ცხოვრება „გადარჩევნებში“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-10-2014, 10:20 | მსოფლიო | ნანახია - 1546

ქეთი ელიეშვილი

 

ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ ჩვეულებრივ ამერიკულ ფილმს ვუყურე! არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ, ერთი ფრაზა მომხვდა ყურში:, მოკლედ, დედა არჩევნებზე მიმავალ  18 წლის შვილს ძალიან ბანალური ტექსტით მიმართავს: „ მიდი, აირჩიე უკეთესი!“  და უცებ მივხვდი, რომ  მთელი გულით შემშურდა, შემშურდა ადამიანის, რომელიც პირველად მიდიოდა არჩევნებზე და უკვე კარგსა და უკეთეს შორის უნდა აერჩია, მაშინ როცა მე, აგერ უკვე რამდენი წელია ვაკის  ერთ ერთ სარჩევნო უბანთან ვარ ატუზული და გულმოდგინედ ვაკეთებ არჩევანს არსებულ ცუდსა და სრულიად გაურკვევლს,  (შესაძლოა უარესს) შორის! არა, კი არ ვირჩევ, უბრალოდ,  მივდივარ იმისთვის, რომ გადავირჩიო.. მოკლედ  „გადარჩევნებზე“ დავდივარ!

 

მართლა,  არჩევნებში მონაწილეობა პირველად 1993 წელს მივიღე. (შეიძლება, წელი მეშლება, მაგრამ  არა მგონია, ვინმემ მითხრას, მაგ წელს არჩევნები არ იყოო.. მე ჩემს ქვეყანაში ასეთი წელი არ მახსოვს..)  მაშინ  ამის გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, მთელი ღამე არ მძინებია! არა, შესაძლოა, უძილობა სიცივის გამოც მჭირდა, რადგან  მაშინ თბილისში  არც დენი იყო, არც გაზი და შესაბამისად, არც გათბობა,. თუმცა იმედი იმისა, რომ ხვალ ჩემი არჩეული პერსონა მინიმუმ ვაკის რაიონს მაინც  დაათბობ-გააჩახჩახებდა, რა თქმა უნდა, მქონდა.. მართალია,  იმ „ყოვლისშემძლე ადამიანს“, ვისაც ეს საოცრება უნდა ჩაედინა,  არ ვიცნობდი, მაგრამ მისი კონკურენტი (მოქმედი დეპუტატი) რომ არ უნდა ამერჩია ზუსტად ვიცოდი..(ოღონდ ის არა და ვინც გინდა!- ამბობდნენ დედები, მამები, დეიდები, მეზობლები, ყველანი, ვისიც მჯეროდა.)

 

მოკლედ, ის უნდა გადამერჩია! აი, ასე აღმოვჩნდი პირველად  ჭავჭავაძეზე, საარჩევნო ოლქში არჩევნებზე... არა უფრო სწორად გადარჩევნებზე,,,

 

ის, რომ ჩემმი არჩეული დეპუტატი ცისკარა არ აღმოჩნდა, სულ რამდენიმე თვეში გაირკვა, თუმცა, უგაზობა-უშუქობით „გაბოროტებული“ ვაკელები ამბობდნენ, რომ სამაგიეროდ „ოჯახში ივარგაო... სითბოც შეიტანა, სიკეთეც და ბარაქაცო“... „ხელი რატომ არ მომტყდა, მაგას რომ ხმა მივეციო“ (მაშინ ასე ამბობდნენ! სამედიცინო ტერმინოლოგია და „წყევლაკრულვიანი საკითხავები“ მოგვიანებით გახდა აქტუალური)... ჰოდა, ადგნენ  გაბრაზებული ვაკელები და მომავალ არჩევნებზე  ეს ოჯახის მუჭუჭი  გადაირჩიეს.

 

ეს ჩემთვის რიგით მეორე გადარჩევნები იყო.

 

მერე გავიზარდე, ისე გავიზარდე, რომ უკვე მარტო ჩემი კი არა, ერთი საყვარელი პატარა ბიჭის ბედიც მედარდებოდა, რომელსაც, მართალია, სახლში გენერატორიც ჰქონდა, „მარცხენა დენიც“, მამასისხლად ნაყიდი გაზის ბალონებიც და თითქოს ბედნიერიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ  სამი წლისამ უკვე იცოდა ვინ იყო ჩუბაისი და რამდენი ბენზინი სჭირდებოდა გენერატორს, მივხვდი, რომ  ასე აღარ შეიძლებოდა და წავედი. წავედი იქ,  სადაც უამრავი ხალხი  იდგა და ამ ყველაფერში დამნაშავე   ადამიანების „გადარჩევას“ ითხოვდა. უფრო სწორად უკვე გადარჩეულებს სახლში წასვლას სთხოვდა...

 

„გადარჩეულები“ წავიდნენ..

 

მერე კიდევ უფრო გავიზარდე, ახლა უკვე ორი პატარა ბიჭის ბედი მაღელვებდა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო:  გენერატორი სარდაფში „ჩავიდა“,  ბალონი ბუნებრივმა აირმა ჩაანაცვლა, ხოლო „მარცხენა დენის“ ჩამრთველში ფუნქციააღდგენილი ტელევიზორი  ჩაირთო, სადაც სულ  გაჩახჩახებულ ქალაქს, დაგებულ ასფალტებს, ახალ  გზებს  და ძალიან ბევრ, კარგად გაკეთებულ საქმეებს აჩვენებდნენ!  არავითარი პრობლემები! ჩემი შვილები კარგ ქვეყანაში იზრდებოდნენ! თუმცა, ყველა დედა ასე არ ფიქრობდა! ვერც იფიქრებდა, რადგან მისი სახელმწიფოსგან დაუცველი და მშიერი შვილები  წლობით ისხდნენ საპატომროში ორი პურის მოპარვისთვის, ყველაფერი კარგად არც ჩემი ბევრი მეგობრისთვის და მეზობლისთვის იყო, რომლებმაც წლების განმავლობაში  მართლა ვერ იპოვეს სამართალი. არც ჩემი კოლეგებისთვის, ვისაც საღამოს სამსახურში მიუვარდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, არც ჩემი ნაცნობი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც უბრალოდ იძულებულები იყვნენ საკუთარი ფული ისე ეხარჯათ, როგორც სხვას უნდოდა. მოკლედ, საბოლოო ჯამში ბევრი ცუდად მყოფი ადამიანი დაგროვდა და ამასობაში არჩევნებიც მოვიდა..

 

არა გადარჩევნები.

 

არსებულ საკმაოდ დისციპლინირებულ ძალას - სრულიად გაურკვეველი, არეული და ბევრი სხვადასხვა ძალისგან შემდგარი ჯგუფი დაუპირისპირდა. და გაიმარჯვა კიდეც. ახლები ავირჩიეთ! არა უფრო სწორად, ტრადიციულად, ძველები გადავირჩიეთ...

 

 ორი წელი გავიდა!  „მხოლოდ ორი წელი!“ - ამბობს ჩემი ტეევიზორის ერთი არხი. „უკვე ორი წელი“ ამბობს მეორე!

 

„დროა დაკვალიანდნენ,  რატომ გაძვირდა საწვავი? რატომ მოიმატა კრიმინალმა? სად არის გაორმაგებული პენსიები? რატომ ირიგებენ ამხელა პრემიებს? რატომ დაგვაძალეს ამ კაცის პრეზიდენტად არჩევა თუ არ მოსწონდათ? არა უშავს, მოვა არჩევნები - ამას ხალხი ამბობს!

 

 თუ გადარჩევნები?:)

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია