რევოლუციათა პერპეტუუმ-მობილე, ანუ ქართული ჩაკეტილი წრე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-09-2014, 01:02 | მსოფლიო | ნანახია - 1479

რევოლუციათა პერპეტუუმ-მობილე, ანუ ქართული ჩაკეტილი წრეზურაბ გურული

 

დე-ფაქტო რევოლუციამ მოიყვანა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად.

შესაბამისად, აქტიურ რევოლუციონერებს პატივისცემა-დაფასება სჭირდებოდა და ასე მოხვდა ათასი იმბეცილი და კრიმინალი მნიშვნელოვან თანამდებობებზე, შესაბამისი დასასრულით.

 

რევოლუციამ მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი და ზუსტად ანალოგიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი; ასევე ანალოგიური შედეგით.

 

დე-ფაქტო რევოლუციამ მოიყვანა "ოცნება" და შესაბამისად, რევოლუციის მთავარ მიზეზს გაუგორეს კოჭი. შედეგი სახეზეა. აღვირახსნილი და უკონტროლო ციხე ნელნელა იღებს კონტროლს ქუჩაზე.

შედეგი ზუსტად იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც. ლოგიკური კანონზომიერება არასოდეს ირღვევა.

 

პრობლემა სულ სხვა რამეშია

მეოცნებეთა შეუპოვარი უარყოფა არსებული პრობლემებისა აუცილებლად გამოიწვევს ახალ რევოლუციას და გაგრძელდება პერპეტუუმ-მობილე.

კაი ხნის წინ დავწერე ისტორია, თუ როგორ გაუძლო ამერიკის მთავრობამ ცდუნებას, არ დაარღვია კანონი და ბანდიტი და მკვლელი ალ-კაპონე მაინც კანონის ყველა პუნქტის დაცვით, გადასახადების გადაუხდელობის გამო დააპატიმრა; რადგან არცერთი სხვა სამხილი არ გააჩნდათ მის წინააღმდეგ.

რატომ გააკეთა ეს ამერიკამ?

ერთი მიზეზის გამო. კანონის დარღვევა სწორედ იმ პლატფორმის დანგრევას გამოიწვევდა, რაზეც მთელი სახელმწიფო იდგა.

 


დიახ, თუ პოლიციელს, პროკურორს უფლებას დართავ რომ კანონის გვერდის ავლით ციხეში გამოამწყვდიოს დამნაშავე, ამით მართალია ხანმოკლე მიზანს აღწევ, მაგრამ შეუქცევადად რყვნი იმ პოლიციელსაც და იმ პროკურორსაც. კანონის დარღვევა ნარკოტიკის პირველი გასინჯვასავითაა. ერთხელ შეცდები და მერე სამუდამოდ დამოკიდებული გახდები. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ რამდენიმე კრიმინალის იზოლირებაში სახელმწიფო გადაიხადე საფასურად.

სწორედ ეს გახლდათ ნაციონალების მთავარი შეცდომა. ლოგიკური კანონზომიერება არც ამ შემთხვევაში დაირღვა და კრიმინალების იზოლაციას პარალელურად საკანონმდებლო-აღმასრულებელი სისტემის გარყვნა მოჰყვა. შედეგი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, რევოლუცია და სახელმწიფოს მთავარი პლატფორმის მოშლა გამოდგა.

რას აკეთებს კოალიცია "ოცნება?

მათმა ლიდერებმა ხარკის გადახდა დაუწყეს რევოლუციის შემოქმედთ, რომლებმაც მშვენივრად მოითბეს ხელი პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემებით. ძალიან კარგად მახსოვს და ნამდვილად ვერ დავუკარგავ პრემიერ ღარიბაშვილს იმას, რომ სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ბესელია-კაკაბაძის ტოტალურ და უკონტროლო ამნისტიას. სამწუხაროდ, მაშინ შსს მინისტრი დაადუმეს.

შესაბამისად, უპრინციპობამ ისევ უკანონობა და ქაოსი გამოიწვია.

კომიკურია იმის მტკიცება, რომ კრიმინალმა მნიშვნელოვნად არ მოიმატა. ბოლოსდაბოლოს, თავად #1 მოქალაქე ამბობდა, რომ კრიმინალი აუცილებლად მოიმატებს და ამას გაგებით მოეკიდეთო.

 

კოალიცია "ოცნების" მომხრეების უმრავლესობას პირადი ღირსების შელახვად მიაჩნიათ ამის აღიარება. არადა, მათ რომ ნორმალური მოქალაქეობრივი შეგნება ჰქონდეთ, აუცილებლად აღიარებდნენ არსებულ რეალობას და ყოველგვარ პარტიულ კუთვნილებას გვერდზე გადადებდნენ ამ საკითხთან მიმართებაში. გაზრდილ კრიმინალს სტატისტიკის ხელოვნური დამახინჯება, მიჩქმალვა და ისტერიული უარყოფა არ უშველის. ის უფრო გაიზრდება, გაძლიერდება და ბოლოს ქვეყნის ყველა მოქალაქეს ერთნაირი ძალით დაარტყამს.

 

მერე? … მერე კიდევ ახალი რევოლუცია მოხდება …

თუ ქვეყანას ამ პათოლოგიური წრიდან გამოსვლა სურს, საზოგადოებამ ბაზისურ, ფუნდამენტურ საკითხებში უნდა მოახერხოს შეხების წერტილების მოძებნა და კონსენსუსი, თორემ საბოლოოდ პასუხს ისევ საკუთარი სისხლით ზღავს!

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია