„საქართველო და პუტინის რუსეთი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრაქტიკული ხელოვნება“ ( I ნაწილი )

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-10-2014, 16:33 | მსოფლიო | ნანახია - 2387

გიორგი ბადრიძე 

 

წინამდებარე სტატია დაიბეჭდა  კანადის დიპლომატიური სამსახურის ჟურნალ bout de papier- ის 28-ე გამოცემის, No. 2-ში. 

       

რედაქტორისგან:

რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინის ცაში MH-17-ის ჩამოგდების შემდეგ დასავლური მედია გადატვირთულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმოხოლვით და ანალიზით. თუმცა, ყურადღება თითქმის არ ექცევა 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, რისი ზუსტი გამეორებაცაა დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ასევე, არავინ ცდილობს გაანალიზოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების საქმეში საქართველოს მიერ მიღებული გამოცდილება როგორც ომამდე, ისე ომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგობის და მზარდი ტერიტორიული ამბიციების ფონზე.  ჟურნალმა bout de papier თხოვა დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილ ელჩს გიორგი ბადრიძეს, აეხსნა, თუ რატომ იყო მოსალოდნელი რუსეთის ამგვარი ქცევა უკრაინაში და როგორ ართმევდა თავს საქართველო რუსეთთან მეზობლობის რთულ ამოცანას. რუსეთთან საქართველოს ურთიერთობების გამოცდილება შესაძლოა მნიშვნელოვან გაკვეთილებს შეიცავდეს უკრაინის კრიზისისადმი დასავლეთის სწორი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის.

 

* * *

 

როდესაც 1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი, ჩემი სამშობლო - საქართველოს საბჭოთა მმართველობის ქვეშიდან გამოსვლის არანაირი იმედი  არსებობდა. მაშინ ჩემს ყველაზე თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისას საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა იქნებოდა, მე კი მისი ახლადშექმნილი დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელი. მაგრამ ისტორია იშვიათადაა  შემთხვევითი, ან ულოგიკო. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ეს უმთავრესად მისი შიდა წინააღმდეგობებით და ეკონომიკური  არაკომპეტენტურობით იყო გამოწვეული.  

  

საქართველოს დამოუკიდებლობასაც თავისი ლოგიკა ჰქონდა. გავრცელებული კლიშეს მიუხედავად, საქართველო არ ყოფილა „ახლად-დამოუკიდებელი“ სახელმწიფო, რომელიც სსრკ-ს დაშლის შედეგად 1991 წელს მოევლინა ქვეყანას. ამ წელს ქართველმა ხალხმა დაიბრუნა დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენმა გიგანტურმა მეზობელმა მანამდე ორჯერ წაგვართვა. იმის გასააზრებლად, თუ როგორ შეინარჩუნა საქართველომ დამოუკიდებლობა მას შემდეგ, ბევრად უფრო შორეულ წარსულს უნდა გადავხედოთ, სადაც სათავეს იღებს ჩვენი ეროვნული თვითშეგნების ფესვები.

 

„საქართველო და პუტინის რუსეთი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრაქტიკული ხელოვნება“ ( I ნაწილი )ქართველები თავისებურად უნიკალური ხალხია. მრავალი იმპერიის მხრიდან დიდი წნეხის მიუხედავად, მათ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს  თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრიობა, კულტურა, რელიგია, ენა და საკუთარი ანბანი (რომელიც არაა ნათესაობაში არცერთ სხვა  ცოცხალ ენასთან). საქართველო ასევე მსოფლიოს ერთ - ერთი უძველესი ქრისტიანული სამეფო იყო, რომელშიც ევროპის უძველესი დინასტია მეფობდა.

 

საქართველოს სახელმწიფოს წარმოქმნა ორ კომპონენტს დაეფუძნა:  მისი დასავლური ნაწილი უკვე ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში იყო ცნობილი ძველი ბერძნებისთვის როგორც კოლხეთი, სადაც ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იასონი და მისი არგონავტი მეგობრები გაემართნენ. ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოც ერთიან სამეფოდ ყალიბდება და მას ბერძნები და რომაელები იბერიის სახელით იცნობენ (რომელიც არ უნდა აგვერიოს იბერიის ნახევარკუნძულში). ჩვენი იბერია მალე სამხრეთ კავკასიის დომინანტი სახელმწიფო გახდა, რომელიც მჭიდრო ალიანსში იყო რომთან, მეოთხე საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ხოლო მეცამეტე საუკუნის დასაწყისისთვის ქართველების გაერთიანებული სამეფო დიდი რეგიონული მნიშვნელობის ძალას წარმოადგენდა. ამ დროისთვის დასავლეთში საქართველოს ხშირად „გეორგია“-დ მოიხსენებენ, რაც ალბათ წმინდა გიორგის თითქმის საკულტო სტატუსს ასახავდა და დღესაც გამოხატულია ჩვენს დროშაზე.

მომდევნო საუკუნეებში საქართველოს მოუწია მონღოლური, სპარსული და ოსმალური შემოსევების მოგერიება და მათი დომინირების პერიოდების გადატანა, მაგრამ როგორი ირონიულიც არ უნდა იყოს, მას დამოუკიდებლობა საბოლოოდ ერთმორწმუნე რუსეთმა წაართვა.  მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსებმა საქართველოს სრული ანექსია მოახდინეს და ყველა სხვა დამპყრობელზე უფრო შორს წავიდნენ: მათ გაანადგურეს ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, გააუქმეს თვითმმართველობის ყველა ფორმა და საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალია.    

 

როდესაც პირველი მსოფლიო ომის ბოლოს რუსეთის იმპერია დაიშალა, საქართველომ კვლავ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მსოფლიოს მრავალმა წამყვანმა სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის იყო თავად ბოლშევიკური რუსეთი. საქართველოს სახელმწიფოს აღორძინებამ ეფექტი შორს მის ფარგლებს გარეთაც ჰპოვა. პროფესორ სტივენ ჯონსის სიტყვებით: „[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა] ამ დროისთვის იმედის და თავისუფლების ჭეშმარიტ შუქურას წარმოადგენდა ევროპელი  სოციალ-დემოკრატებისთვის, როგორიც იყვნენ ემილ ვანდერველდე, კარლ კაუცკი და რემზი მაკდონალდი, რომლებიც ეწვივნენ საქართველოს და მის შესახებ წერდნენ, როგორც მაშინ არსებული ავტორიტარული მოდელების ალტერნატივაზე“. 

 

ეს დემოკრატიული ექსპერიმენტი მოულოდნელად და სწრაფად 1921 წელს დასრულდა, როდესაც საქართველო ბელშევიკებმა დაიპყრეს და შემდეგ მისი ანექია მოახდინეს. ამას სამოცდაათწლიანი საჭოთა ბატონობა მოჰყვა.

 

მათ, ვინც ცოტა ან არაფერი იცის ჩვენი ისტორიის შესახებ, შესაძლოა ეგონოს, რომ საქართველო მხოლოდ რუსეთის სეპარატისტული პროვინციაა და რომ რუსეთს მასზე ექსკლუზიური გავლენის სფეროს გავრცელების სრული უფლება აქვს. სინამდვილეში ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის სამიათასწლოვანი გამოცდილება და თავისუფლებისთვის ბრძოლის ძლიერი ტრადიცია აქვს. ჩვენ არა ვინმეს ყოფილი ნაწილი, არამედ აღმდგარი სახელმწიფო ვართ. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ პირველივე შესაძლებლობა გამოვიყენეთ საბჭოეთის ნანგრევებიდან გასაცლელად და უკან აღარც მიგვიხედავს.

 

თუმცა საბჭოთა კავშირის დასასრული არ ნიშნავდა, რომ საქართველოს (ისევე, როგორც სხვა ყოფილ რესპუბლიკებს) საშუალებას მისცემდნენ აეშენებინათ თავისუფალი და წარმატებული მომავალი. მსოფლიოში მრავალ ექსპერტს დღესაც არ ესმის, რომ რუსი პოლიტიკოსების დიდი ნაწილისთვის ცივ ომში დამარცხება და სსრკ-ს დაშლა მხოლოდ დროებითი წარუმატებლობა იყო. თავად პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა „მეოცე საუკუნის უდიდესი გეო-პოლიტიკური ტრაგედია იყო“.

90-იანი წლების დასაწყისიდანვე რუსეთმა არანაირი   ილუზია დატოვა იმის შესახებ, თუ რა  განზრახვები ამოძრავებდა საქართველოს მიმართ. 1990 წელს საქართველოში დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მთავრობა აირჩიეს, რომელსაც ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა (მას ზოგი ნაციონალისტსაც უწოდებდა). 1991 წლის ბოლოსთვის საქართველო ერთადერთი არა-ბალტიისპირული რესპუბლიკა იყო, რომელმაც უარი თქვა რუსეთის მიერ ინიცირებულ დსთ-ში გაწევრიანებაზე. სასჯელი სწრაფი და სასტიკი აღმოჩნდა - ბორის ელცინის ულტიმატუმის უარყოფის შემდეგ საქართველოს პირველი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული გადატრიალების შედეგად ჩამოაგდეს.

 

ამან ჩვენს დამოუკიდებლობას სრულიად განსხვავებული დასაბამი მისცა. დასავლეთი ელცინის სუსტი რეჟიმის დახმარებით იყო დაკავებული და რუსეთის ქცევას ახლო სამეზობლოში არ განიხილავდა, როგოც ახალი რუსეთის ჭეშმარიტი ბუნების სიმპტომს. მაშინ ჩვენ  მარტო დაგვტოვეს.

 

გამსახურდიას დამხობილი მთავრობის „რადიკალიზმი“ ჩაანაცვლა ედუარდ შევარდნაძის „პრაგმატიზმმა“ (რადიკალიზმსაც და პრაგმატიზმსაც ბრჭყალები ვსვამ, რადგან ეს ტერმინები უფრო გავრცელებულ შეხედულებას ასახავენ,  და არა იმდენად ამ ორი მთავრობის პოლიტიკის შინაარს). „თეთრი მელა“ - საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი - მოსკოვიდან დაბრუნდა, როგორც ამას ელოდნენ, კრემლისადმი უფრო ლოიალურად განწყობილი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, იმან, თუ როგორ მოექცა რუსეთი მის მთავრობას, წარმოაჩინა ჩვენი პრობლემის ჭეშმარიტი სიდიდე. მიუხედავად იმისა, რომ ძალოვან მინისტრებად რუსეთის კანდიდადები ინიშნებოდნენ, რუსეთი სეპარატისტებს იარაღით ამარაგებდა და საქართველოს წინააღმდეგ აგულიანებდა, რაც საბოლოოდ სრულმასშტაბიანი ომით დასრულდა. შედეგად საქათველომ ორი რეგიონი დაკარგა (ტერიტორიის 20%) და ასიათასობით ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ლტოლვილი მიიღო აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდად, რაც რუსეთის უშუალო სამხედრო მონაწილეობით გახდა შესაძლებელი.

 

გამსახურდიასგან განსხვავებით, შევარდნაძემ მიიღო რუსეთის ულტიმატუმი და ისედაც შესუსტებული ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ საქართველო დსთ-ში გააწევრიანა. მან ასევე დააკანონა რუსული სამხედრო ბაზები საქართველოში და რუსებს მშვიდობისმყოფელის სტატუსი მისცა კონფლიქტში, რომელშიც, სინამდვილეში, რუსეთი კონფლიქტის მხარეს წარმოადგენდა. მაშინ დასავლეთში ბევრი ვერ აცნობიერებდა, რომ რუსეთის მიზანი არა მშვიდობის, არამედ სსრკ-ს ნამსხვრევების შენარჩუნება იყო.

წესით ელცინის რუსეთი დასუსტებული საქართველოს მის ორბიტაზე დაბრუნებით კმაყოფილი უნდა  ყოფილიყო. მაგრამ მალე შევარდნაძემ ქვეყანაში წერიგის დასამყარებლად  ქუჩებიდან სხვადასხვა ჯურის შეიარაღებული ბანდიტების ალაგმვა დაიწყო (რომლებმაც თავის დროზე მისი ხელისუფლებაში მოსვლა უზრუნველყვეს), ეკონომიკური რეფორმები განახორციელა და 1995 წელს ახალი კონსტიტუცია მიიღო. ამან ჯამში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის და სახელმწიფო ინსტიტუტების კონსოლიდაციის წინაპირობები შექმნა. რუსეთის რეაქცია შოკისმომგვრელი იყო: მისივე უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ, რუსეთიდან მოვლენილმა კგბ-ს ოფიცერმა, შევარდნაძის ლიკვიდაცია სცადა. მოსკოვს არც უცდია კვალის დაფარვა - გიორგაძე მოსკოვში გაიქცა, სადაც დღემდე მშვიდად ცხოვრობს. ამბობენ, რომ ის ხშირად სტუმრობდა სირიას და ბელორუსიას. მისი ექსტრადაციის მოთხოვნა იგნორირებულ იქნა.

 

ამ მომენტიდან 1998 წლამდე, როდესაც შევარდნაძეზე მეორე თავდასხმა განხორციელდა, მისი მმართველობის ყველაზე  წარმატებული ხანა იყო. ამ დროისთვის პოლიტიკური ვითარება სტაბილური იყო და ეკონომიკაც შედარებით გამოსწორდა. აშენდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და აქტიურ ფაზაში შევიდა მოლაპარაკება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მთავარი ნავთობსადენის თაობაზე.

 

მეორე ტერაქტის შემდეგ შევარდნაძე მეტნაკლებად შეეშვა სერიოზულ რეფორმებს. შედეგად საქართევლო მალე კორუფციის ჭაობში ჩაეფლო და გადაიქცა, როგორც მას მრავალი დამკვირვებელი უწოდებდა, „შეუმდგარ სახელმწიფოდ“. თუმცა არსებობდა პოზიტივიც -  მოლაპარაკება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე წარმატებით დასრულდა და აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და აშშ-ის პრეზიდენტებმა მისი მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. მაშინ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოადგილე ვიყავი და ვმონაწილეობდი ამ ისტორიული პროექტის შესახებ მოლაპარაკებებში. ასევე პატივი მქონდა სტამბულში ამ დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიას დავსწრებოდი.  საქართველო მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკას დაუბრუნდა. ამავე დროს გაფორმდა შეთანხმება რუსეთის ორი სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ.

 

2003 წლის ბოლოსკენ შევარდნაძე იძულებული გახდა გადამდგარიყო მისი მთავრობის მიერ საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.  ვარდების რევოლუციის მთავრობა დაუბრუნდა პოლიტიკას, რომელსაც ბევრი რადიკალურად მიიჩნევდა. მაგრამ ე.წ. რადიკალიზმი გარდაუვალი იყო, თუ საქართველოს გადარჩენა ეწერა: ხაზინა ცარიელი იყო, ინფრასტრუქტურა გაჩანაგებული, ეკონომიკის 80% (რომელიც სულს ღაფავდა) ჩრდილოვან სექტორში იყო გადანაცვლებული და ქვეყანას მეტლაკლებად ორგანიზებული დამნაშავეობა მართავდა. 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია