მოკავშირეთა უკეთ გასაგებად

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
7-10-2014, 12:34 | მსოფლიო | ნანახია - 1914

მოკავშირეთა უკეთ გასაგებადკოტე გვასალია

 

არაერთხელ გამოთქმულა აზრი, რომ ბოლშევიზმისთვისაც რომ მოეწყოთ ნიურნბერგის პროცესი, რუსეთი ვეღარ გაბედავდა ასეთი აგრესიული პოლიტიკის წარმოებას. ამ მოსაზრებას მეც აბსოლუტურად ვეთანხმები, მაგრამ აუცილებელია იმის გაცნობიერება, რატომ არ მოხდა ასე.

 

ისტორიკოსის ან პოლიტოლოგისთვის რომელიმე ქვყნის დამარცხების ან გამარჯვების ფაქტი მხოლოდ ზერელე, ზოგადი მოცემულობაა, სანამ არ გაირკვევა არსებული რეალობის სრული სურათი, რადგან ძალიან სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს როგორც დამარცხება, ისე გამარჯვება.

 

ნაპოლეონის საფრანგეთი თითქოს სრულად დამარცხდა, მოკავშირეებმა პარიზი დაიკავეს, მათი იმპერატორი კი ელბაზე გადაასახლეს. თითქოს მეტი რა უნდა მომხდარიყო? მაგრამ ვენის კონგრესზე ფრანგებმა ზავის ისეთი პირობები მიიღეს, ვერ გაიგებდით, ვინ დამარცხდა და ვინ გაიმარჯვა. საფრანგეთს, რომელმაც მთელი ევროპა კარგა ხანი ძარცვა, არანაირი კონტრიბუცია არ დააკისრეს, სანამ  ნაპოლეონი ელბიდან არ დაბრუნდა. მეტიც, დამარცხებულ მხარეს იმ ტერიტორიების ნაწილიც კი შერჩა, რომელიც რევოლუციის შემდეგ მიიტაცა.

 

ტალეირანის არაჩვეულებრივ დიპლომატიურ ნიჭთან ერთად ამ წარმატებებს სხვადასხვა მიზეზი უწყობდა ხელს. მოლაპარაკებების ჩიხში შესვლისთანავე იგი მუდმივად ახსენებდა ყველას, რომ საფრანგეთს ყოველგვარი საყოველთაო მობილიზაციის გარეშეც იარაღის ქვეშ ყავდა გამზადებული 150-200 ათასი ჯარისკაცი. ცხადია, მარტო საფრანგეთი დანარჩენ ევროპაზე უფრო სუსტი იყო, მაგრამ მისი პირობების არგათვალისწინებით შეიძლებოდა სამხედრო მოქმედებები განახლებულიყო, ახალი ხარჯებით და ახალი მსხვერპლით. ამას გარდა, ეს საფრანგეთის კიდევ უფრო დასუსტებას გამოიწვევდა, ინგლისსა და ავსტრიას კი არც პრუსიის ზედმეტად გაძლიერება აწყობდათ, არც რუსეთის.

 

გერმანიაც დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და იძულებული გახდა ზავის  დამამცირებელი და უმძიმესი პირობები მიეღო, მაგრამ ზუსტად ორი ათეული წლის შემდეგ ისე გაძლიერდა, საკითხავი იყო ამერიკის ჩარევის გარეშე გაუმკლავდებოდა თუ არა მას მთელი დანარჩენი ევროპა საბჭოთა კავშირის ჩათვლით.

 

მოკავშირეთა უკეთ გასაგებადჰიტლერი ბოლომდე იმედოვნებდა, რომ მოკავშირეებს შორის უთანხმოება ჩამოვარდებოდა, რასაც შეიძლებოდა გერმანია გადაერჩინა. თითქოს ის მართალიც იყო, მოკავშირეებს მწვავე იდეოლოგიურ დაპირისპირებასთან ერთად სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური ინტერესები ქონდათ, მაგრამ ნაცისტ დიქტატორს არ სურდა იმის გათვალისწინება, რომ ყველაფერი ეს მკვეთრ დაპირისპირებაში არ გადავიდოდა მანამ, სანამ გერმანია ბრძოლას განაგრძობდა.

 

გერმანიამ ბოლომდე იომა, რასაც შედეგად მისი სრული განადგურება მოყვა, რის გამოც იძულებული გახდა უპირობო კაპიტულაციაზე მოეწერა ხელი, შედეგად, მოლაპარაკებების მაგიდაზე ის რეალურად მხარედ აღარც მოიაზრებოდა. ვაჭრობა-გადანაწილება კი გამარჯვებულებს შორის გაჩაღდა. მეტიც, გერმანელებს არამარტო უსიტყვოდ უნდა მიეღოთ ყველა პირობა, არამედ ამიერიდან უნდა ეფიქრათ და ეაზროვნათ ისე, როგორც ეს გამარჯვებულებს სურდათ. აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოურად, დანარჩენში დასავლურად.

 

ახლა ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ: გამოვრიცხოთ ბირთვული ფაქტორი, საბჭოთა ხელისუფლება კი განაგრძობს დასავლეთთან დაპირისპირებას, ისევ არ თმობს არაფერს, ეკონომიკა მუდმივად ქვევით მიექანება, სისხლი იღვრება ბერლინის, ვარშავის, პრაღის ქუჩებში... ასეთ პირობებში საბჭოეთის დამარცხებას რა თქმა უნდა მოყვებოდა ბოლშევიზმის გასამართლება, რაც ავტომატურად გამოიწვევდა რუსი ხალხის კოლექტიური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს. სწორედ ამის ეშინოდა კრემლს ყველაზე მეტად, რადგან ამ შემთხვევაში რუსული იმპერიალიზმის თვით იდეა დასამარდებოდა.

 

მოკავშირეთა უკეთ გასაგებადგორბაჩოვის მოსვლის შემდეგ კრემლმა თითქმის ყველა მიმართულებით დაიწყო უკანდახევა. დათანხმდა ავღანეთიდან გამოსვლაზე, გერმანიის გაერთიანებაზე, ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი სხვა სატელიტ ქვეყნებში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე, წინა პლანზე იქნა წამოწეული ადამიანის უფლებები, საჯაროობა, დემოკრატია, ბოლოს კი თავად გამოაცხადა საბჭოთა კავშირი დაშლილად. ჩვენ არ ვიცით, რა ხდებოდა კულისებს მიღმა, მაგრამ განა ამ ყველაფერს კრემლი ისე დათმობდა, რომ სანაცვლოდ საკუთარი პირობები არ წამოეყენებინა?

 

ხშირად შეცდომით ამბობენ, რომ სსრკ-ს დანგრევით იმპერია დაიშალა, სინამდვილეში იმპერია დასუსტდა, მაგრამ რუსეთის ფედერაცია თავად გახლავთ იმპერია, მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო, ბალტიის ზღვიდან იაპონიამდე, თანაც უზარმაზარი ბირთვული არსენალით, ადვილია ასეთი მონსტრი თვითჰარაკირზე დაიყოლიო?

 

კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი ფაქტორი. რუსეთის ზედმეტად დასუსტება ამერიკის გეგმებში არც შედიოდა.

ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ჩინეთი არ გახლდათ ისე ძლიერი, როგორც ახლა, მაგრამ უკვე მაშინ იკვეთებოდა ის კონტურები, რომლის ზესახელმწიფოდ გადაქცევა მხოლოდ დროის ამბავი იყო. უკვე მაშინ ამტკიცებდნენ პოლიტოლოგები, რომ ჩინეთი 21-ე საუკუნის შუახანებში ხელთათმანს ტყორცნიდა ამერიკას, რაც ნაწილობრივ გამართლდა კიდეც, უბრალოდ ყველაფერს წინდაწინ ვერ გათვლი და ვადებში შეცდნენ. ოთხმოცდაათიანებში დასავლეთს ქონდა შესაძლებლობა, კიდევ უფრო დაესუსტებინა რუსეთი, მაგრამ აქ წინა პლანზე ორმა პრობლემამ წამოყო თავი: 1. ვის ხელში აღმოჩნდებოდა უზარმაზარი სამხედრო არსენალი. 2. ვინ და როგორ გააკონტროლებდა რუსეთ-ჩინეთის საზღვარს. ჩინელების ციმბირ-შორეულ აღმოსავლეთში ფეხის მოკიდება ჩინურ საფრთხეს ერთიათად გაზრდიდა.

 

შტატები კარგა ხანია რუსეთს თავის საპირწონე მეტოქედ აღარ თვლის. ჯო ბაიდენმა „რუსეთს არ შეიძლება თავის ენერგორესურსებზე დამოკიდებული ეკონომიკით და დემოგრაფიული პრობლემებით პერსპექტივა ქონდესო“, ხოლო ობამას განცხადებით, რუსეთი აღარ წარმოადგენს ზესახელმწიფოს და იგი მხოლოდ რეგიონალურ მოთამაშედ განიხილება. ასეთი პირდაპირი გამონათქვამები კრემლმა შეურაცხყოფად მიიღო, მაგრამ ეს განცხადებები მკაფიო გზავნილი იყო, რომ ამერიკას არ აინტერესებდა რუსეთთან დაპირისპირება.

 

ამერიკისთვის ბევრად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩინეთის აღმასვლის შეჩერება. ამაში გასაკვირი არაფერია. ასევე შეშფოთდებოდა უშუალო კონკურენტის გაძლიერებით ნებისმიერი ზესახელმწიფო ნებისმიერ ეპოქაში, მითუმეტეს, თუკი იგი დემოკრატიისგან შორს მდგომი ერთპარტიული სახელმწიფოა.

 

ამერიკამ „გადატვირთვის“ პოლიტიკა დაიწყო, რომლის მიხედვითაც რუსეთი შეიძლებოდა დასავლეთის მოკავშირე გამხდარიყო. პუტინის წინდაუხედავმა, არასრულფასოვნების კომპლექსით გაჯერებულმა პოლიტიკამ, რაც დასავლეთთან ხელახალ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ამერიკის გეგმები სერიოზულად არივ-დარია.

 

უნდა ითქვას, რომ თუკი ვინმემ უკვე იხეირა სანქციებით, პირველ რიგში ეს ჩინეთია. ზოგიერთი ანტიდასავლურად განწყობილი რუსი პოლიტოლოგიც კი აღიარებს, რომ ბოლო წლებში ჩინურ-რუსული ურთიერთობები არ გახლავთ თანამშრომლობა ორ თანასწორუფლებიან პარტნიორს შორის და რომ ამ ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულებების უშუალო გაცნობისას ცხადი ხდება „как прогибается россия перед китайским драконом“ ახლა კი დასავლეთისგან კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი ამ დრაკონს პირდაპირ ხახაში უვარდება.

 

აშშ-ს ნამდვილად შეუძლია გარკვეული როლი ითამაშოს ნავთობზე ფასების დაწევაში, მაგრამ წარმოვიდგინოთ მისი მდგომარეობა. ადრე თუ ამერიკა ენერგორესურსების მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორი იყო, „ფიქალის რევოლუციის“ შემდეგ იგი თავად აპირებს გახდეს სერიოზული ექსპორტიორი, რაზეც იმედებს ამყარებს ქვეყანა, სადაც 2008 წლიდან სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, ამ დროს ჩინეთს პირიქით, წყალივით სჭირდება ნავთობპროდუქტებზე დაბალი ფასები.

ადვილია მეორეხარისხოვანი მეტოქის დასასუსტებლად პირველხარისხოვანისთვის საკუთარი ხელით კოზირების მირთმევა? საერთოდ, ბევრი წმინდა ობიექტური მიზეზების გამო „სუსტი“ ობამა განტევების ვაცი გახდა. ზემოთქმულის მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიღებაში ამერიკა ახლაც გადამწყვეტი ფაქტორია. ამას გარდა, ბოლო ხანებში უკვე დაიწყო ნავთობზე ფასების კლება.

 

აგრეთვე, გასაგები მიზეზების გამო ჩვენ კი გვეჩქარება, მაგრამ ბირთვული იარაღით გაძეძგილ „დათვს“ არ შეიძლება უკანდასახევი არ დაუტოვო. მთავარია, თავად კრემლთან დაახლოებული ექსპერტებიც აღიარებენ, რომ რუსეთმა უკვე იწვნია სერიოზული ზარალი, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი ეს დაპირისპირება მას საგრძნობლად დაასუსტებს.

 

ბუნებრივია, ათწლეულების განმავლობაში უზრუნველ-დალხენილი ცხოვრება საზოგადოების ბრძოლისუნარიანობას და თვითგადარჩენის ინსტიქტსაც აბლაგვებს. ისიც გასაგებია, როცა ყოფილი სატელიტი ქვეყნების პოლიტიკოსები დასავლეთს უფრო მკაცრი პოლიტიკისა და მეტი პრინციპულობისაკენ მოუწოდებენ, მაგრამ შიდააუდიტორიას უნდა განემარტოს არსებული პოლიტიკური რეალობა, რომ ისე არ წარმოვიდგინოთ, თითქოს დასავლეთის პოლიტიკური ელიტა კასტრატების საკრებულოს წარმოადგენს.

 

სიტუაციის ასე წარმოჩენა სწორედ კრემლს აწყობს და სერიოზულადაც მუშაობს ამ მიმართულებით. ზოგიერთი ექსპერტის აზრით პუტინის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დაარწმუნოს უკრაინის ხელისუფლება და საზოგადოება, რომ არ შეიძლება ისინი უსუსური დასავლეთის იმედზე იყვნენ და რომ სინამდვილეში უკრაინა მალე მარტო დარჩება რუსეთის პირისპირ. იგივე მუშაობა მიმდინარეობს ჩვენთანაც და ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში.

 

კარგახანია რუსულ მედიაში გაჩაღებულია კამპანია, რომ სსრკ გორბაჩოვმა და მისმა თანამოაზრეებმა ღალატით დაანგრიეს. დღევანდელი რუსული საზოგადოების უმრავლესობაში ამ იდეას თამამად შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეწოდოს. ამასთან დაკავშირებით ბუნებრივად ჩნდება

კითხვა: კი მაგრამ, „პოლიტკოვსკაია/ლიტვინენკოებს“ არ პატიობენ იმპერიის ღალატს და საბჭოთა კავშირის „დამანგრეველი“ სულ მცირე persona non grata-დ მაინც როგორ არ გამოაცხადეს მათ, რომელნიც როცა სჭირდებათ არად აგდებენ მსოფლიოს აზრს და საერთაშორისო ხელშეკრულებებს? სინამდვილეში კრემლში კარგად იციან, რომ სსრკ-ს არავითარი პერსპექტივა აღარ გააჩნდა და რომ გორბაჩოვმა და ელცინმა რუსეთი უარესისგან იხსნეს. უბრალოდ ასე ორ კურდღელს იჭერენ. ერთის მხრივ ისედაც ტვინებგამორეცხილ მოსახლეობას აჯერებენ, რომ უძლეველი რუსეთის დამარცხება შეუძლებელია, თუ ეს შიდა ღალატით არ მოხდა. მეორეც, ამით მოსახლეობისგან კუდიანებზე სანადიროდ სრული კარტბლანში ჭირდებათ.

 

დიდი ალბათობით, საბჭოთა კავშირის დანგრევისას მიღებულ იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება: რუსეთს მიცეს შანსი შეექმნა დსთ და გამოეყენებინა თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე ისე, რომ დასავლეთსაც შეძლებოდა დახმარებოდა მათ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, მომავალი კი გაარკვვდა, ვინ რა გზას აირჩევდა.

 

ზოგი თვლის, რომ ამით ჩვენ ყველანი გავიწირეთ დასავლეთის მხრიდან, სინამდვილეში კი ისეთი შანსი მოგვეცა, როგორზეც ოცნებობდა ჩვენი წინაპრების არაერთი თაობა, რადგან ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ისე არავინ ამოგვდგომია მხარში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, როგორც თანამედროვე დასავლეთი, რომელიც მილიარდიან დახმარებებს გვჩუქნიდა ოთხმოცდაათიანის დასაწყისიდანვე, გვეხმარებოდა სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში, არმიის შექმნაში, მუდმივად ახდენდა ზეწოლას ჩვენს მტერზე,..  უბრალოდ ისე აღმოჩნდა, რომ რუსული წნეხის პირობებში რეალური დამოუკიდებლობის მიღწევა მხოლოდ ბალტიისპირელებმა შეძლეს.

 

რაც შეეხება დანარჩენებს, მათ შორის ყველაზე ურჩი საქართველოც კი, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ორ ათეულ წელზე მეტი ხნის მერეც საამისოდ ჯერ კიდევ არ ყოფილა მზად. ეს ნათლად დაგვანახა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია