არა იძალადო!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
31-10-2014, 20:21 | მსოფლიო | ნანახია - 1538

არა იძალადო!ქეთი ელიეშვილი

 

ეს ფრაზა, ნამდვილად არ შედის იმ ყველაზე ცნობილ ჭეშმარიტ ათ ფრაზაში, მაგრამ, ნეტა რომ შედიოდეს, რამე შეიცვლებოდა? ალბათ არა! შესაძლოა, ერთი-ორი საჯაროდ სიტყვის მთქმელი უფრო შეწუხებულიყო და დამაჯერებლობისთვის  ციტატად მოეტანა, მაგრამ გლობალურად მაინც არაფერი გამოსწორდებოდა!

 

არა, ათეისტი არ  ვარ!  არც - ფემინისტი!  შეგიძლიათ,  აგნოსტიკოს-ფარისეველი და შეძლებისდაგვარად ემანსიპირებული დამიძახოთ! ან საერთოდ არაფერი დამიძახოთ და უბრალოდ, დრო და ნერვები თუ  გეყოფათ, ეს სულ პატარა ბლოგი ბოლომდე ჩაიკითხოთ.

 

მე მეშინია..

 

მეშინია ძალადობის!  ჩემს წინააღმდეგ! მეშინია იმის, რაც  ჩვენს გარშემო თითქმის ყოველდღე  ხდება და ყველაზე მეტად კი ის მაშინებს, რაც შეიძლება მომავალში მოხდეს (სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბების მოსურნე ერი მოძალადეთა კრებულად იქცეს),  თუ მე და შენ არ შევაჩერეთ. ამიტომ მე არ მივმართავ მამაკაცებს, მით უფრო მოძალადეებს (ისინი ამას არ წაიკითხავენ, მე მათთვის ცარიელი ადგილი ვარ! ქალი ვარ, რა!)  არც მათ, ვინც გულწრფელად ემიჯნება ძალადობას და კიდევ უფრო გულწრფელად განიცდის თავისი სქესის საქციელს!

 

 მე მივმართავ ყველა ქალს, განურჩევლად სოციალურ-ეკონომიკური სტატუსისა, ასაკისა და რელიგიური აღმსარებლობისა!

მივმართავ, რადგან მგონია, რომ სულ ცოტა, ძალიან პატარა ძალისხმევაა საჭირო, იმისთვის რომ ნელ ნელა სამომავლოდ მაინც შევაჩეროთ ძალადობა! პირველ რიგში კი აუცილებელია,  უბრალოდ მივხვდეთ, როდის ძალადობენ ჩვენზე და როდის ჩვენ თვითონ ვიძლევით ამის უფლებას!

არა! არავისაც არ მივმართავ. (ეს ძალიან ხმამაღლა ნათქვამი იქნებოდა!)

 

მე უბრალოდ იმედს გამოვთქვამ, რომ მე და თქვენ შევეცდებით ისე გავზარდოთ ჩვენი ბიჭები, რომ ისინი არასოდეს გაუბრაზდნენ ცოლებს დაულაგებელი სახლის, გააუთოვებელი პერანგის გამო, არასოდეს იფიქრონ,  რომ საკუთარი (ან თუნდაც სხვისი) თეფშის გარეცხვა ქალაჩუნობაა და მუშტის მაგიდაზე დაბრახუნება - ვაჟკაცობა!

ასევე იმედი მაქვს,  ჩვენ აუცილებლად ვეტყვით  მოზარდ გოგონებს, რომ  არასწორია ფრაზები:  „ გადასარევი ქმარი მყავს, ყველაგან მიშვებს“, „ოქროს კაცია, საერთოდ არ ჩხუბობს სამსახურიდან გვიან თუ ვბრუნდები“, „რა მოხდა მერე, თუ ხანდახან მიყვირის, კაცია ბოლობოლო!“, „სად წავიდე? კი, ზოგჯერ რაღაცას იმუქრება, ნუ ხანდახან მეშინია კიდეც, მაგრამ რომ მიყვარს?!“

 

და ბოლოს:

 

დიდი ხნის წინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ბრენდები მამასისხლადაც კი არ იყიდებოდა, ერთი საოცარი კაბა მქონდა. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა, მაგრამ ძალიან, ძალიან მეშინოდა არ გამეფუჭებინა! როცა მეცვა სულ დაძაბული ვიყავი!  როცა არ მეცვა - მაშინაც... კარადაში ვიყურებოდი, რამე არ მიედოს, ჩრჩილი არ გაეკაროს თქო...

მოკლედ, იმ შიშმა ისე დამღალა, რომ ავდექი და ეს კაბა  გადავაგდე! კი, ხელის კანკალით, სინანულით, ცრემლებით, მაგრამ გადავაგდე. არ მინდოდა შიშს შევჩვეოდი, უფრო სწორად არ მინდოდა  ჩემი შიშის შემშინებოდა...

არასოდეს მინანია!

 

ეს უბრალოდ, ბრენდების მოყვარულებს!

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია