გამოცხადებული საპრეზიდენტო არჩევნების ქრონიკა?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-07-2013, 22:08 | პოლიტიკა | ნანახია - 2072

ნიკა რურუა

 

ოდნავ დაკვირვებული მკითხველი სათაურიდანვე მიხვდება ავტორის შესაძლოა არცთუ ისე შეფარულ და უსაფუძვლო ეჭვს, თითქოს არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ 31 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების რეზულტატი წინასწარ გადაწყვეტილი იყოს. ოღონდ აქ საფრთხე ეხება არა ფიქციონალურ პერსონაჟს, არამედ ჩვენს ძალიან რეალურ, ახლო და შორეულ მომავალს.

 

საქმე ის არის, რომ თუ ეს არჩევნები არ ჩატარდა იმ მინიმალური სტანდარტის შესაბამისად, რომელსაც დამკვირვებლები “თავისუფალსა და სამართლიანს” უწოდებენ, მაშინ საქართველოს და მის ხალხს წინ რთული დღეები ელით.

 

დღეს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი საარჩევნო გზით გადაცემა, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ყოველი მომდევნო არჩევნების წესიერად ჩატარების ტრადიციად ქცევა - ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ თუ ნებისმიერ მომავალ არჩევნებში. ეს ნამდვილად ასეა, ვინაიდან დღეს საქართველო იმყოფება იმ საკვანძო მომენტში, როდესაც პოლიტიკური თამაშის უმთავრესი წესის - წესიერი, სანდო არჩევნების გზით ძალაუფლების მინიჭების ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.

 

წინა წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების სანდოობის ფაქტი უდავოდ გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩვენი ინფანტილური სახელმწიფოებრიობიდან გამოსასვლელ პროცესში, მაგრამ მხოლოდ ამის საწყისი ეპიზოდი და მეტი არაფერი; იმისთვის, რომ ეს ტრადიცია შეუქცევადი გახდეს, აუცილებელია ყველა მომდევნო საარჩევნო პროცესზე მაქსიმალური კოორდინაცია ყველა პატიოსან პოლიტიკურ ძალას შორის, რადგანაც დღევანდელ პოლიტიკოსთა გამოწვევა საკმაოდ არაორდინარულია - მათ გამარჯვების მოპოვება ევალებათ არა მხოლოდ ამომრჩევლის დარწმუნებით, არამედ, ამავე დროს, მოუწევთ ჩვენი და მსოფლიო საზოგადოების დარწმუნება იმაშიც, რომ ჩვენ უკვე სანდო, სერიოზული და კეთილგონიერი სახელმწიფო ვართ, რომელსაც ელემენტარული და ყველასგან აღიარებული თამაშის წესებით ოპერირება შეგვიძლია.

 

ვიმეორებ, ის უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იმდენად პატიოსნად ჩატარდეს, რომ მასში დამარცხებულსაც კი არ დარჩეს მღრღნელი ეჭვი, რომ მას ამომრჩეველთა ხმები მოპარეს, ვიდრე ის, თუ კონკრეტულად რომელი საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს; ერთი სიტყვით, დღეს სტანდარტული ფორმის სიზუსტის დაცვას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე შინაარსის რეზულტატს.

 

არ მინდა მკითხველს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩემთვის სულ ერთია, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგანაც კანდიდატებს შორის აშკარად დიდ კონტრასტს დავინახავთ, თუ მათი გამოცდილების, ხედვის, ღირებულებების ანალიზს შევუდგებით. პირადად ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო დღეს უკვე ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” შიდა პარტიული პრაიმერის პირველი ტურის ყურება; ვთვლი, რომ ეს ამ და ნებისმიერი პარტიის დემოკრატიული და ჯანსაღი განვითარების უალტერნატივო პირობაა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი არჩევნების პროცესში მათ მრავალი სხვა პარტიაც მიბაძავს, რადგან ასეთი ღია შანსი პოლიტიკოსებსა და ამომრჩეველს საუკეთესო და ყველაზე მეტად ინფორმირებული ურთიერთობის საშუალებას აძლევს.

 

ამას გარდა, ძალიან არ მინდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება (ისევე როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობა) ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მოხვდეს, რადგან ამ შემთხვევაში გარდაუვალი იქნება უკვე არაერთგზის დაშვებული ის მრავალი შეცდომა, რომელიც ჯერჯერობით გამოცდილებად ისევ ვერ იქცა; გამოცდილებად, რომელსაც სახელმწიფოებრივ სიბრძნესაც უწოდებენ, რომლის არსებობა ასე სჭირდება ჩვენს ახალგაზრდა, მზარდ სახელმწიფოს და ასაკოვან, ხშირად დაბნეულ სამშობლოს.

 

როგორც ქვეყანას, შეგვწევს თუ არა ძალა, შეცდომები გამოცდილებად ვთარგმნოთ, ამას სულ სამი თვის თავზე გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია