„საქართველო და პუტინის რუსეთი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრაქტიკული ხელოვნება“ ( III ნაწილი )

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-10-2014, 23:22 | მსოფლიო | ნანახია - 1669

„საქართველო და პუტინის რუსეთი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრაქტიკული ხელოვნება“ ( III ნაწილი )გიორგი ბადრიძე

 

განმარტება სეპარატიზმის თემაზე

 

ეს  რთული საკითხია და მის საფუძვლიან ახსნას  მხოლოდ რამდენმე აბზაცი არ ეყოფა. ვაღიარებ, რომ კონფლიქტში, როგორც წესი, არცერთი მხარე  არის ბოლომდე მართალი, ან მტყუანი, მაგრამ ჭეშმარიტება ყოვლთვის შუაში არ არის.

 

კონფლიქტების გაღვივება საბჭოთა რეჟიმის პოლიტიკა იყო დამოუკიდებლობის მოსურნე ერების წინააღმდეგ. როდესაც სსრკ მაინც დაიშალა, რუსეთმა გააგრძელა კონფლიქტების ბერკეტად გამოყენება, რათა არ დაეშვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მისი ორბიტიდან „გაქცევა“.

 

დიახ, ქართველებმა შეცდომები დაუშვეს  და ალბათ ზოგჯერ  მიუძღვით ბრალი.  მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ კონფლიქტები აფხაზეთშიც და „სამხრეთ ოსეთშიც“ სათავეს 1980-იანი წლების ბოლოს იღებენ, როდესაც - კაგებეს მცირედი დახმარებით - საქართველოს ამ რეგიონების ლიდერებმა გამოგვიცხადეს, რომ თუ სსრკ-ს გამოვეყოფოდით, ისინი  ჩვენ გამოგვეყოფოდნენ. ამის მიუხედავად, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ  რეფერენდუმი ჩაატარა, რომელშიც 90%-ზე მეტმა მოქალაქემ საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონშიც (სამხრეთ ოსეთი) ჩატარდა და უმრავლესობამ საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. რაც შეეხება მომდევნო „რეფერენდუმებს“ და „არჩევნებს“, რომლებიც ამ რეგიონების რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა თვით-გამოცხადებულმა ხელისუფლებმა ჩაატარეს, მათ არანაირი სამართლებრივი ძალა გააჩნიათ, რადგან მათი ჩატარების დროისთვის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური წმენდის შედეგად იყო განდევნილი.

 

მათ, ვინც „აფხაზი ერის ნებაზე“ აპელირებს, უნდა იცოდნენ ეს ფაქტი, თუ მზად არ არიან მხარი დაუჭირონ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ეთნიკური წმენდის, როგორც იარაღის  გამოყენებას. ეთნო-წმენდამდე ეთნიკური ქართველები რეგიონის მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ და როგორს უკვე აღვნიშნე, 1991 წლის რეფერენდუმში მოსახლეობის უმრავლესობამ საქართველოს დამოუკიდებლობას  დაუჭირა მხარი. რასაც ზოგიერთი მიმომხილველი „აფხაზ ხალხს“ უწოდებს, რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის მესამედია.

 

რამდენად ლეგიტიმური იყო სეპარატისტული უმცირესობის პრეტენზიები საქართველოს მიმართ? გამსახურდიას („ნაციონალისტურმა“) მთავრობამ აფხაზეთში აპარტეიდის მსგავსი პოლიტიკური მოწყობა დააკანონა, რომლითაც ეთნიკურ აფხაზებს (უმცირესობას) გარანტირებული ჰქონდათ უმრავლესობა როგორც პარლამენტში, ისე მთავრობაში და ავტონომიური რესპუბლიკის პრეზიდენტიც აფხაზი უნდა ყოფილიყო, ხოლო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე - ქართველი. რაც შეეხება „სამხრეთ ოსეთს“,  (რომელიც 1920-იან წლებში ბოლშევიკებმა შექმნეს) მისი ავტონომია საქართველომ მხოლოდ მას შემდეგ გააუქმა, რაც სეპარატისტებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ეს შესაძლოა გამსახურდიას მთავრობის შეცდომა იყო, მაგრამ ეს სეპარატისტების ქმედების შედეგი იყო და არა მიზეზი. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკური კონფლიქტი საქართველოში რეალურად მოხდა (და რუსული ჯარის აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაყვანა ავტომატურად მშვიდობას და ჰარმონიას არ მოიტანს), ორივე სეპარატისტული ომი კრემლის მიერ შექმნილ სქემაში იღებს სათავეს - „ჩვენგან დამოუკიდებლობის სურვილი ძვირად დაგიჯდებათ“.

უკრაინაში სცენარი თითქმის იდენტურია. რუსეთის პროპაგანდა უკრაინელებს „ფაშისტებს“ უწოდებს და გაუგონარ საშინელებათა არაკებს იგონებს „რუსების დაცვის“ აუცილებლობის გასამართლებლად. თუ უკრაინის მიმართ რუსეთის ნარატივში დასავლეთმა უკვე შეამჩნია „გათიშე და იბატონეს“ პრინციპის გამოყენება, დროა დასავლეთმა სერიოზულად გადახედოს თავის დამოკიდებულებას იმის მიმართ, თუ რა ესმოდათ რუსეთისგან საქართველოს კონფლიქტების შესახებ.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია