რატომ ძვირდება ჩვენი გაჯეტები?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 13:06 | ეკონომიკა | ნანახია - 1309 | ავტორი: გიორგი მშვენიერაძე

რატომ ძვირდება ჩვენი გაჯეტები?

Original Design Manufacturers ანუ ორიგინალური დიზაინის მწარმოებლები სერიოზულ კრიზისში შევიდნენ.

 

რატომ უნდა დაგაინტერესოთ ამ ისტორიამ? იმიტომ რომ ოდმ მსოფლიო ბაზარზე გამოტანილ ლეფთოფების, ტაბლეტების და სმართფონების თითქმის 3/4 აწარმოებენ. ეს ტაივანური კომპანიები, რომლებმაც თავისი ქარხნები ჩინეთში გადაიტანეს მუშახელის უკიდურესი სიიაფის გამო, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებენ. მათ ამაყ სახელებს ვერ ნახავთ პროდუქციაზე, მათ რეკლამას - hi-tech ჟურნალებში და ისინი არასოდეს არ აწყობენ პომპეზურ პრეზენტაციებს. მიუხედავად ამისა, კომპანიების ეს პატარა ჯგუფი, - Foxconn, Quanta Computer, Compal Electronics, Wistron, Inventec, Gemtek, Accton, Arima Communications, Mitac International, სულ დაახლოებით ოცდაათამდე კომპანია, - ტექნოლოგიური სექტორის ლოკომოტივია. მაგალითი? ინებეთ: 2010 წელს Quanta Computer-მა Hewlett-Packard-ისთვის 24 მილიონი პერსონალური კომპიუტერი აწარმოა. თუ ამ წუთს თქვენ Apple-ს კომპიუტერს უზიხართ, ან iPad-ით კითხულობთ ამ სიუჟეტს, ან iPhone-თ უკავშირდებით ვინმეს, იცოდეთ რომ ეს ყველაფერი Foxconn-ის მიერ არის დამზადებული.

 

ოდმ-ის კრიზისი ავტომატურად ნიშნავს თქვენი (ჩვენი!) საყვარელი “სათამაშოების” გაძვირებას, და თუ ამ პროცესს ხელს ვერ შევუშლით, იქნებ ის მაინც გავარკვიოთ, პრობლემები რამ გამოიწვია.

 

ცოდნა სინათლეაო, ამბობენ.

 

პირველი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ აშშ-ში ადამიანის უფლებების დამცველ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს  სერიოზულ პრესინგში ჰყავთ ამერიკული ტექნოლოგიური (და არა მხოლოდ!) კომპანიები მოთხოვნით, რომ მათ აიძულონ თავისი პარტნიორები ჩინეთში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, მალაიზიაში და ა. შ. “ადამიანური” სამუშაო პირობები შეუქმნან მუშახელს, რაც ბუნებრივად აძვირებს წარმოებას. ამ პოლიტიკას გასაგები და გასაზიარებელი ჰუმანიზმის დაცვის გარდა კიდევ ერთი სასიამოვნო (აშშ-ს ეკონომიკისთვის!) ასპექტიც აღმოაჩნდა: ბევრმა კომპანიამ წარმოების შეერთებულ შტატებში დაბრუნება დაიწყო.

 

კიდევ უფრო სერიოზულად ართულებს სიტუაციას ჩინეთის ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მუშახელის ანაზღაურების მუდმივ ზრდაზეა ორიენტირებული სოციალური პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.  2000 წელს ამ კომპანიების წარმოებაში დაკავებული მუშის საშუალო წლიური ხელფასი $950 ამერიკული დოლარი იყო. დღეს იგივე მუშა $5.800 დოლარს იღებს.

 

2000-ის დასაწყისში ოდმ-ებმა ხელფასის ზრდით გამოწვეულ დარტყმას გაუძლეს, იმიტომ რომ მუშახელის გაძვირებას საბანკო კრედიტის პროცენტული განაკვეთის მნიშვნელოვანი გაიაფება დაემთხვა. ჩინეთის ეკონომიკის თავკაცებს კატეგორიულად არ აწყობდათ მშპ-ის ტემპების დაცემა. 2003 წელს წლიური პროცენტი კრედიტზე საშუალოდ 3.7% შეადგენდა, ხოლო 2011 წლისთვის ის 0.4%-მდე დაეცა. მუშახელის გაძვირების ნეგატიური ეფექტი ჩინურმა ბანკებმა იტვირთეს ხელისუფლების მითითებით და სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე. ნედლეულის, ინდუსტრიული ხაზების, სამშენებლო მასალების სიიაფემ ოდმ-ების საბუღალტრო წიგნებს მიმზიდველობა შეუნარჩუნა.

 

სამწუხაროდ, როგორც ყველაფერი კარგი, ესეც დამთავრდა. 2012 წელს გაუარესებულმა ფინანსურმა სიტუაციამ, უძრავი ქონების გამსკდარმა “ბუშტმა”, საბანკო სექტორის პრობლემებმა ჩინეთის ცენტრალური ბანკი აიძულა ინტერესი კრედიტზე 4%-მდე გაეზარდა. და კვლავ სამწუხაროდ, ეს პროცენტული განაკვეთი საკმაოდ შორს არის საბოლოო ციფრიდან: პეკინი მოსახლეობას ანაზღაურების კიდევ უფრო მეტად ზრდას პირდება, ხოლო კომპანიებს - ენერგიის, საშენ მასალების, ნედლეულის გაძვირებას და საკრედიტო სფეროს ლიბერალიზაციას.

 

2012 წელი ოდმ-ებისთვის, რბილად რომ ვთქათ, ცუდი იყო: შემოსავალი 6.5%-დან 5.1%-მდე დაეცა, ხოლო მოგება - 2.8%-დან 1.5%-მდე. მოკლედ, ფინანსურ ბაზრებზე თამაში უფრო მომგებიანი გახდა ვიდრე რეინვესტიცია წარმოებაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ Foxconn აშშ-ში ქარხნის გახსნაზე ალაპარაკდა, ხოლო Quanta Computer-მა ასეთი წარმოება უკვე გახსნა. რა თქმა უნდა, ყოველი ზემოთთქმული არ ნიშნავს, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოებები ერთ დღეში მოიხსნებიან ადგილიდან და ჩინეთს დატოვებენ, მაგრამ პროდუქციის ღირებულების ზრდა გარდაუვალია.

 

ასე რომ გაუფრთხილდით თქვენს “i-მეგობრებს”. ახალი გაჯეტის ყიდვა გაზრდილ თანხებთან იქნება დაკავშირებული, რადგან გლობალიზაციის შედეგები უკვე ერთნაირად იგრძნობა შანჰაიში და შროშაში.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია