“აფხაზური დღე” ევროპარლამენტში და ქართული დიპლომატია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-06-2013, 00:28 | პოლიტიკა | ნანახია - 2853

“აფხაზური დღე” ევროპარლამენტში და ქართული დიპლომატიაგვაპატიეთ, რომ ვერ ვწერთ “მეცნიერული” ენით, ვერ ვიჩენთ პოლიტიკურ კორექტულობას და ვერ ვიყენებთ ისეთ ფრაზებს, რომლებშიც მრავლად არის “ერთი მხრით” და “და ამავე დროს”.

 

მოთმინების ფიალა აივსო.

 

2013 წლის 28 ივნისს, ევროპარლამენტში “აფხაზური” დღე ჩატარდა. ლოზუნგიც შესაფერისი იყო - “აფხაზეთი და ევროპა - გზა ურთიერთგაგებისა და დაახლოებისკენ”. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ეთნოწმენდის ინიციატორებმა და განმახორციელებლებმა, მათმა რუსმა პატრონებმა და რუსული ფულით ნაყიდმა ზოგიერთმა ევროპელმა მარგინალურმა “მწვანე პოლიტიკოსმა” სტრასბურგში ამაყად ააფრიალეს საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების სისხლით მოსვრილი “დროშა”, თანაც ეს ყველაფერი მოაწყვეს “ჩერქეზული დღის” ეგიდით, ანუ იმ ეთნოსის სახელის გამოყენებით, რომელიც რუსულმა იმპერიამ პირწმინდად გაანადგურა, ხოლო გადარჩენილები მთელ მსოფლიოში მიმოფანტა.

 

ამ კლოუნადას მოჰყვა ჩერქეზული ორგანიზაციების პროტესტი: “ჩვენ არაერთხელ მივმართეთ რუსეთის ფედერაციის მთავრობას თხოვნით, ნება დაერთო ჩერქეზებისთვის დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში, საიდანაც ისინი რუსულმა იმპერიამ გააძევა, მაგრამ რუსებმა კატეგორიული უარი გვითხრეს… მივმართეთ მოძმე აფხაზებს იგივე თხოვნით, მაგრამ მათ არა მარტო არ გამოხატეს  ჩვენი შეკედლების სურვილი, არამედ აკრძალეს იმ აფხაზების მიღებაც კი, რომლებიც ჩერქეზებზე არიან დაქორწინებულები… რა უფლებით მიითვისეს აფხაზებმა ჩერქეზული დღე?” 

 

საგულისხმოა, რომ ამ სირცხვილის პარალელურად სტრასბურგში იმყოფებოდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები უნიათო ბუტბუტით შემოიფარგლნენ. ამ დროს კი ქუთაისში,  პარლამენტში მათი კოლეგები  სიამოვნებით უსმენდნენ ინფორმაციას იმაზე, “რომ რუსეთი მალე სავიზო რეჟიმს გაამარტივებს ნათესავებისთვის (???) და ყაზბეგი-ლარსის გამშვები პუნქტი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს”.

 

ალილუია!

 

აღსრულდა ჩვენი ოცნება! როგორც იქნა, მივაღწიეთ ჩვენს ეროვნულ მიზნებს. Дорогие товарищи из Министерства реинтеграции с Россией! Можете спать спокойно.

 

იქნებ პირდაპირ აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან ვიმუშაოთ სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე? ნაკლები ენერგია და რესურსები დაიხარჯება.

 

დღეს ჩვენი დიპლომატიის - უფრო სწორად, იმ პროფესიონალების, ვინც კიდევ შემორჩა საგარეო საქმეთა სამინისტროში  - პრობლემა ის კი არ არის, რომ “აფხაზური” დღე ჩატარდა ევროპარლამენტში, არამედ ის, რომ მათ ეს ამაზრზენი ფაქტი ტელევიზიით შეიტყვეს.

 

გარდა მათი უნიათობისა, ვისაც ასეთი მოვლენების მზადების პერიოდშივე გამოვლენა და აღკვეთა ევალება, ამ მარცხის მთავარი მიზეზი ის გაუგებარი და ორაზროვანი პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ რეინტეგრაციის საკითხში აირჩია. ასეთი პოლიტიკის პირობებში უსიამოვნო და დამამცირებელი სიურპრიზები კიდევ მრავლად გველის, ხოლო ჩვენი ხელისუფლების პროტესტის საპასუხოდ სწორედ მისსავე პოლიტიკაზე მიუთითებენ.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია