დიაგნოზი: ნიჰილიზმი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-10-2014, 14:43 | მსოფლიო | ნანახია - 1564

დიაგნოზი: ნიჰილიზმიმართა იამანიძე

 

ასე მგონია ბოლო წლების განმავლობაში ფრაგმენტულ სიზმარში ვართ. თუმცა არა ფერად სიზმარში - ქვე-ცნობიერი ოცნებები თუ სურვილები რომ იჩენს თავს. ეს უფრო ლეთარგიაა. ამ სიზმარში ვხედავთ ათასგვარ სნეულებას, რაც ქვეყანას აწუხებს. გამოსავლის პოვნა გვიჭირს. „მაღლა მდგომნიც“ გვანუგეშებენ, სინამდვილეში ეს მხოლოდ არასწორად წარმოდგენილი ციფრები და ინფორმაციააო. ისევ გვჯერა, ან არ გვჯერა რომ ადრე თუ გვიან ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას რაიმე საშველი დაადგება. ისევ  ვიიმედებთ, ან არ ვიიმედებთ თავს, რომ კრიმინალი პირადად ჩვენ არ შეგვეხება. და ვცხოვრობთ იქ, სადაც პოლიტიკური კულტურა სულ უფრო ხშირად ემსგავსება ტრაგიკომედიას, საზოგადოება კი კიდევ ერთი, ახალი „მესიის“ მოლოდინშია.

 

კარგია, როცა გჯერა, რომ რაიმე შეიცვლება. თუმცა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (ვგულისხმობ მათ, ვინც „მესამე ძალის“ მოლოდინშია) კვლავ არ კმაყოფილდება მოცემულობით, ძველი ტენდენციაა - ჩვენში ალბათ მუდამ იარსებებენ ისინი, ვინც არასდროს დაკმაყოფილდება არსებულით. ესეც კარგია. ბოლოსდაბოლოს, ამ ადამიანებს რწმენა აქვთ - რომ „ყველაფერი კარგად იქნება.“

მაგრამ საზოგადოების ამგვარ განწყობას თავისი „ბმელი მხარეც“ აქვს - ცუდია როცა სხვაზე ამყარებ იმედებს. რა მნიშვნელობა აქვს ვის გაიხდი კერპად. ეს ტენდენციაც უძველესია. უბრალოდ წრეზე ვტრიალებთ, თანაც ისე, რომ მიდგომას არ ვცვლით პრობლემისადმი. ხავსმოკიდებულ  მენტალობას და დრომოჭმულ ინფანტილიზმს კი ვერა და ვერ გადავაბიჯეთ.

 

რაც შეეხება მათ, ვისაც არ სჯერა რომ რაღაც შეიცვლება - ეს ადამიანებიც უკმაყოფილო არიან. მაგრამ მათ უბრალოდ აღარ სჯერათ, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“ და არც „მესამე ძალის“ მოლოდინში არიან.  სწორედ ეს ადამიანები არიან სტატიის მთავარი თემა. დღეს, როცა არავინ ჩქარობს მტრისთვის სწორი სახელის დარქმევას, მეგობრებს კი ეტაპობრივად იმდურებს კრიტიკული გამონათქვამების გამო, საზოგადოება გაურკვევლობაში რჩება. ეს გაურკვევლობა ასუსტებს მომავლის რწმენას, ამახინჯებს საზოგადოების ცნობიერებას და წარმოშობს ახალ სენს - ნიჰილიზმს. ახალს იმიტომ, რომ ეს ტენდენცია ქართველებში - მათში ვინც მუდმივად „გოდოს მოლოდინში“ ვიმყოფებოდით - აქამდე მოისუსტებდა.

 

გაურკვევლობას უპირველესად ღირებულებათა არარსებობა კვებავს. დიდი ზარ-ზეიმით ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების შემდგომი პერიოდი წესით ახალ ღირებულებათა დამკვიდრებას უნდა დაეთმოს. მაგრამ აქაც არავინ ჩქარობს. ნაწილობრივ სიახლის, ნაწილობრივ ტრადიციების ხელშეუვალობის შიშით. ჩვენც აღარ ვიცით რას უნდა მივეკუთვნებოდეთ - არ გვაქვს ე.წ  “Sense of Belonging” - ჩვენი ქვეყანა მხოლოდ გულზე ხელის საბრაგუნოდ და ფსევდო-პატრიოტიზმის გამოვლინებად გვესახება.

კრიტიკოსები ალბათ მეტყვიან - ხსნა ახალგაზრებშიაო. საინტერესოა რას ელიან ჩვენგან? ახალ სახალხო-პატრიოტულ მოძრაობას? ახალ რევოლუციას? ახალგაზრები, ვისიც ასე გჯერათ ჯერ ისევ  „ანდერგრაუნდში“ ვართ.  ჩვენშიც დაყოფაა, სხვადასხვა სუბ-კულტურებით გაჯერებული. ვიცი ჩვენი ბრალია. მაგრამ ჩვენც იმ 90-იანებში აღვიზარდეთ, სადაც ღირებულებებითი სისტემის შექმნაზე არავის ჰქონდა საფიქრალი დრო, როცა ზოგი „ზვიადისტებად“ იყოფოდა, ზოგი „ვერელებად“ და ზოგი „მხედრიონელებად.“ აქედან მოყოლებული, დაყოფა გახდა ჩვენი საზოგადოების ყველაზე საზიზღარი სნეულება. დღეს რა მნიშვნელობა აქვს სახელებს, როცა ჩვენც - ახალგაზრდები - ზოგი „პეროებად“ ვიყოფით, ზოგი „ბომჟებად“ და ზოგი „გიბრალტარ თუ ატლანტიკა დალეულებად.“

 

არა, თავს არ ვიმართლებ. მაგრამ ჩვენ ჩვენი მემკვიდრეობა გვაქვს და დღეს, თუ ვინმეში ყველაზე თვალსაჩინოდ აქვს კვირტები გამოსხმული ნიჰილიზმს - ისევ ჩვენში. ჰო, კიდევ ვიცით რას ნიშნავს იყო „გოდოს მოლოდინში,“ არა იმიტომ რომ წაკითხული გვაქვს, უბრალოდ წლების განმავლობაში ვაკვირდებით მომლოდინე ერს. სამწუხაროდ მხოლოდ სტატისტის როლში. ვერაფერს ვცვლიდით, მიუხედვად იმისა, რომ ცვლილება ყველაზე მეტად ჩვენ გვინდოდა. ცვლილება პირველ რიგში აზროვნების შეცვლით უნდა დაიწყოს. შეიძლება დღეს ჩვენ სხვა მენტალობით ვცხოვრობთ და „მამათა თაობის“ აზროვნებისგანაც განვსხვავდებით. მაგრამ რა მოვუხერხოთ გავლენას? მართლაც, რა გავლენა უნდა გვქონდეს ჩვენ უფრო ფართო აუდიოტორიაზე?

 

ეს კითხვები მხოლოდ მე არ მაწუხებს. აწუხებს ყველა ახალგაზრდას, ვინც დღეს ნიჰილიზმის, როგორც სენის დამარცხებას ვცდილობთ. თანამედროვეობაში ძნელია ქართველ ახალგაზრდას მოსთხოვო მთლიანად ერის გამოღვიძება - მათ ვინც უკვე აღარ ვართ „ბავშვები“ და დამოუკიდებლობის უნარიც შეგვწევს, მაგრამ გავლენა არ გვაქვს.

როგორ მოიპოვება გავლენა?

 

გასაგებია რომ ფულით. მაგრამ არსებობს ალტერნატივაც - პირადად მე პირველი რაც თავში მომდის 1968 წლის საფრანგეთის სტუდენტთა საყოველთაო დემონსტრაციებია. კრიტიკოსთა ნაწილი ამ მოვლენას აწერს ფრანგული ერის სოციალურ და კულტურულ გარდატეხას. ბუნებრივია, დე-გოლის მთავრობას არ შევადარებ ჩვენეულ ღარიბაშვილს - მკითხველს მივანდობ განსჯას რა სხვაობაა ამ ორს შორის. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ გავლენა ახალგაზრდულ მოძრაობას რეალური დემოკრატიის პირობებში აქვს და არა იმ ჰიბრიდში, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ ისტორიული მაგალითების მიუხედავად, ჩვენ - საქართველოს ახალგაზრდები - ამაოდ მივიჩნევთ ყოველგვარ პროტესტს. ახლო წარსულში იყო ამის მცდელობა - „ლაბორატორია 1918“, რომელიც 2012 წელს სისტემის ნგრევისკენ მოგვიწოდებდა, დღეს გვერდზე გადგა. არ ვიცი რა დაინგრა, მაგრამ ყველაზე მთავარი - მენტალური ბარიერი, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაშია ჩაცემენტებული ჯერ კიდევ ხელუხლებელია.

 

კარგია, როცა ახალგაზრდა, დესტრუქციული სული რაიმეს ანგრევს. და თუ რაღაც უნდა დაინგრეს, რაღაც ახალიც უნდა აშენდეს. არ ვიცი „მშენებლებად“ რამდენად გამოვდგებით, მაგრამ საძირკვლის ჩაყრა არ უნდა იყოს ძნელი. მაგრამ ეს მაშინ, როცა ნიჰილიზმს დავამარცხებთ. დღეს, რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც რომელიმე ზემოთჩამოთვლილ სუბ-კულტურას მიეკუთვნება, ან შარდენზე ნებივრობს, ან სადარბაზოს კიბეზე უსმენს „მეფეს“ და ან საერთაშორისო კონფერენციებს ესწრება. ლეთარგია ჩვენც მოგვეძალა - არ ვიცით რისი უნდა გვჯეროდეს, მაგრამ ვიცით, რომ „გოდოსი“ არ გვჯერა. ეს იმიტომ, რომ ჩვენშიც, როგორც რიგითი პოლიტიკური ტრანზიციის მქონე ქვეყნის მოქალაქეებში, ერთგვარი გარდატეხვაა. სოციალური გარდატეხვა. მიმდინარე მოვლენების ფონზე ერთადერთი რაც თავდაცვისთვის გამოგვადგა სწორედ ნიჰილიზმი იყო. თავდაცვისთვის იმიტომ, რომ სხვისკენ არ ვიყურებით, რომ „ყველაფერი კარგად იყოს“, მაგრამ ისიც არ ვიცით როგორ უნდა შევქმანთ წინაპირობა იმისთვის, რომ ყველაფერი იყოს კარგად. გადასარჩენად „გამოსავალი“ სიცარიელეში ვიპოვნეთ. მაგრამ იმედი მაინც გვაქვს, რომ ეს სიცარიელე დროებითია.

 

მანამდე კი ჩვეულ რიტმში, მარტივად და აუღელვებლად ვაიძულებთ ჩვენივე თავებს განვაგრძოთ სიცოცხლე:

 

„სანამ სახლიდან გამოვალ,
სარკის წინ ვდგები
და გულმოდგინედ ვივარცხნი ფიქრებს
უხერხულია გარეთ გასვლა
მოუწესრიგებელი და აბურდული ფიქრებით.
რას იტყვიან მეზობლები, გამვლელები, ნაცნობები!

 

მე წესიერი ადამიანი ვარ.“

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია