ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - საქართველოს უნიკალური შანსი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-06-2013, 23:45 | წიგნები | ნანახია - 1817

ნიკა რურუა

 

როგორც მკითხველს მოეხსენება, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის მსოფლიოს უდიდეს გამომცემელთა და ბესტსელერთა (და არა მარტო) ავტორების ყველაზე სრული კრებული. აქ იდება წიგნის ინდუსტრიისთვის ყველაზე დიდი (და ასევე თითქმის ყველა დანარჩენი), მნიშვნელოვანი ხელშეკრულება და განიხილება იმ მომენტისთვის ყველაზე საჭირბოროტო საკითხები ამავე დარგისა, (მაგალითად, e-book-ის “შემოტევა” ქაღალდის ტრადიციული წიგნების ბაზარზე). აქვე იმართება არა მხოლოდ ცნობილ ავტორებთან შეხვედრები, არამედ მთლიანად ქვეყნებისა და იქ წიგნის წერის, თარგმნისა და გამოცემასთან დაკავშირებული მდგომარეობის პრეზენტირება.

სპეციალურად ამ მიზნისთვისაა შექმნილი ე.წ. „სპეციალური საპატიო სტუმრის“ სტატუსი, რომლის მიხედვითაც ესა თუ ის სახელმწიფო ასიათასობით დამსწრესთვის საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით წარდგენას ცდილობს წიგნისა და ზოგადად კულტურის საშუალებით. ამისთვის საგანგებოდაა გამოყოფილი ერთ-ერთი უზარმაზარი პავილიონი  (პავილიონებს შორის დადიან სპეციალური ავტობუსები), რომლის მორთვა-მოკაზმვა მთლიანად “საპატიო სტუმარზეა” დამოკიდებული; ფაქტიურად, ქვეყანას ეძლევა შანსი, რომ ერთ დიდ ინსტალაციაში ჩაატიოს ის ყველაფერი, რითაც მას დანარჩენი მკითხველი მსოფლიოს დაინტერესება სურს. პარალელურად მთელი ფრანკფურტისა და დანარჩენი გერმანიის მასშტაბით იმართება “საპატიო სტუმრის” კულტურული ღონისძიებები; იქნება ეს სიმფონიური თუ ჯაზური მუსიკის ან ფოლკლორული კონცერტები, საბალეტო ან საოპერო წარმოდგენები, ყველა სახის გამოფენები და ა.შ. ადვილი წარმოსადგენია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც ისტორიამ წილად არგუნა საკუთარ ბუნებრივ გარემოში თავის ხელახლა დამკვიდრების აუცილებლობა.

ამიტომაც “საპატიო სტუმარი ქვეყნის” სტატუსის მოპოვებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის ჩემი ოთხწლიანი პერიოდის ორი მესამედი დავუთმე - უკვე სათვალავიც კი ამერია, რამდენჯერ შევხვდი პირადად ფრანკფურტის წინგის ბაზრობის მესვეურებს ამ კომპლექსური მიზნის მისაღწევად. თუმცა, როგორც ცუდ ფილმებში ხდება ხოლმე, ამ გადაწყვეტილების საბოლოოდ მიღებას ხსენებულ პოზიციაზე მყოფმა ვეღარ მოვუსწარი - სულ მალე ამ გადაწყვეტილების ხელმოწერის პატივი საქართველოს მხრიდან, სავარაუდოდ, მის დღევანდელ პრემიერ-მინისტრს ექნება. და ძალიანაც კარგს იზამს, თუ ხელს მოაწერს (პირადად ჩემთვის, ბუნებრივია, სულ ერთია, თუ ვის დაუკრავენ ტაშს ამ გარღვევის რეალიზებისთვის, თუ საქართველო ამ სტატუსს მიიღებს).

და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებს. ამის დაჯერების უფლებას მაძლევს თვით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტის სიტყვები, ვინც სულ ათიოდე დღის წინ თბილისს (და არა მარტო თბილისს) სტუმრობდა.

წინა წლებში ჩემგან გვარიანად „დაწიოკებულმა“ ადამიანმა, ბატონმა იურგენ ბოსმა, თვითონ ისურვა ჩემთან შეხვედრა. ამ შეხვედრისას საქართველოზე თავისი შთაბეჭდილებები გამიზიარა, რაც ხანმოკლე ვიზიტისას საკმაოდ დაუგროვდა.

პრეზიდენტის სასიამოვნო სიურპრიზი, პირველ რიგში, იყო ის, რომ ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე იგრძნობოდა მასპინძელთა დიდი სურვილი, საქართველოს ეს სტატუსი მოეპოვებინა თუნდაც შორეულ მომავალში. ცხადია, ეს არ იყო გასაკვირი იმ ქვეყანაში, რომელსაც წლების განმავლობაში მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამ მიზნის მიღწევა. თუმცა, რადგან ეს ღონისძიება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ჩვენი სტუმარი მასპინძელ ბიუროკრატთა ენთუზიაზმით სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო. ეს გამეხარდა, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტების სრული მობილიზაციის გარეშე ხსენებული მიზანი სრულიად მიუღწეველია - აქ, სულ მცირე, აუცილებელია კულტურის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების კოორდინირებული და ენერგიული მუშაობა როგორც ერთმანეთში, ისე მათ გერმანელ პარტნიორებთან, რომ დაახლოებით სამწლიანი მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდეს.

სტუმრისგან სასიამოვნო იყო  იმის მოსმენა, რომ საქართველოს პავილიონს, მისი აზრით, ფართო ევროპული მკითხველი საზოგადოებისთვის აქამდე შედარებით უცნობი უამრავი თემის ლაიტმოტივად გამოყენება შეუძლია: იურგენ ბოსის აზრით, ერთ-ერთი ასეთი ძირითადი ხაზი, შესაძლოა, ქართული პოლიფონია ყოფილიყო; პოლიფონია, რომელიც სხვადასხვა ხმათა ჰარმონიულად შერწყმის რეზულტატად სრულიად ორიგინალურ, თითქმის ჯადოსნურ ეფექტს იძლევა მსმენელისთვის. უკაცრავად, ამ შემთხვევაში - მკითხველისთვის, და არა მხოლოდ ბგერათა საშუალებით, არამედ უფრო სიმბოლური მნიშვნელობით - სხვა ერებთან კულტურული დიალოგის მეშვეობით. ჩემი აზრით, ქართული პავილიონის ექსპოზიციის ერთ-ერთ მთავარ თემად უნდა იქცეს ქართული დამწერლობაც, როგორც სინგულარული და თვითკმარი ნიმუში ჩვენი ვინაობისა, რასაც სტუმარი სიამოვნებით დაეთანხმა.

როგორც გაირკვა, კულტურის სამინისტროსა და მისი წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელის, დეა მეტრეველის მეცადინეობით, იურგენ ბოსი ქალაქგარეთაც მიაბრძანეს და ქართული ტრადიციული სტუმართმოყვარეობის სრული პროგრამის დაცვით დაათვალიერებინეს ჩვენი ქვეყნის რამდენიმე ძველი და ახალი ღირსშესანიშნაობა, რომელთაგან სტუმარს ძალიან მოეწონა ყაზბეგში აგებული “Rooms”-ის სასტუმრო; მისი ინტერიერი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ბატონი ბოსი დაინტერესდა, ჩავრთავდით თუ არა ამ ინტერიერის ქართველ ავტორებს (ამავე სახელწოდების სადიზაინერო ჯგუფს) ფრანკფურტის მთავარი ქართული პავილიონის მოწყობის პროცესში, რაზეც ჩემგან მყისიერი დამაკმაყოფილებელი პასუხი მიიღო (მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფისთვის ეს ჯერ არ გამიმხელია).

ბოლოს, მთელი ამ სიამტკბილობის პიკში, სტუმარს ჩემი საკვანძო შეკითხვა დავუსვი - ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რომელი წლისთვის უნდა დავგეგმოთ ეს ყველაფერი? ფაქტიურად მას ვკითხე, თუ როდის მიიღებდა საქართველო საბოლოო დამაკმაყოფილებელ პასუხს “საპატიო სტუმრის სტატუსის” თაობაზე.

მინდა გაგახაროთ, რომ ამჯერად ყველანაირი დიპლომატიურ-სემანტიკური აბდაუბდისა და პოლიტკორექტულობის გარეშე მივიღე პასუხი, თან პირდაპირ “ცხენის პირიდან” (straight from the horses mouth), როგორც ამას ინგლისელები ამბობენ - 2017 წელს, ანუ ოთხი წლის შემდეგ საქართველო უმასპინძლებს ასზე მეტ ქვეყანას და 700.000-ზე მეტ ვიზიტორს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის “საპატიო სტუმრის” სტატუსით.

ძალიან კარგი - პასუხი, როგორც იქნა, კონკრეტული და არაორაზროვანი იყო: ჩვენი ქვეყნის უნარების მიმართ ოდესღაც სკეპტიკურად განწყობილი გერმანელი (წლების განმავლობაში თითქმის უიმედო, მაგრამ დაჟინებული მუშაობის მერე), ანთებული, აქეთ მიხსნიდა, საქართველოს რაოდენ დიდი პოტენციალი “აღმოაჩინა” აქ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა.

ეს სრული ურთიერთგაგება კინაღამ ერთმა არასასიამოვნო დეტალმა გააფუჭა: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტისა და ქართველი გამომცემლების შეხვედრისას მან ამ უკანასკნელთაგან გაიგო იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ ქართველი გამომცემლების უმრავლესობას უცერემონიოდ ჩამოართვა სახელმძღვანელოების გამოცემის მასალები და გამოუცხადა, რომ ამიერიდან ის, ანუ სახელმწიფო, იღებს სახელმძღვანელოების დაბეჭდვის ვალდებულებას (ის ფაქტი, რომ ეს განათლების წინა მინისტრის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური ბრძანებულების ნიადაგზე გაკეთდა, სიტუაციას სულაც არ ეხმარება). ბატონი ბოსი მაქსიმალური კორექტულობით მიხსნიდა, რომ საავტორო უფლებების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარ უკანონობას შეიძლება საქართველოს ხსენებული პროსპექტებისთვის ფატალური დარტყმა მიეყენებინა, თუ ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს სხვა გამომცემლები გაიგებდნენ. მე ყველანაირად ვეცადე ჩვენი სტუმარი დამერწმუნებინა, რომ ოთხი წელი საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ამ მართლაც ბრიყვულ და უკანონო გადაწყვეტილებას სახელმწიფომ გადახედოს.

ბატონმა ბოსმა კი დამარწმუნა, რომ სულ მალე საქართველო მიიღებდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორთა საბჭოს ხელმოწერილ კონტრაქტს, რომლის მიხედვით ჩვენი ქვეყანა 2017 წლისთვის მსოფლიოს ამ ყველაზე დიდი წიგნის ფორუმის მთავარი მოქმედი პირი უნდა გახდეს.

არ მაქვს არც ერთ მიზეზი, რომ მისი ეს დაპირება ფუჭ სიტყვებად ჩავთვალო. ასე რომ, თქვენთან, ქართველ მწერლებთან და მკითხველებთან ერთად, სულმოუთქმელად ველი ამ სასიამოვნო დღეს.

ვნახოთ, როგორც ამბობენ, მომავალი გვიჩვენებს.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია