ლოგინში მტერთან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-08-2014, 15:03 | წიგნები, ბლოგები | ნანახია - 1827

მადი სერებრიაკოვა

 

მეოცე საუკუნეს ქალის სახე რომ ჰქონოდა, პრეტენდენტების სიაში, მოწინავე ადგილას, უსათუოდ, კოკო შანელი იქნებოდა. ქალი, რომლის შესახებაც უამრავი დაწერილა, ფილმებიც გადაღებულა და რომლის ხელოვნებასაც (დაარქვით მოდას ბიზნესი და ინდუსტრია, შანელი მაინც დიდ ხელოვანად დარჩება!) არასოდეს გაუვა ყავლი, ისევე, როგორც - პიკასოს, ან სტრავინსკის (ორივე შანელის საყვარელი იყო, სხვათა შორის).

 

დაინტერესებულებმა ზუსტად ვიცით, როდის და რა ვითარებაში შეიქმნა მისი "პატარა შავი კაბა", ლეგენდარული პიჯაკი, სუნამო და ა.შ... ისიც ვიცით, თუ ვისთან ქონდა რომანი თავად კოკოს,  ვთქვათ, 1938 წლის მაისში და რატომ დასრულდა წინა რომანი უეცრად აპრილში... მოკლედ, კოკოს შემოქმედებაცა და ბიოგრაფიაც საკმაოდ "გადაღეჭილია" და თუ ამ თემაზე მორიგი წიგნის დაწერას განიზრახავ, რამე განსაკუთრებული უნდა მოიფიქრო! მით უმეტეს ავტორმა, როგორიც ჰალ ვოგანია - რომელსაც მოდის ფერად, პრიალა გარეკანიან ინდუსტრიაში არაფერი გაეგება და სოლიდური სახელი ჟურნალისტური გამოძიებებით აქვს მოხვეჭილი ამერიკელ ჯაშუშებზე და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობაზე.

 

...მოიფიქრა კიდეც:  კოკოს სახიფათო კავშირები ფაშისტურ ელიტასთან. ავტორის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ეს თემა მართლაც საეჭვოდ მიჩუმათებულია! ერთი მხრივ, ალბათ,  შანელის ჩერჩილთან მეგობრობის გამო. მეორე მხრივ, კი - აბა ვის უნდა მოდის დედოფლის სახელისა და ღირსების შებღალვა?  მისი ლეგენდა დღემდე N5 სურნელით არის გაჟღენთილი და მარგალიტების რამდენიმე წყებით დაგვციმციმებს ვიტრინებიდან...

 

სხვა მიზეზებიც არსებობს: როგორც ბრწყინვალე სტრატეგსა და მოთამაშეს შეშვენის, შანელმაც ზუსტად იცოდა, როდის და როგორ გადაენაწილებინა პრიორიტეტები. როგორც კი ამერიკელებმა პარიზი ფაშისტებისგან გაათავისუფლეს, შანელმა საკუთარი ხელით დაურიგა საჩუქრად თავისი სუნამო ამერიკელ ოფიცრებს, რათა განმათავისუფლებლებს ცოლები და დედები გაეხარებინათ შორეულ ამერიკაში (რომელიც კოკოს ჭირის დღესავით სძულდა)!

 

თავის დროზე, ფრანგები სასტიკად გაუსწორდნენ იმ ქალებს, რომლებიც ოკუპაციის დროს, გერმანელ ოფიცრებთან ე.წ ჰორიზონტალურ კოლაბორაციონიზმში (უფრო სექსუალურ კოჰაბიტაციას დავარქმევდი) იყვნენ შემჩნეული: თავგადაპარსულ, სამარცხვინო პროცესიას ფურთხითა და ქვებით აცილებდნენ პარიზის ქუჩებში.  შანელი კი მხოლოდ რამდენიმე დაკითხვით გადარჩა, რომლის შემდეგაც კრინტი აღარ დაუძრავთ არც მისი გაგანია ოკუპაციის დროს სასტუმრო "რიც"-ში ცხოვრების დეტალებზე (სასტუმრო მთლიანად გერმანელი სამხედრო ელიტისთვის იყო რეზერვირებული), არც მის ბერლინში ვიზიტზე და არც მომხიბვლელ ჯაშუშზე, მეტსახელად "შპაც" (ჰანს გიუნთერ ფონ დინკლაგე), რომელთან ერთადაც კოკო გერმანიის დამარცხების შემდეგ ერთი პერიოდი გაქცეულიც იყო საფრანგეთიდან და ლოზანაში, საკუთარ ვილაში აფარებდა თავსა და საყვარელს.

 

ამ შავბნელ დროში, ძნელია შანელის გამტყუნება, ან დადანაშაულება... მით უმეტეს კოკოს წარსულიდან გამომდინარე... ობოლმა, ყველასგან  მიტოვებულმა გოგონამ საკუთარი ხელით, ნემსითა და ძაფით შეაკოწიწა ლეგენდა: დაასრულა რუშებიანი და მაქმანებიანი "წესიერი ქალების" ეპოქა, რომელთათვისაც მამაკაცზე ოცნება წარმოადგენდა მთავარ საზრუნავს და მსოფლიოს ანახა, რომ ელეგანტურობა თავისუფლებაშია, ქალურობა - სისადავეში და შეიძლება საყვარლის პერანგის ამარა ცხენზე მამაკაცურად ამხედრებული უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდე, ვიდრე ბაფთებითა და ბისერებით დაფარულ კორსეტებში...

 

კოკომ ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე, ზუსტად იცოდა, რომ წარმატებას ნებისმიერ ფასად მოიპოვებდა და არ აქვს მნიშვნელობა ამისთვის რამდენჯერ გამოიცვლიდა სექსუალურ, პოლიტიკურ თუ ბიზნეს-პარტნიორს.  ამ უკანასკნელთან დაკავშირებით:  წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავი შანელის აქციების უმსხვილეს მფლობელს, ვერტაიმერების ებრაულ-ფრანგულ ოჯახს ეძღვნება. ომის დაწყებამდე კოკომ ერთ-ერთ ძმასთან საკმაოდ წამგებიანი ხელშეკრულება გააფორმა (ერთ-ერთი ვერსიით, მათ შორს ამურული ურთიერთობის გავლენით, თუმცა ეს სულ არ გავს კოკოს!). საფრანგეთის ოკუპაციის დროს, კოკომ რამდენჯერმე სცადა მათი ბიზნესი ნაცისტების დახმარებით შეევიწროვებინა. თუმცა ამერიკაში ემიგრირებულმა ვერტაიმერებმა მაინც აჯობეს კოკოს. "Chanel  N5"-ის რეცეპტზე ნადირობას დეტალები და ჯაშუშების გაცვლა-გამოცვლა კი ვოგანის მიერ ძალზე საინტერესოდ არის აღწერილი და დოკუმენტირებული.

 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ კოკო შანელის ნაკლებ გლამურული, ადამიანური სისუსტეებითა და ინტრიგებით აღბეჭდილი პორტრეტი გაინტერესებთ - ჰალ ვოგანის "მტერთან ლოგინში - კოკო შანელის საიდუმლო ომი" ნამდვილად დაგაინტერესებთ. ეს არ არის მხატვრული რომანი, უფრო საგამოძიებო დოსიეს წააგავს აგენტ F-7124 - კოდური სახელით "ვესტმინსტერის" შესახებ (რადგან ნაცისტურ შპიონაჟში კოკო თავისი ერთ-ერთი საყვარლის, ვესტმინსტერის ჰერცოგის გავლენისა და კავშირების დახმარებით მოქმედებდა).

 

თუმცა კოკოს ფანებს ჰალ ვოგანი ბოლომდე მაინც ვერ გააწბილებს! საბოლოოდ, შანელის მთელი ფაშსტური მისია ორი ვოიაჟით შემოიფარგლა, ისიც სამშვიდობო მიზნით - თან ორივე წარუმატებელი გამოდგა: პირველი - ფაშისტური ელიტის რამდენიმე წარმომადგენლის ჩერჩილთან შეხვედრას ითვალისწინებდა, რომლებსაც აღარ სურდათ ჰიტლერის "ტოტალურ ომში" მონაწილეობა და სიტუაციიდან მშვიდობიან გამოსავალს ეძებდნენ. მაგრამ კოკომ ამჯერად ჩერჩილთან აუდენცია ამ უკანასკნელის ავადმყოფობის გამო ვერ მიიღო; ხოლო მეორე - ესპანეთში ლუქსუს-შვებულება უფრო იყო - რამდენიმე ჯაშუშის ანტურაჟით... აქაც დაგეგმილი შეხვედრები ესპანეთის სამეფო კარის წარმომადგენლებთან უბრალოდ ჩაიშალა.

 

ლოგინში მტერთანპ.ს. ახლა რატომღაც ჯონ გალიანო გამახსენდა. ამ რამდენიმე წლის წინ გახმაურებული სკანდალის შემდეგ, როდესაც გალიანო ერთ-ერთ პარიზულ ბარში რასისტულ განცხადებებს აკეთებდა, ცნობილი დიზაინერი თავსლაფდასხმული გააძევეს დიორის სახლიდან (რომლის მთავარი დიზაინერიც იყო წლების მანძილზე). მას შემდეგ, რაც გალიანომ "მკურნალობის კურსი" გაიარა (რა ვიცოდი რასიზმი ალკოჰოლიზმსა და ნარკოტიკულ დამოკიდებულებასთან ერთად თუ იკურნებოდა...), ის კვლავ გამოჩნდა  Vogue-ის ფურცლებზე ქეით მოსის ქორწილში. მოდის ინდუსტრია ადვილად პატიობს ცოდვებს... არადა, სულ ცოტა ხანში, საფრანგეთის სასამართლომ გალიანო კიდევ ერთხელ  ცნო დამნაშავედ რასისტული განცხადებების გამო...

 

წყარო: Sleeping with the enemy - Coco Chanel's secret war 

Hal Vaughan 

.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია