მორიგი გარღვევა ქართულ დიპლომატიაში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-10-2014, 15:38 | მსოფლიო | ნანახია - 3054

კოტე იოსელიანი

 

2014 წლის 10 ოქტომბერს, მინსკში  დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მორიგი სამიტი გაიმართა. სამიტის ფარგლებში უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ კარიმოვმა ღიად დააფიქსირა საკუთარი ნეგატიური პოზიცია იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არ ესწრებოდა ამ სამიტს. მან ასევე თქვა, რომ აღნიშნულ ფორმატში, კოლეგებთან თანამშრომლობის ნაცვლად, პოროშენკო ბრიუსელში  დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს ხვდება, რაც კარიმოვის შეფასებით ყოვლად მიუღებელია. უზბეკეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორმატი წევრი სახელმწიფოების თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმია და უკვე ქართველებიც კი ნანობენ იმას, რომ წლების წინ უარი თქვეს თანამეგობრობის წევრობაზე.

 

საიდან ფლობს ამ ინფრომაციას უზბეკეთის პრეზიდენტი? იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში არ არსებობს უზბეკეთის საელჩო (იფარება ქ. ბაქოდან - საქართველოსა და უზბეკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 19 აგვისტოს, უზბეკეთში საქართველოს საელჩო გაიხსნა 1997 წელს) ნაკლებად სავარაუდოა, რომ უზბეკეთის სახელმწიფო უწყებებს თავიანთი პრეზიდენტისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია დსთ-დან გამოსვლის კუთხით ქართული მხარის სინანულის შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლებში ისლამ კარიმოვს მსგავსი განცხადება არასოდეს გაუკეთებია.

 

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში უზბეკეთში ახალი ელჩი დაინიშნა. დიპლომატიური პროტოკოლით გათვალისწინებული წესების მიხედვით, ახალმა ელჩმა,  2014 წლის 25 თებერვალს, უზბეკეთის პრეზიდენტს გადასცა რწმუნებათა სიგელები. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ახალ ელჩსა და უზბეკეთის პრეზიდენტს შორის გამართულ “შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე. მათ ასევე ისაუბრეს ”ახალი აბრეშუმის გზის” იდეაზე და ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ფუნქციასა და უზბეკეთის მხრიდან პროექტის ხელშეწყობის საკითხზე. ელჩმა უზბეკეთის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, მიმდინარე რეფორმების, ასევე საგარეო პოლიტიკური საკითხების, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის შესახებ”.

 

ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ფონზე, სავსებით შესაძლებელია, რომ დსთ-დან გამოსვლასთან დაკავშირებით ქართული მხარის გულისწყრომის შესახებ ინფორმაცია სწორედ ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე მიაწოდა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს  ელჩმა.  ამ მოსაზრებას ასევე ამყარებს ის გარემოება, რომ კარიმოვის ნათქვამს ქართული მხრიდან არ მოჰყოლია რაიმე სახის გამოხმაურება - დუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დუმს საქართველოს ელჩი უზბეკეთის რესპუბლიკაში!

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია