დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-10-2014, 18:39 | მსოფლიო | ნანახია - 2185

დადგეს მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხიგია ჯაფარიძე 

 

მ.წ. სექტემბერში თბილისში გამართულ ერთ საერთაშორისო სემინარზე, რომელსაც ერთმანეთთან უბრად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრიც კი ესწრებოდნენ, თანამედროვეობის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ, ფრენსის ფუკუიამამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, ნუთუ მართლა სჯეროდა, რომ რუსეთთან სავაჭრო კავშირების აღდგენით, თბილისი მოახერხებდა მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებას ? მინისტრმა უპასუხა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი არ ცდება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, ხოლო პოლიტიკური დიალოგისთვის არსებობს ჟენევის მოპალარაკებები. საგარეო საქმეთა მინისტრმა აგრეთვე დაამატა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური შინაარსის მატარებელი შეხვედრა არ შემდგარა.

 

ქართველი მინისტრის პასუხის შემდეგ ფრენსის ფუკუიამას სახე მრავლისმეტყველი იყო. ის ერთდროულად ასახავდა გაკვირვებას და იმედგაცრუებას. გაკვირვებას, რადგან პოლიტიკურ მეცნიერებებში საეტაპო წიგნების ავტორს ვერ წარმოედგინა, რომ დღევანდელ სამყაროში - ცოდნის საზოგადოებასა და ციფრულ ეპოქაში - შეიძლება ქვეყანას მართავდეს მთავრობა, რომელსაც იდიოტიზმის ზღვარზე მოსიარულე ინფანტილიზმი და wishful thinking თხემით ტერფამდე მსჭვალავს. იმედგაცრუება, რადგან ეს შეიძლება ყოფილიყო არა იდიოტიზმი, არამედ პარტნიორების მოტყუების განწირული მცდელობა და სრულიად მიზანმიმართული და შეგნებული გადახვევა ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებიდან და ევრო-ატლანტიკური კურსიდან.

 

როგორც ფრენსის ფუკუიამამ არ დაიჯერა საქართველოს მთავრობის პასუხები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, ისე არც საგარეო პოლიტიკურ ელიტას (არ ვგულისხმობთ ფსევდო ექსპერტებს, საგარეო პოლიტიკაზე მოლაპარაკე თავებს და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომლებმაც გადაავსეს ქართულენოვანი რუსული ტელეარხების ეთერი) სჯეროდა აბაშიძე-კარასინის ფორმატის. მეტიც ფორმატის შექმნის იდეის გაჩენისთანავე კომპეტენტური ადამიანების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული შეხვედრები საქართველოსთვის საფრთხეების შემცველი იყო, რადგან ერთი ერთზე ვრჩებოდით ჩვენზე გაცილებით ძლიერ მტრულ სახელმწიფოსთან და განსაზღვრული არ იყო, რა საკითხების გარშემო იწარმოებდა დიალოგი, ანუ ჩვენი ინიციატივით შევდიოდით ხაფანგში, საიდანაც მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე გამოსვლა არ იქნებოდა ადვილი.

 

მთავრობის ფაქტობრივი და იურიდიული ხლმძღვანელების მხრიდან ორი წლის მანძილზე ისმოდა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი მოიცავდა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. ორი წლის თავზე აბაშიძე-კარასინის ფორმატი ქართული საგარეო პოლიტიკის წარმატებად გამოცხადდა. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი ღიად ალაპარაკდა ჯერ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა-გახსნაზე, შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთ-ირანის დამაკავშირებელი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე, და ბოლოს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ „ხელშეკრულების“  გაფორმებაზე. ეს უკანასკნელიკი ცალსახად საქართველოს ავტონომიური რეგიონის, აფხაზეთის, რუსეთის მხრიდან ანექსიას ნიშნავს.

 

კრემლის მიერ საქართველოს დესუვერენიზაციის და დეზინტეგრაციის გეგმის პრაქტიკულ მოქმედებაში მოყვანას, ცუდად თუ საეჭვოდ დაემთხვა დე იურე პრემიერ-მინისტრის განცხადება, აფხაზთა მხრიდან თვითგამორკვევისთვის ოცდახუთწლიანი ბრძოლის შესახებ. „თვითგამორკვევა“ საერთაშორისო-სამართლებრივი ტერმინია და მას ასწავლიან ევროპის, მათ შორის საქართველოს, ნებისმიერ უნივერსიტეტში პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კურსის გავლისას. აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ის ისწავლება სორბონის უნივერსიტეტშიც და  École Nationale d'Administration (სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა)-შიც.

 

იმის გარდა, რომ დე იურე პრემიერ-მინისტრის განცხადება საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული და ინვალიდად დარჩენილი ადამიანების და აფხაზეთიდან იძულებით დევნილი ნახევარი მილიონი მოსახლეობის ღია შეურაცხყოფაა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის, ეროვნული სუვერენიტეტის ხელყოფის, ეთნიკური წმენდის, სამხედრო აგრესიის, ოკუპაციის და ანექსიის მოხსენიება ერთი ეთნიკური ჯგუფის თვითგამორკვევისთვის ბრძოლად, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უაღრესად მაღალი საფრთეების შემცველია, სრულიად პროგნოზირებადი უმძიმესი შედეგებით. აღნიშნულ განცხადებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო-სამართლებრივ დონეზე.

 

დე იურე პრემიერ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განხილული იქნება „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ „ხელშეკრულების“  საკითხი. თუ სულ რაღაც ერთი თვის წინ მთავრობა დაჟინებით უმტკიცებდა საქართველოს მოქალაქეებს და მეგობარ სახელმწიფოებს, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრები მხოლოდ ხილ-ბოსტანეულის გაყიდვაზე საუბრით შემოიფარგლებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრის და დე იურე პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის პირიდან უეცრად მოვისმინეთ, რომ პრაღაში ბოლო შეხვედრა „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ „ხელშეკრულების“  დადებას მიეძღვნა.

 

აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის საკითხი ხილ-ბოსტნეულის შესახებ დიალოგის ფარგლებს სცდება და პოლიტიკური საკითხია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა ორი წლის განმავლობაში ხილ-ბოსტანზე საუბრის ტყუილით კვებავდა ცალკე საქართველოს მოსახლეობას და ცალკე მეგობარი ქვეყნების  მთავრობებს, ან აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეიცვალა და შეხვედრებზე უკვე პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ. შეხვედრების შინაარსის შეცვლაზე მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის არაფერი უთქვამს. არადა, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხილ-ბოსტანი არ არის.

 

აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის შემდეგ, რუსულ-ქართული ურთიერთობების დამლაგებლებმაც კი ვერ დამალეს, რომ მზადდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის, აფხაზეთის ,ანექსია. ბუნებრივად ისმის კითხვა - ვინ არის პასუხისმგებელი ორწლიან დაკარგულ პერიოდზე, ორწლიან დიპლომატიურ პასიურობაზე, ორწლიან საგარეო-პოლიტიკურ იდიოტიზმზე თუ მიზანმიმართულ მავნებლობაზე, მეგობარი ქვეყნების ორწლიან გაცურებაზე, რომ საქართველო თავისით „ალაგებს ურთიერთობებს“ მოსკოვთან, ორწლიან ტყუილზე, რომ ნატო და ევრაზიული კავშირი თავსებადია. ნებისმიერ სახელმწიფოში პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, განურჩევლად იმისა, სახელმწიფო ინტერესების ზიანი სიბრიყვით მოხდა თუ ღალატით.  ზიანი მიყენებულია, შედეგი დამდგარია.

 

რუსეთ-საქართველოს ორწლიანი დიალოგის რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის სავარაუდო მიტაცებით დასრულება და დე იურე პრემიერ-მინისტრის განცხადება „თვითგამორკვევაზე“ , აგრეთვე ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე მთავრობის დუმილი თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უპრეცენდენტოდ კრიტიკული რეზოლუცია და სხვა, ერთადერთ დასკვნას ბადებს - საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დამარცხდა, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს მიადგა მძიმე ზარალი.

 

მცდარი პოლიტიკის წარმოებაზე თუ შეგნებულ შეცდომებზე პასუხისმგებელია მთავრობა; ხოლო საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში საქართველოს სტატუსის აღდგენის და „თვითგამორკვევაზე“ გაკეთებული განცხადების დეზავუირების ერთადერთ გზას კი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხის უმოკლეს დროში დაყენება წარმოადგენს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია