ექსკლუზიური ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: ისტორია ჩვენ ასეთ შანსს მეორედ აღარ მოგვცემს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-10-2014, 20:50 | მსოფლიო | ნანახია - 6067

 

ექსკლუზიური ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: ისტორია ჩვენ ასეთ შანსს მეორედ აღარ მოგვცემს ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის შესაძლო ჩაშლა, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის მორიგი მცდელობა და ავარო-კახეთის გზის მშენებლობის კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც საქართველოს ტეროტორიის 20%-ის ოკუპაციის ტოლფასია, რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველოს სახელმწიფო, რა არის გამოსავალი და რა შეცდომები დაუშვა 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოსულმა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკურ არენაზე. ,,ნიუპოსტის“ ექსკლუზიური ინტერვიუ საგარო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან.

 

- რატომ დაიწყო საქართველოში ჟენევის ფორმატზე დისკუსია და შეიქმნა აჟიოტაჟი, სიმართლე გითხრათ, არ მესმის. ვერ გავიგეთ, რა არის ამ კამპანიის მიზანი და აზრი.

ყველასთვის ხომ ნათელია ჭეშმარიტება: ჟენევის ფორმატს უნდა გაფრთხილება, რადგან ჩვენ ასეთ ფორმატს ვერასოდეს ვეღარ მივიღებთ - იქ, სადაც სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია არის თანათავმჯდომარე (ეუთო, გაერო და ევროკავშირი, რომელიც უფრო ,, Supra სახელმწიფოა“) და რაც მთავარია, ამ ფორმატის მონაწილეები არიან საქართველო, შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია. ჟენევის ფორმატის ჩამოშლის შემთხვევაში, რუსეთი არასოდეს დაუშვებს იმას, რომ საქართველოსთან, რომელიმე მომავალ ფორმატში, მას ჰყავდეს საერთაშორისო არბიტრები და ობიექტური დამკვირვებლები. ისე, ხელისუფლებამ გვითხრას: იქნებ ჟენევაში დახურულ კარს მიღმა ისეთი პროცესები დაიწყო, რომელიც საქართველოს ინტერესებს აზიანებს? და ვინ არის ამაში დამნაშავე?

 

-ამის პარალელურად არსებობს აბაშიძე-კარასინის ფორმატი... რამდენიმე დღის წინ ბატონმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ,,ამ ფორმატის გადახედვის აუცილებლობას თუ ვინმე ამიხსნის, რა ლოგიკა დევს ამაში, მე ძაან მადლობელი ვიქნები“ - ეს ციტატაა მისი განცხადებიდან.

 

- დავიწყოთ იმითი, რომ არავისგან, ვინც პროფესიულად არის დაკავებული საგარეო პოლიტიკით, არ გამიგია, რომ პრინციპულად ეწინააღმდეგება საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებებს. მაგრამ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ორი რამ: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგება და რუსეთის პრობლემების დალაგება საქართველოში. კარასინისა და აბაშიძის ფორმატი არის ბურუსით მოცული იმპროვიზირებული მოლაპარაკებები, გაუგებარი მანდატით, შეუმუშავებელი ტაქტიკით და სტრატეგიით და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ჩვენ მოკავშირეებთან კოორდინაციის გარეშე დაწყებული და მათი მონაწილეობის გარეშე წარმართული...

 

მაშინ რისთვის არის...?

 

- არა მგონია, ვინმეს ეს ესმოდეს. ჯერ გვარწმუნებდნენ, რომ ფორმატი არსებობს ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღსადგენად და ყველაზე მტკივნეული საკითხების - ჩვენი სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის, იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების და ა. შ. - განხილვა ამ ფორმატში მიზანშეწონილი არ არის და შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სრული სამართლებრივი ანექსიის გეგმა, რასაც მოჰყვა საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება, აღმოჩნდა, რომ თურმე პრაღაში ასეთი თემების განხილვაც შეიძლება. უკაცრავად, თუ ასეთ მწვავე პრობლემებზე კამათი შესაძლებელია, მაშინ რატომ დღემდე არ იყო დეოკუპაციის ან ბორდერიზაციის საკითხი დასმული? და თუ ამ თემების განხილვა პრაღაში არ შეიძლება, მაშინ რა საჭიროა ამ ფორმატის გაგრძელება, მაშინ როდესაც არსებობს ჟენევის მოლაპარაკებები? რატომ დათანხმდა ხელისუფლება, რომ პრაღაში და ჟენევაშიც რუსეთს კარასინი წარმოადგენს, და საქართველოს ერთი დელეგაცია ჰყავს პრაღაში და მეორე ჟენევაში? დიპლომატიაში ფორმა ძალიან ხშირად არის შინაარსი. და თუ საზოგადოებას შეკითხვები აქვს ამ ფორმატის მიზანშეწონილობაზე, საპასუხოდ ახსნა-განმარტებები არ უნდა მოგვთხოვონ. რატომ არსებობს შეკითხვები? იმიტომ, რომ გვინდა ვიცოდეთ ზუსტად, რა არის საქართველოს დელეგაციის მანდატი, ვინ აძლევს ამ დელეგაციას ინსტრუქციებს, რა თემებზე საუბრობდნენ მხარეები ყოველ კონკრეტულ "სერობაზე", რა იყო ყოველ კონკრეტულ შეხვედრაზე მხარეების პოზიცია და, ბოლოს, რაზე შეთანხმდენ ისინი კონკრეტულ რაუნდზე. ვის სჯერა, რომ მხოლოდ ღვინოზე არის საუბარი? პერიოდულად ამ მოლაპარაკებების წიაღიდან გამოდის უკიდურესად შემაშფოთებელი ინფორმაცია, მაგალითად, საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენაზე, საქართველოს და რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე. შესაბამისად, მაღალი ტრიბუნიდან ჩვენ არ უნდა მოგვთხოვონ ახსნა-განმარტებები: ასჯერ გვაქვს ყველაფერი ახსნილი, ამაზე მეტჯერ კიდევ ყველა გვყავს გაფრთხილებული. დღევანდელ პირობებში საქართველოს და რუსეთის პირისპირ შეხვედრა საერთაშორისო არბიტრების გარეშე არის დიდი პოლიტიკური, სამართლებრივი და პროპაგანდისტული საფრთხის შემცველი. საქართველო ამ ფორმატში არ უნდა შესულიყო ასე ნაჩქარევად და დაუფიქრებლად, მოკავშირეებთან კონსულტაციების გარეშე, მაგრამ თუ შევიდა, იმაზე მაინც იზრუნოს ხელისუფლებამ, რომ დელეგაციას მტკიცედ განსაზღვრული მანდატი, შესაბამისად გააზრებული ინსტრუქციები და ყველასთვის ნათელი მიზანი ჰქონდეს. საჭიროა დღის წესრიგში მტკივნეული პრობლემების შეტანა, მით უმეტეს, რომ ეს პრობლემები ჩვენი საზოგადოების და თითქმის სრულიად, ერთეული მარგინალური ძალების გარდა, პოლიტიკური სპექტრის თანხმობის საგანია. რატომ თვითონ პრაღის ფორმატის ინიციატორები და მონაწილეები არ კითხულობენ, რატომ აგრძელებს რუსეთი საოკუპაციო გეგმის განხორციელებას და ოკუპაციის კიდევ უფრო საშიშ სტადიაზე გადატანას მიუხედავად ამ ხელისუფლების "კონსტრუქციული“ პოლიტიკისა?

 

საერთოდ, კარასინ-აბაშიძის ფორმატით ნუ შემოვიფარგლებით. ცოტა ფართო კონტექსტში შევხედოთ ყველაფერს: სად დაიწყო მმართველმა გუნდმა თავისი საგარეო პოლიტიკის დეკლარირება 2012 წლის არჩევნებამდე და სად არიან დღეს? გეხსომებათ განცხადებები, რომ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთთან დიალოგის წარმოება, რომ "41"-ანებმა იციან, როგორ მიაღწიონ ამ მიზანს, რომ ისინი გვაჩვენებენ, ერთ წელიწადში როგორ კონსტრუქციულად დალაგდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობა "აგრესიული რიტორიკის" გარეშე, როგორ დაარწმუნებენ ისინი კრემლს, რომ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში მოსკოვის ინტერესებშია, და როგორ "გახდება რუსეთი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე". პარალელურად, რა თქმა უნდა, საქართველოს არავითარი რეგიონალური როლიც კი არ უნდა ჰქონოდა საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველო არ უნდა ყოფილიყო განხეთქილების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის. 2014 წლის ოქტომბერში გვეუბნებიან, რომ საგარეო პოლიტიკის სტილი და პრიორიტეტები არის სასწრაფოდ შესაცვლელი, დასაწყებია "აგრესიული" საგარეო პოლიტიკა, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის აღსაკვეთად საჭიროა ამ ძალისხმევაში ყველა მოკავშირის და საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვა... მოკლედ ჩამოჰკრეს განგაშის ზარებს.

 

თუ არ იცოდი, რომ 2 უაზროდ გაფლანგული წელი ეს უნდა გეკეთებინა, მაშინ არაპროფესიონალი ხარ. თუ იცოდი და არ აკეთებდი, მაშინ შეგნებულ მავნებლობას ეწეოდი. ორივე შემთხვევაში, 2014 წლის ოქტომბერში ხელისუფლების მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა აღმოჩნდა სრული კრახის წინაშე.

 

- უფრო დეტალურად რომ შევაფასოთ, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების თემა, რომელიც არის რუსეთის მხრიდან აფხაზეთის მორიგი ანექსიის გაფორმების მცდელობა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შესაძლოა ქვეყნის 20%-ის ოკუპაციის ტოლფასი გახდეს, ეს არის კახეთისა და დაღესტნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

 

- საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული. ამ ტერიტორიის ერთი ნაწილის, აფხაზეთის სრულ სამართლებრივ ანექსიას დღეს რუსეთი ანხორციელებს თავისი სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო პლაცდარმების შექმნას მის მიერ ოკუპირებულ ან ნახევრად ოკუპირებულ - დონეცკი, ლუგანსკი, - ტერიტორიაზე. ეს პლაცდარმები მიმართულია საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, ე. წ. პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების წინააღმდეგ, და უფრო ფართო პერსპექტივაში დასავლეთის წინააღმდეგ. არ დაგვავიწყდეს, რომ კრემლი სუვერენული სახელმწიფოების პროდასავლურ არჩევანს დასავლეთის მიერ ინსპირირებულ ანტირუსულ შეთქმულებად აღიქვამს, და მზად არის ამ არჩევანს სამხედრო-ტერორისტული აგრესია დაუპირისპიროს - ისე, როგორც 2008 წელს საქართველოში ან 2013-2014 წლებში უკრაინაში.

 

არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს რუსეთი ასეთ "პროექტს" უდებს მაგიდაზე. სოხუმში რუსეთის მიერ ომის და ეთნოწმენდის შედეგად დასმული საოკუპაციო რეჟიმი აბსოლუტურად მარიონეტული წარმონაქმნია. შესაბამისად მოსკოვს არც დრო და არც სურვილი აქვს "აფხაზეთის დამოუკიდებლობანას" თამაშისთვის მაშინ, როდესაც კრემლის მიერ დასავლეთთან ფრონტალური დაპირისპირების კურსია არჩეული.

 

რაც შეეხება ავარო-კახეთის გზას, მართალი ბრძანდებით. ეს გზა უზარმაზარი საფრთხის შემცველია. თუ ზერელედ მაინც გადავხედავთ რუსულ პრესაში გამოქვენებულ სტატიებს, ვნახავთ ნათლად ნათქვამს, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი, ანუ როგორც თვითონ ეძახიან - საქართველოს სამხედრო გზა, - გეოლოგიური მიზეზების გამო არ იძლევა 100%-იან გარანტიას საჭიროების შემთხვევაში სწრაფი სამხედრო აგრესიის განხორციელებისა. 2008 წლის 21 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის და პუტინის ბოლო შეხვედრაზე პუტინმა ჯიუტად რამდენჯერმე წამოიწყო საუბარი იმაზე, არის თუ არა საქართველოს ტერიტორიაზე გზა, რომლის მიერთება შეიძლება დაღესტნურ ბოტლიხიდან კავკასიონამდე მშენებარ გზასთან. 2008 წლის მაისში ის უკვე მშენებლებისგან ითხოვდა გზის სასწრაფოდ დამთავრებას.

რუსეთს აღმოსავლეთ საქართველოში შემავალი ახალი გზა რამდენიმე პრობლემას უწყვეტს ერთდროულად: მათ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში ექნებათ სამი კომუნიკაცია საქართველოს სამად გაკვეთისთვის - ოკუპირებული აფხაზეთი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და ავარო-კახეთის გზა (მსგავსი გეგმები გახმოვანებულია რუსი სამხედროების და "პოლიტოლოგების" მიერ); ამ გზით რუსეთი კიდევ უფრო მიუახლოვდება გიუმრის სამხედრო ბაზას, რომელიც მთელი რეგიონისთვის წარმოადგენს საფრთხეს; ამ გზის მეშვეობით, გაცილებით უფრო ნაკლები რესურსის დახარჯვით, რუსეთი მიიღებს მუდმივი პროვოკაციების, ნარკოტრაფიკის განხორციელების და ისლამისტი ბოევიკების საქართველოსკენ გადმომისამართების შესაძლებლობას.

 

ვერავინ, კარასინ-აბაშიძის ფორმატის მონაწილეების ჩათვლით, ვერ აგიხსნით, რა საჭიროა რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის მცირე ბრუნვისთვის ახალი კომუნიკაციები. ამისთვის ყაზბეგი-ზემო ლარსი და ჩვენი პორტები საკმარისზე მეტია. რუსეთი 2,5 მილიარდ დოლარს ხარჯავს მძიმე რელიეფში გზის გასაყვანად მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის.

 

- აფხაზეთის თემას რაც შეეხება, პრემიერმინისტრმა ასეთი ფრაზა იხმარა, რომ აფხაზი ერი 25 წელი იბრძოდა თვითგამორკვევისთვის, რასაც,,ივერიის“ მხრიდან რეაგირება მოჰყვა და თქვენ ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეთ, პრემიერის ეს სიტყვები იყო უნებლიე შეცდომა თუ ფიქრობთ, ეს იყო შეგნებული განცხადება?

 

- მე როგორც საქართველოს მოქალაქეს სრულიად არ მაინტერესებს საქმე ფუჭდება ხელისუფლების არაპროფესიონალიზმის თუ შეგნებული მავნებლობის გამო. როდესაც 1990 წელს საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო-ტერორისტულ ოპერაციას, რომელიც ერთი დღეც არ შეწყვეტილა 25 წლის განმავლობაში , "პოლიტიკოსი" დაარქმევს "აფხაზი "ერის" 25-წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის", რბილად რომ ვთქვათ, ნათელია, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა საერთაშორისო სამართალში და წარმოდგენა არ აქვს საქართველოს პოლიტიკაზე. იმ პოლიტიკაზე, რომელსაც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ყველა ადმინისტრაციის პირობებში ატარებდა ქართული დიპლომატია. დანაშაულია, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო-ტერორისტულ აგრესიას, ოკუპაციას, ეთნოწმენდას და სამოქალაქო პირების, მათ შორის ბავშვების, ქალების და მოხუცების წამებას და ხოცვა-ჟლეტას აიგივებ საერთაშორისო სამართლის და გაეროს ავტორიტეტზე დაფუძნებულ პრინციპთან. როდესაც ასეთ საჩუქარს უკეთებს ვინმე საქართველოს მტრებს, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთოს თავის უცოდინრობაზე ან შეგნებულ მავნებლობაზე.

 

- დღეს როცა სახელმწიფო დგას ამ პრობლემების წინაშე, რაზეც თქვენ საუბრობდით, რუსული ოკუპაცია, მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც ავარო-კახეთის გზის მშენებლობით შეიძლება მივიღოთ, რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ? მაშინ, როცა დეკლარირებულად, მაგრამ მაინც ვაცხადებთ, რომ ქვეყანას აქვს არჩეული დასავლური კურსი, რაღაცით ისევ ჩვენ ხომ არ ვუშლით ხელს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

 

- პრინციპების დეკლარაცია შესანიშნავი რამ არის, მაგრამ თუ საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ პრინციპების დეკლარაციას სჭირდება დიპლომატიური მეთოდებით პრაქტიკული რეალიზება. რეალიზება კი არ ხდება ერთ კვირაში. ეს არის ყოველდღიური შავი სამუშაო მეთოდების და მიზნების გათავისებით ატაშედან მინისტრამდე. როდესაც, ერთის მხრივ, თავს სდებენ პროდასავლურობაზე, და შემდგომ ამატებენ, რომ საქართველომ უნდა მოუკლოს აქტივობას, რომ არაღიარების წინააღმდეგ ბრძოლა "მოძველებული დიპლომატიური კურსია", რომ რუსეთი და ნატო თავსებადია, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციები სავალდებულო არ არის, რომ აშშ-ს კონგრესმენები "რეალობას მოწყვეტილნი" არიან, რომ კარლ ბილდტი მექრთამეა, რომ ყირიმის ანექსიას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან საერთო არაფერი არ აქვს, - ამის შემდეგ ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარება კი არა, ჯანსაღი ფსიქიკის შენარჩუნებაა რთული. პროფესიონალებმა, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩვენ საელჩოებსა და მისიებში მუშაობენ, აღარ იციან როგორ მოახერხონ ერთდროულად შეუთავსებელი ამოცანების გადაწყვეტა, თან ინსტრუქციებს გარეშე. რა თქმა უნდა, ამით ხელი ეშლება საქართველოს მთავარი მიზნების მიღწევას. ძალიან ძნელია პრინციპების რეალიზება, როდესაც არც სტრატეგია აქვს ხელისუფლებას, არც ტაქტიკა და მუდმივად რაღაც გაუგებარ იმპროვიზაციებში იმყოფება. სწორედ ამ იმპროვიზავიებმა გამოიწვია ჩვენი მოკავშირეების დედაქალაქებში ჯერ გაოცება, შემდეგ აპათია საქართველოს მიმართ. მოკავშირე ქვეყნების ლიდერების გამოსვლებში, განცხადებებში და ინტერვიუებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხსენება აღარ არის. მუშაობა ყველასთან თავიდან იქნება დასაწყები.

 

- ბატონო გრიგოლ, ამ ფონზე საქართველოში მომრავდნენ პრორუსული მიმართულების ორგანიზაციები. იყო დრო, როცა რუსეთის მეხოტბეობა, არამცთუ აგენტობა, ნორმალურ საზოგადოებაში სირცხვილად ითვლებოდა, დღეს საზოგადოების ერთი ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ჩვენი ხსნა არა დასავლეთში, არამედ რუსეთშია, ხომ არ არის ეს იდეოლოგიური შემოტევა და ხომ არ შეირყა სახელმწიფოს იდეოლოგიური ღერძი?

 

- აბსოლუტურად გაურკვეველია სახელმწიფოს პრიორიტეტები, მოშლილია სახელმწიფოს იდეოლოგიური ღერძი და რაც მთავარია, ერთი დღე არ ნელდება ჩვენი მოწინააღმდეგის მუშაობა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ამ მუშაობას ჩვენთვის სავალალო შედეგი მოაქვს.

 

- დასასრულს მინდა გკითხოთ ,,ივერიაზე“, რა გეგმები გაქვთ და ხომ არ აპირებთ პოლიტიკურად გააქტიურებას?

 

- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე შევქმენით ეს ინტერნეტ-რესურსი. ჩვენი დეკლარირებული მიზანი იყო რომ ადამიანს, რომელიც წაიკითხავდა ან მოისმენდა ახალ ამბავს, შემდეგ შესძლებოდა ჩვენს გამოცემაში ამ ინფორმაციის ანალიზის პოვნა. გვაქვს მიღწევები. თქვენ იცით, რომ აფხაზეთის რკინიგზაზე ჩვენ 2013 წლის იანვარში დავიწყეთ საუბარი, ავარო-კახეთის გზაზე დისკუსია ჩვენი დაწყებულია, სიტყვა ,,კოლაბორციონიზმი“ ,,ივერიამ“ დაამკვიდრა. ჩვენ ვართ გამოცემა, რომელიც არის თავისუფალი ტრიბუნა და სადაც გვინდა, რომ პოლიტიკური განსხვავებებისა და პარტიული კუთვნილებების მიუხედავად, ჩვენი თანამოქალაქეები გაერთიანდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური და ევროპული არჩევანის დასაცავად. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

 

მთავარია, ყველამ შეიგნოს, რომ რადიკალური პოლიტიკით, ქუჩაში დაპირისპირებით, ერთმანეთის ზიზღით და განადგურების სურვილით, ჩვენ დავამთავრებით იმას, რაც მთავარი ეროვნული მონაპოვარია - საქართველოს აღდგენილ სახელმწიფოებრიობას. ისტორია ჩვენ ასეთ შანს მეორედ აღარ მოგვცემს. 1921 წელი წავაგეთ და ახლაც თუ წავაგებთ, ეს იქნება საბოლოო მარცხი.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია