პოლიტიკური ფეხბურთი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-07-2013, 22:44 | ბლოგები | ნანახია - 1929

ლადო ჩალათაშვილი

 

პოლიტიკური ფეხბურთი

ის, რაც გუშინ საღამოს „დინამო არენასთან“ ორი დედაქალაქის „დინამოს“ შორის მატჩის მიმდინარეობისას და მას შემდეგ მოხდა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამი ახალგაზრდა პატრიოტი დააკავეს, შემაშფოთებელია თავად ფაქტი: თბილისში ჩამოვიდნენ რუსული ძალოვანების ინტერესებში მოქცეული სპორტული გუნდი და მათი მესვეურები. ზედ დამატებული რუსეთის დუმის დეპუტატით (თუ დეპუტატებით) და ფანკლუბით, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, შეურაცხმყოფელად იქცეოდნენ. დღეიდან სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი მეორეხარისხოვანი ხდება. უარესი პრეცედენტი მოხდა და, როგორი პოლიტიკური ორიენტაციისაც არ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, სულ მცირე, უნდა ბრაზდებოდეს იმაზე, რომ სამართალდამცავები გაცილებით აგრესიულები იყვნენ ქართველი პატრიოტი ახალგაზრდების მიმართ, ვიდრე პროვოკატორი და აგრესიული „ოკუპანტი ფანკლუბის“ წევრების მიმართ. საოცარია პირდაპირ, პოლიციელებში რატომ არ არის ის პატრიოტული მუხტი, რომელიც აიძულებდა რუს ფანებს არ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც მოიქცნენ. ის, რომ პოლიტიკურ და ისტორიულ ჭრილში ამ პრინციპს ბევრი რიგითი მოქალაქე ვერ ამჩნევს, გასაგებია, მაგრამ ეს ხომ კონკრეტული შემთხვევაა და არა ისტორიული. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, რუს ფანებთან წინასწარ იყო შეთანხმებული, რომ მათ არ გამოეყენებინათ იმპერიული სომბოლიკა და შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ ქართველი გულშემატკივრებისთვის. როგორც ყოველთვის, რუსებმა ეს შეთანხმება დაარღვიეს და უარეს შეურაცხყოფასაც არ მოერიდნენ სკამზე დაკრული სტიკერების სახით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ მომზადებული. ამაზე რეაქცია ჯერ თავად პოლიციელებს უნდა ჰქონოდათ და შემდეგ ქართველ ფანებს. სამართლებრივად ალბათ არსებობს პროვოცირების აღკვეთის შესაძლებლობა სამართალდამცავთა მხრიდან და, წესით, ეს მათ ვალდებულებაში უნდა შედიოდეს. გუშინ სტადიონზე რომ 55 000 ადამიანი ყოფილიყო და იმ რუსი ფანებისთვის თავ-პირი დაენგრიათ ისე, როგორც ამას იმსახურებდნენ, პასუხისმგებელი ვინ იქნებოდა?

ჩემი აზრით, ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, იყო პროვოკაცია საზოგადოებრივი აზრის გასაგებად. ისინი ხშირად იქცევიან ასე, როდესაც ჩვენ მიმართ რაიმე განცხადება კეთდება ან ქმედება ხორციელდება. ამ კატეგორიისა ონიშენკოს განცხადებები, პუტინ-ლავროვის გამოსვლები და საოკუპაციო ზოლის გადმოწევა.

როდესაც მოსკოვის „დინამოს“ ჩამოსვლის ამბავი გავიგე, გამახსენდა ბრიტანეთში გაქცეული ყოფილი გრუ-ს აგენტის ვიქტორ სუვოროვის (ფსევდონიმი) ბიოგრაფიული რომანი „აკვარიუმი“, რომელშიც ავტორი წერს, რომ „დინამო“ და „ტორპედო“ საბჭოთა ქალაქებში ეკუთვნოდათ ადგილობრივ კგბ-სა და გრუ-ს განყოფილებებს. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მოსკოვის „დინამოს“ თავკაცი სწორედ ამ სფეროდან აღმოჩნდა. ეს ჩემთვის ამ ისტორიის პროვოკაციულობის კიდევ ერთი დასტურია.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია