უვიზო რეჟიმი - დიალოგი ევროკავშირთან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-10-2014, 13:01 | მსოფლიო | ნანახია - 3828

უვიზო რეჟიმი - დიალოგი ევროკავშირთანმამუკა ჟღენტი

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) თანადამფუძნებელი

 

 

ევროკავშირი  “ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგს” ანხორციელებს აღმოსავლეთი პარტნიორობის სამ სახელმწიფოსთან. კერძოდ კი, მოლდოვას რესპუბლიკასთან, უკრაინასა და საქარველოსთან. აღნიშნული დიალოგის მიზანია, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ უვიზო მიმოსვლას აღნიშნულ სახელმწიფოებსა და ევროკავშირს შორის.

 

დიალოგი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა, რადგანაც მოლდოვას რესპუბლიკასთან მიმდინარე წლის 28 აპრილიდან უკვე მოხერხდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება.

 

დიალოგი ეფუძნება “ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმებს” და გააჩნია კონკრეტული ფაზები. სამოქმედო გეგმები დგება ევროკომისიასა და სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების გზით და მათ განხორციელებაზე მონიტორინგს ანხორციელებს ევროკომისია. დიალოგი ორი ძირითადი ფაზისგან შედგება. პირველი ნაწილი ძირითადად ითვალისწინებს საკანონმდებლო რეფორმას, ხოლო მეორე ფაზის მსვლელობისას, სახელმწიფო ვალდებულია მიღებული კანონმდებლობის ეფექტურ იმპლემენტაციაზე. თუმცა, მოლდოვას რესპუბლიკის მაგალითმა ცხადყო, რომ პირველი, ე.წ. საკანონმდებლო ნაწილი არ სრულდება პირველი ფაზით და მეორე ფაზის მიმდინარეობისას ასევე აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო რეფორმების გაგრძელება.

 

უკრაინასთან ვიზა ლიბერალიზაციის დიალოგი დაიწყო 2008 წელს და დღევანდელი მდგომაროებით ევროკომისიას გამოქვეყნებული აქვს სამი მოხსენება დიალოგის მიმდინარეობისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობასთან  დაკავშირებით.

 

ყველაზე წარმატებული დიალოგი მოლდოვას რესპუბლიკასთან გამოდგა. დიალოგი გაიხსნა 2010 წლის 15 ივნისს. პირველი ფაზა დასრულდა 2012 წლის ივნისში, როდესაც გამოქვეყნდა მესამე მოხსენება ევროკომისიის მიერ. მეორე ფაზის დასრულებამდე კიდევ დამატებით ორი მოხსენება მომზადდა და 2013 წლის 27 ნოემბერს, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პარალელულად, ევროკომისია გამოვიდა ინიციატივით, მოლდოვასთან ძალაში შესულიყო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. აღნიშნული ინიციატივა თავისთავად არ გულისხმობდა უვიზო რეჟიმის ავტომატურ ამოქმედებას, რადგან განსახორციელებელი იყო ევროკავშირის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცედურა. თვით მოლდოვას ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდებოდა 2015 წლის გაზაფხულისთვის. აღნიშნულს ადასტურებს 2013 წლის განმავლობაში მოლდოვას ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები მათი მოლოდინის შესახებ. თუმცა, ყველასათვის და მათ შორის მოლდოვას ხელისუფლებისათვის მოულოდნელად, ევროკავშირმა შიდა პროცედურები უპრეცენდენტოდ მოკლე ვადაში დაასრულა და უკვე 2014 წლის 28 აპრილიდან, მოლდოვური ბიომეტრიული პასპორტის (უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ მოქალაქეს ორი პასპორტის აღება შეუძლია და ორივე 10-წლიანი ვადით გაიცემა) მფლობელები სარგებლობენ შესაბამისი რეჟიმის სიკეთეებით.

 

აღნიშნული დაჩქარებული პროგრესი სასიხარულო სურპრიზი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროკავშირის შიდა პროცედურებია საკმაოდ რთული და ხანგრძლივი. უდაო ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს მოლდოვას სახელისუფლებო სტრუქტურები დაკავებულნი იყვნენ საკანონმდებლო (ანუ პირველი ფაზით გათვალისწინებული) რეფორმირებით და პარალელურად ხორციელდებოდა იმპლემენტაციის ფაზა. ამის მოწმე და მონაწილე პირადად გახლდით, ვიყავი რა ევროკავშირის იმ პროექტის განხორცილებაში ჩართული, რომლის მიზანიც იყო მოლდოვას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ასევე შემიძლია განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა, დღემდე მოლდოვას მხარეს ბოლომდე არ დაუსრულებია მეორე ფაზით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

შესაბამისად, დიალოგი უშვებს წახალისებასაც იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა რეალური და რეგულარული პროგრესი და დინამიკა არის პოზიტიური. არ უნდა დაგვავიწყდეს პოლიტიკური შემადგენელიც, რადგან ცალსახაა, რომ მოლდოვასთვის დაჩქარებული წესით სასურველი რეჟიმის დაწესება დაემთხვა ერთის მხრივ რუსეთის მხრიდან მოლდოვაზე ზეწოლის მნიშვნელოვან ზრდას და ამასთან, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.

 

ასევე საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას რესპუბლიკის მოსახლეობის საკმაოდ სერიოზულ სეგმენტს ისედაც გააჩნდა და გააჩნია რუმინული პასპორტები, რაც მათ ისედაც აძლევდათ ევროკავშირში შესვლისა და გადაადგილების, ისევე როგორც მუშაობის, საშუალებას, მოლდოვური პასპორტების მფლობელებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას, უაღრესად დადებითი და სერიოზული შეფასება მოჰყვა ქვეყნის ელექტორატში. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში, დღეს მმართველი კოალიციის ყველა პარტია ცდილობს საკუთარი როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენას, სწორედ აღნიშნული შედეგის დადგომის საქმეში. აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოსახლეობისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას საკმაოდ სერიოზული მნიშვნელობა გააჩნია და კონკრეტული სარგებელის მომტანია.

 

უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის შემდეგ, 2012 წლის ზაფხულში, დიალოგში საქართველოც ჩაერთო. 2013 წლის თებერვალში საქართველოს წარედგინა სამოქმედო გეგმაც და პირველი მონიტორინგის მოხსენებაც გამოქვეყნდა 2013 წლის ნოემბერში. 2014 წლის 29 ოქტომბერს კი, ევროკომისიამ საჯარო გახადა მეორე მოხსენება, რომლითაც დასრულებულად გამოაცხადა დიალოგის პირველი ფაზა და ფაქტობრივად, მწვანე შუქი აუნთო მეორე ფაზის დაწყებას. საინტერესოა, რომ სამივე სახელმწიფოსთან მიმართებაში, დიალოგის მიმდინარეობა არაერთგვაროვანია. თუ მოლდოვას დასჭირა 3 მოხსენება პირველი ფაზის დასახურად, საქართველოს შემთხვევაში, აღნიშნული ორი მოხსენებით გახდა შესაძლებელი. მეორეს მხრივ, მოლდოვას შემთხვევაში საბოლოო შედეგის დადგომა მოხერხდა ისეთ შემჭიდროვებული ვადებში, რაც ჩვენთან დაკავშირებით, სასურველი, მაგრამ ჩემი აზრით არარეალურია.

 

მოლდოვას რესპუბლიკის შემთხვევაში, პირველი ფაზის დასრულებიდან, უვიზო რეჟიმის დაჩქარებული წესით ამოქმედებამდე გავიდა დაახლოებით წელიწადი და 10 თვე. ჩვენს შემთხვევაში, იგივე ტემპით თუ ვიარეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება დაემთხვევა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდს. თუ მოლდოვას ელექტორატში უვიზო რეჟიმის ამოქმედების პოზიტიურ შეფასებებსა და პოლიტიკოსების მიერ ამ თემაზე წინასაარჩევნოდ აპელირების ხარისხს გავითვალისწინებთ, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალისათვის შესაბამისი შედეგის დადგომა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სიკეთეები ჩვენი მოქალაქეებისათვის უფრო ხელშესახები და კონკრეტული უნდა იყოს, ვიდრე რუმინული პასპორტებით სერიოზულად გაჯერებული მოლდოვას რესპუბლიკის მოსახლეობისათვის.

 

შესაბამისად, იმედი მაქვს საქართველოს ხელისუფლებას გააზრებული აქვს ეს ელემენტარული ფაქტორი და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ შედეგი მიღწეულ იქნას შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში და კერძოდ კი, 2016 წლის არჩევნებამდე. გარდა იმისა, რომ თვით შედეგი იქნება სიკეთის მომტანი საქართველოს მოქალაქეებისათვის, თვით პროცესიც უკვე გულისხმობს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების აუცილებლობას, რაც უკვე ცალკე აღებული შედეგია ევროინტეგრაციის გზაზე მდგარი ჩვენი სახელმწიფოსათვის. მეორეს მხრივ, შედეგის არდადგომა, შესაძლებელია ჩაითვალოს ხელისუფლების ჩავარდნად, აქედან გამომდინარე ელექტორატის რეაქციით. არც ეს მეორე განვითარებაა გამორიცხული, რადგან დღემდე არ გამართლდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული არცერთი პროგნოზი ვადებთან დაკავშირებით.

 

თუ გავითვალისწინებთ იმ უდაო ფაქტსაც, რომ უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილება მაინც პოლიტიკურ კონტექსტზეა დამოკიდებული (და მოლდოვას მაგალითი ამას არაორაზროვად ადასტურებს), ხელისუფლებას უნდა ეყოს გამჭრიახობა გაითავისოს აღნიშნული და როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკა წარმართოს მაქსიმალურად ეფექტურად, რაც გულისხმობს, როგორც კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის  ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურ შესაბამისობას, ასევე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან საქმიანობის შეძლებისდაგვარად მაღალი ხარისხის კოორდინაციას. ხელისუფლებამ  კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინება, თვით ხელისუფლების ინტერესებშია და ჩვენი მეგობრების ლანძღვა - გინება, არა მარტო ქვეყნის ინტერესებზე, არამედ თვით ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მომავალზეც აისახება.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია