ქართული კალათბურთი: SOS!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-08-2014, 01:32 | მსოფლიო | ნანახია - 1744

ქართული კალათბურთი: SOS!ნიკა რურუა

 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები  ზედიზედ მესამეჯერ გადის ევროპის ჩემპიონატზე, ანუ ე.წ. ,,ევრო-ბასკეტზე''. ეს არ შეიძლება იყოს შემთხვევის, ან გამართლების შედეგი. ეს უკვე ტენდეციაა, რაც  სწორი სტრტეგიის შედეგია სპორტის ამ სახეობაში, რომელიც ქართველებს რაგბისა და ჭიდაობის მხარდამხარ ძალიან კარგად გამოგვდის, თუ არსებობს შესაფერისი და აუცილებელი პირობები მისი მხარდაჭერისათვის.

 

ქართული კალათბურთი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ანგარიშგასაწევი ძალა იყო: საბჭოთა იმპერიის ნაკრებში, მისი პოლიტიკური და ეთნიკური ნიშნით დაკომპლექტების მიუხედავად, ყოველთვის თამაშობდნენ ქართველი კალათბურთელები; მათ გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო ნებისმიერი სერიოზული მიღწევის რეალიზება საერთაშორისო საკალათბურთო ასპარეზზე. ისეთი გვარები, როგორიცაა უგრეხელიძე, ჯორჯიკია, მინაშვილი, საკანდელიძე, ქორქია, დერიუგინი, მოგვიანებით სტეფანია, დღეს კი ფაჩულია, შენგელია, სანიკიძე - ქუხდნენ და ქუხან კალათბურთის სამყაროში. როგორც ეს წარსულში დიდმა ლიტველმა კალათბურთელმა სერგიუს იოვაიშამ აღნიშნა “ლიტველებსა და ქართველებს კალათბურთის სიყვარული სისხლში გვაქვს გამჯდარიო”.

 

მაგრამ ამ ბუნებრივ ნიჭს, რომელიც ჩვენზე მრავალრიცხვოვან ერებსაც კი ასე იოლად არ მოეპოვებათ, მზრუნველობა და გაფრთხილება რომ სჭირდება - ეს ერთი შეხედვით ტრუიზმია და წესით ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს.

 

სამწუხაროდ რეალობა სწორედ რომ საპირისპიროა.

 

დღეს, როდესაც დიდი შრომისა და საკმაო რესურსების დახარჯვის შედეგად, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, რის ვაი-ვაგლახით დალაგებული საქართველოს შიდა ჩემპიონატი განადგურების პირასაა თერთმეტი არსებული გუნდიდან, როგორიცაა ,,დინამო'', ,,შსს'', ,,არმია'', ,,სოხუმი'', ,,რუსთავი'', ,,ქუთაისი'', ,,ოლიმპი'',  ,,პოლიტექნიკური'', ,,უნივერსტეტი'', ,,სამედიცინო'' და ,,მაკაბი''- მხოლოდ ორი შემორჩა ქვეყნის შიდა ჩემპიონატს. სამოცდაათზე (!) მეტი კალათბურთელი დაითხოვეს საკუთარი გუნდებიდან, რადგან ამ გუნდებმა შეწყვიტეს არსებობა დაუფინანსებლობის გამო.

 

ეს გადაწყვეტილება კი დღევანდელი სპორტის სამინისტროსა და მთავრობის კაბინეტის სინდისზეა, რომელთაგანაც ყველა სამინისტრომ, რომელსაც საკალათბურთო გუნდი ჰყავდა, უარი განაცხადა მათ შენახვაზე.

 

მოტივაცია ამ უარზე სამინისროების მხრიდან, ისევე როგორც სპორტის მინისტრისაგან ასეთი იყო: სახელმწიფომ კლუბების შენახვაზე ფული არ უნდა დახარჯოს, რადგან ეს კერძო ინიციატივის, ანუ კერძო ბიზნესის დასაფინასებელიაო.

 

ამ განცხადებაში იქნებოდა ლოგიკა  ჩვენ რომ არა საქართველოში, არამედ იტალიაში, ესპანეთში ან აშშ-ში ვცხოვრობდეთ, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, დღეისათვის ბუნებაში არ არსებობს კალათბურთის კლუბების დამფინანსებელი ბიზნეს-საზოგადოება, ვისაც რაიმე მოტივაცია ექნება, რომ კომერციულად წამგებიანი ქვეყნის შიდა ჩემპიონატი აცოცხლოს და ფაქტიურად სპორტის ეს სახეობა გადაარჩინოს.

 

ქართული კალათბურთი: SOS!ამ ეტაპზე სწორედ სახელმწიფოს ზრუნვის საგანი უნდა იყოს კალათბურთის, როგორც ეროვნული სპორტის სახეობის გადარჩენა და ის სისტემა, რომელმაც გაამართლა, რამდენიმე წელი შესანარჩუნებელი იყო.

 

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის გარეშე ასევე ჩაკვდება საბავშვო კალათბურთი, რაც ჩვენი საკალათბურთო სტრატეგიული განვითარების ფუნდამენტი უნდა იყოს, რადგანაც მშობლები საკუთარ შვილებს აღარ მიიყვანენ ამ სპორტის წრეზე, ვინაიდან კალათბურთი მათ არაპერსპექტიულ სახეობა წარმოუდგებათ, და ალბათ მართლებიც იქნებიან.

 

ის წარმატებული ნაკრები კი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის განიცდიდა ე.წ. ,,მოკლე სკამის'' პრობლემას (შეცვლაზე შემოსასვლელი მოთამაშეების დეფიციტს), და მიუხედავად ამისა მესამეჯერ ზედიზედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, უკანასკნელი წარმატებული ნაკრები იქნება ქართული კალათბურთის ისტორიაში, რადგანაც ახალ მოთამაშეებს, დღევანდელთა სახელოვან შემცვლელებს, უბრალოდ ვეღარ ვიხილავთ - ისინი არ გაიზრდებიან და შესაბამისა არ იარსებებენ.

 

იმისათვის, რომ ეს დანაშაულებრივი გულგრილობით მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სამინისტროებისა და უმაღესი სასწავლებლების ბიუჯეტიდან დაფინანსების შეწყვეტის შესახებ შეიცვალოს, საჭიროა დღევანდელმა მინისტრთა კაბინეტმა საკუთარ თავს ერთი კითხვა დაუსვას: სურს თუ არა მას, რომ იგი დიდი შრომითა და წვალებით აღორძინებული ქართული კალათბურთის მესაფლავის სახელით შევიდეს ისტორიაში?

 

იმედს გამოვთქვამ, რომ არა. 

 

მინდა მჯეროდეს, რომ მავანის ჯინზე, ან ახირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიცვლება და ქართულ კალათბურთს მიეცემა წინსვლისა და დიდი გამარჯვებების საშუალება.

 

ვნახოთ, როგორც ამბობენ, ახლო მომავალი გვიჩვენებს.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია