დემოსთენეს მემკვიდრეები (I)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
10-09-2014, 23:51 | მსოფლიო | ნანახია - 1298

მირიან თოიძე

(ნაწილი პირველი)

 

„ტირანიების პირისპირ დემოკრატიების შენარჩუნება მუდმივი გამოწვევაა“

დემოსთენე, მეორე ფილიპიკა. 344 წ. ძველი წელთაღრიცხვით

„ისტორია შესანიშნავი მეგზურია პოლიტიკოსებისთვის: პირველ ყოვლისა, ახალი ბედუკუღმართობების თავიდან ასაცილებლად და, მეორე მხრივ, მათზე სწორი რეაგირებისთვის, ვინაიდან, საუკეთესო სურვილებისდა მიუხედავად,  ბედუკუღმართობების არსებობა გარდუვალია“

მიხეილ სააკაშვილი, Foreign Policy. 2014 წ. აპრილი

 

1941 წლის მაისში ანტიკური ხანის ინგლისელმა მკვლევარმა, ადელა ადამმა ადგილობრივ პრესაში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „ფილიპე, მეტსახელად ჰიტლერი“ („Philip Alias Hitler”), სადაც სიტუაციობრივი პარალელები გაავლო ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე საუკუნის საბერძნეთსა და თანამედროვე ევროპას შორის. ელინისტური სამყაროს ერთერთ ცენტრალურ პერსონაჟზე, ფილიპე მეორე მაკედონელზე მსჯელობისას, ავტორი მოიშველიებს მე-19 საუკუნის ბრიტანელი ისტორიკოსის, ჯორჯ გროტის დახასიათებას, რომ „ფილიპე მისი ეპოქის უდიდესი აგრესორი იყო“ და, ფილიპეს მიერ დამკვიდრებული „ახალი წესრიგის“ იდეას, 1930-40-ანი წლების ევროპაში ჰიტლერის მიერ წარმოებული პოლიტიკის კონტექსტში განიხილავს: „უდავოა, რომ ფილიპემ თავისი მეფობა პანონიელებისა და ილირიელების იმ რამდენიმე ტერიტორიის დაპყრობით დაიწყო, რომლებიც მას არ ეკუთვნოდა და შემდეგ,  სიცოცხლის ბოლომდე განაგძობდა თავისი მზარდი ძალაუფლების გამოყენებას კიდევ უფრო მსხვილი წარმონაქმნების წინაამღდეგ. სწორედ ამ პროცესის სხვა და სხვა ქმედებებშია  ჰიტლერის საქმიანობასთან მსგავსება.“   აქვე, ადელა ადამი იმდროინდელი ათენის ფილიპესადმი დამთმობ პოლიტიკას 1940 წელს საფრანგეთის ჰიტლერის წინაშე კაპიტულაციას ადარებს და განსაკუთრებით აღნიშნავს დემოსთენეს მიერ ინიცირებული „რეზისტანსის“, ანუ წინაამღდეგობის პოლიტიკის უნივერსალურობას. 

 

თუმცა, ბრიტანელი მეცნიერის დემოსთენესადმი მიდგომაში ახალი ბევრი არაფერია, რადგან  სხვა და სხვა ეპოქასა თუ გეოგრაფიულ სივრცეში დემოსთენეს მოღვაწეობას, მის კონცეპტუალურ ხედვებს მუდამ ჰყავდა მხურვალე მხარდამჭერები და მოწინაამღდეგეები, რომლებიც მას ფაქტიურად თანამედროვე პოლიტიკოსად აღიქვამდნენ. ყოველივეს მიზეზი უთუოდ საერთაშორისო ურთიერთობებში ხშირად არსებული სიტუაციობრივი მსგავსებებია და, ამ მხრივ, დემოსთენეს დაპირისპირება ფილიპე მეორე მაკედონელთან, მის მიერ განხორციელებული წინაამღდეგობის პოლიტიკა, ქრესტომატულ დატვირთვას იძენს.

 

სწორედ ამ ისტორიული პარალელების კონტექსტშია საყურადღებო ის სამხედრო - პოლიტიკური გარემო,  რომელმაც ანტიკურ საბერძნეთში  IV საუკუნის შუაწელში დაისადგურა. ძველი წელთაღრიცხვით 359-58 წლებიდან მოყოლებული მაკედონიის ამბიციურმა მმართველმა, ფილიპე მეორემ ინტრევენციონისტული პოლიტიკა წამოიწყო, რომელიც თანდათანობით ათენის ინტერებსაც დაემუქრა. 357 წელს მან დაიკავა ამფიპოლისი, მსხვილი ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, შემდეგ კი თესალიაში შეიჭრა. ხოლო, როდესაც 352/53 წლებში ფილიპე თერმოპილეს მიადგა, საიდანაც იხსნებოდა გასასვლელი ბეოტიაზე და ატიკაზე, ათენელებისთვის ცხადი შეიქმნა, რომ საომარი მოქმედებების თეატრმა უშუალოდ მათ სამეზობლოში გადმოინაცვლა. ყოველივეს შედეგად, ათენელთა ნაწილი უიმედობამ მოიცვა: ფილიპეს შთამბეჭდავი წარმატებები მათ ღვთის ნებად მონათლეს და წინაამღდეგობის გაწევა უაზრო ძალისხმევად მიიჩნიეს.

 

დაახლოებით ამ მომენტში ათენის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენილი დემოსთენეს სიტუაციური ანალიზით, ფილიპე II-ს ამბიციას ათენის უბრალო კაპიტულაცია არ დააკმაყოფილებდა. დემოკრატიული ათენი, თავისი რეპუტაციიდან გამომდინარე, მაგალითს წარმოადგენდა მთელი ბერძნული სამყაროსთვის და ამიტომ მისი, როგორც სუვერენული ქალაქი-სახელმწიფოს არსებობას ფილიპე არ შეეგუებოდა.

 

351 წელს დემოსთენემ წარმოთქვა თავისი პირველი „ფილიპიკა“, სადაც ათენის ისტორიის, მისი სახელოვანი წარსულის მატერიალური და ფსიქოლოგიური თავისებურებების წარმოჩენით, ათენელთა რიგებში საბრძოლო განწყობილებების შეტანას შეეცადა. დემოსთენეს თქმით, როგორც კი (თუნდაც ყველაზე მძლავრი) სახელმწიფო შეწყვეტს თავისი პოზიციების დაცვას, უმალვე ჩნდება სიცარიელე, რომლის შევსებას სხვა ძალა შეეცდება. მსგავსი ვითარების წინაშე, დემოსთენე უტევს თავის ოპონენტებს, რომლებიც არსებული status quo -ს შენარჩუნებასა და ფილიპესთან დაზავებაზე ამყარებდნენ იმედებს, რადგან ფილიპეს ამბიციების გათვალისწინებით, ასეთი სტატუს კვო ილუზორული იქნებოდა. ყოველივედან გამომდინარე „ფილიპიკაში“ დემოსთენეს მიზანია ფილიპეს დემისტიფიკაცია, მისი არა ღვთაებრივი ძალით აღჭურვილ გმირად, არამედ გაუმაძღარ დამპყრობლად წარმოჩენა.

 

ამავე დროს, დემოსთენეს „რეზისტანსის“ სტრატეგია ეყრდნობოდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების რეალისტურ ანალიზს, რომლის მიხედვით ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს თავისი გავლენის გავრცობას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია. ამიტომ, რომელიმე ცალკეული სახელმწიფოს ექსპანსიის შეჩერება მხოლოდ სხვა სახელმწიფოთა წინაამღდეგობას შეეძლო. ცხადია, მშვიდობა ომზე უპირატესი მდგომარეობაა, მაგრამ დამოუკიდებლობის პირობებში მშვიდობის შენარჩუნება ძალთა თანაფარდობის უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს. ამ ვითარებაში კი, ძალთა თანაფარდობის და, აქედან გამომდინარე, საერთო უსაფრთხოების დარღვევა არა ცალკეული სახელმწიფოების ექსპანსიონისტური სწრაფვის, არამედ სხვების მიერ წინაამღდეგობის გაწევაზე უარის თქმის და აგრესორის ნებას პასიური დაყოლის ბრალია. ნებისმიერ ფასად მშვიდობის შენარჩუნება დემოსთენესთვის ნამდვილი „ავადმყოფობაა“, რომელსაც დათმობიდან დათმობამდე, სახელმწიფო დამონებისკენ და განადგურებისკენ მიჰყავს. შესაბამისად, პოლიტიკური რეალიზმის პრინციპი მოითხოვს სახელმწიფოების შეჯგუფებას და ამგვარად ჰეგემონისადმი დაპირისპირებას. ესაა ძალთა თანაფარდობის თეორიის მთავარი იდეა, რომლის ავტორობას მე-18 საუკუნის შოტლანდიელი მოაზროვნე, დევიდ ჰიუმი სწორედ დემოსთენეს მიაწერდა.

 

სრულიად თვალსაჩინოა, რომ თავიანთი უნივერსალური ხასიათიდან გამომდინარე, დემოსთენეს პოლიტიკური კონცეფციები საუკუნეების განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებდნენ და ისტორიული პარალელების ნიმუშს წარმოადგენდნენ. როდესაც მე-15 საუკუნეში ნიკეა - კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბესარიონმა იტალიას შეაფარა თავი, მან თავისი მოწოდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქრისტიანებისადმი - გაერთანებულიყვნენ თურქთა წინაამღდეგ, დემოსთენეს „ოლინთელების“  ციტირებით დაიწყო. ბესარიონი თურქებს მაკედონელებთან აიგივებდა, ბერძნებს ქრისტიანებთან, ხოლო თავის თავს დემოსთენესთან. ბესარიონისთვის ფილიპე ის ბარბაროსია, რომელიც ცივილაზიციას მოსპობით ემუქრება, დემოსთენე კი ცივილიზაციისა და თავისუფლების დამცველი. ერთი საუკუნით გვიან, ელისაბედ პირველის ინგლისში, სწავლული თომას ვილსონი დედოფლის დავალებით „ოლინთელებს“  ინგლისურად თარგმნის. ისევე როგორც IV საუკუნის ათენს, 1570 წლის ინგლისსაც „ბარბაროსი“ მეფის, ფილიპეს შემოჭრა ემუქრება. ამჯერად „ბარბაროსი“ - ესპანეთის მეფე ფილიპე მეორეა. პროტესტანტი ინგლისელებისთვისაც კათოლიკე ესპანელები სხვანი არავინ არიან თუ არა და ბარბაროსები. მოგვიანებითაც, დემოსთენესადმი დამოკიდებულება პოლიტიკური მრწამსისდა მიხედვით განისაზღვრებოდა. ასე მაგალითად, XX საუკუნის მეორე ნახევარში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბანაკებს შორის „დეტანტის“, ანუ „მშვიდობიანი თანაარსებობის“ ხანაში, საბჭოთა კავშირთან თანამშრომლობის მომხრეებისთვის პოლიტიკურ მოდელად დემოსთენეს ოპონენტი „მტრედები“ - ესქინე და ფოციონე რჩებოდნენ, დემოსთენე კი უპასუხისმგებლო „ქორად“ აღიქმებოდა. მეორე მხრივ მათთვის, ვინც საერთაშორისო ურთიერთობებს რაციონალურ, ძალთა თანაფარდობაზე დამყარებულ სისტემად განიხილავს, დემოსთენე სწორედ ის რეალისტი პოლიტიკოსია, რომლის გაფრთხილება ორ ათასწლეულზე მეტია უნივერსალურ ხასიათს ინარჩუნებს: „დესპოტებთან მჭიდრე ურთიერთობა მუდამ საფრთხის შემცველია თავისუფალი სახელმწიფოებისთვის.“

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია