ორი გასაოცარი ამბავი აკაკი გაწერელიას ცხოვრებიდან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-08-2014, 12:23 | მსოფლიო | ნანახია - 3088

ორი გასაოცარი ამბავი აკაკი გაწერელიას ცხოვრებიდანზურაბ ოდილავაძე

 

ეძღვნება ჩემი ახალგაზრდობის კერპს აკაკი გაწერელიას

 

,,მამაკაცი უკომპრომისოდ უნდა ჩავიდეს სამარეში“ – აკაკი  გაწერელია.

 

   წერილი გამოჩენილ ქართველ ლიტერატურათმცოდნესა და მწერალზე, მრავალი მონოგრაფიისა და ფუნდამენტური ნაშრომის ავტორ აკაკი გაწერელიაზე სულ ახლახან გამოვაქვეყნე ინტერნეტ- გამოცემა ,,ივერიაში”. ( იხ. ,,აკაკი გაწერელიას ,,გედის სიმღერა“ – http://iveria.biz/569--.html ).

   გავიდა სულ ერთი თვე... ამასობაში ბატონი აკაკი გაწერელიას ცხოვრებიდან ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი შევიტყვე, ხოლო მეორე შემთხვევა, რომელსაც ყრმობისას პირადად შევესწარი, გონების ფსკერიდან ამომიტივტივდა. შედეგად, გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძობა დამეუფლა, რადგან ეს ცხოვრებისეული ისტორიები სრულად ასახავდნენ ამ პიროვნების ხასიათსა და მასშტაბს. ასე მოვიდა გადაწყვეტილება – სტატია ხსენებული ორი, თითქმის დაუჯერებელი ამბით შემევსო.

 

 

ამბავი I

  

   ტელევიზიით აჩვენებდნენ დოკუმენტურ ფილმს მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებაზე. დიდი მწერლის ბოლო წლების შესახებ ცნობილ ფაქტებს ზერელედ ვუსმენდი: ...1937 წლის 22 ივლისს მწერალთა კავშირის შენობაში პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა. კავშირის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც პოეტის საქციელი ანტისაბჭოთა პროვოკაციად შერაცხეს. ჯავახიშვილი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელმაც პოეტის გამბედაობას მხარი დაუჭირა. ოთხ დღეში, 26 ივლისს, კავშირის პრეზიდიუმი ისევ შეიკრიბა, ამჯერად მიხეილ ჯავახიშვილის დასაგმობად. ჩვენი ,,სასიქადულო“ და ,,გამოჩენილი“ მწერლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მწერლის გინებაში და მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: „მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაშუში და დივერსანტი, განდევნილ იქნას მწერალთა კავშირიდან და ფიზიკურად განადგურდეს“... მისი მეგობრები და კოლეგები, მათ შორის ციხეში მყოფნიც, აიძულეს ეღიარებინათ ჯავახიშვილი, როგორც კონტრ-რევოლუციონერი ტერორისტი... ამ დროს მესმის დიქტორის ტექსტი: ,,მხოლოდ ორნი წავიდნენ წინააღმდეგ – გერონტი ქიქოძე და აკაკი გაწერელია“... გარეთ 1937 წელია, ბატონი აკაკი 27 წლის ახალგაზრდაა და ის უკვე მზადაა სიმართლისთვის ეწამოს?! მართლაც, გასაოცარია – ასეთი ადამიანით არ შეიძლება არ აღფრთოვანდე!

 

 

ამბავი II

 

   ზაფხულია. შუადღისთვის სიცხემ დააჭირა. მე 13 წლის ბიჭი ვარ, ჭავჭავაძის გამზირის 2/2-ის ეზოში დავყიალობ. ჭიშკართან ნაგვის მანქანა ჩერდება, მენაგვე გადმოდის, რეკავს – ქუჩას და ეზოს ზარის გამაყრუებელი წკარუნი ედება. ქალები ნაგვის ვედროებით მანქანისკენ მიიჩქარიან. მეოთხე სადარბაზოდან გამოდის ნამძინარევი აკაკი გაწერელია – თავწაკრული, ,,სეტკა“ მაისურში, ლურჯ გრძელ ტრუსებში და ტყავის ყავისფერ ფლოსტებში... განრისხებულია – ის გააღვიძეს! მე მომაჩერდა – თვალები უელავს!:

 – ოჩილა, რა ხდება?!

– რავიი, აკაკი ძია, ნაგვის მანქანაა და...

   სახლში უხმოდ, ჩქარი ნაბიჯით ბრუნდება. ცოტა ხანში ისევ გამოდის, ამჯერად ხელში გობით, რომელზეც ყავისფერი ტომების მთაა აღმართული. ახლადგაღვიძებულზე სასტიკად გაბრაზებულია!.. გობი ორივე ხელით უჭირავს და ნაგვის მანქანისკენ მიარბენინებს. ვაკელი დიასახლისები განზე დგებიან. აკაკი გობს ნაგვის მანქანაში აპირქვავებს და გაცოფებული აყოლებს: ,,უხ, შენიი...!“ – გობში ვლადიმერ ილიას ძე ლენინის თხუზელებათა კრებულია! ქალები, მენაგვე, გამვლელები გასუსულები დგანან – 1967 წელია – ყველა ერთად, კოლექტიურად გაცხარებულ კომუნიზმის მშნებლობაში არიან!.. აკაკი გაწერელია ცარიელი გობითა და მრისხანების ორთქლისგან გათავისუფლებული, წელში მოხრილი სადარბაზოს სიბნელეში იკარგება...

 

P.S.

დღეს ეს, მართლაც ევროპული რანგის მეცნიერი ცოტას თუ ახსოვს და მხოლოდ სპეციალისტებმა თუ იციან. საქართველოში სულ სხვა ,,გმირები“ ბოგინობენ და მათი მაგალითით, ხალხიც სულ სხვა ფასეულობებით განაგრძობს არსებობას...

 

ზურა ოდილავაძე. 2014 წელი, აგვისტო

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია