რატომ ვარ რეცეპტის მომხრე?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-08-2014, 11:23 | მსოფლიო | ნანახია - 3063

სანდრო ურუშაძე

პოლიტიკის ანალიზის ცენტრი

 

რამდენიმე თვის წინ ჩემი მეუღლე  იყო ექიმთან კონსულტაციაზე. ეს იყო ანტენატალურ მეთვალყურეობასთან დაკავშირებული გეგმიური ვიზიტი. ამ კონსულტაციიდან ის მედიკამენტების საკმაოდ დიდი სიით დაბრუნდა, რომელიც რეცეპტის მსგავს ქაღალდის ფურცელზე იყო ჩამოწერილი და ფურცლის ცალ გვერდზე არ ეტეოდა. ბუნებრივია, ჩემი პირველი რეაქცია იყო წავსულიყავი აფთიაქში და ყველაფერი მეყიდა.  პირველ ემოციას საღმა აზრმა აჯობა. სიის უფრო ყურადღებით წაკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ერთიდაიგივე მედიკამენტი ორჯერ იყო გამოწერილი სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით, ხოლო აბსოლუტური უმრავლესობის მიღების საჭიროება არც  ლაბორატორიული კვლევის შედეგებით და არც რაიმე სხვა მტკიცებულებით (მაგ. სამინისტროს მიერ რეკომენდებული გაიდლაინით) არ დასტურდებოდა. ჩვენ შევეცადეთ სხვა ექიმთან გადაგვემოწმებინა ეს „დანიშნულება“ და, ფაქტიურად, საყიდელიც აღარაფერი დარჩა.

წამლების არარაციონალური მოხმარების შედეგად ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ერთ მილიარდზე მეტს ვხარჯავთ ყოველწლიურად მედიკამენტებზე. უფრო მეტს, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტი ხარჯავს ქვეყნის თავდაცვაზე. ფარმაცევტული ბაზარის ღირებულება მშპ -ის 5%-ს აღწევს, რაც ჯანდაცვაზე  ჩვენი საერთო დანახარჯის 40% - ზე მეტია. ჩვენ მედიკამენტებზე ვხარჯავთ თითქმის იმდენივეს, რასაც ჰოსპიტალურ მკურნალობაზე და ეს ხარჯი წლიდან წლამდე იზრდება.

„საყოველთაო ჯანდაცვამ“ მედიკამენტების თანადაფინანსებაზე უარი თქვა და ამომრჩევლების გულის მოგების უფრო „იაფი“  გზა აირჩია. სხვა საკითხია, რომ  პროგრამული დაფინანსების მოდელი საქართველოში რეალურად ნიშნავს სამედიცინო სექტორის თანდათანობით გაღატაკებას და დემორალიზაციას, რაც პირველ წლებში სამედიცინო პერსონალის უხელფასობაში, ხოლო უახლოეს  წარსულში ინფრასტრუქტურის ეროზიით დასრულდება.

 

არარაციონალური მოხმარების გარდა სერიოზულ პრობლემად რჩება მედიკამენტების მაღალი და მუდმივად მზარდი ღირებულება. წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები დღემდე აკონტროლებენ საცალო გაყიდვების ქსელის დიდ ნაწილს და საცალო ფასებს მედიკამენტებზე. ასევე ძალიან დიდია მათი გავლენა პოპულარულ ექიმებზე და სამედიცინო დაწესებულებებზე. სამედიცინო კონფერენციების და სწავლებების დიდი ნაწილი ფარმაცევტული კომპანიების დახმარებით ტარდება და ბევრი ექიმი ფინანსურად არის დაინტერესებული, დაბალი ხელფასის პირობებში, კონკრეტული წამლების გამოწერის შედეგად მიღებული საკომისიოთი შეავსოს ოჯახის ბიუჯეტი. 2010 წელს მიღებულმა საკანონმდებლო ინიციატივებმა შექმნეს თავისუფალი კონკურენციისთვის აუცილებელი წინაპირობები, მაგრამ ეს რეფორმები ბოლო წლებში ისევე შეჩერდა, როგორც ძალიან ბევრი სხვა სასიკეთო ინიციატივა (მაგ.  მორფოლოგიის რეფერალური ლაბორატორიის მშენებლობა).

 

დამოუკიდებელმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ მედიკამენტებთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთი განპირობებულია არა მარტო მაღალი ფასებით, საკომისიოთი დაინტერესებული ექიმების მონდომებით, პერსონალის დაბალი კვალიფიკაციით, არამედ ასევე თვითმკურნალობის ხშირი შემთხვევებით. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე აგრძელებს წამლების მიღებას მეგობრების, მეზობლების, ან ოჯახის წევრების რჩევით. სამწუხაროდ,  ექიმის დანიშნულების გარეშე წამლების მიღებას სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ისეთი ჯგუფის მედიკამენტების ხანგრძლივი და მაღალი დოზებით მიღება, როგორიცაა ანტიბიოტიკები, სედატიური, ტკივილგამაყუჩებელი, მასტიმულირებელი, ხშირად იწვევს პაციენტის ამ წამალზე დამოკიდებულებას, ან მის მიმართ  რეზისტენტობის მძიმე ფორმებს. აღარაფერს ვამბობ ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული მედიკამნტების ჯგუფზე.

 

რეცეპტით გასაცემი მედიკამენეტების სია ყოველთვის არსებობდა საქართველოში. ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა ამ მედიკამენტების ჩამონათვალი.  მე ვეთანხმები, რომ სია გასაფართოებელი იყო. მე ვეთანხმები, რომ  იმ ანტიბიოტიკების რეალიზაცია, რომელიც  ჰოსპიტალური მკურნალობის დროს გამოიყენება, მხოლოდ ექიმის გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე  უნდა გაიყიდოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკებისადმი გაზრდილი რესისტენტობის  პრობლემის გამოც.

 

 ექიმის მიერ პაციენტისათვის მედიკამენტოზური დანიშნულების მიცემის ერთადერთი გამართლებული ფორმა არის რეცეპტის გამოწერა და არც მკურნალობა და არც წამლის შერჩევა არ უნდა ხდებოდეს პაციენტსა და აფთიაქის თანამშრომელს შორის გასაუბრების შედეგად.  დღევანდელ ვითარებაში რეცეპტის ერთადერთი დანიშულება ჯანრთელობისთვის საშიში მედიკამენტების რეალიზაციაზე კონტროლის დაწესებაა.

 

მაგრამ მე არ ვარ მომხრე, რომ რეცეპტის ინსტიტუტი გამოყენებული იყოს რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს მიერ საკუთარი ამბიციების, ან ფარმაცევტიული კომპანიების ინტერესების დასაკმაყოფილებლად. დარწმუნებული  ვარ,  რეცეპტით გასაცემი ყოველი მედიკამენტის სანაცვლოდ გასაყიდად შემოვა მისი ანალოგი, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიყიდება  და ეს მხოლოდ ამ კომპანიების მოგებას გაზრდის და არა პაციენტების დაცულობას. არ გამიკვირდება, თუ აფთიაქებში ექიმების „კაბინეტები“ გაჩნდება, რომელებიც იქვე, ადგილზე გამოუწერენ მყიდველს საჭირო რეცეპტს.

 

ჩემი პირადი გამოცდილებაც ადასტურებს, რომ რეცეპტის შემოღება ვერ  გადაწყვეტს ვერც არარაციონალური მედიკამენტოზური მკურნალობის, ვერც ექიმების პროფესიული განათლების პრობლემას და ვერც ფარმაცევტული კომპანიების მადას შეამცირებს. ამ ფორმით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების სიის გაზრდა მხოლოდ   კეთილსინდისიერ მყიდველს შეუქმნის ბარიერს.

 

არ ვარ დარწმუნებული, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას წაკითხული აქვს  იმ მედიკამენტების სრული სია, რომელზედაც 1 სექტემბრიდან ვრცელდება სარეცეპტო შეზღუდვა. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიაში ცვლილებები ძალიან ფრთხილად და მხოლოდ იმ შემთხვევებში უნდა შევიდეს, როცა  ამის საჭიროება იქნება. უახლოესი წარსულიდან ასეთი შემთხვევა იყო მედიკამენტი „ლირიკა“ 

 

სამწუხაროდ, სამინისტროს ახალი ინიციატივა ამ სახით ხელს შეუწყობს რეცეპტის დისკრედიტაციას და არა პოპულარიზაციას.

მე ვრჩები რეცეპტის ინსტიტუტის შენარჩუნების მხარდამჭერად, მაგრამ არა ამ ფორმით.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია