კიდევ ერთხელ - დიდი აბრეშუმის გზა და საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-11-2014, 22:45 | მსოფლიო | ნანახია - 2848

კიდევ ერთხელ - დიდი აბრეშუმის გზა  და საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებიგიგი კუბლაშვილი

 

წესით ძალიან მალე  უნდა დასრულდეს საქართველოს მონაკვეთზე რკინიგზის ტოტის მშენებლობა, რომელიც ერთიან სარკინიგზო ქსელში მოაქცევს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ  კავკასიას, თურქეთსა და შესაბამისად სხვა ევროპულ ქვეყნებს.

 

მე ჩემს კოლეგებთან ერთად წლების განმავლობაში სხვა საკითხებთან ერთად ვმუშაობდი ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით ტვირთნაკადის გაზრდის პერსპექტივებზე.

ერთ - ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ კონტექსტში გახლდათ 2001 წლიდან საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ დაშვებული კატასტროფული შეცდომების გამოსწორება, რის შედეგადაც ცენტრალური აზიიდან კონკრეტულად კი ერთ - ერთი მთავარი ტვირთმაფორმირებელი სახელმწიფოს უზბეკეთის მხრიდან შეწყდა მთავარი საექსპორტო ტვირთის ბამბის გადაზიდვა საქართველოს  გავლით, რამაც  მილიონობით დოლარის შემოსავალი დააკარგვინა საქართველოს ბიუჯეტს.

 

მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, თითქმის ათწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ - 2010 წელს მოხერხდა, მართალია მცირე რაოდენობის - ბამბის გადაზიდვა  საქართველოს გავლით, რასაც წინ უძღოდა  როგორც საქართველოს დიპლომატიური სამსახურის, ასევე ყველა დაინტერესებული უწყების   მართლაც მუხლჩხაუხრელი, კოორდინირებული შრომა.

 

ამ წლების განმავლობაში მოხერხდა  ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ისეთი საფუძველის ჩაყრა, რაც გადაუდებლად საჭიროებს დღევანდელი, ხელსაყრელი პირობების ეფექტურ გამოყენებას, კერძოდ  თუ 2009 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის, სავაჭრო ბრუნვა რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენდა 2012  -ში მან 30 მლნ დოლარს გადააჭარბა. სხვა მნიშვნელოვან ქმედებებთან ერთად, ერთ - ერთი ასეთი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების გამოცოცხლების ხელშეწყობისა გახლდათ 1996 წლიდან ,,ჰაერში“ ჩამოკიდებული შეთანხმების,  ,,თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“  - 2010 წელს საქართველოს პარლამენტის   მიერ  რატიფიცირება. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულმა მხარემ პარტნიორებს, ძალიან მიმზიდველი სატრანზიტო  ტარიფები  შესთავაზა, რამაც საბოლოო ჯამში ბევრი რამ ჩვენს სასარგებლოდ შეცვალა, რასაც დღეს გამოყენება სჭირდება.

მნიშვნელოვანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის აღდგენა, რომელიც 2013 წლისათვის თითქმის გადაწყვეტილი იყო, იმედია აღნიშნული საკითხი ამჟამად განხორციელდება.

 

საქართველოს ამჟამად შანსი აქვს  მკვეთრად გაზარდოს სატრანზიტო-სარკინიგზო გადაზიდვები, მას შემდეგ რაც ერთიანი სარკინიგზო ქსელი ამოქმედდება, თუმცა საჭირო იქნება მიზანშეწონილი და  წინასწარ გათვლილი მოქმედებები, რადგან  იმ ქვეყნებში სადაც ხდება ტვირთის ფორმირება, ვგულისხმობ ცენტრალურ აზიას, შემდგომში ჩინეთის ჩართვის პერსპექტვით, გარკვეული ბიზნეს  თავისებურობებითაც  ხასიათდება.

 

სასარგებლო იქნება ჩვენი საგარეო აქტივობების გაზრდაც ამ რეგიონში, რაც უნდა გამოიხატოს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტებით ტაშკენტში, ასტანაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ასეთი სახის ვიზიტები და სწორად დაგეგმილი სტრატეგია მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს შანსებს აქტიურად ჩაერთოს ახალ დიდ თამაშში, რომელიც საქართველოს დიდ მატერიალურ სარგებელს და ავტორიტეტს მოუტნას,  საფუძველი ამისთვის ჩაყრილია,  იმოქმედეთ ბატონებო იმოქმედეთ.....

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია