რუსეთი ამიერკავკასიის დაპყრობისთვის ემზადება!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-09-2014, 02:12 | მსოფლიო | ნანახია - 4444

ლადო ჩალათაშვილი

ამიერკავკასიის რეგიონისთვის ხშირად არის განხილვის საგანი რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა ევრაზიული კავშირის შექმნის შესახებ განაცხადა და ეს რუსული ინიციატივა აღქმული იქნა, როგორც ახალი იმპერიის მშენებლობის სურვილი.

ბოლო დროს განხორციელებული პოლიტიკის გამო ქართველები ამ საფრთხეს ვზრდით და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების "დალაგების" მოტივით, მისი ინტერვენციისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნით ვართ დაკავებულები. 

 

კერძოდ, ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ის ინფორმაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან საქართველოს მიმართულებით ახალი საავტომობილო გზების მშენებლობას უკავშირდება. ეს საკითხი ასევე გააქტიურა გრიგორი კარასინის განცხადებამ, რომელიც საქართველოსთან ერთად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხებოდა. საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით კარასინი თავის განცხადებაში გულისხმობდა მლეთა-კობის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობას. ამ გვირაბის მშენებლობაზე 2012 წელს მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ლაპარაკობდა და მაშინვე ითქვა, რომ ამ გვირაბის პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, თუმცა კომუნისტებმა მისი განხორციელება ვერ მოასწრეს.


ზოგადად ამ მარშრუტის ასეთი გამარტივება რომ ძალიან კარგი იქნება, თუნდაც სტეფანწმინდის მოსახლეობისთვის ,რა თქმა უდნა, ცხადზე-ცხადია და ეკონომიკური ეფექტიც ძალიან კარგი ექნება, მაგრამ ყველა სიკეთესთან ერთად საფრთხის შემცველიც არის. ყველას კარგად გვახსოვს ჯერ 90-იან წლებში სამაჩაბლოს კონფლიქტისას და შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას როკის გვირაბის ეფექტი, რომელმაც რუსულ არმიას  საშუალება მისცა უსწრაფესად შემოსულიყო საქართველოს ტერიტორიაზე. ასეთივე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს მლეთა-ზემო ლარსის მარშრუტის გამარტივება და გამტარუნარიანობის ამაღლება.


ამ პროექტის განხილვის პარალელურად, რუსეთი ა/წ 1 ოქტომბრიდან იწყებს ასევე ახალი, 83 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობას დაღესტანში. ავარო - კახეთის გზატკეცილი უკვე იყო განხილვის საგანი და ამ პროექტს თავად დაღესტნელები ეწინააღმდეგებიან, რადგან თვლიან, რომ ასეთი გზის საჭიროება არ არსებობს. მისი ფუნქცია  მხოლოდ რუსული არმიის გადაადგილებით განისაზღვრება და ის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს აზერბაიჯანისთვის და არა მარტო მისთვის.


ყარაბაღის კონფლიქტის კონტექსტში რუსეთს შესაძლებლობა ექნება საქართველოს ტერიტორიის გავლით დაბლოკოს თურქული დახმარება აზარბაიჯანული არმიისთვის აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებებიდან და ასევე უშუალოდ აზერბაიჯანს დაემუქროს რუსეთ-აზერბაიჯანისა და ავარო - კახეთის გზით, ლაგოდეხის მიმართულებიდან. ზემო ლარსი - წითელი ხიდი კი უახლოესი გზა იქნება აზარბაიჯანულ-სომხურ საზღვარზე გასასვლელად.


აზერბაიჯანსა და ყარაბაღის კონფლიქტს თავი რომ დავანებოთ, საქართველოში ინტერვენიცის განხორციელებისთვის რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ოთხი შემოსასვლელი ექნება. ქართული ჯარისთვის კი ოთხ ფრონტზე ბრძოლა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება, რადგან რუსეთის არმია უმოკლეს ვადაში  შეზღუდავს ქართული ჯარის მომარაგებას  და მოუმარაგებელი ჯარის განადგურებას კიდევ უფრო სწრაფად შესძლებს.
 ასეთი აპოკალიპტური სცენარი სულ უფრო რეალური ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა და ირანი  შეთანხმებას აღწევენ და ენერგო რესურსების მიწოდება  ირანიდან იწყება მაშინ, როდესაც რუსეთის პირდაპირი გავლენა ევროპულ ენერგო ბაზარზე იბლოკება და სუსტდება. ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რა მნშვნელობა აქვს რუსეთისთვის გაზისა და ნავთობის გაყიდვების მოცულობას, მისი შემცირება კი რუსეთის ბიუჯეტისათვის უდიდესი პრობლემაა, რომელიც ლოკალური ფინანსური კრიზისისა და შესაბამისად პოლიტიკური კრიზისის საფუძველი გახდება.


რუსეთი ამიერკავკასიის დაპყრობისთვის ემზადება!აქ  საფრთხეების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია, რომლის დროსაც რუსულმა არმიამ შეიძლება გამოიყენოს  "გაჭრილი" ბუნებრივი საზღვარი და ნებისმიერი კრიზისისას ამ მიმართულებებიდან შესძლებს უფრო მეტი ზემოქმედების მოხდენას ქართულ სახელმწიფოზე, რაც საბოლოო ჯამში რეგიონში რუსეთის მარიონეტად გვაქცევს.


ასე შეხედეთ - ყოველი ახალი გზა რუსეთთან "მარიონეტის" მართვის დამატებით ძაფებს ნიშნავს!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია