უკრაინის კრიზისის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც აქამდე ატარებდა

"ინტერპრესნიუსი" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

 

აგვისტოს ომთან დაკავშირებულ თემებზე, უკრაინაში განვითარებული პროცესების გათვალისწინებით 2008 წლის ომის მნიშვნელობის ახალი, სავარაუდო გააზრებისა და მათ შესაბამისად მოქმედების ალბათობაზე, "ინტერპრესნიუსი" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს,ნიკოლოზ ვაშაკიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო ნიკოლოზ, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-6 წლითავის დღეებია და არ ცხრება საუბრები იმდროინდელი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე. არავინ დავობს, რომ 2008 წელს ხელისუფლება და ქვეყანა რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდა, მაგრამ ჰქონდა თუ არა მაშინ ხელისუფლებას "კარგი სვლა", კვლავ აქტუალურ თემად რჩება. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ომის აცილება შესაძლებელი იყო, მეორე ნაწილისთვის საკითხის ამგვარად დაყენება ღიმილს იწვევს. თქვენ როგორ შეაფასებდით 2008 წლის ომის მიზეზებსა და მისი აცილების ალბათობას?

 

- ერთმნიშვნელოვანდ უნდა ითქვას, რომ 2008 წლის ომი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ კარგი ხნის წინ დაგემილი და კარგად მომზადებული აგრესია იყო. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ახლაც გავიმეორებ - მიმაჩნია, რომ ომის აცილება საკმაოდ რთული იქნებოდა, მაგრამ ეს მაინც შესაძლებელი იყო, თუმცა ამას დასჭირდებოდა გაცილებით უფრო ფრთხილი, მოქნილი პოლიტიკა და სხვა ტიპის პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილისგან რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა.

 

- უკრაინაში განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო - რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მოხდა, კრემლის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის შედეგი გახლდათ, თუმცა დასავლეთს ამაზე, არც ომადე და არც ომის შემდეგ, ადეკვატური რეაქცია არ ჰქონია. ბრძანეთ - "ომის აცილება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო". მაინც რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს, რომ აგვისტოს ომი თავიდან აეცილებინა?

 

- როდესაც ომმა ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო, საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაერია და ამის შედეგად მოხერხდა ომის შეჩერება. უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ აგრესიაზე, რომელიც რუსეთმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლებას უფრო მეტი მოთმინება და უფრო ფრთხილი და დახვეწილი მიდგომა რომ გამოეჩინა (მე აქ ვგულისხმობ ომის წინა პერიოდს), რა თქმა უნდა, იყო იმის საშუალებები, რომ ასეთი ფართომასშტაბიანი ომი თავიდან აგვეცილებინა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და ახლა ვართ იმ რეალობის წინაშე, რაც გვაქვს.

 

- უკრაინაზე საუბრისას დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკოსები აღნიშნავენ - რომ არა 2008 წლის ომი, 2014-ში უკრაინაში რუსული აგრესია არ იქნებოდა. თუ 2008 წელს, ყოველ შემთხვევაში ომამდე, დასავლეთი სრულად ადეკვატური არ იყო, ახლა უკრაინასთან მიმართებაში მისი აქტიურობა ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია. შეძლებს დასავლეთი ეკონომიკური სანქციებით რუსეთის შეჩერებას? ისეთი პირი უჩანს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, რომ ეს შეუძლებელია . . .

 

- დასავლეთისა და ამერიკის მიერ რუსეთისათვის დაწესებული სანქციები საკმაოდ მძიმეა. პუტინი და მისი რეჟიმი არა მარტო სანქციების გამო დადგა მძიმე რეალობის წინაშე. თავიანთი ქმედებების შედეგად მათ იმდენად შეელახათ ავტორიტეტი და ნდობა საერთაშორისო არენაზე, რომ უკვე საკმაოდ ფართოდ აღქმულია, როგორც პარტნიორობის უუნარო ქვეყანა. ეს პირველ რიგში დარტყმას აყენებს რუსეთის საინვესტიციო კლიმატს. რუსეთიდან ხდება კაპიტალის ინტენსიური გადინება, პრაქტიკულად შეჩერებულია ინვესტიციების ჩადება. ისეთი ტიპის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს კანონებს, საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ვალდებულებებს, თავის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს, ვერც ერთი სერიოზული ინვესტორი ვერ ენდობა ამ ქვეყანაში საგრძნობი კაპიტალსი განათავსებას. 

რა თქმა უნდა, სანქციები ძალიან დიდი დარტყმაა რუსეთისათვის, მაგრამ არანაკლებ თუ არა, მეტი დარტყმაა რუსეთისთვის საერთაშორისო არენაზე ავტორიტეტის შელახვა, რის გამოც ეკონომიკურ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ჩემი აზრით, ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში, რუსეთს ძალიან მძიმე ზიანს მიაყენებს როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. დღეს რუსეთი ძალიან მძიმე რეალობის წინაშე დგას.

 

- საქართველოს ელჩმა აშშ-ში, არჩილ გეგეშიძემ განაცხადა - "უკრაინის პროცესების ფონზე 2008 წლის აგვისტოს ომის მნიშვნელობა ახლებურად არის გასაანალიზებელი". ვიდრე ხელისუფლება თავის ახალ ანალიზს შემოგვთავაზებდეს, იქნებ ჩვენ გვეცადა უკრაინაში განვითარებული პროცესების ფონზე აგვისტოს ომის შედეგებიდან გამომდინარე ჩვენს სადღეისო ამოცანებზე ახლებური ანალიზი, და შესაბამისად იმის გამოკვეთა თუ რა უნდა აკეთოს ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე?

 

- არ ვიცი, კონკრეტულად რას გულუსხმობს ბატონი გეგეშიძე. შესაძლოა, მას მომავალში მიეცეს საშუალება, უფრო დეტალურად განმარტოს მის მიერვე გამოთქმული აზრი. 

ამ თვალსაზრისით, ერთი რამ შეიძლება ითქვას - თუკი 2008 წლის ამბებში ვინმეს კიდევ ეპარებოდა რამეში ეჭვი, თუ რამდენად იყო ეს აგრესია და საქართველოს ბრალი, უკრაინის მოვლენებმა მთელ მსოფლიოს დაანახა, თუ რა მოხდა 2008 წელს საქართველოში. საერთოდ, 2008 წლის მოვლენებზე უფრო მკაფიო გაგება ყალიბდება. ანუ, რუსეთი აგრესორი იყო 2008 წელს და აგრესორია დღეს უკრაინასთან მიმართებაში.

სამწუხაროდ, საქართველოს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ თავიდანვე პასიური და არასწორი პოლიტიკა აირჩია რუსეთთან მიმართებაში. ვგულისხმობ, მაქსიმალური დათმობების, გაჩუმებისა და რუსეთთან მიმართებაში საერთაშორისო არენაზე გაპასიურებას.

სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხელსაყრელ საშუალებებს ვკარგავთ ახლა იმ თვალსაზრისით, რომ უკვე რუსეთის მიმართ მიდგომა, მისი შეფასება როგორც აგრესორის ცალსახაა მსოფლიო არენაზე, საქართველოს ხელისუფლება კი, ასეთ ფონზე ვერ ახერხებს კონტექსტს მაქსიმალურად სრულყოფილად მიაბას საქართველოს პრობლემატიკია. შესაბამისად, უფრო ღრმად და მკაფიოდ იყოს შეფასებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ ის პროცესები, რომელიც რუსეთმა მთელი ამ წლების განმავლობაში განახორციელა საქართველოსთან მიმართებაში. სამწუხაროდ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგების სერიოზულ შანსებს ჩვენ თავად ვაკნინებთ.

 

- აქამდე რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების ტაქტიკა დაახლოებით ასე გამოიყურებოდა - არ გავაღიზიანოთ რუსეთი, არც უკრაინის მოვლენებში ქართული მხარის ზედმეტი აქტიურობა არ ივარგებს, ვინაიდან საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგს თბილისი არ ადგენს. თუ აქამდე ოფიციალური თბილისის სიფრთხილე გარკვეულწილად გასაგებიც იყო, ახლა, როცა დასავლეთი და ამერიკა რუსეთს ისევე ღიად დაუპირისპირდნენ უკრაინის საკითხში, როგორც თავად მოსკოვი დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენი მხრიდან დასრულდება უკრაინისგან დისტანცირება, რუსეთის საფრთხეზე ლაპარაკისგან თავის შეკავება, საერთაშორისო არენაზე ყირიმის ანექსიაზე აფხაზეთისა და სამხერეთ ოსეთის ოკუპაციის თემის მიუბმელობა . . . 

 

- იმას, რასაც თქვენ ამბობთ, არსებული სიტუაციიდან ლოგიკურად გამომდინარეობს. უფრო სწორად, შექმნილი ვითარება ამას დაჟინებით მოითხოვს, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი აზრით, არსებული ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ვინაიდან ამის უნარი არ გააჩნია. 

 

- ეკონომიკური სანქციების მიუხედავად, რუსეთი არ ცხრება და უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება კვლავ რთული რჩება. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა - "ნატოს შემდგომი სამიტის ძირითადი ნაწილი რუსეთიდან აგრესიის შემთხვევაში რეაქციის ორგანიზებას მიეძღვნება". უკრაინაში პროცესები ისეთი ელვის სისწრაფით ვითარდება, რჩება შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი აგვიანებს სამხედრო რეაქციას. ასეთ ვითარებაში, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, საქართველოს რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს ნატო-ს უელსის სამიტისგან? 

 

- ჩვენ ნათლად უნდა ვასხვავებდეთ, თუ რა შეუძლია და რას გააკეთებს დასავლეთი ამ ვითარებაში რომელიმე რეგიონთან მიმართებაში. დასავლეთმა უკრაინაში თავისი მოქმედება გააქტიურა. სამხედრო-პოლიტიკური საფრთხე იმდენად მიუახლოვდა ნატო-ს საზღვრებს და ძველ ევროპას, რომ გარკვეული სერიოზული ზომები უკვე მიღებული იქნება. დაცვითი ხაზის გაძლიერება, შეირაღების დამატებით მობილიზება აღმოსავლეთ ევროპის ნატო-ს წევრ ქვეყნებში აუცილებლად მოხდება. ნატოს პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას თავისი მოკავშირეები. 

რაც შეეხება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს და პირველ რიგში საქართველოს. ჩვენს მიმართ გადადგმული მხარდაჭერის ნაბიჯები, რა თქმა უნდა, უფრო შემოიფარგლება პოლიტიკური და არა სამხედრო ზომებით. ჩვენ ამ რეალობასაც უნდა ვუსწორებდეთ თვალს. 

 

- ძნელია სათქმელია, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთი უკრაინაში, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი კავკასიის რეგიონშიც გააქტიურდა. შემთხვევით არ იყო ამას წინათ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების ფაქტები. რის შემდეგად რუსეთი ისევ მომრიგებელ-მშვიდობისმყოფლის როლში მოგვევლინა. ფაქტია, რომ რუსეთი არც კავკასიის რეგიონს ტოვებს "უყურადღებოდ." ასეთ გართულებულ ვითარებაში, სავარაუდოდ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა? 

 

- რა თქმა უნდა, რუსეთს გაუჭირდება მრავალ ფრონტზე აქტიური მოქმედება. რუსეთს ისე ღრმად აქვს შეტოპილი უკრაინის პროცესებში, რომ ალბათ საქართველოს მიმართ გარკვეულწილად თავს შეიკავებს და უკრაინის მსგავს ნაბიჯებს არ გადადგამს. თუმცა, გამალებული საქმიანობა მეხუთე კოლონის გაძლიერებისა და ნიადაგის შემზადების საქართველოში, რასაც ჩვენ ბოლო ორი წელია, ძალიან ნათლად ვხედავთ, გაგრძელდება. რუსეთი საქართველოს გადასაყლაპად მაქსიმალურად ამზადებს ნიადაგს. აქ საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების მთავარი ამოცანაა, არ მისცეს რუსეთს საშუალება, რომ ეს პროცესები საქართველოში წარმატებით გაატაროს. 

 

- ამას წინათ, საქართველოს შსს-ის მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განაცხადა – "საქართველომ რუსეთთან ურთიერთობა "სუფთა ფურცლიდან" უნდა დაიწყოს." უნდა ვივარაუდოდ, რომ მაშინ ჭიკაიძემ რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლებაში არსებული საერთო განწყობა გაახმოვანა. გაზეთ "რეზონანსისათვის" მიცემულ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ "რუსეთთან ურთიერთობების "სუფთა ფურცლიდან" დაწყება არ გამოვა. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო, რუსეთისადმი დასავლეთის პოზიების მკვეთრმა ცვლილებებმა გარკვეული კორექტივები უკვე შეიტანა ხელისუფლების რუსეთისადმი დამოკიდებულებაში? 

 

- ამის ნაკლები იმედი მაქვს. ვერ ვხედავ ჩვენს ხელისუფლებაში იმ მორალურ და ინტელექტუალურ რესურს, რომ მათ შეძლონ რუსეთთან მიმართებაში თავისი პოლიტიკის შემობრუნება. ალბათ ისინი, ვიდრე ხელისუფლებაში იმყოფებიან, ძირითადად, რუსეთთან მიმართებაში თავის მიერ დაწყებული პოლიტიკის კალაპოტში დარჩებიან. 

უკრაინაში დაწყებული პროცესები ხანგრძლივი პროცესებია. არ არის ისე, როგორც ჭადრაკშია ხოლმე, როცა ერთ სვლას მეორე მოჰყვება და პოზიცია იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი თავისი ავანტურის შედეგად საგრძნობლად სუსტდება, უკრაინის კრიზისი გაჭიანურდება. ჩვენი ხელისუფლებისთვის, მათი გაგებით, საკმარისი პირობები იმისათვის, რომ სხვანაირად იმოქმედონ, ალბათ, ასე სწრაფად არ მოხდება. ვიმეორებ, ჩემი აზრით, უკრაინაში შექმნილი კრიზისის მიუხედავად ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში ძირითადად იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რასაც აქამდე ატარებდა.

 

კობა ბენდელიანი 

"ინტერპრესნიუსი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია