კოშმარი უკრაინაში „კრიზისის“ სახელით

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-09-2014, 19:21 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 1348

კოშმარი უკრაინაში „კრიზისის“ სახელითმართა იამანიძე

 

ცხელ ზაფხულში საკმარისზე ბევრი ვიხილეთ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მოვლენების თვალსაზრისით. უპირველესად კი კულტურისტის პოზიციაში მყოფი რუსეთის ფედერაციის თავმოწონებას ვადევნებდით თვალს. სამწუხაროდ, მხოლოდ თვალს ვადევნებდით... გავიგეთ, რომ ისტორიის ახალი ქვე-თავის წერის დროს დასავლური საზოგადოება ოკრო-ბოკრო ასოების გამოყენებას თავს არ არიდებს, და არც იმას ჩქარობს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოს სუვერენიტეტის ეტაპობრივ რღვევას სამხედრო ძალის გამოყენებით შეჭრა ან აგრესია დაარქვას. გავნათლდით, რომ ევროპაში ნატო-ს ახალი ბაზების თემის ამოტივტივება მთლად ცივი ომის დასაწყისს არ ნიშნავს. და რაც მთავარია, ჩვენ - ისინი, ვინც ერთ დროს გულზე ხელს ვიბრაგუნებდით, როდესაც უკრაინის ლიდერი გაქანებული ომის დროს ჩვენივე ქვეყნის დედაქალაქში სხვა სახელმწიფო ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა - შევშფოთდით და ჯანდაცვის მინისტრი მივავლინეთ „მეგობარ“ ქვეყანაში მხარდაჭერის გამოსახატად. კანცლერ მერკელსაც თმების დაწიწკვნით ვემუქრებოდით - ჩვენ პატარა ხალხი. არც ის დაგვვიწყებია უელსის სამიტი რომ გვიახლოვდება და იმის გათვალისწინებით, რომ სანუკვარი „მაპი“ ჰორიზონტზე არ ჩანს, ერთგვარ ავანსად გავეცით ყველა ის, რბილად რომ ვთქვათ, საყვედური ევროპელების მიმართ, ამ ოცნებას ნაცარტუტად რომ გვიქცევენ ხოლმე დროგამოშვებით, სამიტების მიმდინარეობისას. 

 

რაც შეეხება დასავლეთს - აქ უკვე პროტოკოლის ნაწილად ქცეულმა შეშფოთებამ „ჩაიხვია.“ საბედნიეროდ, ევროპელ ლიდერთა ნაწილი არ მორიდებია რუსეთის გაკიცხვას და არც იმის შეშინებია „გალახული“ დარჩენილიყო დიდ გამბიტში. პოლიტიკური წონის მქონე ევროპელები, უფრო მეტად იმაზე ზრუნავდნენ საქმიანი იერი შეენარჩუნებინათ მინსკის შეხვედრის დროს, აქაოდა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა სიმხდალე არ შეგვამჩნიოსო, ვიდრე შედეგიანი გეგმა წარედგინათ კონფლიქტის სრულყოფილი მოგვარებისთვის. არც ვაშინგტონში იყო სიტუაცია დალხენილი - ამერიკის პოლიტიკურ და სამეცნიერო წრეებში არსებული ტენდენციები ძირითადად იმას გვკარნახობენ, რომ ერთნი, დემოკრატიული პარტიის მოთავეობით, არსებულ მოცემულობას უპირისპირდებიან, მაგრამ მძლავრი ბერკეტების ამოქმედებას სიფრთხილით ეკიდებიან; მეორენი - რესპუბლიკელი სენატორების სახით უკრაინის სამხედრო დახმარებაზე აკეთებენ აქცენტს; ხოლო მესამენი, პროფესორ ჯონ მაინშაიმერის მსგავსად, თვითკრიტიკით არიან დაკავებული და „უკრაინის კრიზისის მიზესს“ დასავლეთის უგუნურობაში ხედავენ.

 

რეალურად, ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება. ალბათ ამიტომ, მინსკის შეხვედრისას ბევრმა ისტორიას გადავავლეთ თვალი და 1938 წლის მიუნხენის შეთანხმება გავიხსენეთ. ბევრ დასავლელ პოლიტოლოგს მხოლოდ ეცინება, პუტინის ადოლფ ჰიტლერთან შედარებისას. ფიქრობენ, რომ ეს გადაჭარბებულია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „Mein Kampf”-ის ავტორმა წინასწარ გაამჟღავნა თავისი სამხედრო-პოლიტიკური გეგმები, მაგრამ ამას ხელი არ შეუწყვია ევროპელებისთვის ჯეროვანი ყურადღებით აღექვათ წიგნის ავტორი. პუტინს, მართალია ამგვარი წიგნი არ დაუწერია, მაგრამ ალბათ საკმარისია გავიხსენოთ მიუნხენის 2007 წლის უსაფრთხოების კონფერენცია, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს არ მორიდებია მიმდინარე მსოფლიო წესრიგისთვის „უნიპოლარული მოდელი“ დაერქმია და ეს მოდელი „მიუღებლად“ შეერაცხა.

დიახ, ჯერ კიდევ 2007-ში, ერთი წლით ადრე საქართველოსთან ომამდე, პუტინმა სიცხადე მოჰფინა რუსეთის პოლიტიკურ გეგმებს, დაადასტურა, რომ მის სახელმწიფოს აღარ აკმაყოფილებდა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ცივი ომის შემდეგ დადგენილი სტატუს-ქვო. შედეგად, დაიწყო საზღვრების გადახედვის პროცესი, მართული კრემლიდან. ამ პროცესის შედეგებს საქართველოს შემდეგ დღეს უკრაინაში ვხედავთ.

 

ფაქტია ისიც, რომ სანქციები მეტნაკლებად მუშაობს. მაგრამ მათი მიზანი - დაარწმუნოს რუსეთი, რომ არ ღირს უკრაინის ანექსია მისი საერთაშორისო იზოლაციის ფასად - მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღებს ნაყოფს. მანამდე, კი სანამ სანქციების ძალას რუსეთის ფედერაცია თავისივე ტყავზე გამოცდის, დრო არ ითმენს. უკრაინელი ჯარისკაცები იღუპებიან და ზამთარიც ახლოვდება. რუსეთს არაფრად ადარდებს ეს სანქციები. რუს ხალხს პური ჯერ კიდევ არ მოჰკლებია და სანახაობასაც ძალზე „თვალწარმტაცად“ ხატავს პროპაგანდისტული მანქანა. რჩება კითხვა - მოკლევადიან პერსპექტივაში რა შეუძლია დასავლეთს? დაეხმაროს უკრაინას იარაღით? და თუ ასე მოხდა, ეს ნიშნავს დაეხმაროს უკრაინას ბრძოლაში, რომელიც შეიძლება გაიწელოს?

დასავლეთს არ სურს ხანგრძლივი ომი ევროპის დასალიერზე. უფრო მეტიც - სავალალოა, რომ დასავლეთს ისიც არ სურს, რუსეთს აგრესორის კვალიფიკაცია მისცეს და აღიაროს, რომ უკრაინასთან ომს აწარმოებს. სწორედ თავშეკავება და ორაზროვნება კონფლიქტთან დაკავშირებით განაპირობებს იმას, რომ დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო ტექნიკით დახმარება ძალზე სათუო რჩება დღევანდელ დღემდე. იმისათვის, რომ წინაპირობა შეიქმნას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, უნდა გაცხადდეს რომ რუსეთი აგრესორია. ამის ნება კი ჯერჯერობით არ არის.

 

არავინ იცის რაზე საუბრობდნენ ლიდერები მინსკის შეხვედრის დროს. მაგრამ ამ შეხვედრამ ვერ ჩააცხრო კონფლიქტი, მოკლე ხანში კი რუსეთის პრეზიდენტმა ისიც „შეგვახსენა,“ რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა. ყოველივე ამის ფონზე, და იმის გათვალისწინებით, რომ მინსკის შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ (თან „კრიზისის“ დარეგულირებაზე აპელირებდნენ) იმაზე მეტყველებს, რომ დასავლეთი დაინტერესებულია საკითხის უსწრაფეს ვადაში მოგვარებით, რათა მან არ მიიღოს სრულმასშტაბიანი კონფლიქტის სახე. თუმცა ეს მათი აზრით. თორემ ის, რომ უკრაინაში კონფლიქტმა მზარდი მასშტაბები შეიძინა დასამალიც აღარ არის.

ამგვარად ორი სცენარი რჩება - დაეხმაროს დასავლეთი უკრაინას რუსეთთან ომში ან დაეხმაროს უკრაინას მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან, რათა კონფლიქტი დარეგულირდეს. პირველი სცენარის შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გაგრძელდა, არავინ იცის როდემდე გასტანს ის. თუ გაიწელა, შესაძლოა რუსეთი ამასობაში გონს მოეგოს - აღიაროს, რომ მას არ სჭირდება გაჭიანურებული ომი, რადგან სანქციები შედეგს გამოიღებს. მაგრამ სათუოა სადამდე გაძლებენ უკრაინელი მებძროლები. შედეგად უკრაინის იმ ნაწილებზე, რასაც მებძოლები არ დათმობენ ქვეყნის დე-ფაქტო და დე-იურე იურისდიქცია გავრცელდება, დანარჩენი კი იქნება გაყინული კონფლიქტის სტატუსში. ამგვარი სცენარი მეტნაკლებად უკრაინის ინტერესშია, რადგან უკეთესი შედეგი მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში მას არ ექნება. რაც შეეხება მეორე სცენარს - ძალზე სათუოა რუსეთი, რომელსაც თავი დღემდე გამარჯვების ზენიტში წარმოუდგენია, მისთვის მიუღებელ შეთანხმებაზე დაიყოლიონ. ხოლო ის, რომ რაც რუსეთისთვის მისაღებია, უკრაინისთვის უპირობოდ მიუღებელი იქნება, განმარტებას ალბათ არ საჭიროებს.

 

ჯერჯერობით მოვლენები მეორე სცენარით ვითარდება - დასავლეთი მოწოდებულია რუსეთ-უკრაინის შეთანხმების მიღწევით. თუ ეს შეთანხმება რაიმე ფორმით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ეჭვქვეშ დააყენებს, რუსეთი ფაქტობრივად დაიკანონებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების მიტაცების ფაქტს. მსჯელობის ცალკე თემაა - რას უქადის ამგვარი პრეცედენტი ევროპის უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს. ამ შემთხვევაში ჩვენ - პატარა ხალხი - კიდევ ერთხელ ვირწმუნებთ, რომ დასავლეთი რუსეთს ჯერ კიდევ არ აღიქვამს საკმარის საფრთხედ, მაგრამ არცერთ დიქტატორს ხომ არასოდეს აღვიქვამდნენ გამოწვევად?

ამასობაში რუსეთი სამხედრო სტრატეგიის გადახედვას იწყებს. დასავლეთი კი ამის გაკეთებას ჯერ არ ჩქარობს - მას დრომოჭმულად ეჩვენება ტანკებისა და ქვემეხების ყიდვაზე ფულის ხარჯვა, არაკონვენციური შეიარაღების ზრდასა და ბირთვულ განიარაღებაზე კი ძალას არ იშურებს. ამ ორი საერთაშორისო აქტორის - რუსეთისა და ამერიკის სტრატეგიებში - მსხვილკალიბრიანი კონცეპტუალური სხვაობაა. რუსეთს სამეზობლოში პოლიგონების მშენებლობა აქვს იდეა-ფიქსად (უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ზრახვებზე აღარ დავკონკრეტდები), ამერიკას კი ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის განეიტრალება და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. როგორც ვხედავთ, ამ ორში დიამეტრალური აცდენაა. და ალბათ ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს რატომ არ მიიჩნევს არც დასავლეთი ცივი ომის გადმონაშთს ჩრდილოეთით უპირობო საფრთხედ. შედეგად, განაგრძობს შეშფოთების გაჟღერებას 3D-ში, თითქოს ხელებსაც იკაპიწებს, შეხვედრასაც აწყობს გაერო-ს უშიშროების საბჭოში, იქ კი უკრაინაში, ადამიანური კოშმარი ჯერ ისევ „კრიზისად“ ეჩვენებათ. 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია