რუსები და სომხები აფხაზეთის რკინიგზის საკითხს ქართველების გარეშე განიხილავენ!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-10-2014, 13:35 | მსოფლიო | ნანახია - 2746

ლადო ჩალათაშვილი

გუშინდელი დღის განმავლობაში აფხაზეთის რკინიგზის საკითხს სომხურ პრესაში ორი სტატია მიეძღვნა და თითქმის ყველა საინფორმაციო, თუ ანალიტიკურ ვებსაიტზე გადაიბეჭდა.

რა თქმა უნდა, რუსულმა მედიამაც აიტაცა და გადააკოპირა, ჯერ სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ინტერვიუ და შემდეგ, ერთი ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი, ახალქალაქელი სეპარატისტის ვააგნ ჩახალიანის კომენტარი. 

 

 

ჩახალიანის კომენტარამდე, რა თქმა უნდა, საინტერესო და ყველაზე მეტად დამაფიქრებელი, ჩვენი მეზობელი და "მოძმე" სახელმწიფოს, ეკონომიკის მინისტრის კარენ ჩშმარიტიანის კომენტარია, რომელიც აცხადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის საკითხი, სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პარალელურად აქტუალური გახდა და მისივე მტკიცებით, ეს საკითხი განიხილება. სიტყვასიტყვით მისი განცხადება ასე ჟღერს - "აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების საკითხი - სომხეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის საერთო საზღვრის საკითხი, განიხილება(?!), დიახ საკითხი განიხილება და ჩვენ ვართ მომხრენი" - აცხადებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი და დასძენს, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რკინიგზის ამ მიმართულების გახსნით დაინტერესება გაიზარდა სომხეთის მხრიდანაც და რუსეთის მხრიდანაც(?!)  (www.tert.am)

 

აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნის მნიშვნელობაზე კომენტარი  სომხეთის პოლიტოლოგთა კავშირის თავჯდომარემ ამაიაკ ოვანესიანმა გააკეთა. რომელსაც რკინიგზის ამ მონაკვეთის გახსნა, შესაძლებლად მიაჩნია და აცხადებს, რომ ეს საკითხი არ არის განპირობებული მხოლოდ სომხეთის გაწევრიანებით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში  და ის შედის როგორც აფხაზების, ასევე რუსებისა და ქართველების ინტერესებში(?!). ოვანესიანი აცხადებს,  რომ რკინიგზის გახსნისათვის საჭირო იქნება ინვესტიციები, რადგან ინფრასტრქტურა მთლიანად განადგურებულია და დარწმუნებულია, რომ რუსეთი შესძლებს ამ ინვესტიციების მოზიდვას. მისი აზრით აღნიშნული რკინიგზის მონაკვეთის გახსნას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისთვის და ამ ფაქტორებს დამატებული სომხეთის წევრობა "ეეკ"-ში ვალდებულს ხდის რუსეთს გამონახოს საშუალებები და დარწმუნებულია, რომ გამონახავს  კიდეც. ამიტომაც სომეხთა მთავარ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა, დღეს შესაძლებელია, თუ რუსეთი მოინდომებს.

 

თითქმის პარალელურად გავრცელდა ახალქალაქელი "აქტივისტის" (როგორც სომხური მედია მოიხსენიებს, სინამდვიელში კი -სეპარატისტის) ვააგან ჩახალიანის კომენტარი, რომელშიც ჩახალიანი ახადებს, რომ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა, პირველ რიგში საქართველოსთვის არის სასარგებლო. ჩახალიანი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აღნიშნული რკინიგზის გახსნის თაობაზე,  როდესაც მან თქვა რომ ამ გზის გახსნა შესაძლებელია. განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თბილისმა ასეთი შესაძლებლობა გამორიცხა. ჩახალიანის განცხადებით მათ დაადგინეს, რომ ივანიშვილის პოზიცია აზერბაიჯანის ზეწოლის გამო შეიცვალა, თუმცა შემდეგ ჩახალიანს "თავის მხრივაც მოუთხოვია", რომ ეს სარკინიგზო ხაზი გაიხსნას. ჩახალიანი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პირად საუბრებში თანახმანი არიან გაიხსნას რკინიგზა, თუმცა "მეორე" მხარეა წინააღმდეგი. გამოცემა მეორე მხარეში აფხაზებს ან რუსებს მიუთითებს ბრჭყალებში და დაშვებითაც კი არ უშვებს, რომ ეს მეორე მხარე, შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების ოპოზიცია იყოს. (news.am)

 

ზემოთ მოყვანილ განცხადებებს წინ უძღოდა რუსეთის რკინიგზის შეფის ვლადიმერ იაკუნინის კომენტარი, რომელიც აზერბაიჯანულ გამოცემა haqqin.az-თან გააკეთა ა/წ 22 ოქტომბერს. იაკუნინის განცხადებით რუსეთი განიხილავს აფხაზეთის რკინიგზის გახსნის საკითხს. მისი თქმით, საკითხი პოლიტიკურ გადაწყვეტას საჭიროებს და ამ საკითხში რუსები ყოველთვის გახსნის მომხრენი იყვნენ, თუმცა ვიდრე არ გადწყდება აფხაზებსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის დაგროვილი პრობლემები ეს საკითხიც ღია რჩება.

 

ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - აფხაზეთის რკინიგზის საკითხი გააქტიურდა რეგიონულ მედიაში 19 ოქტომბრიდან და მომდევნო დღეებში უფრო მეტად აქტიურდება, მაშინ როცა აღნიშნულ საკითხზე სომხურ მედიაში ბოლო კომენტარები, რომელიც ასევე ჩახალიანს ეკუთვნის ა/წ 27 აგვისტოს არის გაკეთებული. დამეთანხმებით, რომ უცნაურად ემთხვევა აფხაზ სეპარატისტებსა და რუს ოკუპანტებს შორის გასაფორმებელი შეთანხმების საკითხის გააქტიურებას, აფხაზეთის რკინიგზის საკითხით სომხური მედიის დაინტერსება.

 

შემაშფოთებელია ის მდუმარება, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება იჩენს საკითხისადმი. როგორც ზემოთ მოყვანილი განცხადებებიდან ჩანს, ისინი საქმის კურსში არიან, რომ თემა აქტუალურია და ჩვენი "მეზობლები" მისი განხილვით არიან დაკავებულები ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არაფერს ეკითხებიან (ყოველ შემთხვევაში ასეთი წარმოდგენა იქმნება). სავარაუდოდ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზეც განიხილებოდა ეს საკითხი და სულაც არ არის გამორიცხული, ამ შეხვედრაზე კარასინმა რკინიგზის გახსნის კონკრეტულ გეგმასა და პროცესების შესახებ მინიშნება გააკეთა.

 

მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ აფხაზეთის სრული ანექსირების გეგმის გახმოვანების პარალელურად, დაიწყო აღნიშულ თემაზე ლაპარაკი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს საკითხი მხოლოდ საქართველო-რუსეთის ფორმატს გასცდება და მასში სომხეთი ჩაერთვება, როგორც ერთ - ერთი დაინტერესებული მხარე. საქართველოს ხელისუფლებამ ახსნა-განმარტება უნდა მოსთხოვოს სომხეთის მთავრობას მისი მინისტრის კომენტარის გამო. თუ უახლოეს დღეებში ხელისუფლებამ ეს არ გააეკთა ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყანას და გაჩნდება ეჭვი, რომ ოფიციალური თბილისი, ხალხისგან მალულად გარიგებაში შედის ქვეყნის არაკეთილმოსურნესთან, რომელიც ქვეყანას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს!   

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია