„არა - დინამოს“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-07-2013, 21:27 | კომენტარები | ნანახია - 2729

მამუკა კუდავა

 

საქართველოს ნაკრების შეხვედრებისგან განსხვავებით, ჩვენი „დინამოს“ თამაშზე კარგა ხანია არ დავდივარ და ალბათ ბევრი სხვა ლატენტური დინამო-გულშემატკივარივით დამბურძგლა ფან-კლუბის ქომაგობის ვიდეოს ნახვამ მოსკოვის „დინამოსთან“გუშინდელი მატჩის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, თბილისელი ქომაგების სკანდირებაში ბევრი პატრიოტული, გუნდის მხარდამჭერი და ყველა ფან-კლუბისთვის დამახასიათებელი ჟარგონული შეძახილი გვესიამოვნა. თუმცა, ერთი პასაჟი არ ჯდებოდა კონტექსტში - თბილისელი „დინამოელები“ მოსკოველ „დინამოელებს“ უყვიროდნენ - „არა - დინამოს“!

სიტყვა “დინამო” ძველბერძნულში ძალას ნიშნავდა, ამჟამად საერთაშორისო პრეფიქსად გამოიყენება ძალის აღსანიშნავად, ძირითადად კი თანამედროვე ტექნოლოგიაში იხმარება - ელექტრული გენერატორი, რომელიც კომუტატორის მეშვეობით მუდმივ დენს აწარმოებს.

1923 წელს მთავარი ჩეკისტის ფელიქს ძერჟინსკის ინიციატივით, მოსკოვის ფეხბურთის ერთ-ერთ გუნდს „დინამო“ დაარქვეს. მას შემდეგ შეიქმნა „დინამოს“ კლუბების ასოციაცია და ერთგვარი დინამოური „ამხანაგობი“-ს სოლიდარობა, რომელსაც შსს და კგბ აფინანსებდა.

თბილისის „დინამო“ 1925-ში დაარსდა მოსკოვის მიბაძვით და მასაც შსს მფარველობდა. რუსებთან დაპირისპირება ყველაზე მგრძნობიარედ ფეხბურთში იკვეთებოდა და ამიტომ ქართულ ენაში სიტყვა ”დინამო” მალე გარკვეულწილად ეროვნულ იდენტობასთან გაიგივდა, ბოლოს კი არაერთი საბჭოთა მედლისა და და ევროპული თასის აღების გამო - „ოქროს ბიჭებთან“ და მაშასადამე წარმატებულ ქართველობასთან - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდი გახდა. თუმცა, ეს ბრენდი მაინც საბჭოთა იყო, განსხვავებით ბორჯომის, წინანდალის, ხაჭაპურ-ხინკალ-ჭაჭის ან თუნდაც მანდარინ-ჩაისგან. უბრალოდ, იმიტომ, რომ უამრავი „დინამო“ არსებობდა: „რკინის ფელიქსის“ გადაწყვეტილების შემდეგ  საბჭოთა სივრცეში და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში „დინამო“ სოკოებივით მომრავლდა - ფეხბურთში (კიევი, მინსკი, სამარყანდი, ზაგრები, ტირანა, ბერლინი, ჰარარე და ა.შ.), კალათბურთში, ჰოკეიში და სპორტის სხვა სახეობებში.

სწორედ ამიტომ, გუშინ ჩვენი ჩინებული ფანები ორმაგად აღტკინებულად გაიძახოდნენ „არა - დინამოს“ - მოსკოვის საფეხბურთო კლუბს ოკუპანტიც ეძახო და შენი სახელიც, არალოგიკური და სასაცილოა. სასურველი იქნებოდა, კლუბისთვის თავიდანვე ეროვნული სახელი დაგვერქმია ან შემდგომში გამოგვეჩინა პატრიოტიზმი და სომხებივით გადაგვეკეთებინა („ერევნის დინამო“ ჯერ „სპარტაკი“, შემდეგ კი „არარატი“ გახდა). რადგან ეს არ მოხდა, უკვე „იბერიად“ გადარქმეული „დინამო“ მაინც უნდა შეგვენარჩუნებინა, თან „მოსკოვის დინამოსთან“ ამხანაგობას იბერიის ნახევარკუნძულის ელ კლასიკოს გრანდებთან დამეგობრება აჯობებდა უდაოდ. ის არგუმენტი, რომ ხალხი ახალ სახელს ვერ მიეჩვია, დემაგოგიურია, რადგან ხალხი ნელ-ნელა თავისუფლების მოედანსაც მიეჩვია და გორში სტალინის ძეგლის აღებასაც. ამასთანავე, უფრო მნიშვნელოვანია ის რეალობაც, რომ თბილისის „დინამო“ ჩვენთვის ბორის პაიჭაძე, მესხის დრიბლინგი, მეტრეველი, ყიფიანის პასი, დარასელიას ცაცია და ძველი გამარჯვებებია. ეს კი ბიზნესად ქცეულ პროფესიულ ფეხბურთში აღარ განმეორდება, რადგან უმდიდრეს საფეხბურთო კლუბებს ვერ შევეჯიბრებით (თუ პრემიერივით შემძლე მეცენატმა მსოფლიო ვარსკვლავები არ შეგვიკრიბა). უმჯობესია, „დინამოს“ წარსული დიდება წარსულსავე ჩავაბაროთ თავისი სახელიანად, განახლებულ და გადარქმეულ კლუბს მივხედოთ და საქართველოს ნაკრებზე გადავიტანოთ აქცენტი.

გარდა ამისა, როგორც ქვეყნის ოკუპაციისათვის ხმის მიმცემი დუმელების ვითომ საგულშემატკივროდ ჩამოსვლამ 7 ივლისს კიდევ ერთხელ დაგვანახა, „დინამოს“ საფეხბურთო კლუბების „ამხანაგობის“ გამოყენებით ხდება ჩვენი სახელმწიფოს დეოკუპაციის პოლიტიკის ნიველირება: მოსკოვის კლუბის პრეზიდენტის კგბ-ისეული წარსული, ტრიბუნებზე იმპერიალისტური დროშების ფრიალი და შეურაცხმყოფელი სტიკერების დატოვება, ქართველი ლტოლვილი ახალგაზრდებისათვის პროტესტის გამოხატვის ხელის შეშლა და სხვა. ანუ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგად, დაგეგმილად მიდის - გეგმაზომიერად მიმდინარეობს „რუსეთთან ურთიერთობების დალაგება“. ამ სტრატეგიის არგუმენტად კი გვაწვდიან ასეთ თეზას: „სპორტი და პოლიტიკა არ ავურიოთ ერთმანეთში“. ეს ფრაზა დემაგოგია არ იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ სპორტულ ღონისძიებაში სწორედ ზემოაღნიშნული რუსი ამხანაგ-პოლიტიკოსები არ იქნებოდნენ ჩარეულნი და თუ მათ მოწინააღმდეგეებს პროტესტის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა ექნებოდათ.

მოკლედ, მითიური „დინამოს“ ძალა ჩვენს სასარგებლოდ ვერცერთი მიმართულებით ვეღარ მუშაობს, ვერც სპორტში და ვერც იდენტობაში. უფრო პირიქით - ძერჟინსკის გენერატორის ძალა ჩვენს ღირსებასა და სახელმწიფოებრიობას აწვება და სანამ დროა, აუცილებელია დინამოს დენზე უარის თქმა:

„არა - დინამოს!“

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია