„საქართველო და პუტინის რუსეთი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრაქტიკული ხელოვნება“ ( II ნაწილი )

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-10-2014, 15:16 | მსოფლიო | ნანახია - 2002

გიორგი ბადრიძე

 

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ძლიერი მანდატი მიიღო. სააკაშვილმა თავისი მმართველობა რუსეთთან დიალოგის დამყარების მცდელობით დაიწყო.  თუმცა ეს მცდელობა თავიდანვე განწირული იყო იმ შემთხვევაშიც, პუტინის „რჩევა“  რომ მიეღო და რუსეთის კადრები დაეტოვებინდა გარკვეულ თანამდებობებზე (განსაკუთრებით უშიშორებაში). რუსეთის რისხვა გარანტირებული იყო იმის გამო, რაც მალე მოხდა: სააკაშვილს სურდა სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკის აღორძინება,  ხელისუფლების კონსოლიდაცია, კორუფციის ალაგმვა, მაფიის მბრძანებლობის დასრულება და რაც მთავარია - აშშ-სთან, ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება. ამ დროისთვის უკვე ცხადი იყო, რომ რუსეთს საკუთარი გეგმა ჰქონდა და „ახლო საზღვარგარეთში“ ეკონომიკური თუ პოლიტიკური სახის ნებისმიერი წინსვლა ამ გეგმას ეწინააღმდეგებოდა.   

 

2014 წლის 23 ივნისს ლეგატუმის ინსტიტუტმა, ლონდონში არსებულმა საერთაშორისო რეპუტაციის მქონე საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტმა,  საკუთარი გამოკვლევის პრეზენტაცია მოაწყო, რომელშიც შესწავლილია ვარდების რევოლუციის ხელისუფლების მმართველობის ზოგიერთი ასპექტი. გამოკვლევა სახელწოდებით „რევოლუციური ტაქტიკა: საქართველოდან უკრაინამდე“, აჩვენებს, რომ სააკაშვილის მთავრობის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც აღიარებენ, რომ ცხრა წლის მმართველობის შემდეგ ამ მთავრობამ გარდაქმნილი ქვეყანა დატოვა, თითქმის გაორმაგებული მშპ-ით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით და გაძლიერებული სახელმწიფო ინსტიტუტებით. საქართველოში დანერგილ იუსტიციის სახლების სისტემას მრავალ ქვეყანაში შეისწავლიან. შორს ვარ იმის თქმისგან, თითქოს საქართველო უცბად შვეიცარიად გადაიქცა  - ქვეყანაში არ გამქრალა სერიოზული პრობლემები სიღარიბესთან, ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, მაგრამ სრულიად თვალსაჩინოა კონტრასტი იმასთან, თუ რა ვითარებაც ჩაიბარა სააკაშვილის მთავრობამ.

 

უნდა ითქვას, რომ რუსეთმა დიდი ფასი გადაგვახდევინა ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენი მთავარი „დანაშაული“ იყო ჩვენი სურვილი, ვყოფილიყავით დამოუკიდებელი და დემოკრატიული ქვეყანა საბაზრო ეკონომიკით, რაც რუსეთის ლიდერებს საკუთარი მოდელის სახიფათო ალტერნატივად მიაჩნდათ. 2006 წელს გრუ-ს ოფიცრების დაპატიმრებას (რომლებიც შპიონაჟის პროცესში დაიჭირეს) პუტინის სრულიად ველური რეაქცია მოჰყვა. მან ჩაკეტა ყველა საგზაო, საზღვაო და საჰაერო კავშირი (საფოსტო კავშირიც კი) და ნადირობის სეზონი გამოაცხადა რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე. ათასობით ადამიანი დაიჭირეს და სასტიკი მოპყრობის შემდეგ, როგორც პირუტყვი, სატვირთო თვითმფრინავებით საქართველოში გამოამგზავრეს. ამას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებები ქართველების მიმართ განხორციელებული დაპატიმრებების  და დეპორტაციების კოორდინირებული კამპანიით, რაც წინ უძღოდა 2008 წლის ომს ამ ორ ქვეყანას შორის“.

 

„საქართველო და პუტინის რუსეთი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრაქტიკული ხელოვნება“ ( II ნაწილი )2008 წლის ომი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთული გამოცდა იყო.  რუსეთმა განახორციელა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები და სახმელეთო ძალებთან ერთად ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები და სტრატეგიული ბომბდამშენები გამოიყენა. ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრას წინ უძღოდა სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდისტური ომი. ჩვენ წინააღმდეგობა გავწიეთ და შევძელით სახელმწიფოებრიობის გადარჩენა.

 

ომმა ბევრი რამ გამოამჟღავნა, მათ შორის დასავლეთის გაუკუღმართებული, უკესეთ შემთხვევაში მიამიტი წარმოდგენა პუტინის რუსეთზე. 2007 წლის ბოლოსკენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები დასავლეთს რეგულარულად აფრთხილებდნენ   რუსეთის აგრესიული ქმედებების და გეგმების შესახებ, მაგრამ მათ არავინ უსმენდა. ევოპულმა და ამერიკულმა დაზვერვამ  ბოლომდე ვერ დაინახა მოახლოებული ომის ნიშნები. დასავლეთში დამკვირვებელთა და პოლიტიკოსთა გარკვეულმა ჯგუფმა იოლი გზა აირჩია და ომში მსხვერპლი - საქართველო დაადანაშაულა „დათვის პროვოცირებისთვის“, ან უკეთეს შემთხვევაში ბრალი ორივე მხარეზე გადაანაწილეს. იმისათვის, რომ დასავლეთში რეალური სურათი დაენახათ, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია გახდა საჭირო.

 

საქართველომ რუსეთთან ომის შემდეგ პერიოდში ეფექტურად გამოიყენა საერთაშორისო ფინანსური დახმარება  და მალე აღადგინა განადგურებული ინფრასტრუქტურა. გაგრძელდა რეფორმებიც - მსოფლიო ბანკმა საქართველო ორჯერ დაასახელა მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად და ბიზნესის კეთების სიიოლის რეიტინგში მეორე ასეულიდან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად საქართველო მერვე ადგილზეა.

 

მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ალბათ არა უფრო ძლიერი სახელმწიფოს შექმნა იყო, არამედ ის, თუ რა ფორმით დატოვა ხელისუფლება 2012 წლის ოქტომბერში. მთავრობამ ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მისი წაგების შემდეგ ხელისუფლება დემოკრატიულად და ცივილიზებულად გადააბარა გამარჯვებულ კოალიციას. ამგვარი რამ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა.

 

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლასთან ერთად საქართველომ „რადიკალიზმიდან“ „პრაგმატიზმამდე“ მეორე სრული წრე შეასრულა. ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის შენარჩუნების შესახებ და ამავდროულად პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორება დაისახა, რისთვისაც „რიტორიკის შეცვლით“  უნდა მიეღწია. ეს გულისხმობდა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული პრობლემების მიზეზი მათი წინამორბედების „აგრესიული“ ტონი იყო. ამგვარი განცხადებები კვლავაც ისმის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირებისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან. მან BBC World News-ს  განუცხადა, რომ მისმა მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობებში მნიშვნელოვან  პროგრესს უკვე მიაღწია და დაარწმუნა წამყვანი, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ანექსიაზე არც კი ფიქრობს.

 

რას ეფუძნება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ოპტომისტური მოლოდინი? ალბათ ნაწილობრივ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ დაამარცხა მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური ძალა (რომელიც პუტინს პირადად სძულდა) და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის მრავალი თანამებრძოლი ციხეში გაამწესა. რეალობაში კი ღვინის და მინერალური წყლის თავის ბაზარზე შეშვების გარდა (რასაც რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაც ავალდებულებს), „ტონის შეცვლას“  რაიმე პროგრესი არ მოჰყოლია. პირიქით, რუსულმა ჯარმა ოკუპაციის ხაზი საქართველოს ტერიტორიაზე   უფრო ღრმად გადმოწია და კიდევ უფრო მეტი მიწა და საკუთრება მიითვისა. ასევე რეგულარული გახდა ევროკავშირის დამკვირვებლების ცხვირ წინ ქართველების მათივე ბაღებიდან თუ ვენახებიდან გატაცება „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“.

 

საქართველოს მხრიდან ცალმხრივი დათმობების და დიპლომატიური ენის „დატკბობის“ მიუხედავად, საქართველოსადმი რუსული პოლიტიკის ფუნდამენტური მიდგომა ოდნავაც არ შეცვლილა. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის ოკუპაციას და ძალას არ იშურებს როგორც ჩვენი დასავლური კურსის, ისე შიდა პროგრესის ჩასაშლელად.  

 

დასავლეთის მიერ რუსეთის მცდარად აღქმას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი, ალბათ, უბრალოდ გარკვეული ექსპერტების უცოდინრობაა, რასაც მათივე ამპარტავნობა ამძაფრებს. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. არადა, არსებობდა მრავალი უტყუარი ნიშანი და პირდაპირი გაფრთხილებაც. მე ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ჯერ კიდევ 2008 წლის ტელე-ინტერვიუში ვთქვი: - „რუსეთმა აირჩია კონფრონტაციის კურსი დასავლეთთან და რაც უფრო დიდხანს არ უპასუხებს მას დასავლეთი,ევროპის ტერიტორიაზე  მით უფრო ღრმად მოხდება ეს გარდაუვალი შეჯახება და უფრო მტკივნეული იქნება ის“. არსებობდა ჩემზე უფრო ავტორიტეტული ხალხიც, ვიც პირდაპირ აფრთხილებდა დასავლეთის მთავრობებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს არ მოუწევდა საფასურის გადახდა საქათველოში განხორციელებული აგრესიისთვის, შემდეგი უკრაინა იქნებოდა.

 

ედვარდ ლუკასი, ჟურნალ ეკონომისტის უფროსი რედაქტორი ერთ-ერთი მათგანი იყო. მან თქვა, რომ „ჩვენ ვუგულვებელვყოფთ იმათ, ვისი ანალიზიც სისტემატურად და სრულად მართლდება და რატომღაც ვუსმენთ მათ, ვინც სისტემატურად და სრულად ცდება [რუსეთთან დაკავშირებით]“. ამ აზრს ადასტურებს ამას წინათ პატივცემული ფრანგული კვლევითი ფონდის წარმომადგენლის განცხადება, როდესაც საუბრობდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადეკ სიკორსკის მიერ კერტინ ეშტონის ჩანაცვლების შანსებზე. მან ეჭვი გამოთქვა, რომ რუსეთისადმი სკეპტიკურად განწყობილი სიკორსკი ივარგებდა ამ თანამდებობაზე, რადგან „... პოლონელებზე კვლავ გავლენას ახდენს საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკული ისტორია“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიკორსკის ის ამჯობინებდა პიროვნებას, რომელსაც არ გააჩნია ისტორიული ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეზობლობა და რომელსაც მოსკოვი იოლად გაასულელებს.

 

„საქართველო და პუტინის რუსეთი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრაქტიკული ხელოვნება“ ( II ნაწილი )ამ ყველაფერში შავი იუმორიც ურევია. როდესაც აშშ-მ „გადატვირთვის“ პოლიტიკა გამოაცხადა, სპეციალურ ცერემონიაზე ჰილარი კლინტონს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან ერთად ხელი სიმბოლურ ღილაკზე დააჭერინეს. ეს ჟესტი, რომელიც რუსეთის საქართველოში შემოჭრის შემდეგ მალევე განხორციელდა, არა მხოლოდ გამოხატავდა აშშ-ს მზადყოფნას არ შეემჩნია  რუსეთის მხრიდან მეზობლების მიმართ  განხორციელებული აგრესია, არამედ სიმბოლურ დონეზეც კი ჩავარდა: ღილაკზე სიტყვა „გადატვირთვა“ რუსულად შეცდომით ეწერა - „Перезагрузка“-ს ნაცვლად მასზე „Перегрузка“ დაეწერათ.

 

ვგონებ დადგა დრო, რომ დასავლეთმა ისმინოს მათი ხმა, ვისაც რუსეთის და ევროპის აღმოსავლელი მეზობლების შესახებ უფრო ღრმა ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ. ჩემი მოკრძალებული აზრით, უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე დასავლეთს უნდა გაეგო რომ, თუკი 2008 წლის შემდეგ კიდევ დარჩა კითხვა, თუ რა სურდა რუსეთს, უკრაინის მოვლენებმა მას ნათელი პასუხი გასცა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უკრაინას გააჩნდა ყველაფერი, რათა რუსეთის იდეალური პარტნიორი ყოფილიყო. ორ ერს აკავშირებს დიდი ისტორიული და კულტურული სიახლოვე, უკრაინას ჰყავდა პრო-რუსული ლიდერი, რომელმაც შეაჩერა ქვეყნის ნატოსკენ  სწრაფვა. ის ასევე ღრმად კორუმპირებული იყო და მოსკოვიდან ადვილად იმართებოდა. მისი ერთადერთი „დანაშაული“ იყო ის, რომ სცადა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ დიდწილად სიმბოლური შეთანხმების გაფორმება (რომელიც არათუ ევროკავშირის წევრობის, არამედ კანდიდატობის სტატუსსაც კი არ გულისხმობს) და ასევე სავაჭრო ხელშეკრულების დადება. თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა უკრაინას ევროპასთან ვაჭრობაში ხელს შეუყწობდა და უკეთეს საინვესტიციო პირობებს შეუქმნიდა.

რაც ამას მოჰყვა, სრულიად ააშკარავებს პუტინის სამეზობლო პოლიტიკას: ევროკავშირისგან განსხვავებით, რომლის „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ მიზნად ისახავს ევროპისთვის უფრო სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული სამეზობლოს ხელშეწყობას, რუსეთს სურს, რომ გარშემორტყმული იყოს ღარიბი, კორუმპირებული, ავტორიტარული და პრაქტიკულად შეუმდგარი სახელმწიფოებით, რომლებსაც იოლად გააკონტროლებს, ხოლო ევროპას მათ მიმართ ყოველგვარ ინტერესს გაუქრობს. იმ დროს, როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასპირანტმა ქვეყანამ მრავალი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს (და ის პატივს სცემს თქვენს არჩევანს, თუ სხვა პოლიტიკურ ვექტორს გაუყვებით), რუსეთი მზადაა გამოიყენოს უხეში ძალა მათ წინააღმდეგ, ვინც მისი გავლენის სფეროდან  „გაქცევას“ შეეცდება.

 

„საქართველო და პუტინის რუსეთი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრაქტიკული ხელოვნება“ ( II ნაწილი )თუკი ეს ზოგიერთი დასავლელი ანალიტიკოსისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მხოლდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. სინამდვილეში რუსეთის ახლანდელ პოლიტიკაში ახალი არაფერია. პუტინი იგივეს აკეთებს, რასაც ელცინი, ოღონდ უფრო აგრესიულად - გაგულისებული მილიარდობით ნავთობ-დოლარით, რაც მის წინამორბედს არ ჰქონდა. ელცინის რუსეთის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება უკეთეს შემთხვევაში მეამიტური იყო: ბევრს ეგონა, რომ რუსეთში დემოკრატია ფესვებს გაიდგამდა, თუკი მსოფლიო სავალუტო ფონდიდან მეტ ფულს მიაწვდიდნენ. რა თქმა უნდა, 1990-იანი წლების რუსეთში პოლიტიკური თავისუფლების უფრო მაღალი დონე იყო, მაგრამ ელცინის მმართველობამ ასევე გამოწვია ქვეყანაში ოლიგარქიის კონტროლის დამყარება და სახელმწიფო და ორგანიზებული დანაშაული ერთმანეთს შეერწყა.  1990-იანი წლების დასასრულისთვის რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ აღვირახსნილი კრიმინალი და სიღარიბე დემოკრატიის პირდაპირი შედეგი იყო. მათ უყოყმანოდ მიიღეს „მაგარი“ პუტინი, როგორც ახალი მესია -  ელცინის კიდევ ერთი, შესაძლოა მთავარი მემკვიდრეობა.

 

ასე რომ ყოფილი კოლონიების საკითხში პუტინს არაფრის გამოგონება არ დასჭირვებია - მან უბრალოდ გააგრძელა შანტაჟი და ზეწოლა. თვითკმაყოფილ დასავლეთს მაშინ მაინც უნდა გაეგონა განგაშის ზარი, როდესაც დაინახა, რომ რუსულმა სტრატეგიულმა ბომბ-დამშენებმა - „დათვებად“ წოდებულმა ტუ-95-ებმა - დაიწყეს ფრენა მათ საზღვებთან მაშინვე, როგორც კი რუსებს მათი საწვავით გამართვის საშუალება გაუჩნდათ.  დასავლეთმა ასევე თვალი დახუჭა, როდესაც პუტინი გროზნოს მიწასთან ასწორებდა და  საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩეჩნეთში და კაცობრიობის წინაშე უთვალავ დანაშაულს ჩადიოდა (სინამდვილეში რუსეთი ჩეჩნეთს და თავისი კავკასიის სხვა ნაწილებს ყოველთვის ისე ეპყრობოდა, როგორც დაპყრობილ მიწას). 

 

რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინის  აგრესიის მთავარ სამიზნედ არჩევა ააშკარავებს იმპერიის აღდგენის ამოცანისადმი მის გეოპოლიტიკურ მიდგომას. საქართველო რუსეთის პრიორიტეტული სამიზნე მისი სტრატეგიული მდებარეობის გამოა: ვინც აკონტროლებს საქართველოს, ის აკონტროლებს კავკასიას და კასპიის რეგიონის ენერგეტიკულ რესურსებს. ეს ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არ შედის რუსეთი ღია კონფლიქტში აზერბაიჯანთან, ნავთობით და გაზით მდიდარ საქართველოს მეზობელთან - როგორც კი საქართველო დაეცემა, ან რუსეთის ზეწოლას დანებდება, მას აზერბაიჯანი ავტომატურად მიჰყვება. რაც შეეხება უკრაინას - რუსეთი მის გარეშე ვერასდროს აღიდგენს „დიადი სახელმწიფოს“ სტატუსს.

 

იგივე შეიძლება ითქვას რუსეთის მიერ საქართველოზე და უკრაინაზე თავდასხმისთვის დროის შერჩევაზე. ორივე შემთხვევაში ამოცანას წარმოადგენდა ისეთი პროცესების შეჩერება, რაც შედეგად  ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გამყარებას მოიტანდა. საქართველოს შემთხვევაში რუსეთი წარმატებულ რეფორმებს  საკუთარი ავტორიტარული მოდელისთვის საფრთხედ განიხილავდა (2007 წელს მშპ 12%-ით გაიზარდა). დღეს პუტინი ყველაფერზე წავა, რათა არ დაშვას უკრაინის დემოკრატიული გარდაქმნა და ეკონომიკური რეფორმები.

 

მაშ რა უნდა გააკეთონ საქართველომ და უკრაინამ საკუთარი დამოუკიდებლობის შესანარჩუბელად? ორივე ქვეყნის ლიდერებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი არ შეგვეშვება, თუ არ დაინახავს, რომ ჩვენ  მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლების და დემოკრატიისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დემოკტრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და გავაღრმავოთ ეკონომიკური გარდაქმნები.

 

რუსეთი წარმატებით მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით დასავლეთში, რისთვისაც ხშირად საჩოთირო საშუალებებს მიმართავს. ამიტომაც, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა დასავლეთში ჩვენს პარტნიორებთან და რუსულ პროპაგანდას ამ კონფლიქტების შესახებ საკუთარი ნარატივი დავუპირისპიროთ.

 

ვფიქრობ უკრაინას შეუძლია  საქართევლოს გარკვეული გამოცდილებაც გაიზიაროს. წლების განმავლობაში ჩვენ დავრწმუნდით, რომ პუტინის რუსეთი ჩვენს ყველა სისუსტეს და შიდა დაპირისპირებას სათავისოდ გამოიყენებს. ნუ გაფლანგავთ დროს და ახლავე დაიწყეთ ეკონომიკის რეფორმირება და უფრო მყარი დემოკრატიული ინსტიტუტების შენება. რუსეთთან და მის სუროგატებთან ომი არ არის გადადების მიზეზი - თუ საქართველომ შესძლო რეფორმების განხორციელება რუსული აგრესიის ფონზე - თქვენც შესძლებთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია