მე 60 წლის გავხდი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-08-2014, 00:16 | მსოფლიო | ნანახია - 4587

ზურა ოდილავაძე. 2014 წელი, აგვისტო 

 

სოკრატეს მსგავსად, ჯორდანო ბრუნომ თავის მსაჯულებს მამაცად განუცხადა, რომ მათ მეტი შიშით მოუწევთ თავისივე განაჩენის მოსმენა, ვიდრე თვით ბრალდებულს. ჯალათებმა მსჯავრდებული, აუტოდაფეს ადგილზე პირში გაჩრილი საცობით მიიყვანეს. შემდეგ ჯაჭვით ბოძზე მიაბეს და სველი თოკით გადაჭიმეს, რათა ცეცხლის ზემოქმედების შედეგად, კანაფს მეტად შემოეჭირა და სხეულში შეჭრილიყო. ბრუნოს უკანასკნელი სიტყვები იყო: ,,მე ნებაყოფლობით ვკვდები მოწამედ!“

 

1. მოკალი მოძველებული ,,მე“!

   ...აი, ნახევარ საუკუნეს ათი წლით გადავაბიჯე. დიდი იმედი მქონდა, რომ ცხოვრების დამაგვირგვინებელ მონაკვეთს ჰამაკში ნებივრობასა და კითხვას დავუთმობდი. თუმცა, განგების დაუდგრომელმა ფანტაზიამ სულ სხვგვარად გადაწყვიტა და არსებული რეალობის იმდენად მოულოდენელი სურათი წარმომიდგინა, რომ ფერწერის ამ შედევრს თამამად შემიძლია მარაზმული სიურეალიზმი ვუწოდო. ამგვარ ვითარებაში, ერთადერთი, გონიერი გამოსავალია, ეს აბსურდი ,,დაიკიდო“ და საკუთარ თავს, უთხრა: ,,დღეს და ალბათ, ყოველთვის – ,,ზედაპირზე ნაგვის ტივტივის ეპოქა“ იყო და იქნება. გახსოვდეს – მიუხედავად ავტორიტეტების გამაყრუებელი პროპაგანდისა და კოლექტივის სიძულვილისა, მხოლოდ შენ ერთადერთს შეგიძლია მიაყენო საკუთარ თავს შეურაცხყოფა. ეცადე, დღევანდელობას, როგორც მოცემულობას, ისე შეხედო და გააგრძელო თავისუფლებისკენ ჯიუტად სვლა“.

   დღეს ხალხს კოლექტივში არსებობა და ავტორიტეტების უპირობო მორჩილება ხიბლავს – ვერაფერს გააწყობ. მასები ბოღმისა და დაშინების ძალით ცდილობენ, შენზე დიქტატი განახორციელონ და როგორც ინდივიდი დაგიმორჩილონ. ამიტომ არიან ისინი გაერთიანებულნი ,,ჯოგში“ – ასე არსებობა გაცილებით კომფორტულია. ისინი ამბობენ: ,,ვინც ჩვენს დიქტატს არ დაექვემდებარება – ის მტერია და უნდა განადგურდეს!”... მაშ, კაცმა, რა უნდა აკეთო, წამოუწვე, პასიურად უყურო ნაგვის ლივლივს და ელოდო მასების განაჩენს?

   არამც და არამც! ინდივიდის უმთავრესი ამოცანაა კოლექტივის ტყვეობიდან გათავისუფლება. თავისუფლების საწყისი წყარო კი - პროტესტია. საზოგადოების განვითარება პროტესტის გარეშე ჩერდება, ის ჩამყაყებულ ჭაობს ემსგავსება და კვდება. პროტესტი, პროტესტი და კიდევ პროტესტი – თუნდაც ჩუმი, თუნდაც უხმო, აქტიური ქმედების გარეშე, მაგრამ მაინც პროტესტი!

   პროტესტის გზა არა მხოლოდ კოლექტივთან ბრძოლითაა რთული, არამედ ის, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის დაძლევას გულისხმობს. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე პიროვნებამ საკუთარი ძველი ,,მე“, როგორც გველმა ტყავი, ისე უნდა გამოიცვალოს. მორიგი ,,მეს“ მოკვდინებით, ადამიანი მორიგ კერპს ამსხვრევს და მორიგ კოლექტივს ტოვებს. ასე თავისუფლდება და ვითარდება ის – თანდათან გამოდის მონობის წნეხისგან: ,,მესგან“, რომელიც გვთრგუნავს და არ გვაძლევს ფრთების გაშლის საშუალებას; რომელიც გვზღუდავს, რაღაც პირობითი აკრძალვებითა და წესებით; გვბორკავს კონკრეტული გარემოებებით და თავს გვახვევს ზემოდან დაშვებულ, კოლექტივში მიღებულ დრომოჭმულ შეხედულებებს.

   ეს გზა, დაუსრულებელია, ის გარდა განათლებისა, უპირველესად, პიროვნულ ნებას მოითხოვს  – გადაწყვეტილებას: ყოველდღიურად ებრძოლო მონას საკუთარ თავში – წვეთ- წვეთად გათავისუფლდე მონური ,,მესგან“. პროცესი მეტად რთულია და მტკივნეული, მაგრამ თუ არ გსურს, იყო რუსული იდეოლოგიისა და შინნაზარდი ,,ნებროთების“ თოჯინა, თუ გინდა გაისისხლხორცო დასავლური, იგივე ქრისტიანული ფასეულობების სისტემა, მხოლოდ ამ გზით უნდა იარო.

 

2. მოაკვდინე ელიტარული ფეოდალიზმი!

   ჩვენ ვცხოვრობთ ,,ცხელი ყინულისა“ და ,,წყლიანი ცეცხლის“, აბსურდის ქვეყანაში. ამ, ერთი შეხედვით, ჭრელი საზოგადოების გამაერთიანებელი თვისებებია – სიძულვილი, ფარისევლობა, მითოლოგიური ,,მუდამ მართლობა“ და... მუდამ მაძღრობა! ჩვენს აბსურდულ სამყაროში იმარჯვებს ერთი, ხოლო აჯილდოებენ სხვას.

   კასტებში გაერთიანებული ,,ბრონტოზავრების“ დრო უნდა დამთავრდეს – კონსტრუქცია, რომელიც არ ემყარება რეალურ კონკურენციას უნდა დაინგრეს!.. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ერთი პარადოქსი – რადგან ხსენებული ,,დინოზავრები“ გამობრძმედილი მედროვეები არიან, მათი დრო არასოდეს გადის – ნაგავი მუდამ ზედაპირზე ტივტივებს.

   ასეა თუ ისე, პოლიტიკური ბატალიები და პარტიების პირველობისთვის ბრძოლა მეორე პლანზე გადადის და მთავარი მიზანი, მახინჯი ტოტალიტარული კონსტუქციების ნგრევა ხდება – მოვიდა მენტალური რევოლუციის ხანა! დადგა ცილისწამების ნიაღვრისა და ყოფითი პრობლემების არად ჩამგდები მედროშეების–უშიშარი ჯორდანო ბრუნოებისა და გაბედული ჟანა დ’არკების დრო! ყოველდღიური ყოფის წნეხის მოწამენო, გიხაროდენ, მომავალი თქვენია! არა – კოლექტივიზმსა და პრივილეგირებულ კასტებს! არა – ტოტალიტარულ დეიდებსა და ბიძიებს, საბჭოელ ქალიშვილებსა და ჭაბუკებს! არა – შეღვიძებული მუმიებისა და დაბერებული ახალგაზრდების მარაზმს! არა – შემგუებლურ არსებობას – ჩვენი კრედოა პროტესტი! 

  ჩვენი სტილია – მუდმივი რისკი. ჩვეულებრივი მშვიდი ცხოვრება – ბოსელში გასასუქებლად შემწყვდეული საქონლის არსებობაა და საკლავი პირუტყვის ყასბის დანის მოსაწყენი მოლოდინი. არა სიმშვიდეს! ბრძოლა ტოტალიტარიზმის დაგუბებულ ჭაობში ჩაფვლას! უღიმღამო გდებას სჯობს სიკვდილი!

   ჩვენი მთავარი მტერია ,,ძეხვი“ და ფარისევლობა, უვიცობა და უქნარობა, მთავარი იარაღი კი გულრწფელობაა! ჩვენ შეიძლება დროებით შევცდეთ, მაგრამ ჩვენს გულრწფელობაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს.

 

3. ,,პროტესტანტიზმის“ მანიფესტი

   ჩვენ ,,პროტესტანტებად“ ვართ გაჩენილნი: ჩვენ ვიყავით და ვაპროტესტებდით, ვარსებობდით, მაგრამ არ ვჩანდით, ვყვიროდით და ვერ ვაგონებდით, ახლა კი თავის გამოჩენის დრო დადგა!

  ჩვენ არ გვიხდება უმრავლესობის როლი – მოწინავეები ხომ მუდამ უმცირესობაში არიან. ჩვენი ნამდვილი ფუნქცია სწორედ პროტესტია და შესაბამისად, მარტოობა და ჰეროიკულ პათეტიკას მოკლებული მოწამეობა, ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ წესად უნდა იქცეს.

  ცხადი იყო, პროგრესის გემი სვლას ანელებდა და ბოლოს დაიძირა კიდეც. ხომალდის ფსკერს წვრილბურჟუაზიული კონფორმიზმისა და მლიქვნელობის ხავსი მოედო. იდეალისტების გემის ეკიპაჟიც ზღვის ავადმყოფობის – ავტორიტარიზმისა და ძალაუფლებით თავბრუსხვევის მსხვერპლი გახდა. ხელისუფლებას მუდამ ემუქრება გადიდკაცებით ტკბობის რიფები და ხომალდიც ამ წყალქვეშა კლდეს შეასკდა. შედეგად, ჩვენ დავინახეთ საბჭოეთის მახინჯი, საზიზღარი იერი – იმპერიული რევანშის ზიზღითა და სიძულვილით გადაბრეცილი სახე. სწორედ დღეს გვაქვს საქმე უმრავლესობის უმცირესობაზე გაბატონების, სრულიად ლოგიკურ ვითარებასთან, მაგრამ  ჩვენ ყოველდღიურობის წნეხის მოწამეობას, არა თუ არ უნდა შევუშინდეთ, არამედ დიდად კმაყოფილნიც უნდა ვიყოთ, რომ დრომ ესოდენ დიადი მისია დაგვაკისრა! აბა, ვის სმენია და უნახავს ,,ელიტური“ ჯორდანო ბრუნოები და ,,სვეტი“ ჟანა დ’არკები? მათი ადგილი ეშაფოტი და აუტოდაფეს ცეცხლია, მათი საქმეა გმირობა.

   ...ესენი შეიძლება კარგა ხანს არ წავიდნენ – მათ, მენტალურად დამწყებ კლასებში მყოფმა, დიდმა უმრავლესობამ მისცა ხმა. ესენი სკამებს ჩაებღაუჭებიან, მაძღარ ცხოვრებას დააკვდებიან, ეს ხალხი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შვილებს დაივიწყებს, ფულისთვის დედებსა და მამებს არად ჩააგდებს, ეს ადამიანები კაბინეტებისთვის თავს დადებენ, სავარძლებს მიეჯაჭვებიან, კარებში ფეხებს გაფშიკავენ. ძეხვსა და სკამს მიმსჭვალული ჩინოვნიკები ძვლებს პარკეტზე დადებენ და ნებაყოფლობით არ წავლენ – უტიფრად უარს განაცხადებენ და მორჩა!

   ისევ იმ დიდმა უმრავლესობამ, გაწბილებულმა და განრისხებულმა, ამჯერად მენტალურად გაზრდილმა, მათ უდარდელ არსებობას უნდა შეუქმნას საფრთხე და... ისინი უბძოლველად, უკვალოდ, საპნის ბუშტივით გაქრებიან. აბა, როდის იყო ადამიანს ძეხვისა და ფულის გულისთვის შეეძლო თავის გაწირვა, ეს ხომ მხოლოდ იდეალისტების ხვედრია.

   მაშ, ჩვენ რა ვაკეთოთ?

   ჩვენ უნდა ,,მოვასწოროთ ბილიკები“ – მომავალი თაობებისთვის უნდა მოვამზადოთ ფასეულობების სამშენებლო მოედანი. ჩვენ – შავი მუშები, მტვირთავები და მენაგვეები ვართ, რომლებიც მოწოდებულნი ვართ ახალგაზრდებს დამუშავებული და გამარგვლული მინდორი დავახვდროთ, რათა ტოტალიტარიზმის სარეველამ ისევ, როგორც ეს ამ 20 -25 წლის მანძილზე ხდებოდა, უმშვენიერესი ყვავილები და ბაღ-ვენახი კვლავ არ დაჯაბნოს. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ტოტალიტარიზმის კოშკები, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ ახალი, აყვავებული, დასავლური ყაიდის, ეკონომიკურად წარმატებული და დამოუკიდბელი საქართველოს აშენება!

   არა - სოციალურ რევოლუციებსა და გადატრიალებებს, კი–მასების ევოლუციას, მენტალური რევოლუციის გზით! ხალხის მომზადება მომავლისთვის, როდესაც ჭაობის ათწლეული გაივლის, აი, ესაა უდიდესი მიზანი! სწორედ ესაა კონსტრუქციის სისტემური და არა ,,სისტემის" ისტერიული, მკივანა ნგრევა – აი ეს!

   ჯორდანო ბრუნოებისა და ჟანა  დ’არკების ათწლეული დგება!

   ჩვენ არ გვიხდება, არც გვეკადრება ვიღაცის უიდეო, კომფორტული ცხოვრების გამართლება;

   ჩვენ არ შეგვშვენის შემთხვევითი ხალხის მიერ შექმნილი კასტების დაცვა;

   ჩვენი ჭეშმარიტი მოწოდება პრომეთეს ჩირაღდნის ტარებაა;

   ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმას, რომ სიბეცის, სიბნელისა და შურის მთას ვიყოთ მიჯაჭვულნი;

   ჩვენ უნდა გავუძლოთ იმას, რომ ღვარძლისა და ცილისწამების არწივი უნდა გვკორტნიდეს.

   მაშ ასე, ჩვენ მოწოდებულნი ვართ საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ვიყოთ სარკე და ვაღიზიანოთ ის პროტესტით, ვითმინოთ მათი და მაინც შევანჯღრიოთ ისინი!

   ჩვენ სიცრუისა და ფარისევლობის ოკეანეში, უნდა გავხდეთ გულრწფელობის შუქურები. ჩვენ უნდა გავხდეთ გზა სიმართლისა... და ჩვენი საზღაურიც უმშვენიერესი იქნება:

   ჩვენ გავხდებით ტრამალის მგლები!

   ჩვენ შევიქნებით მენტალური რევოლუციის მედროშეები!

   ჩვენ შევიყვარებთ ყოველდღიურობის წნეხის მოწამეობას!

   ჩვენ დავატრიალებთ დედამიწას!

   ჩვენ გავხდებით მარილი ამაქვეყნისა!

 

  ,,პროტესტანტებო“ –ჩვენი დრო დადგა! იხარეთ ქართველო ჯორდანო ბრუნოებო! მომავალი თქვენია ივერიელო ჟანა დ’არკებო!

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია