გენიალური მაილს დევისი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
1-07-2013, 17:13 | კულტურა | ნანახია - 3372

გიგი კუბლაშვილი

 

მაილს დევისი დაიბადა 1926 წელს ალტონაში (ილინოისის შტატი). შვილის დაბადების შემდეგ მამამისი, პროფესიით კბილის ექიმი, ოჯახით სენტ-ლუისში გადავიდა. დევისი შეძლებულ ოჯახში გაიზარდა, სხვა შავკანიანი ჯაზმენებისგან განსხვავებით, ყმაწვილკაცობაში გაჭირვება არ იცოდა, სასკოლო ორკესტრში უკრავდა, კერძო გაკვეთილებს იღებდა მესაყვირესთან, რომელიც გაზრდილი იყო ბობი ჰეკეტისა და შორტი ბეიკერის (რომელიც მოგვიანებით დიუკ ელინგტონთან უკრავდა) ნაწარმოებებზე. როგორც მესაყვირეები, ჰეკეტი და ბეიკერი განთქმულნი იყვნენ ჟღერადობის ხარისხით. შესაძლოა ამიტომაც მაილსს თავისი მასწავლებლებისგან “გადაედო” გამძაფრებული “ბგერის გრძნობა” დაEეს “თვისება” მთელი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნა. 16 წლის დევისი ადგილობრივ ანსამბლ “Bლუე დევილს”-ში უკრავდა (არ აგერიოთ უოლტერ პეიჯის ანსამბლში), უსმენდა ბოპერების ექსპერიმენტებს. 1944 წელს სენტ-ლუისში ექსტაინის ორკესტრი ჩავიდა. დევისმა დაითანხმა ექსტაინი, ორკესტრთან დაეკრა. მაიკლ ჯეიმსს თავის წიგნში მაილს დევისზე ექსტაინის გამონათქვამი მოჰყავს: “ის არაერთხელ მოვიდა თხოვნით, ნება დამერთო, დაეკრა ორკესტრთან ერთად. მაილსი, უბრალოდ, საშინელება იყო. მისი საყვირი საზიზღრად ჟღერდა. მაშინ საერთოდ არ იცოდა დაკვრა.” 1945 წელს დევისმა დაამთავრა სკოლა და, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნიუ-იორკში გაემგზავრა. მშობლებს სურდათ, რომ კოლეჯში ესწავლა და მაილსის კომპრომისულმა გადაწყვეტილებამ ყველა დააკმაყოფილა. ის მუსიკალური კოლეჯის “ჯულიარდის” სტუდენტი გახდა, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ბეჯითად ემეცადინა, მაილსი ძალზე თავდაჯერებულად მოიქცა - გაიცნო ჩარლი პარკერი და დაუახლოვდა მას. როგორ შეძლო ეს, არავინ იცის. იმ დროს პარკერი ჯაზში გენიალურ თვითნასწავლად ითვლებოდა და წამყვანი ინსტრუმენტალისტი იყო. დევისი თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა მუსიკაში და არაფრით განსხვავდებოდა სხვა დამწყები მუსიკოსებისგან. ყოველ შემთხვევაში, მისი გეგმა განხორციელდა: მან პარკერთან გამოსვლა დაიწყო და მასთან ერთად ბოპის პირველი გრამფირები ჩაწერა. უკრავდა აგრეთვე ბენი კარტერთან და ბილი ექსტაინის ანსამბლშიც (დაიკავა ფეტს ნავაროს ადგილი). 1947 წელს პარკერმა ის თავის ანსამბლში ფაქტიურად დიზი გილესპის ადგილზე მიიწვია. გამოუცდელი, 21 წლის მესაყვირისთვის, ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, მაგრამ პარკერმა თითქმის ტრადიციად აქცია ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად დაკვრა: მაილსის შემდეგ მასთან მივიდა რედ რონი, რომელიც მაშინ ასევე 21 წლის იყო, შემდეგ - 24 წლის მაკკინლი “კენი” დორხემი. წელიწად-ნახევრის განმავლობაში დევისი პარკერთან უკრავდა და თანდათან გამოცდილ მუსიკოსად ჩამოყალიბდა. მის სტილზე ბევრმა მიმდინარეობამ იქონია გავლენა, მაგრამ ის გილესპის მიმდევარი გახდა და ბოპს მიანიჭა უპირატესობა. როგორც გაირკვა, ეს სტილი მაინცდამაინც არ მიესადაგებოდა მის ნატურას, თუმცა, იმ დროს მას უბრალოდ არ შეეძლო არ მიებაძა გილესპისთვის. 1949 წელს პარკერთან კონფლიქტი მოუვიდა და დევისი იძულებული გახდა სხვა სამუშაო ეძებნა. ბედმა ინება შეხვედროდა ტორნჰილის ანსამბლის მუსიკოსებს. ის გახდა ამ ჯგუფის წევრი და მალე მათი ხელმძღვანელიც. ჯერი მალიგენმა აგრძნობინა, რომ დევისს მონაწილეობა არ მიეღო არც შემსრულებელთა შერჩევაში, არც მუსიკალური იდეების შემუშავებაში, რადგან ამას აკეთებდნენ მალიგენი, ლუისი, ევანსი და სხვები. დევისი მართლაც ლიდერისა და ძირითადი სოლისტის როლში გამოდიოდა. ის გახდა რამდენიმე არანჟირების ავტორი. ასევე გრამფირებმა, რომლებმაც მსმენელებს ამცნეს ქულ-ჯაზის დაბადება, განამტკიცეს დევისის რეპუტაცია მუსიკალურ სამყაროში. ის შორს იყო აზრისგან, პირველი კლასის მესაყვირედ ჩათვლილიყო. ის უცილობლად ანსამბლის საერთო დონეს შეესაბამებოდა, მაგრამ, როგორც წამყვანი სოლისტი, იმ სიმაღლეზე არ იდგა. სწორედ ამ პერიოდში მაილსმა დაიწყო თავისი ლაკონიური სტილის შემუშავება, რომელმაც შემდგომ წარმატება მოუტანა. მაგალითად, მისი სოლო პიესაში “ვენუს დე მილო” უფრო ბუნებრივად ჟღერს, ვიდრე მას გილესპი და ნავარო შეასრულებდნენ.

1954 წელს დევისმა მისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფულობით დაიწყო სხვადასხვა პატარა ანსამბლების, ძირითადად, კვინტეტების ჩამოყალიბება, რომლებიც ქულ-ჯაზს უკრავდნენ, ხოლო დევისი უკრავდა მოწყვეტილ, ლაკონიურ ფრაზებს. ამ ძუნწი სტილის შექმნა გახდა დევისის ძირითადი წვლილი ჯაზში... ალბათ გილესპისთან კონკურენციამ აიძულა ის, აერჩია დამოუკიდებელი გზა. ორმოცდაათიან-სამოციან წლებში ჯაზში არ იყო მესაყვირე, რომელსაც არ განეცადა მაილს დევისის სტილის ზეგავლენა. მოგვიანებით მისი სტილის ყველა მახასიათებელი ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის, კერძოდ, მესაყვირეებისთვის ნიმუშად იქცა.

1955 წლიდან დევისის ანსამბლში დამკვიდრდა ძირითადი შემადგენლობა: კონტრაბასისტი პოლ ჩემბერსი, პიანისტი რედ გარლანდი, დასარტყამ ინსტრუმენტზე ფილ ჯო ჯონსი და სხვადასხვა დროს მომუშავე საქსოფონისტები: სონი როლინსი, ჯონ კოლტრეინი და ქენონბოლ ედერი. ანსამბლმა ბევრი ჩანაწერი გააკეთა, ამასთან, დევისის სტილი სულ უფრო და უფრო ლაკონიური და ძუნწი ხდებოდა... კვინტეტი ნიუპორტის 1955 წლის ჯაზფესტივალზე გამოვიდა და გრანდიოზული წარმატება მოიპოვა. ანსამბლმა, რომელშიც ჯონ კოლტრეინი და ბილ ევანსიც იყვნენ, 1959 წელს ჩაწერა მთელი გრამფირი “კინდ ოფ ბლუე.” შემდგომ ანსამბლის შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა. 1964 წელს მაილსმა გადაწყვიტა, იმ ახალგაზრდებთან ერთად გამოსულიყო, რომელთა საშემსრულებლო მანერა მოსწონდა მსმენელთა ახალ თაობას. მან დასარტყამ ინსტრუმენტზე მიიწვია ტონი უილიამსი, კონტრაბასზე - რონი კარტერი და პიანისტი ჰერბი ჰენკოკი. ყოველ მათგანს კონსერვატორიის განათლება ჰქონდა. მოგვიანებით მათ შეუერთდა საქსოფონისტი უეინ შორტერი, რომელსაც მაილსი დიდი ხნის განმავლობაში ეპატიჟებოდა. მოგვიანებით, სამოცდაათიან წლებში, ეს მუსიკოსები ჯაზში წამყვან ფიგურებად იქცნენ. ამ შემადგენლობით ანსამბლი 4 წელი უკრავდა. სამოციან წლებში გაკეთებული ჩანაწერებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ალბომი “ნეფერტიტი” (1967). ამ გრამფირს დიდი წარმატება ჰქონდა. მაილსი გრძნობდა, რომ ახალი მუსიკალური ფორმების ძიებაში კარგავდა პიონერის პოზიციებს. კლაივ დევისის დაჟინებული თხოვნით, 1969 წლის დასაწყისში მან როკს მიმართა, გამოიყენა ელექტრომუსიკალური ინსტრუმენტები, ანსამბლში ჩართული იყო გიტარისტი ჯონ მაკლაფლინი, რომლის სახელი უფრო როკმუსიკასთან ასოცირდებოდა, ვიდრე ჯაზთან. ალბომის ჩანაწერებში იშვიათად ჟღერს ანსამბლის ხელმძღვანელის საყვირი,Mმაგრამ ეს კომპრომისი კომერციული წარმატებისთვის არასაკმარისი გამოდგა. 1970 წელს მაილსმა ჩაწერა ახალი ალბომი, რომელშიც ის ხარკს უხდის როკმუსიკას და იყენებს ელექტროინსტრუმენტების სრულ შემადგენლობას. ჩაწერაში კვლავ მაკლაფლინი მონაწილეობდა. მიზანი მიღწეულ იქნა: პირველ წელიწადს ნახევარი მილიონი ფირფიტა გაიყიდა. მაილსი გახდა ახალი მუსიკალური მიმართულების ვარსკვლავი, რომელსაც ჯაზ-როკი, ხოლო მოგვიანებით ფიუჟენ-მუსიკა ეწოდა. მაილს დევისი ძლიერი პიროვნება იყო. ის ორმოცდაათიანიდან სამოცდაათიან წლებამდე წამყვან ფიგურად რჩებოდა. მის ერთადერთ ძლიერ მეტოქედ ჯონ კოლტრეინი ითვლებოდა. თვით არმსტრონგიც კი არ ყოფილა ასე დიდხანს დიდების მწვერვალზე... ძნელია გადააფასო მისი, როგორც მუსიკოსის ზეგავლენა. ობიექტურად ის კაშკაშა შემსრულებელია. ის უნდა ჩაითვალოს არა ნოვატორად, არამედ უფრო ახალი იდეების პოპულარიზატორად. მისი უდავო დამსახურებაა, რომ მან არაერთხელ შეძლო ჯაზის ახალ დინებაში მოტრიალება.

 მაილს დევისი იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემსრულებელი, რომლის კარიერა აღსავსეა საკვირველი პარადოქსებით. ჯაზის ისტორია იცნობს ბევრ ნიჭიერ მუსიკოსს, რომელთაც ბოლომდე ვერ გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები, მაგალითად, როგორებიც იყვნენ ჯო თომასი, ბად პაუელი, ბიქს ბეიდერბეკი. მაილს დევისი საპირისპირო, უფრო განსაკუთრებული მაგალითია: ის ბუნებამ არცთუ უხვად დააჯილდოვა, მაგრამ, ჭკუისა და ნებისყოფის წყალობით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა ჯაზში. ის მოკლებული იყო ბეიდერბეკისა და პარკერის მელოდიურობის უნარს, ლესტერ იანგის უზადო რიტმულობას, ლუი არმსტრონგის საუკეთესო სოლოებისთვის დამახასიათებელ შინაგან დრამატიზმს. უფრო მეტიც, დევისის საშემსრულებლო შესაძლებლობები შეზღუდული იყო, მისი საყვირი ღარიბულად ჟღერდა მაღალ რეგისტრში, ის იღებდა არასათანადოდ   მაღალ ბგერას, ვიდრე ეკადრებოდა პროფესიონალ ინსტრუმენტალისტს. მიუხედავად ამისა, ჩარლზ პარკერის სიკვდილის შემდეგ, ჯონ კოლტრეინის გამოკლებით, ჯაზმა არ იცის უფრო ღირსეული მუსიკოსი, ვიდრე მაილს დევისი.


 

 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია