FB სტატუსი - მამუკა კუდავა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-10-2014, 11:56 | კომენტარები | ნანახია - 1037

მოსკოვს ცრემლების არ ჯერა

 

დღეს იქნება თუ ხვალ, აფხაზეთთან ახალი ხელშეკრულების დადებით თუ უიმისოდ, პუტინი შეეცდება აფხაზეთის ანექსიას, ისევე როგორც ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის ერთ ოსეთად ჩამოყალიბებას. ამისთვის კრემლი ზეწოლის ყველა მეთოდს გამოიყენებს, მათ შორის შანტაჟს, ემბარგოს და სამხედრო პროვოკაციებს.

 

აუცილებელია, რომ კრემლის მიერ შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე ხელისუფლებამ უახლოეს პერიოდში გამოიტანოს სწორი დასკვნები და მკვდრად გამოაცხადოს „რუსეთთან ურთიერთობის დალაგების" პოლიტიკა (ამ ილუზორული პოლიტიკის ყველაზე ნიშანდობლივი ციტატები იხილეთ ბოლოში).

 

მთავრობამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები, მათ შორის - ორმხრივი დიალოგის შეჩერება და მაქსიმალური გაააქტიურება საერთაშორისო ასპარეზზე, აფხაზეთის და ცხინვალის ანექსიის შეჩერებაში დახმარების მოპოვების მიზნით.

 

ეს არ ნიშნავს გინების რიტორიკას, მაგრამ ნიშნავს ეროვნული ინტერესების პრინციპულად დაცვას და საზღვარგარეთ სერიოზული ლობინგის/პიარის დაწყებას. ეს არ ნიშნავს ომის დაწყებას, თუმცა ნიშნავს რუსული აგრესიისთვის მზადებას. ეს კი რასაკვირველია შეუძლებელია არსებული არაპროფესიონალური მთავრობის პირობებში, ამიტომ ის უნდა შეიცვალოს.

 

პრეზიდენტმა სააკაშვილმაც სცადა „რუსეთთან ურთიერთობის დალაგება", მაგრამ ზუსტად ორი წლის შემდეგ ურთიერთობები გაუარესდა. ეს ლოგიკურიცაა - ადრე თუ გვიან კრემლის აგრესიული პოლიტიკის გააქტიურების გამო რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის ქონა შეუძლებელია, მინიმუმ პუტინის ცარობის დროს. მოსკოვს როგორც სააკაშვილის დაპირებების არ ჯეროდა ადრე, ისე ივანიშვილის ცრემლების დღეს. პუტინს „რუსსკი მირ" იდეა-ფიქსის განსახორციელებლად ტერიტორიები აქვს შემოსაკრები.

 

რაც მალე აღიარებს „ოცნების კოალიცია" ამას და თან საჯაროდ, მით უკეთესი ქვეყნისთვის და მისთვისაც. სამაგიეროდ, ახალ მთავრობას უფრო რეალისტური საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში საზოგადოება, ოპოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობა ამოუდგება მხარში.

 

[ პრემიერი ივანიშვილი, ივნისი 2013. „მე არ მგონია და ვერ ვიჯერებ, რომ რუსეთის სტრატეგია არის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობა და ოკუპაცია. ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო ორივე მხრიდან და ეს არ არის თანხვედრაში რუსეთის სტრატეგიასთან. საკმაოდ კარგი ანალიზი შემიძლია და ამის პრეტენზია მაქვს. ვნახოთ, ნუ ავჩქარდებით. ნუ გამოვიტანთ გლობალურ დასკვნებს, დაველოდოთ მოვლენებს. ყველაფერი დიალექტიკაში უნდა განვიხილოთ, ყველაფერი იცვლება და რუსეთი ვერ დარჩება უცვლელი“.

 

პრემიერი ღარიბაშვილი, ივნისი 2014. „როგორც ვიცი და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთს არ აქვს ორი დე-ფაქტო ტერიტორიის, დე ფაქტო მთავრობების ანექსიის განზრახვა". „ნაკლებად მაინტერესებს, რას იფიქრებს ოპოზიცია. ჩემთვის მთავარია, რას იფიქრებს მოსახლეობა და როგორ იქნება ჩვენი ხალხი. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, როგორ გავაძლიეროთ ქვეყანა და პასუხისმგებელი ვართ ამომრჩევლის წინაშე. ერთი რელობაა ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მეორე ის, რომ რუსეთი ამ რეგიონების ანექსიით დაინტერესებული არ არის".

 

პრემიერი ღარიბაშვილი, ოქტომბერი 2014. „არ მინდა დავიჯერო, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და აფხაზი ერი სწორედ ამისკენ მიისწრაფვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ წარმოებულ 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის, აღიარებისა და ე.წ დამოუკიდებლობის მიღწევისთვის. ჩემი ინფორმაციით, აფხაზეთში არაერთგვაროვანი პოზიცია დაფიქსირდა, საკმაოდ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ ამ ტექსტის მისამართით“. ]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია