მითები, ასოციაციები, ვარიაციები....

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-09-2014, 15:27 | მსოფლიო | ნანახია - 5448

მითები, ასოციაციები, ვარიაციები....გაგა გობრონიძე

 

გავიხსენოთ ჩვენი პირველი ასოციაციები, როდესაც სადმე ყურს მოვკრავთ ტერმინს - „37 წელი“.   დიდი ეჭვი მაქვს, რომ ფრანკლინ რუზველტი  და სიტყვაზე  გერმანული ცეპელინი „ჰინდენბურგი“ არ გაგვახსენდება. არა და ზუსტად ამ, 1937  წელს, რუზველტი ოფიციალურად ხდება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი  და ამავე წელს  დღემდე ანგაჟირებული  „ჰინდერბურგის“ საკმაოდ ბუნდოვანი და საეჭვო კატასტროფა მოხდება.  აი ჩვენ კი, უკვე რეფლექსების დონეზე, „37 წლის“ გაგონებაზე,  რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გონებაში ამოგვიტივტივდება შემდეგი ასოციაციური ფენომენები -დახვრეტები, რეპრესიები და...    ლავრენტი ბერია.


ახლა კი გაგაკვირვებთ.  რამდენადაც უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენი. უკვე რეფლექსების დონემდე ჩამოყალიბებული ეს ასოციაცია აბსოლუტურად და ძირშივე  არასწორია.  მხოლოდ ერთი მომენტია - ამ წერილის იდეა არანაირად არის ამხანაგ ლავრენტი ბერიას „გათეთრება“, ან რაიმე მსგავსი. „ბერია“ მხოლოდ  ეპიზოდი იქნება და თემის გაშლაში დაგვეხმარება.

 

გავერკვეთ თუ რატომ არის ყველანაირად მცდარი  ბერიას დაკავშირება „37 წელთან“.  არ უნდა დიდი კვლევები და გასაიდუმლოებულ არქივებში ჯდომა, რომ შევიტყოთ უმარტივესი ფაქტი - ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის მასშტაბით (რასაც დრემდე მიაწერენ), უბრალოდ, ფიზიკურად ვერ უხელმძღვანელებდა იმ მასიურ სისხლიან ვაკხანალიას, რაც ამ ქვეყანაში „37 წელს“ ტრიალებდა. სიმართლეა ის, რომ 1937 წელი ყოველმხრივ რეპრესიების  პიკი იყო მასშტაბებითაც და სისასტიკითაც (აქ „ლენინის დეკრეტებს“ და „1918-21 წლის სამოქალაქო ომის“ ჰორორებს შეგნებულად არ ვამატებ. ეს ცალკე თემაა და ალბათ  მედიცინის დარგის ექსპერტის კონსულტაციაც დაგვჭირდება.),  მაგრამ მოდით გავიხსენოთ სად იმყოფება ამ დროს ლავრენტი ბერია. ნებისმიერი ტიპის დოკუმენტიდან გავიგებთ, რომ ბერია მხოლოდ 1938 წლის აგვისტოში  დატოვებს საქართველოს და ინიშნება „НКВД“-ს კომისარის ი. ეჟოვის მოადგილედ და მოგვიანებით, ამ უკანასკნელის დაპატიმრების შემდგ, იმავე წლის ნოემბერში  ეჟოვის პოსტსაც დაიკავებს.  აქედან დაკვნა - მთლიანი ქვეყნის მასშტაბით გამართულ რეპრესიებს და დახვრეტებს, რომლის პიკიც მართლაც რომ 1937 წელზე მოდის, ლავრენტი ბერია უბრალოდ ფიზიკურად ვერ უხელმძღვანელებდა, ხოლო ფენომენი„ბერია- 1937 წლის რეპრესიების ორგანიზატორი“, რბილად რომ ვთქვათ უბრალოდ უზუსტობაა.

აღარ შევჩერდებით ლავრენტი ბერიაზე. უბრალოდ ამ შესავლით ერთ რამეს გავუსვით ხაზი.  მას თავისი პირადი (და უამრავი)  ცოდვებიც ეყოფა, რომ კიდევ ერთხელ არ დავუმძიმოთ ე.წ. „იმქვეყნიური არსებობა“. უბრალოდ ეს „ისტორიული მითი“ მოგვიანებით, კერძოდ ხრუშჩოვის პერიოდს უკავშირდება და ზუსტად მაგ პერიოდიდან გვამახსოვრდება  ყველას (უკვე რეფლექსის დონემდე). და ეს შემთხვევა არ არის უნიკალური და ერთადერთი.

 

მოდით გავიხსენოთ სხვადასხვა(თითქოსდა) ისტორიული ფაქტი, რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არ გვეპარება. ჩამოვთვალოთ, ხოლო შემდეგ როგორც „ბერიას შემთხვევაში“ მოვიქეცით, პირველწყაროებს და ოფიციალურ დოკუმენტებს ვენდოთ და არა  რაღაც  „ხალხურ ზეპირსიტყვიერებას“.

ყველაზე „რომანტიული“ ისტორია - თუ როგორ დაწვა იმპერატორმა ნერონმა (Clavdius Caesar Avgustus Germanicus) მარადიული ქალაქი რომი, როგორ იდგა თავის სასახლესთან და ამ გრანდიოზული ხანძრის ფონზე როგორ უკრავდა ვიოლინოზე (თუმცა „ვიოლინო“ საკმაოდ მოგვიანებით დაემატა ამ ისტორიას).  ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ვთქვათ ის, რომ ამ ფაქტს(და თან ამ კონტექსტში) პირველად ენციკლოპედისტი და ისტორიკოსი გაიუს სვეტონიუსი გვამცნობს. რომის ხანძრის და ნერონის ბრალეულობა პირველად მის ნაშრომში გაიჟღერებს. ეს ყველაფერი მშვენიერია და სვეტონიუსიც დიდი ავტორიტეტია, მაგრამ უნდა გავიხსენოთ ერთი რამ. სვეტონიუსი, რომელიც „რომის ხანძრიდან“ სადღაც 4-5 წლის შემდეგ დაიბადება, ორგანულად და სამართლიანადაც (იყო იქ პირადულიც)  ვერ იტანდა ნერონს და აქედან გამომდინარე ის ფაქტი, რომ იმპერატორმა რომს ცეცხლი გაუჩინა  ავტორის პირადი აზრია და არანაირად  არის ისტორიული ჭეშმარიტება. რომის იმ დროინდელ ქრონიკებს (და არა 40 წლის შემდეგ ვიღაც მწერლის პირად სიმპათია-ანტიპათიას) თუ დავეყრდნობით,  შევიტყობთ, რომ ნერონი საერთოდ არ იმყოფებოდა იმ დროს რომში. როდესაც მან ხანძრის შესახებ შეიტყო, ყველაფერი იღონა (სასახლის ბაღში დაზარალებულების შეშვებიდან დაწყებული, პირველად დახმარებებამდე დამთავრებული), რომ რაღაცით მაინც შეეწყო ხელი დაზარალებულთათვის. არა, ნერონი დიქტატორი და პერიოდულად შიზოფრენიკიც რომ იყო ამას არავინ უარყოფს, მაგრამ ...

ეხლა ვიოლინოს რაც შეეხება. ეს ინსტრუმენტი შუა საუკუნეებშია გამოგონებული და ნერონს პირად კოლექციაში ვერანაირად ექნებოდა. მაგრამ ჩვენ მაინც ვერავინ ვერაფრით  გადაგვარწმუნებს,  რომ ნერონმა არ გადაწვა რომი და ხანძრის ფონზე ვიოლინოზე არ უკრავდა...

 

მსგავსი მითები ჩვენში დღემდეა „გამჯდარი“.  თუნდაც ნაპოლეონის, ან ადოლფ ჰიტლერის „სიდაბლის“ შესახებ  საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფსიქოლოგიაში ტერმინიც გამოჩნდა -„ნაპოლეონის კომპლექსი“, რომელიც დაბალი,  თითქმის ჯუჯა ტანის, მაგრამ ზუსტად ამის გამო ჰიპერ აქტიური მამაკაცების ქმედებებს აღწერს. ცოტა უცნაურია, თუნდაც იმიტომ რომ ნაპოლეონ ბონაპარტეს სიმაღლე ოფიციალურად დადგენილი 169სმ-ია და ეს მაშინ, როდესაც ევროპაში იმ პერიოდისთვის საშუალო სიმაღლე მამაკაცებში 166-167 სმ-ია.  ხოლო ადოლფ ჰიტლერს რაც შეეხება, უბრალოდ google-ის მეშვეობითაც ადვილად შევიტყობთ, რომ ამ „ჯუჯის“  სიმაღლე 173 სმ-ია (ჰო, და კიდევ მწვანე თვალებიც ჰქონდა). და  თუ ამ დროს პარალელურად გავიხსენებთ იოსებ ბესარიონის ძის რეალურ სიმაღლეს, ჰიტლერის შემთხვევაში ყველაფერი თავის ადგილზე დგება. მაგრამ ჩვენ სადღაც ქვეცნობიერში მაინც ვიცით, რომ ზემოთ აღნიშნული ეს ორი პიროვნება საკმაოდ ტანმორჩილები იყვნენ.

 

კიდევ რომელი ერთი... აი თუნდაც ჯორდანო ბრუნოს ისტორია, რომელიც ადრეულ ბავშვობაში გაგვიგია. „მრგვალია, ბრუნავს და ა.შ.“ - თითქოსდა მხოლოდ ეს ბრალდებები იყო, რისთვისაც ეს პიროვნება კოცონზე ავიდა. რეალურ ბრალდებებს რომ ბოლომდე მივყვეთ, ეს ამბავი საერთოდ შორს წაგვიყვანს. უბრალოდ რამდენიმე ფაქტს მოვიყვან.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჯორდანო ბრუნო 1548 წელს დაიბადა.მარტინ ბეჰაიმის ცნობილი გლობუსი  (ანუ „ Erdapfel“) კი  დამზადებულია 1494 წელს, ანუ 54 წლით ადრე ბრუნოს დაბადებამდე სამყარომ მშვენივრად იცოდა, თუ როგორი მრგვალი იყო და როგორ ბრუნავდა დედამიწა. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება ამ მითის დასანგრევად. თუნდაც ის, თუ როგორ გაუყო რომის პაპმა სამყარო პორტუგალიელებს და ესპანელებს ასევე გლობუსის მიხედვით და ესეც ჯორდანოს დაბადებამდე კაი ხნით ადრე მოხდა.  ჩვენში კი მაინც მუდამ დარჩება მითი „თავისუფალი აზრისთვის დაღუპული ჯორდანო ბრუნოს“  შესახებ.

 

მგონი საკმარისია ისტორიულ-რომანტიული წიაღსვლები. თან ეს ამბები საკმაოდ ადრინდელი პერიოდისაა  და არც ისეთი ვნების მომტანი. სამაგიეროდ არსებობს უამრავი მსგავსი  მითი თითქმის ჩვენი რეალობიდან, რომელიც,  გვინდა-არ გვინდა , საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე და აქედან გამომდინარე ჩვენზეც.

ბოლო პერიოდია  ჩვენში საკმაოდ გაძლიერდა ე.წ  „ანტიდასავლური“ პროპაგანდა. თან, მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ -  მიუხედავად იმისა, რომ ეს პროპაგანდა  თავიდან ბოლომდე გადმოტანილი და პირდაპირ ნათარგმნია ჩვენი ჩრდილო ერთმორწმუნე მეზობლის ენიდან და ამასთან ერთად საკმაოდ მდარე და უნიჭოა, მაინც მუშაობს და  სამწუხაროდ საკმაო გავლენას ახდენს ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც თავის მხრივ აბსოლუტურად ყველაფერს „ყლაპავს“ რასაც „ჩასძახებენ“.  ალბათ ჩვენი „ნიჭიერება და სიზარმაცე “ კარგად არის ცნობილი მავანისთვის. იცის, რომ რასაც წავიკითხავთ, არც გადავამოწმებთ და ეგრევე დავიჯერებთ  და ისიც თავის მხრივ გვამარაგებს და გვამარაგებს ძალიან დაბალი დონის ჭორ-ინფორმაციით, რომლის მთავარი აზრი და დანიშნულება ერთია  - „გარშემო ყველაფერი უწმინდურია, დიდი ძმის გარდა“ . და ჩვენც გვჯერა ...

მაგალითად გვჯერა  სტალინის უდიდესი ღვთისნიერების და მისი ფარული „ქრისტიანობის“.  ამ დროს კი საკმარისია დაინტერესებულმა ადამიანმა უბრალოდ ნახოს საბჭოთა კავშირში ეკლესია-მონასტრების კლებადობის (ნაგულისხმევია ნგრევა-ლიკვიდაცია. მოდით დავარქვათ თავისი სახელები ყველაფერს)   და ბერ -მონაზვნების რაოდენობის შემცირების (აქაც ფიზიკურ განადგურებაზე გვაქვს საუბარი)  სტატისტიკა და... წესით ამ მითმა კრახი მარტივად უნდა განიცადოს. მაგრამ არა!  ჩვენ მაინც გვჯერა. ასევე გვჯერა ყველაზე პოპულარული და მისტიკური მითის - თუ როგორ შემოატარეს (თვითმფრინავით) სტალინის ბრძანებით მტერმომდგარ მოსკოვს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი..

დიახ, „ორიგინალში“ ზუსტად რომ „ტიხვინის ღვთისმშობელი“ ფიგურირებს. ამ ისტორიაში „ყაზანის  ღვთისმშობელი“  მას მოგვიანებით ჩაანაცვლებს. მიზეზი კი უმარტივესია - ქ. ტიხვინი სადაც ეს ხატი იყო დასვენებული, გერმანელებმა 1941 წლის 9 ნოემბერს აიღეს და ხატიც, როგორც ისტორიული სიმდიდრე ჯერ გადაიტანეს რიგაში, ხოლო მოგვიანებით მესამე რეიხში გადააგზავნეს. სხვათა შორის, საკმაოდ დიდი მოლაპარაკებების შემდეგ ხატი 2004 წელს დაუბრუნდა თავის ადგილს.  მითის ავტორები მიხვდნენ, რომ რაღაც აბსურდი გამოსდიოდათ და ზუსტად ამ დროს გაჩნდა „ყაზანის ღვთისმშობლის“ ვერსიაც.  ამას დავამატოთ ის ფაქტიც, რომ ზემოთ აღნიშნულ მითს მხოლოდ ერთი „წყარო“ ჰყავს - მწერალი, ვინმე ნიკოლოზ ბლოხინი, რომელიც თავის მხრივ ავიაციის მარშალ გოლოვანოვს იმოწმებს.   და მორჩა, მეტი არაფერი. მაგრამ დიდი და არც თუ ისე უსაფუძვლო ეჭვი მაქვს, რომ ამ მითსაც ხანგრძლივი სიცოცხლე უწერია...

 

და კიდევ ერთი ‘’მავნე“ ლეგენდა - „დალესის გეგმა“.  ახლა მის შინაარსს აქ არ მოვყვებით. მკითხველმა, მგონი,  ისედაც კარგად უწყის ამ  „დოკუმენტის“ (რომელიც უცებ გახდა ცნობილი 1993 წლიდან) ავბედითობის და ბოროტების შესახებ. უბრალოდ რამდენიმე ფაქტზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას. პირველი ის, რომ ძალიანაც  რომ მოგენდომებინათ (სადღაც 2 წლის წინ) და მთელი ინტერნეტი გადაგექექათ, ე.წ. „ორიგინალს“,  ანუ ინგლისურ ენოვან დოკუმენტს ვერც კი იპოვნიდით.  ბოლო პერიოდია  გამოჩნდა „დალესის გეგმის“ ინგლისურ ენოვანი ვერსიებიც. რუსებმა  იკადრეს და როგორც იქნა თარგმნეს. მაგრამ თარგმნეს ისე, რომ თავად რუსი ექსპერტების დასკვნებით „დოკუმენტი“ თავიდან ბოლომდე სიყალბეა.  ტექსტში იმდენი რუსული იდიომია  გამოყენებული, რომ დამწყები ფილოლოგიც მიხვდება რა ენიდან არის ეს ყველაფერი  ნათარგმნი (და რაღაც ძალიან საეჭვოდ წააგავს რუსული ფილმის „Вечный Зов“  ერთ - ერთ ეპიზოდში უარყოფითი გმირების დიალოგს). და კიდევ ერთი, და ყველაზე სახალისო, რაც „დალესის გეგმის“ ბოლო ვარიანტებში აღარ გვხდება.  პირველად ვერსიებში  ერთი ფაქტორი დიდხანს ფიგურირებდა.  ტექსტის ბოლოს ეწერა თარიღი -1945 წელი, და ხელის მოწერა თანამდებობის მითითებით - ალენ დალესი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი.

 

არა,  ჩვენ კი მაინც გვჯერა „დალესის გეგმის“  არსებობის და  რეალურობის, მაგრამ CIA (CentralIntelligenceAgency) 1947 წლის 18 სექტემბერს შეიქმნა.

ზემოთ ჩამოთვლილი  ფაქტების შემდეგ, წესით არც კი უნდა გაგვიკვირდეს „შინაური წარმოების“  ჭორების, ზღაპრების და მითების არსებობის. ბოლოს და ბოლოს მთელი ერის თუ ქვეყნის ისტორია  შეიძლება ითქვას ერთ თარგზე გამოჭრილი მითოლოგიაა, რომლისაც უაპელაციოდ გვჯერა.  ხოლო „ზღაპრების“  მოტრფიალე ვერასოდეს ვერ გააკეთებს მოვლენიდან გამომდინარე ლოგიკურ დასკვნას. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. და ჩვენც გვჯერა და აზრადაც არ მოგვივა რამე გადავამოწმოთ.  გვახსოვს ალბათ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, რატომღაც, „ზოოპარკიდან ფარშევანგები რომ თავის ეზოში გადმოაყვანინა“. შემდეგ კი, როდესაც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, როგორ გაიტანა ეროვნული ბანკიდან არც მეტი და არც ნაკლები „200 000 000 მანეთი“ . ისე უბრალოდ ვინმეს მაინც გადაეთვალა მაშინდელი კუპიურების გათვალისწინებით და გაერკვია ეს თანხა  მოცულობაში რამდენია, საინტერესო შედეგს მიიღებდა.  მთავარია ითქვა...

 

ამას წინათ მსგავსი მითი გააქტიურდა. ამჟამად კიდევ ერთ უკვე ყოფილ პირველ პირზე, რომელმაც არც მეტი და არც ნაკლები „19 მილიარდი გაიტანა ხაზინიდან“. ამ ციფრმა მის მიერ უამრავი მკერდ დაკბენილი მანდილოსნების ისტორიები საერთოდ გააუფერულა. გამსახურდიას შემთხვევისგან განსხვავებით დღეს ამ „19 მილიარდის გატაცების“ ისტორიის გადამოწმებას არც არაფერი უნდა. ამას რიგითი მოქალაქეც კი შეძლებს,  მაგრამ ზვიად გამსახურდიას „მილიონების“ არ იყოს, ამ ლეგენდასაც  დიდი ხსნის სიცოცხლე უწერია. ადამიანი ამ ყველაფერზე გაიცინებდა და მინიმუმ მხრებს აიჩეჩავდა. ერთი პრობლემა რომ არ იყოს.  მსგავსი „ისტორიებით“  ხდება ქვეყანაში საკმაოდ დიდი მასების უბრალოდ მოტყუება, მანიპულირება და რეალობისგან მოცილება. ეს კიდევ თავის მხრივ ქვეყნისთვის საკმაოდ ნეგატიური შედეგების მომტანია. არ დავიწყებთ ამ თემის გაშლას, ეს უფრო პოლიტოლოგების, სოციოლოგების და სხვა მსგავსი ტიპის ექსპერტების საქმეა. უბრალოდ ძალიან მძიმე მოსასმენი, ასატანი და შემდეგ საერთოდ რთულად  „გადასახარშია“ ინფoრმაცია, რომელსაც ან ოფიციალური პირი განაცხადებს,  ან რომელიმე(აგრეთვე ოფიციალური) ბეჭდვითი ორგანო გამოაქვეყნებს ხოლმე. მაგალითად ასეთი ტიპის ინფორმაციას - მავანი და მავანი სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებაში პატიმრებს (ქალებსაც) ორგანოებს კვეთდა და შემდგომ უცხოეთში გაჰქონდა. ასეთი ზომბირების შედეგად, დიდი შანსია, ქუჩაში დაპირისპირებები და სისხლისღვრაც კი მოხდეს. მითუმეტეს იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ტრადიციულად არ გჩვევია ე.წ. „პირველწყაროში“ ჩაკირკიტება და ყველაფერ მსგავსს ადვილად ვიჯერებთ.

 

P.S.  (როგორც იტყვიან მინაწერის ნაცვლად)

 

აი მე კიდევ უცებ გადავწყვიტე ბოლომდე გამერკვია „ორგანოებით ვაჭრობის“ ფენომენი და მეგობარ და საკმაოდ წარმატებულ ექიმს, რომელიც ნიუ ორლეანში მოღვაწეობს გადავურეკე და გამოვკითხე ყველაფერი ამ თემის შესახებ.


ზურამ (ასე ჰქვია ამ პიროვნებას)გარკვეული  მოკლე პაუზის შემდეგ, რაღაც მსგავსი მიპასუხა (სტილი დაცულია):

 

ავიღოთ თირკმელის მაგალითი. ასე არ ხდება, თირკმელი ამოჭრა და სადმე გაგზავნო. 48 საათის შემდეგ (ისიც თუ შენახულია ყველა წესის ზუსტი დაცვით) ორგანო უვარგისია ტრანსპლანტაციისათვის. ამიტომ, უნდა არსებობდეს საინფორმაციო ბაზა, თუ რა გენოტიპის თირკმელი სჭირდებათ. ამას უნდა სერიოზული იმუნოლოგიური ლაბორატორია თავისი გაწვრთნილი პერსონალით. ამასთან, ამოჭრილი თირკმელი თუ ქვეყნიდან გადის, მთელი სერვისი უნდა არსებობდეს  ამისათვის, სანამ ის ლაბორატორიიდან  საოპერაციოში მოხვდება. ძირითადად ტრანსპორტირება ხდება სპეციალური თვითმფრინავით. თავად ქირურგიული ლაბორატორია კი დაკომპლექტებული უნდა იყოს სპეციალურად გაწვრთნილი გუნდით. თირკმლის ამოღება უნდა მოხდეს ცოცხალი ორგანიზმიდან (მაგალითად,ავარიების შედეგად გარდაცვლილების ორგანოებს იყენებენ. სანამ ორგანოების ამოღება არ დასრულდება,  ანესთეზიოლოგი სრულად ინარჩუნებს ნორმალურ სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში), თორემ გარდაცვლილი ადამიანის ორგანოები აბსოლუტურად უვარგისია ტრანსპლანტაციისათვის (ასეთ შემთხვევაში იყენებენ მხოლოდ ძვლებს და რქოვან გარსებს). ამიტომ, აუცილებელია სათანადოდ აღჭურვილი საოპერაციო, თავის საანესთეზიო მანქანით და სიცოხცლის პარამეტრების მაკონტროლებელი ხელსაწყოებით. აუცილებელია ერთი ქირურგი (ან სპეციალურად გაწვრთნილი ექთანი), რომელმაც ზუსტად იცის რა განაკვეთები გააკეთოს და როგორ ამოიღოს ორგანო, აგრეთვე სპეციალური ფიზიოლოგიური ხსნარები თირკმელის შესანახად. რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს სტერილურობის და სეპტიკა-ასეპტიკის ყველა წესის დაცვით. და გაგა, თუ სადმე მსგავსი და არალეგალური სტრუქტურა იქნა აღმოჩენილი, მხოლოდ მაშინ შეიძლება დარწმუნებით ითქვას,  რომ ადგილი აქვს ორგანოების  უკანონო  ტრანსპლანტაციას“.

 

No Comment

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია