმა-ჭამისგან დასიებულ როჟებზე ეწერათ ქონიანი აზრები!”. სულ სამნი დარჩენილან: დავითი, გამგებელი და გამგეობის პატარა, თავმოტვლეპილი ბუხგალტერი. ეს უკანასკნელი მიჰბრუნებია დათოს და ყბამოქცევით ჩაულაპარაკია: ,,დათოია, მეც სიამოვნებით შევაფურთხებდი რუსებს, მაგენის დედა მ...ყან!”. ჩუმად უთქვამს, ვერ გაუბედავს გენერალური ხაზიდან გადახვევა. პაუზა გაგრძელდა. გამგებელმა სცადა, განემუხტა მდგომარეობა:

– მაგათი დაგეგმილი ოპერაცია, აბა, რა იქნებოდა?! ტყუილად ჩახოცეს ამდენი ხალხი!

– ახლა გახდნენ ,,მაგენი”?! ამდენი წელია მთავრობაში ხარ და ,,მაგათიო”?!

   ,,ჩაისვარეთ, თქვე ნაძირლებო და ,,მაგათიო?!”,– ეს უკანასკნელი კვლავ არ უთქვამს, მხოლოდ გაიფიქრა და ვალერიან შენგელიას მაგივრად შერცხვა.

– კაი. დაწყნარდი, დათოია, რაია ბიჭო...

   ამ სიტყვებით მიუახლოვდა ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი და ყურში ნდობით ჩასჩურჩულა:

– წადი დათოია, ბენზინი ჩაასხი დროზე, ამგენს ყ...ზე კიდიენ და შენ დარჩები ცარიელი!

   ,,ფუი, თქვენი დედებს შ...ი!” – ამ გინებამაც მხოლოდ გონებაში გაუელვა. საწვავის შესავსებად მაინც გაიქცა. მისულს, ბენზინგასამართი ტუმბოებიდან რეზინის ,,შლანგები” წამძვრალი დახვდა. ,,უხ, თქვენი მშიშარაა...! თქვე განდონებო!” – შესძახა ამჯერად ხმაამომდგარმა დათომ და მარტომ გადაწყვიტა ჩაფიქრებულის განხორციელება. გაქანდა ცენტრალური გზისკენ. მანქანა გააჩერა. ხედი ზედმეტად მოშიშვლებული მოეჩვენა და ახალ ადგილზე გადავიდა.        

   დავით ვაშაკიზე ორპირის გადასასვლელ ხიდთან საკმაოდ მოძველებულ, შინდისფერ ,,07”-ში იჯდა და ტანკების კოლონას ელოდებოდა. მტრის  ტანკები ჯერ არ ჩანდა...

 

   ამასობაში კვლავ საკუთარი თავგანწირვით აღფრთოვანება მოეძალა. შეეცოდა კიდეც გარდაცვლილი დათო – ,,კალაშნიკოვის” ტყვიებით განგმირული, ტანკის მუხლუხოებით დამახინჯებული, მაგრამ ქალებისთვის მაინც სასურველი, ჯინსებში და ახალ ტრუსებში გამოწყობილი, ,,Hugo Boss”-ის სურნელით. კანში ვეღარ ეტეოდა. ახლობლებთან შენიღბული შინაარსის ჰეროიკული SMS -ების დაგზავნას მორიდებულად შეუდგა. დათოს ხომ საკუთარი გამბედაობისაც კი რცხვენოდა. რამდენიმე პასუხის ან სულაც დუმილის მიხედვით მიხვდა – მისი ბუნდოვანი აზრები, ან არავის ესმოდა, ან მის გზავნილებს სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ,,არაფერია, მე თქვენ გიჩვენებთ, როგორ უნდა მტრის დახვედრა! ცოტაც მოიცადეთ და ნახავთ – ვინ ვარ მე!”,– ფიქრობდა მარტოობისგან მოწყენილი დავითი. გავიდა საათი, ორი... რუსული ტანკები კვლავ არსად ჩანდა. ძილი ერეოდა, სმენაც მოუდუნდა, ვეღარც გრუხუნს ელოდებოდა უწინდელი გაფაციცებით. 

 

   ღამეა. ერთი აზრი აეკვიატა, თითქოს ვიღაც ჩასძახოდა ყურში: ,,წადი რა, წაეთრიე სახლში, შე ჩემისა. დაიღალე, თან ავად ხარ. ეს ბოზებიც არ მოდიან, როდემდე გინდა, ელოდო? ხომ ხედავ, მარტო დარჩი...”. მართლაც, მოსწყინდა, მოშივდა, დაღლილობაც მოეძალა. გმირულმა აღტკინებამ იკლო, ეიფორიამ გაუარა და დათოც საბოლოოდ დანებდა. სახლში დაბრუნდა. მანქანა ფარეხში აღარ შეაყენა, გარეთ, აივანთან გააჩერა. თუ დაიძრნენ ტანკები, ეგებ ღამე მომიწიოს გასვლაო. ძველი გამოცდილებით ნაკარნახევი ფიქრი დაეუფლა: ,,ახლა მარადიორობა დაიწყება, საბურავებს მომპარავენ”. საკმაოდ მოძველებული შინდისფერი ,,07” ეზოში აღარ დატოვა და ფარეხში შეაყენა.

 

   ,,არადა, რა დროს საბურავები იყო, ბიჭო? ფუ, რა განდონი ვარ!” – გაბრაზებით იმეორებდა ჩვენი ,,ღამის საუბრებისას“ დათო. ,,აზრზე ხარ, ტოო, მაინც მეშინია სიკვდილის?! ამდენი განსაცდელის შემდეგ, მაინც?! ისე, არც ასაფეთქებელი მქონდა რაიმე – ,,ლიმონკა”, ,,პლასტიდი”... ეჰ, რაც არ უნდა ვთქვა, მხდალობამ იცის ეგ და... მარტოობის განცდამ. ადამიანს მხარი სჭირდება, მეგობრის, ისე ძნელია გმირობა. შენ რომ ყოფილიყავი, დედას ვუტირებდით, ზუგდიდში ჩავაკითხავდით მაგ ნაბოზვრებს, არა?!”.

 

   თბილისში საღამოს გამართულმა საპროტესტო მანიფესტაციამ და ხუთი ქვეყნის პრეზიდენტის ჩამოსვლამ დავითი ოდნავ დააწყნარა. ტელევიზორთან მიმჯდარი, დემონსტრანტებთან ერთად, გულაჩუყებით ტიროდა. გადმოსცეს ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკ-კეინის განცხადება: ,,დღეს ყველანი ქართველები ვართ!”. ,,ჯიგარი ხარ  მაკკეინი, ჯი-გა-რი!”  – შესძახა დათომ და მალევე ჩაეძინა.

 

   გამთენიისას, ძილშივე კვლავ საპროტესტო აზრი გაუჩნდა. წამოხტა, წყალი გადაივლო და გაქანდა სამხატვრო სალონში. შენობის წინ, გაუკაცრიელებულ ტროტუარზე, დალაქი და მეწაღე მშვიდად აგორებდნენ ნარდს. ,,ამათთვის არაფერი მომხდარა?!” – გაიფიქრა დავითმა. კამათელი ჩაუჭრა, მრისხანედ შეხედა, ნარდი დაუხურა და უსიტყვოდ თავისკენ იხმო. აცახცახებული სალონში შევარდა. მხატვარი, ჩამწვარი ,,ზვიადისტი“, მაკ-კეინივით ჯიგარი აღმოჩნდა! სახელდახელოდ გამართულ მიტინგზე – მეწაღის, დალაქის, მხატვრის, დამლაგებელ ოლიას, მისი მცირეწოლოვანი შვილისვილი გოგოს და რამდენიმე შემობოდიალებული ლოთის თანდასწრებით წარმოთქვა მხურვალე სიტყვა:

   

   ,,ძვირფასო თანამემამულენო!

 

   სამშობლო განსაცდელშია! საქართველოს ჩრდილოელი ურდოები შემოესია!

   ჩვენ ღირსებას თელავს რუსული ჩექმა! დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა, საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია, ჩვენი შეიარაღებული ძალები და პოლიცია ხალხთან ერთად განაგრძობს შეუპოვარ ბრძოლას პირსისხლიან მხეცთან! ჩვენთან არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები!

 

   ...ახლახან შევიტყვე, ორპირელი სამშობლოს მტრის, ,,კაგებეშნიკ“ იგორ გიორგაძის ,,ნახალოვკელი” და რიონის პირელი თანამოაზრები ღამღამობით გადარბიან მეზობლებთან ცხელი ხაჭაპურებით და შემწვარი გოჭის ხორცით... ნაძირლები ჭიქით ხელში ულოცავენ ერთმანეთს რუსული საოკუპაციო რეჟიმის მოახლოებას! მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ  მტრის და ადგილობრივი მოღალატეების პროპაგანდას! იყავით მხნედ და იმედიანად!

 

   ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენ მხარესაა სიმართლე და ამიტომ აუცილებლად გავიმარჯვებთ!  ძალა ერთობაშია! ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”.

 

   ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ყოველივე, რაც გულში არ ეტეოდა, ამოანთხია: 

   ,,ყოველი კოლაბორაციონისტი პირადად ჩემგან მიიღებს შუბლში ტყვიას! ოჰ, მე რუსების დედას შევეცი!”. ოლიას მცირეწლოვანი შვილიშვილი ატირდა. დამსწრე საზოგადოება უხმოდ დაიშალა. მაგრად გასწორებია მხოლოდ ,,ზვიადისტს“! დავითის ცეცხლოვანი გამოსვლის შემდეგ ძლივს ამოუდგამს ენა – უუხ, ამათი ღორიო..! კიდე კაი, შენ გამოჩნდი, თორე ამ ორპირელმა ,,პუტჩისტებმა“ ხომ შემჭამესო! რუსებო, თქვენი დედა მ...ნო! – იმასაც ასე დაუსრულებია. მანქანაზე საპროტესტო წარწერის გასაკეთებლად დათოს მისაშხურებელი საღებავები ამოუღია. ,,ნუ გააფუჭებ ამ კუკლასავით ,,ნოლსემს”, აგერ მისაწებებელი ქაღალდი მაქვსო – უთქვამს ზვიადისტს და გაჩაღებულა დიდი მუშაობა. ფერი შეურჩევიათ – ხასხასა ყვითელი. წინ ,,კაპოტზე”, უკან საბარგულზე და მანქანის ორივე გვერდზე დიდი, ყვითელი ასოებით ამაყად მიუწერიათ – ,,STOP RUSSIA!”. ძველმა რევოლუციონერმა – ,,შენ მიტკალი მომიტანე, საღებავი და დიდი პლაკატის დახატვა ჩემზე იყოსო! ხელში დავიჭიროთ და გადასასვლელ ხიდთან, ტრასაზე, გავიდეთ, მე არაფრის მეშინიაო! ამათი მოღალატე, შევარდნაძის ლაქია დედაცო!”. ,,საღოლ, ჯიგარი ხარ, ჯემალია-ზვიადისტო!” – შეუქია დავითს და წამოსულა.

 

   ქალაქში გაქანდა, სააგიტაციო ავტომობილით ორპირს ერთი- ორი წრე დაარტყა. მართალია, ზედმეტი ყურადღების მიქცევის ძლიერ ერიდებოდა, მაგრამ მოსახლეობის საბრძოლო სულს ხომ უნდოდა გაღვივება?! ისიც თითქმის ჩამქრალ ნაკვერჩხალს უბერავდა. ხალხი ცხოველი ინტერესით უცქერდა დავითსა და მის ავტოს – აი, გიჟიო, ფიქრობდა. საკვების შესაძენად მაღაზიასთან შეაჩერა, ორი დღეა მხოლოდ სიგარეტს ეწეოდა და ყავას აყოლებდა. დახლებზე სიცარიელე დახვდა. მონებში მშიერი კუჭის შიშს  უფეთქავს! ორპირელებს ძეხვი, სოსისი, სარდელი და შპროტის კონსერვები დახლებიდან დაუტაციათ. ნაცნობმა გამყიდველმა გოგომ, რომელიც დათოს ეპრანჭებოდა, სამი სოსისი ძლივს გაიმეტა. ორპირიდან ჩამოსულმა, თავისი წუხილი ასე გადმომცა: ,,მაღაზიიდან გამოსვლისას წარმოვიდგინე: ,,მაგიდასთან ზის ოჯახი. მამა, დედა, შვილი. მსუქნები. ჩქარ-ჩქარა იტენიან პირში ძეხვეულს. ცხიმიანი ტუჩები. კბილებში გაჩხერილი ვარდისფერი ნაწილაკები. ნახორცალი მაგიდაზე ცვივა. მთელი დღეა ჭამენ და ჭამენ!.. შიში აღორებს ადამიანს თუ გაღორებული ადამიანია მშიშარა? არ ვიცი, ალბათ ორივე’’.

 

   მომდევნო დღეებში ტელევიზიით გავრცელდა საშინლად დამამცირებელი კადრები: ,,ქართველი მამაკაცები გზაზე დაგდებული ჰყავთ, ავტომატიანი რუსები შეშინებულ გლეხებს ჩხრეკენ. ყაჩაღები წაწოლილთ ფეხსაცმლის წვერით მიუთითებენ, რომელი ბრძანება შეასრულონ. ნივთებს უყრიან. ბოლოს ზედა სამოსს ხდიან და შიშვლებს უშვებენ. დათო ისე გამწარდა, ისეე! რა ექნა?! მერამდენედ – ოხ, თქვენი დე-დებს შ...ცი მეეეო! – თუ იტყოდა. ასეც მოიქცა... ომის ქრონიკა გრძელდება: ,,რუს ,,მეომარს” ჩანთაში მონადირებული ოქროს ჩანგალი უდევს; საგუშაგოზე რუსულ სატვირთო მანქანას აჩერებენ – ნაძარცვი სარეცხი ფხვნილი,  ქვაბების სახეხი ჟელე; ყაზარმის კედლებიდან ,,შტეპსელებს” აძრობენ, ,,ბომჟებს" უნიტაზები, ნახმარი ,,ბოტასები”, სამხედრო ფორმა გააქვთ!”. ,,ფუი, თქვენი!” – კვლავ და კვლავ იმეორებდა დავითი. ,,მერე გეტყვიან – აბა, ტოლსტოიო? და დოსტოვსკის რას უშვრებიო?! არა, ძმაო, ჩემი ზიზღიც ირაციონალურ ხარისხში ავიდა – მორჩა მაგათზე ბაზარი!.. ნუ, ერთი... ორასი წლით მაინც! მერე ვნახოთ...”.  

 

   იმხანად დათო ხშირად იმეორებდა,– კაცი ბუნებით მონადირეა და მეომარიო. ,,ორპირულ ქრონიკებში“ ცხოვრების აზრსაც შესაბამისად აყალიბებდა: ,,პირადი – ,,ოცნების გოგოს” პოვნა; საზოგადო – გმირობა, სასურველია – რუსული ტანკის ქვეშ შევარდნა. პირველი – ძნელია, მეორე – უპირატესიო”,– ასე აფასებდა მიზნების მნიშვნელოვნებას. ,,სხვა ღირსეული საქმე არ ჩანს, სამშობლოსათვის მაინც შევწირავ თავს. ვაღიარებ, გმირი არ ვარ, უბრალოდ, უაზრო ყოფამ ისე დამღალა, მიჯობს დროზე მოვკვდე და თანაც სასარგებლო საქმე გავაკეთო, ცხოვრებაში რაღაც კვალი მაინც დავტოვო. ძმაკაცები შემაქებენ, შვილები იამაყებენ – მამაჩვენი მაგარი კაცი იყოო! ქალები ხომ სულ გადაირევიან და დადნებიან – რა ბიჭი იყო დათო, ნაღდი კაცი და გმირიო! სულ ეგაა ცხოვრების აზრი რა...”.

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია