FB სტატუსი - ზურაბ გურული

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-10-2014, 13:19 | კომენტარები | ნანახია - 919

პოლიტიკური ორიენტაციების გამო ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შირის გარკვეული დაპირისპირება ამერიკაშიც არ გახლავთ უცხო ხილი.
ბუნებრივი მოვლენაა; უბრალოდ, განვითარებულ საზოგადოებაში ეს დაპირისპირებაც დახვეწილი და დალაგებულია.
---------------------

ფრენკ ჯონსონის მორატორიუმი
_______________________________

ფრენკ ჯონსონი შარშან მივიღე სამსახურში. ასაკოვანი პროფესიონალი მეუღლის სამსახურის შეცვლამ აიძულა საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა და ბალტიმორის მიდამოებიდან ღრმა სამხრეთში გამოინაცვლა. ინტერვიუს დროს მაშინვე დადებითად განვეწყვე კეთილად მომღიმარი თეთრწვერა ექიმის მიმართ, რომელიც დინჯად და მოზომილად პასუხობდა ფედერალური სისტემის მიერ შერჩეულ სტანდარტულ კითხვებს.


დილის ოპერაციების შემდეგ ფრენკი თავისი განუყრელ ტოლჩაში ქაფქაფა ყავას ჩამოასხამს და მერე მორიდებით აკაკუნებს ჩემი კაბინეტის კარზე. ასე იწყება ჩვენი ტრადიციული დილის საუბრები. ისე, ძირითადად მე ვლაპარაკობ. ყველაფერი აინტერესებს ფრენკს, განსაკუთრებით ჩემი შეხედულებები ამერიკაში არსებულ პრობლემებზე და პარალელების გავლებას მთხოვს ჩემს საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა წარსულთან. გულდასმით მისმენს და მერე ძალიან საინტერესო დასკვნებს აკეთებს.
რიგითი ამერიკელები პოლიტიკით პრეზიდენტ რეიგანის შემდეგ აღარ დაინტერესებულან. ეკონომიკის აღმავლობამ, სერიოზულმა გამარჯვებებმა საგარეო ასპარეზზე, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდამ ძალიან გაამყარა ამერიკელი ამომრჩევლების ნდობა. შესაბამისად, მათ ნელნელა მოტივაციაც დაკარგეს. მოჩერჩეტო ბუშის მიერ დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომებმა და ასპარეზზე სოციალისტების გამოსვლამ ობამას მეთაურობით ბალანსი ისე მკვეთრად ააყირავა, რომ მოდუნებული ამერიკელები ისევ გამოცოცხლდნენ. არჩევნების დროს სერიოზული კამათის მომსწრეც კი გავხდი ჰოსპიტლის ეზოში; ამიტომაც ფედერალური სამსახურის ადმინისტრაცია რეგულარულად გვახსენებდა ჯერ კიდევ 1939 წელს მიღებულ ე.წ. "ჰეთჩის აქტს", რომლის მიხედვითაც სამსახურში სასტიკად არის აკრძალული ნებისმიერი სახის პოლიტიკური პროპაგანდა და რაიმე კამპანიის წარმოება. 


... ჩვენი ამასწინანდელი საუბარიც სწორედ პოლიტიკას და არჩევნებს შეეხო. ჯერ შავი 90-იანები გავიხსენე, როდესაც საქართველოში რუსეთის მიერ ინსპირირებული და ქართველი მოღალატეების მიერ განხორციელებული სამხედრო პუტჩი მოხდა. საუბრის შინაარსი ძირითადად უბრალო მოქალაქეების პოლიტიკურ აქტივობას და მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულების სპექტრალურ განსხვავებებს შეეხო. ფრენკი ჩვეულებრივ მახვილგონივრულ შენიშვნებს აკეთებდა და ბოლოს ერთად დავასკვენით, რომ პუტჩის საფუძველი მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილური გახლდათ და ამას იდეოლოგიასთან ისეთივე კავშირი ჰქონდა, როგორც მაო ძე დუნს ამერიკელი ფემინისტების პარტიასთან.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა ფრენკისთვის ჩემი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ აღმოჩნდნენ ერთი ოჯახის წარმომადგენლები განსხვავებულ პოლიტიკურ პლატფორმებზე და როგორი მწვავე დაპირისპირება მოხდა უახლოეს ადამიანებს შორის...


კაი ხანი მისმინა ჩემმა უფროსმა კოლეგამ, მერე გულიანად გაიცინა. 
- ჩემი მეუღლე ექთანია პროფესიით - დაიწყო დინჯად; 
- ამიტომ, ბუნებრივია რომ როგორც მისი სოციალური ფენის აქტიური წარმომადგენელი, დემოკრატების ამომრჩეველია; შვილი კოლეჯის სტუდენტია, ზაფხულობით ახერხებს მუშაობას; ლიბერალური ხელოვნების კოლეჯში სწავლობს და პროფესურაც შესაფერი ჰყავს; ამიტომ ეგ დედამისზე მწარე დემოკრატია. მე ექიმი ვარ და თუ გინახავს ნორმალური ამერიკელი ექიმი, რომელიც მოწოდებით რესპუბლიკელი არ არისო -.
მეც გამეცინა.
- ჰოდა, ამ ბოლო არჩევნებზე სერიოზული კამათი გვქონდა ოჯახში; ბოლოს შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე საუბრის მორატორიუმს დავაწესებდით და ახლაც მტკიცედ ვიცავთ ამ შეთანხმებასო- 
დაასრულა და ცხელი ყავა მოწრუპა. 


ჩავფიქრდი. დუმილი გამიგრძელდა ეტყობა.
- ტყუილად ცდილობ იოლი გამოსავლის მოძებნას დოქტორ Z - ჩაიცინა; - ოჯახის წევრებს არ ირჩევენ, ხოლო ნათესავებს და მეგობრებს რაც შეეხება, არც შეიწუხო თავი, მხოლოდ იმათთან იქნები კომფორტულად, რომლებიც შენ ცხოვრებისეულ ღირებულებებს იზიარებენ ან რომლებსაც მორატორიუმის პატივისცემა შეუძლიათო - 
ჩამიკრა თვალი.


არაფერი მითქვამს. ისევ დუმილი ვარჩიე. ფრენკს მობეზრდა და კარისაკენ გაემართა; გამოაღო, შეჩერდა და მერე ისევ მომიბრუნდა: - სხვათაშორის, დოქტორ Z, როდესაც ობამას სულელური პოლიტიკის წყალობით გადასახადები გამიზარდეს და შესაბამისად მეუღლესა და შვილს ადრე დაგეგმილ ევროპულ ტურნეზე უარი ვუთხარი საოჯახო ბიუჯეტის დეფიციტის გამო, სერიოზულად ჩაფიქრდნენ საკუთარი პოლიტ-ორიენტაციის შესახებო -
გადაიხარხარა და კარი გაიხურა.
გულიანად გამეცინა ...

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია