ისევ რეცეპტზე და „ძველ ნაცნობ მაშკევიჩზე“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-10-2014, 15:06 | მსოფლიო | ნანახია - 2107

ისევ რეცეპტზე და „ძველ ნაცნობ მაშკევიჩზე“სანდრო ურუშაძე

 

1 სექტემბრიდან საქართველოში  რეცეპტის გარეშე მეორე ჯგუფის მედიკამენტების გაყიდვა აიკრძალა. ფარმაცევტულ ბაზარზე დაწესებულმა ახალმა აკრძალვებმა  ჩვენი საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. საზოგადოების ერთი ნაწილი  „გაგებით მოეკიდა“ შემოთავაზებულ  ცვლილებას. ისინი იმედოვნებენ,  რომ ახალი აკრძალვები  „სააფთიაქო ნარკომანიის“ საფრთხეს და თვითმკურნალობის შემთხვევებს შეამცირებს, ხელს შეუწყობს წამლების რაციონალურ მოხმარებას. ახალი აკრძალვების მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციები მხოლოდ კეთილსინდისიერ მყიდველს  შეუქმნის პრობლემას, გაზრდის მედიკამენტების შესაძენად საჭირო ხარჯებს (პირდაპირს და არაპირდაპირს) და ერთადერთი შედეგი, რასაც მივიღებთ - მედიკამენტებზე  კიდევ უფრო შემცირებული ხელმისაწვდომობაა.

 

რას ნიშნავს მეორე ჯგუფის მედიკამენტები

 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტი რეკლამისა და საცალო რეალიზაციის მიზნით იყოფა სამ ჯგუფად: პირველ ჯგუფს განეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი; მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან/და რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე, ხოლო მესამე ჯგუფს განეკუთვნება ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მიღებაც ინსტრუქციის  შესაბამისად შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშეც. ახალი რეგულაციის ამოქმედებამდე სამინისტრომ  მეორე და მესამე ჯგუფში შემავალი მედიკამენტების რეკლასიფიკაცია მოახდინა, რომლის შედეგადაც რეცეპტის გარეშე გაყიდვის აკრძალვა   ერთდროულად  1121 დასახელების გენერიულ სამკურნალო საშუალებას, ან მათ კომბინაციას შეეხო, რაც ჯამში 5689 სხვადასხვა სავაჭრო დასახელებას აერთიანებს.

 

მედიკამენტების რეცეპტით გასაცემ (Rx - prescription) და თავისუფალ გაყიდვაში (OTC - over-the-counter ) მყოფ ჯგუფებად დაყოფა მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვყოთ მედიკამენტების კიდევ ერთი ჯგუფი: როცა წამლის რეალიზაცია რეცეპტის გარეშე, მაგრამ მხოლოდ ფარმაცევტის მეთვალყურეობითაა დაშვებული (P). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  განვითარებულ ქვეყნებში მედიკამენტის ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლას სპეციალური წესები არეგულირებს. რეცეპტით გასაცემი პრეპარატის თავისუფალ გაყიდვაში გადასვლას კი განაპირობებს პრეპარატის, როგორც ფარმაკოლოგიური, ასევე ფინანსური (ბიუჯეტის შესაძლო დანაზოგები)  და სოციალური ასპექტები. ისიც აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე პრეპარატი შესაძლოა ევროპის ერთ  ქვეყანაში რეცეპტით გაიცემოდეს და მეორეში თავისუფალ გაყიდვაში იყოს. როგორც წესი, რეცეპტით გასაცემი მედიკამენტის ღირებულებას მთლიანად, ან ნაწილობრივ სადაზღვევო ფონდები ანაზღაურებენ, მაშინ როცა თავისუფალ გაყიდვაში მყოფი მედიკამენტის საფასურის გადახდა უმეტეს შემთხვევაში თავად მყიდველს უწევს.

საქართველოში მცირე გამონაკლისების გარდა (სპეციალიზებული მედიკამენტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა და სადაზღვევო პაკეტში შესული ანაზღაურებადი ესენციური მედიკამენტები) მედიკამენტების ხარჯებს მთლიანად მოსახლეობა იხდის. 

 

შემცირდება თუ არა „სააფთიაქო ნარკომანია“ და თვითმკურნალობის შემთხვევები

 

ახალი აკრძალვების შემოღებით ჯანდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ შემცირდება ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანია“ და თვითმკურნალობის შემთხვევები.

 

„სააფთიაქო ნარკომანიის“ პრობლემა ნამდვილად არსებობს და მასთან ბრძოლის საჭიროებას არც არავინ უარყოფს. 1 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით ნარკოტიკული და მათი შემცველი საშუალებები,  ცალკეული ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებები მიეკუთვნებოდნენ (და დღესაც მიეკუთვნებიან) პირველი ჯგუფის მედიკამენტებს და ექვემდებარებიან სპეციალურ კონტროლს. მათი გამოწერა და გაცემა რეცეპტის სპეციალური ფორმით ხორციელდებოდა (და ხორციელდება). ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო საჭიროებისამებრ ავსებს არსებულ ნუსხას ადგილობრივი ნარკოლოგიური სიტუაციის და სასამართლო-საგამოძიებო ორგანოების პრაქტიკის გათვალისწინებით. ძნელი სათქმელია რას შეცვლის ამ მიმართულებით მეორე ჯგუფის მედიკამენტების მხოლოდ რეცეპტით გასაცემ კატეგორიაში გადაყვანა. ვფიქრობ, ამ მიმართულებით უფრო მნიშვნელოვანია უკვე არსებული წესების მკაცრი დაცვა, მოსახლეობის სამედიცინო განათლება და მომხმარებელთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციაა.

 

თვითმკურნალობის შემთხვევებთან დაკავშირებით საინტერესო შედეგი აჩვენა 2010 წელს საქართველოში ჩატარებულმა ჯანდაცვის მოხმარებისა და დანახარჯების კვლევამ (HUES. 2010).  ამ კვლევის  მიხედვით, თვითმკურნალობის შემთხვევების  რიცხვი 2010 წელს  მნიშვნელოვნად იყო შემცირებული (59.3% 1000 მოსახლეზე) 2007 წელთან შედარებით (80.3% 1000 მოსახლეზე), რაც მოსახლეობის მხოლოდ 6% -ს  შეადგენს.  ეს მონაცემებიც ადასტურებს, რომ თვითმკურნალობის შემთხვევების შემცირებაზე მნიშვნელოვან გავლენას  ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ახდენს;  წამლების ურეცეპტოდ გაცემა კი არ არის  მთავარი ფაქტორი მისი შემცირებისთვის. 

 

ახალი გამოწვევა  პირველადი ჯანდაცვისთვის

 

არავისთვის საიდუმლო არ არის (და ეს ზემოთ მოყვანილი კვლევის შედეგითაც დასტურდება), რომ არარაციონალური მოხმარებისა და ფარმაცევტულ  პროდუქციაზე მუდმივად მზარდი ხარჯების მთავარი მამოძრავებელი არა თვითმკურნალობა, არამედ მედიკამენტების ფასებზე კარტელური გარიგებები და ფარმაცევტული კომპანიების გავლენაა სამედიცინო პერსონალზე. ახალი რეგულაციების შედეგად მოსალოდნელია ფარმაცევტული სექტორის კიდევ უფრო გააქტიურება ამბულატორიული სერვისების  მიწოდების მიმართულებით.

 

ფარმაცევტული ბაზრის წამყვანი მოთამაშეები შეეცდებიან გააფართოონ საკუთარი ამბულატორიების ქსელი და/ან მეტი გავლენა მოიპოვონ პჯდ და ჰოსპიტალურ ქსელში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე.  ამის  პირველი ნიშნები უკვე გაჩნდა ე.წ. „სააფთიაქო ექიმების“ სახით. რომლის მთავარი ფუნქცია არა დიაგნოსტირება და დანიშნულების მიცემა, არამედ კონკრეტული აფთიაქის მიერ რეალიზებულ წამლებზე რეცეპტის გამოწერაა.

 

რეცეპტთან დაკავშირებული მოლოდინების გამართლებაში მთავარი როლი პირველად ჯანდაცვაში (პჯდ) დასაქმებულმა ექიმებმა უნდა შეასრულონ (და არა  სახელმწიფო  ჩინოვნიკებმა). დღეს მომუშავე ოჯახის ექიმების, სოფლის ექიმების, პედიატრების და ექიმი-სპეციალისტების პროფესიონალიზმზე და მოუსყიდველობაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეამცირებს მედიკამენტების არარაციონალურ მოხმარებას 1 სექტემბრიდან ამოქმედებული აკრძალვები.

 

დღეს არსებული სტატისტიკით, ყოველი მეორე პაციენტი ექიმის კონსულტაციას პჯდ -ის გვერდის ავლით ღებულობს. პჯდ სექტორში მიმართვიანობის მაჩვენებლის მიხედვით საქართველოს მყარი, ბოლოდან პირველი ადგილი უჭირავს ევროპის რეგიონში (HSPA. 2011). პაციენტი სოფლის ექიმისა, თუ პოლიკლინიკის პერსონალის კვალიფიკაციას არ ენდობა და ცდილობს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ სექტორში მომუშავე, ან კერძო პრაქტიკის მქონე, უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტს მიმართოს. 

 

ახალი აკრძალვების შემოღების შემდეგ ბევრი პაციენტი არჩევანის  წინაშე  დადგება: საყოველთაო ჯანდაცვის მიერ შეთავაზებული უფასო  მომსახურების მისაღებად რიგში ჩადგეს, თუ საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს კონსულტაციის საფასური. ამ  არჩევანის გაკეთება მოუწევს როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობას.  ახალი აკრძალვები განსაკუთრებით იმ ქრონიკული პაციენტებისთვის იქნება მიუღებელი,  ვინც ბევრ ექიმზე  უკეთესად იცნობს საკუთარ დაავადებას და წლების განმავლობაში ერთი და იგივე მედიკამენტის მოხმარება უწევს.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების პირობებში სამედიცინო პერსონალის მხოლოდ დატვირთვა გაიზრდება და არა ხელფასი. ასეთ ვითარებაში ფარმაცევტული კომპანიების შანსი საკომისიო, ან სხვა რაიმე სარგებელის დახმარებით  გავლენა მოიპოვონ დაბალ ხელფასიან პერსონალზე მნიშვნელოვნად იზრდება. არსებობს საფრთხე, რომ რეცეპტის გამოსაწერად მისული პაციენტი დარჩება პირისპირ  ექიმთან, რომელიც კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის წამლების რეალიზაციით უფრო არის დაინტერესებული, ვიდრე მისი ჯანმრთელობით.

 

ბოლო თვეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება რეცეპტის ინსტიტუტის საჭიროებაში. რეცეპტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ტელეეკრანებიდან საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივცემული ექიმებიც. მათ პოზიციას რეცეპტის თაობაზე მეც ვიზიარებ, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას ჰგავს. რეცეპტის წინააღმდეგი არავინ  არის. კითხვები ჩნდება თავად სამინისტროს სტრატეგიაზე, კვალიფიკაციაზე და შესაძლებლობებზე.

 

მეორე ჯგუფის მედიკამენტების სიის დამტკიცებიდან ათი დღის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ მზად არის ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ გადახედოს მის შემადგენლობას და გარკვეული მედიკამენტები ისევ თავისუფალ ვაჭრობის რეჟიმში დააბრუნოს. ბევრმა მაღალი დონის ექსპერტმა საფუძვლიანი ეჭვი გამოთქვა, რომ მედიკამენტების სიის შედგენას მეტი კვალიფიკაცია და ყურადღება სჭირდება, რაც შეამცირებს კორუფციული გარიგებების რისკს და უფრო გამჭირვალეს გახდის მედიკამენტების რეკლასიფიკაციის პროცესს. სხვა შემთხვევაში  სერიოზული საფრთხე არსებობს, რომ ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად გააუარესოს მედიკამენტებზე ისედაც დაბალი ხელმისაწვდომობა.

 

უნდა ველოდოთ თუ არა სააფთიაქო სამმართველოს აღდგენას

 

ბოლო წლებში  განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამკვიდრებული ნაციონალიზაციის (დეპრივატიზაციის) პრაქტიკა ჯანდაცვის სფეროში შექმნილი პრობლემების საპასუხოდ. სამედიცინო დაზღვევაში არსებულ პრობლემებზე საუბარი კერძო კომპანიების ბაზრიდან გაძევებით და სახელმწიფო ფონდის შექმნით დასრულდა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის მუშაობის გაუმჯობესება - კერძო კომპანიების საკუთრებაში მყოფი ავტოპარკის ნაციონალიზაციით და სახელწიფო საწარმო „03“-ის აღდგენით. ჰოსპიტალურ სექტორში კერძო ინვესტიციების მხარდაჭერის მაგივრად სამინისტრომ ბიუჯეტის ხარჯზე „საჩვენებელი“ სახელმწიფო კლინიკების და ამბულატორიების მშენებლობა დააანონსა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, არ გამიკვირდება, თუ ფარმაცევტულ სექტორში არსებული ყველა პრობლემა კერძო ფარმაცევტულ კომპანიებს და ფარმაცევტული სექტორის პრივატიზებას  დაბრალდება. ალბათ, ძნელი არ იქნება ამ მიმართულებით საზოგადოების განწყობით მანიპულირება  და პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად სახელმწიფო აფთიაქების ქსელის განვითარებას შემოგვთავაზებენ. იმედი მაქვს ამ ყველაზე პესიმისტურ სცენარს განხორციელება არ უწერია, თორემ ნამდვილად გამართლდება ის ეჭვები, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა და ახალი რეგულაციების შემოღება „ძველი ნაცნობი მაშკევიჩის“ სახელს დაუკავშირა.  სახელმწიფო აფთიაქების ქსელის ექსკლუზიური მომარაგება ხომ ყველა მდიდარი ოლიგარქის ოცნებაა.

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია