ახალი ორლეანი, ჯაზი და… კორკოტა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-07-2013, 20:10 | კულტურა | ნანახია - 2778

ახალი ორლეანი,  ჯაზი და… კორკოტათიკა ნიკოლაძე

 

ახალი ორლეანი რომ ჯაზის სამშობლოა, ალბათ, გსმენიათ.  ამბობენ, პირველი ჯაზმუსიკა აფროამერიკელებმა სწორედ ნიუ ორლეანში დაუკრესო. პირველ ჯაზშემსრულებლად წოდებული ბადი ბოლდენიც ნიუ ორლეანის ცნობილ ბარ Funky butt-ში მოუსმენია პირველად ამავე ქალაქში მცხოვრებ ჯერ კიდევ მცირეწლოვან ლუი არმსტრონგს და, სხვათა შორის, არ აღფრთოვანებულა - მეტისმეტად ძლიერად უბერავს ინსტრუმენტშიო, უთქვამს. მოგვიანებით ხუმრობდა კიდეც, ალბათ ამიტომაც გაგიჟდაო...

 

ბადი ბოლდენის პირველ ჯაზმენად მოხსენიებას ბევრი ფორმალობას უწოდებს და სინამდვილეში პირველ ჯაზმენებად  პლანტაციებში მომუშავე ჩვენთვის უცნობ მონებს თვლის. იმასაც ამბობენ, რომ ჯაზი ნიუ ორლეანის საროსკიპოებში დაიბადა, თავად სახელწოდება Jazz  კი მომდინარეობს სიტყვიდან Jasmine, Jass, რადგან ამ საროსკიპოებში მომუშავე ქალები ჟასმინის სუნამოს იყენებდნენ.

 

მოკლედ, პირველი ჯაზმუსიკოსის ვინაობაზე, ისევე როგორც საერთოდ ჯაზის წარმოშობის ისტორიაზე, დღემდე კამათობენ, მაგრამ ახალმა ორლეანმა ამ მუსიკალური მიმდინარეობის განვითარებაზე უდიდესი გავლენა რომ მოახდინა, ამაზე არავინ დავობს.

 

ინფორმაცია ნიუორლეანელ ჯაზმუსიკოსებზე 1890 წლით  თარიღდება. სახალხო შემოქმედების გამომჟღავნების მიზნით, ქალაქში დაიწყეს ფესტივალ Mardi Gras-ის  ჩატარება, 1895 წელს ბადი ბოლდენმა შექმნა პირველი ორკესტრი, რომელიც შესაძლოა ადრეულ ჯაზორკესტრად მივიჩნიოთ, 1898-ში კი ნიუ ორლეანში დაარსდა ახალი, მუსიკოსებისთვის განკუთვნილი უბანი სტორივილი.

 

სწორედ სტორივილში დაიბადა 1901 წლის 1 აგვისტოს ლუი არმსტრონგი (მისი დაბადების თარიღიც საკამათოა, მაგრამ მაინც).

 

...მაგრამ ახლა ამ სტატიას ლუი არმსტრონგზე კი არა, სალომე კორკოტაშვილზე ვწერ. უფრო სწორად, იმაზე, თუ როგორ მოხვდა კორკოტა და მისი ჯგუფი SALIO მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და ყველაზე მასშტაბურ ჯაზფესტივალზე. ამიტომ ჯობს, ისევ ახალ ორლეანს მივუბრუნდეთ.

 

მოკლედ, ლუი არმსტრონგის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე,  1970 წელს, ნიუ ორლეანში პირველად ჩატარდა დღეს უკვე კარგად ცნობილი ჯაზფესტივალი (New Orleans Jazz & Heritage Festival).

 

პირველ წელს ფესტივალზე დასასწრები სულ რაღაც 350 ბილეთი გაიყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფესტივალის მონაწილეთა რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატებოდა დამსწრეთა რაოდენობას. დროთა განმავლობაში ახალი ორლეანის ყოველწლიური ფესტივალი ამერიკის ყველაზე მასშტაბურ ფესტივალად იქცა და დღეს მას საშუალოდ 650 000 ადამიანი სტუმრობს.

 

ნიუ ორლეანის ფესტივალში მონაწილეობა მიუღიათ ისეთ ცნობილ მუსიკოსებს, როგორებიც არიან ელა ფიცჯერალდი, ბობ დილანი, მაილს დევისი, ჰერბი ჰენკოკი, პოლ სიმონი, ჯეიმს ბრაუნი, არეტა ფრანკლინი, ბი ბი კინგი, ბილი ჯოელი, სტივი უანდერი და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი...

 

ახალი ორლეანის ტრადიციული ჯაზის  ფესტივალი 1970 წლიდან დღემდე ყოველ წელიწადს, აპრილის ბოლო კვირას - მაისის დასაწყისში ტარდება.

 

2012 წლის მაისში ახალ ორლეანსა და ბათუმს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ბათუმში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალის პროდიუსერები უნდა ჩამოსულიყვნენ და ქართველ კოლეგებს ახალი ორლეანის ფესტივალის ქართული ანალოგის შექმნაში დახმარებოდნენ. 

 

...საკითხავია, რამდენად შესაძლებელი იქნება მომავალში ახალ ორლეანსა და ბათუმს შორის ამ კუთხით მეგობრობის გაგრძელება იმის ფონზე, რომ ბათუმის წლევანდელ ჯაზფესტივალს კულტურის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ შარშან ბათუმში მართლაც ჩამოვიდა ფესტივალის მთავარი მენეჯერი ქუინთ დევისი, სალომე კორკოტაშვილს მოუსმინა და New Orleans Jazz & Heritage Festival-ზე მიიწვია. SALIO-ს გამგზავრება მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფესტივალზე ფინანსურ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ჯგუფს დაეხმარნენ „კოკა-კოლა“, „ელიტელექტრონიქსი“, „გასა“ და სხვები... კულტურის სამინისტროს მხოლოდ ჯგუფის წევრების ახალ ორლეანში საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა მოუხდა, რაზეც უარი აღარ თქვა. მოკლედ, ახლა SALIO  პირველი ქართული ჯგუფია, რომელმაც ნიუ ორლეანის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და თან ისეთ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან ჯონ მაიერი, ჯორჯ ბენსონი, ბილი ჯოელი, Earth Wind and Fire, MAROON 5  და სხვები.

 

სალომე კორკოტაშვილი: ”2012 წლის ბათუმის ჯაზფესტივალზე მივიღე მონაწილეობა და იქ გავიცანი ქუინთ დევისი - ახალი ორლეანის ჯაზფესტივალის მთავარი მენეჯერი. კონცერტის შემდეგ მითხრა, რომ აუცილებლად მიმიწვევდა თავის ფესტივალზე. ორ თვეში მართლა მომწერა და  ჯგუფის ორი ლაივ ვიდეოს გაგზავნა მთხოვა... გადავიღეთ  SALIO-ს  ვიდეოები, გავგზავნეთ... მოეწონათ... მერე ოფიციალურად მიგვიწვიეს.

 

წლევანდელი ფესტივალი 26 აპრილს დაიწყო. ჩვენ ჯერ  ნიუ იორკში ჩავფრინდით, იქიდან - ახალ ორლეანში... პირველივე დღეს Earth wind & fire-ის კონცერტს დავესწარით. კონცერტის შემდეგ ჯგუფის წევრები გავიცანით და მათთან ერთად ღვინოც კი დავლიეთ. ჩვენი სიმღერები მოვასმენინეთ... დღემდე გვაქვს კონტაქტი...

 

ალბათ პირველი არ ვარ, ვინც  ამბობს, მაგრამ ამერიკაში მართლა ხდება სასწაულები. ნიუ ორლეანში გარეთ რომ ვმღეროდით, იმდენი ხალხი მოდიოდა ჩვენს მოსასმენად, რომ ქუჩა იკეტებოდა. ერთ-ერთ ასეთ ქუჩის კონცერტზე შემთხვევით Maroon 5-ის გიტარისტმა ჩამოაირა, მოვეწონეთ, ჩვენი მეილი ჩაიწერა. მასთანაც დღემდე ვურთიერთობთ -  რჩევებს გვაძლევს, მხარში გვიდგას...

 

ქუჩაში არაერთხელ ვიმღერეთ, ფესტივალის ფარგლებში კი ჩვენი კონცერტი 2 მაისს გაიმართა და საათ-ნახევარს გაგრძელდა.  მართალია, ამინდმა ხელი არ შეგვიწყო, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ნორმალურად ჩაიარა ყველაფერმა. ქუინთ დევისისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობდით. თან ხალხი იმდენად პოზიტიური და კეთილგანწყობილია, რომ თავი ზღაპარში გგონია. ზედმეტად მიმაჩნია იმის თქმა, თუ რამდენად დიდი გამოცდილება იყო ჩვენთვის ამ ფესტივალზე სიმღერა. თავისთავად ცხადია, რომ ქართული ჯგუფისთვის ისეთ ფესტივალში მონაწილეობა, სადაც ამ დონის მუსიკოსები იყრიან თავს, დიდი ნაბიჯია წინ.

მე თვითონ რომელი მონაწილე მომეწონა ყველაზე მეტად? – Mutemath-ის გამოსვლა იყო ძალიან  მაგარი. კარგი პერფორმანსი ჰქონდა, ბოლოს სცენიდან გადმოხტა...  სხვათა შორის, ამ ცოტა ხნის წინ მცხეთაში გამართულ ”ოაზისზე” მეც გადმოვხტი სცენიდან, თან ორჯერ J

 

კიდევ რამე უნდა ვთქვა? რა ვთქვა? -  ახალი ორლეანის ფესტივალის შემდეგ არაერთი შემოთავზება გვაქვს როგორც ევროპიდან, ისე ამერიკიდან, მაგრამ წინასწარ არ მინდა რაიმე ვთქვა, რადგან ბოლო დროს რაც ვთქვი, ყველაფერი ჩაიშალა და ხალხს მატყუარა ვგონივარ J. მოკლედ, ყველაფერი წინ არის!“

 

ქართველ მსმენელს კი SALIO-ს მოსმენა, 20 ივლისს ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე, კარმენ სოუზას კონცერტამდე შეეძლება.


Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია