უკრაინული არჩევნები: „ზეციური ასეულიდან“ „მშიერ ასეულამდე“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-11-2014, 00:48 | მსოფლიო | ნანახია - 1119

უკრაინული არჩევნები: „ზეციური ასეულიდან“ „მშიერ ასეულამდე“რაულ ჩილაჩავა

 

უკრაინამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ზუსტად მეხუთე თვის თავზე, 26 ოქტომბერს, ასევე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც ჩაატარა. საზოგადოების დაკვეთა მოითხოვდა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოდან იანუკოვიჩელთა განდევნას და ხელისუფლებაში ახალი, პროუკრაინული ძალების მოყვანას, რაც, შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ შესრულდა კიდეც. მიზნის სრულად განხორციელებას რამდენიმე ობიექტურმა ფაქტორმა შეუშალა ხელი, რომელთაგან უმთავრესი გახლდათ არასრულყოფილი საარჩევნო სისტემა, შემორჩენილი კორუფციული სქემები, ძალიან მცირე სააგიტაციო დრო, დროებით დაკარგული ტერიტორიები, ქვეყანაში არსებული საომარი მდგომარეობა.

 

  საარჩევნო პერიოდის მანძილზე განუწყვეტლივ არსებობდა სამი გამოკვეთილი ინტრიგა: მოაგროვებს თუა არა პრეზიდენტის ბლოკი ხმათა უმრავლესობას, შესძლებს თუა არა პრემიერის გუნდი მისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევას და მოხვდებიან თუ არა რადაში ყოფილი რეგიონალები, რომლებმაც სადეპუტატო სავარძლებზე იერიში ორი რაზმით მიიტანეს.

 

პირველი სიურპრიზი მთელი ქვეყნისთვის აღმოჩნდა ის, რომ პეტრო პოროშენკოს ბლოკი ცოტათი, მაგრამ მაინც ჩამორჩა არსენ იაცენიუკის „სახალხო ფრონტს“, რამაც ამ უკანასკნელს პრემიერის სავარძელი შეუნარჩუნა. არადა, უკვე ცნობილი იყო, რომ ქვეყნის მეთაურს ჩაფიქრებული ჰქონდა მისი ჩანაცვლება პირველი ვიცე-პრემიერით ვლადიმერ გროისმანით, რომელიც მისი თანაქალაქელი (ადრე ქალაქ ვინიცის მერი იყო) და ზოგიერთი ვარაუდით მისი ნათესავიცაა. პრეზიდენტმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იაცენიუკი თანამდებობაზე რჩება. ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, განპირობებულია არა მარტო არჩევნების მოულოდნელი შედეგებით, არამედ იმითაც, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრს დასავლეთში იცნობენ, პატივს სცემენ, ენდობიან და ბევრი კრედიტიც მისი პატიოსანი სიტყვის საფუძველზეა გაცემული. მთავარი კი მაინც ისაა, რომ არსენ იაცენიუკმა და მისმა „კამიკაძე მთავრობამ“, როგორც მათ არჩევისას შეარქვეს, რუსეთის ღია აგრესიისა და შიდა სამოქალაქო ქაოსის პირობებში შესძლო ეკონომიკური პროცესების მართვა და მათი სტაბილურობის მენ-ნაკლებად შენარჩუნება.

 

მეორე მოულოდნელობად უნდა ჩაითვალოს ლვოვის მერის ანდრეი სადოვოის პარტია „სამოპომიჩ“-ის („თვითდახმარება“) მესამე ადგილი, რომელსაც ოლეგ ლიაშკოს რადიკალურ პარტიას უწინასწარმეტყველებდნენ. ‘სამოპომიჩმა“ წარმოადგინა საკუთარი კანდიდატების სია, რომელშიც შევიდნენ ახალგაზრდა ამბიციური კადრები და არ იყო არც ერთი ყოფილი დეპუტატი და ფუნქცონერი, რამაც ამ ძალას ბევრი გულშემატკივარი შესძინა არა მარტო გალიციაში, არამედ დანარჩენ უკრაინაშიც. თვით სადოვოი სიის 55-ე ნომერი იყო, რაც იმას მიანიშნებდა, რომ მერი დეპუტატობას არ აპირებს და უფრო შორსმიმავალ მიზნებს ისახავს. რა იცი, ამ პოლიტიკურად არამდგრად ქვეყანაში როდის გამოცხადდება ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები! (სხვათაშორის, დეპუტატის მანდატზე უარს ამბობს ასევე პოროშენკოს ბლოკის პირველი ნომერი ვიტალი კლიჩკო, კიევის მერი).

 

არანაკლებ საინტერესო „საჩუქარი“ უძღვნეს ქვეყანას ექს-რეგიონალებმაც. მათ სრულიად წინდახედულად უარი თქვეს პარტიის ბრენდით არჩევნებში მონაწილეობაზე და ჩამოაყალიბეს ორი პოლიტიკური ძალა -  „ძლიერი უკრაინა“ და „ოპოზიციური ბლოკი“, რომელთაგან პირველს სათავეში ჩაუდგა იანუკოვიჩის ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკო, მეორეს კი ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი იური ბოიკო. მათ საერთო საელექტორატო ველი ჰქონდათ და  ამიტომ ლოგიკურია, რომ ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, „ძლიერი უკრაინა“, რომელიც 2012 წელს რეგიონების პარტიას შეერწყა და მასთან ერთად მოქმედებდა, რადაში ვერ გავიდა. „ოპოზიციონერებმა“ კი თითქმის ათი პროცენტი მოაგროვეს და მეოთხე ადგილი დაიკავეს. სამართლიანობის გულისთვის უნდა ითქვას: ყირიმსა და დონბასში არჩევნები რომ ჩატარებულიყო, წარმატების შანსი ჰქონდა ორივეს ძალას, თანაც ხმათა უფრო შთამბეჭდავი რაოდენობით, რადგან ამ პოლიტიკურად დამყაყებულ რეგიონებში პრიორიტეტები არ შეცვლილა და კვლავ აშკარად პრორუსული, პროსაბჭოთა სულისკვეთება სუფევს. სწორედ იმის გამო, რომ ეს ორი „წითელი“ რეგიონი არჩევნებს გამოეთიშა (დონბასი ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ), ბოლო 96 წლის მაძილზე უკრაინის პარლამენტში ვერ მოხვდა კომუნისტური პარტია, როგორც კრემლის შეუფარავი დასაყრდენი და აშკარა აგენტურაა. ცალკერძ რეგიონების მაქსიმალურად დასუსტებამ, ცალკერძ კიდევ კომუნისტების თავიდან მოშორებამ განაპირობა ის, რომ უკრაინას ამჟამად პირველად ეყოლება პროუკრაინული, პროევროპული და დემოკრატიული პარლამენტი. (ადრე ხუმრობდნენ, რომ უკრაინის რადა ძირითადად კომუნისტებისა და ყოფილი კომუნისტებისგან შედგებაო. ახლა, როგორც ჩანს, მხოლოდ ყოფილნი დარჩნენ).

 

რაც შეეხება პოპულიზმითა და არაორდინარული გამოსვლებით სახელგანთქმულ ოლეგ ლიაშკოს, რომელსაც უკრაინელ ჟირინოვსკისაც უწოდებენ, მან მაისში არნახული წარმატებით ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები, მესამე ადგილზე გავიდა და საპარლამენტო არჩევნებშიც ამ წარმატების გამეორებას აპირებდა. აშკარაა, რომ მას ზომიერების გრძნობამ უღალატა, იგი გადაჰყვა პიარ-კამპანიას, რომელშიც თვითონ თანამედროვე სუპერმენად გამოდიოდა და შედეგად რადაში საერთოდ ძლივს მოხვდა. არადა თითქოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდა წინასწარ. რადიკალურ პარტიაში ირიცხება უკრაინელ მეამბოხეთა არმიის (უპა) უკანასკნელი მეთაურის იური შუხევიჩის ვაჟი იური, რომელსაც როგორც უხუცეს დეპუტატს (იგი 1933 წლის მარტშია დაბადებული) უნდა გაეხსნა ახალი მოწვევის რადის პირველი სესია. ეს მართლაც არაორდინარული და ეფექტური გათვლა ჩაშალეს ოპოზიციონერებმა: მათ კვლავ გაიყვანეს რადის ყველა მოწვევის უცვლელი დეპუტატი ეფიმ ზვიაგილსკი (ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეთნიკური ებრაელი, რომელიც გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში იყო მიცემული და თითქმის მთელი წელიწადი ისტორიულ სამშობლოში ემალებოდა უკრაინის თემიდას), რომელიც შუხევიჩზე ერთი თვით უფროსია და, მაშასადამე, სესიასაც ის გახსნის. ეს ისე, სხვათაშორის.

 

ცუდ დღეში აღმოჩნდა ერთ დროს მმართველი და მძლავრი პარტია „ბატკივშჩინა“, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და იანუკოვიჩის ყოფილი პოლიტპატიმარი იულია ტიმოშენკო უდგას სათავეში. შეიძლება ითქვას, რომ ამ პარტიამ თავის ლიდერთან ერთად სრული ფიასკო განიცადა და ხუთპროცენტიან ბარიერს სასწაულით გადაახტა. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ და მეც ვთვლი, რომ იულია თავისი პოლიტიკური აზროვნებითა და შეხედულებებით წარსულში ჩარჩა, ვერ მოერგო თანამედროვე სიტუაციას და ამიტომაც ვერ მოიგო ყოფილ თანამგრძნობთა გულები. ტიმოშენკოს მარცხის განჭვრეტა არ იყო ძნელი საქმე მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში იგი დიდად ჩამორჩა პოროშენკოს, ხოლო მისმა პარტიამ თვალსა და ხელს შუა იწყო რღვევა.  არსენ იაცენიუკმა, რომელიც იულიას პატიმრობის წლებში „ბატკივშჩინას“ ედგა სათავეში, შექმნა საკუთარი ბლოკი და თან წაიყვანა ისეთი ცნობილი პარტიელები, როგორებიც არიან ალექსანდრე ტურჩინოვი, არსენ ავაქოვი, ანდრეი პარუბიი და სხვები. ბატკივშჩინელთა გარკვეული ნაწილი კიდევ საპრეზიდენტო გუნდს შეუერთდა. იულიას სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა,  რომ თავის პარტიულ სიაში პირველი ადგილი რუსების მიერ ტყვედ აყვანილ მფრინავ ნადია სავჩენკოსთვის დაეთმო, თვითონ მეორე ადგილზე გადაენაცვლა და პირველი ათეული ახალი, საერთოდ უცნობი სახეებით შეევსო. მართალია, როგორც ენაკვიმატები ამბობენ,   „შეპყრობილმა მფრინავმა ვერ შესძლო ჩამოგდებული მფრინავის გადარჩენა“, რომლის მარცხსაც ძირითადად ახალი იდეების არქონაში ხედავენ.

 

არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ორი ნაციონალისტური პარტიის „სვობოდასა“ და „პრავი სექტორის“ დამარცხებამ გამოიწვია. ამ ორმა პარტიამ ყველაზე მეტი ადამიანური მსხვერპლი გაიღო მაიდანზე და ფრონტზე, „სვობოდას“ ლიდერი ოლეგ ტიაგნიბოკი მაიდნის ხელმძღვანელთა სამეულში შედიოდა, ხოლო „პრავი სექტორის“ მეთაური დმიტრო იაროში (რომელმაც, მართალია, მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა) თავის ბატალიონთან ერთად დღესაც განაგრძობს ბრძოლას დონბასის ფრონტზე. მე პირადად ამაში ამომრჩევლის უმადურობა შევნიშნე და გული დამწყდა, რომ პარლამენტის ნამდვილი „სანიტრები“ ამჯერად თამაშგარე დატოვეს. ჩემი აზრით უდავოა, რომ სწორედ „სვობოდოველთა“ და პრავოსექთა“ შეიარაღებულმა ბრძოლამ გადაწყვიტა მაიდნის ბედი, რომელიც პრაქტიკულად ჭკნობის ფაზაში შედიოდა და ეფესბეს აგენტებს უკრაინელ მოღალატეებთან ერთად ასეთ ვითარებაში შეეძლოთ სულაც გაემარჯვათ.

 

ამჟამად ხმები უკვე დათვლილია და, როგორც ზემოთ შევნიშნე, პარლამენტში საბოლოოდ წარმოდგენილი იქნება არსენ იაცენიუკის ბლოკი „სახალხო ფრონტი“, პეტრო პოროშენკოს ბლოკი (რომელშიც უსახელოდ გაითქვიფა ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარი“), „ოპოზიციური ბლოკი“, ანდრეი სადოვოის პარტია „სამოპომიჩ“, ოლეგ ლიაშკოს რადიკალური პარტია და იულია ტიმოშენკოს „ბატკივშჩინა“ - სულ ექვსი პოლიტიკური ძალა. პლუს მაჟორიტარი დეპუტატები, რომელთა უმრავლესობა, სავარაუდოდ მომავალ კოალიციაში შევა. პრეზიდენტს სურს ჰყავდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა სასწრაფოდ და ქმედითად იქნეს მიღებული ქვეყნისთვის აუცილებელი და გადაუდებელი კანონები. როგორც ჩანს, ასეთი უმრავლესობა მას ეყოლება. კოალიციაში ნამდვილად არ იქნებიან ე.წ. ოპოზიციონერები. ტიმოშენკო და ლიაშკო, რომლებსაც არჩევნებმა იმედები დიდად გაუცრუა, მზად არიან შეუერთდნენ კოალიციას, რომელშიც ჯერჯერობით პრეზიდენტის, პრემიერისა და ლვოვის მერის პოლიტიკური ძალები შეადგენენ.

 

კრემლის მეხუთე კოლონიდან რადაში ჩემი ვარაუდით დაახლოებით სამოცამდე კაცმა ისევ შემოაღწია ოპოზიციური ბლოკისა და სხვადასხვა პარტიული სიებით გასულ დეპუტატთა სახით. ფაქტი თავისთავად სამწუხაროა, მაგრამ ეს არაა ის რეგიონული უმრავლესობა, რომელიც აქამდე  პარლამენტის გუმბათქვეშ განუკითხავად პარპაშებდა და დაუსჯელად აკეთებდა თავის ბნელ საქმეებს. ამავე დროს, როგორც ერთმა ჟურნალისტმა შენიშნა, ახალი რადა არ იქნება ათა-თურქის დიდი სასახალხო კრება, რადგან აქ არც ათა-თურქია, არც სიდიადე და არც სახალხო კრება. მართალია, ახლადარჩეული რადა კვლავაც შორსაა იდეალისგან, მაგრამ უდავოა, რომ იგი დიდად წინგადადგმული ნაბიჯია. ერთი წლის წინ მსგავს რამეზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. მიუხედავად ამისა, ზოგი სკეპტიკოსი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ საკანონმდებლო ორგანოს ხანმოკლე სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებს და კვლავ ვადამდელ არჩევნებზე ლაპარაკობს. კაცმა რომ თქვას, თვით ვადამდელ არჩევნებში საგანგაშო არაფერია და, როგორც ევროპული და მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ხშირად ისინი სასარგებლოც კია. ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა, ქვეყანას, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ არჩევნებს არ ატარებს, მონობის საფრთხე ემუქრებაო. (სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი, რომ 4 ნოემბერს აშშ კონგრესში ახალი არჩევნებია და თუ იქ რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, უკრაინას იქნებ საიმედო ლობი გამოუჩნდეს).

 

ის, რომ უკრაინა ამჟამად საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაა და კონსტიტუციის შესაბამისად პრემიერს რეალურად პრეზიდენტზე მეტი უფლებები გააჩნია, უკვე იწვევს არც თუ სასიამოვნო ასოციაციებს, როცა პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის გაუთავებელი კინკლაობა იყო და არავინ იცოდა, ვინ იღებდა ქვეყანაში გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც არსენ იაცენიუკმა არჩევნების შედეგად პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა, არ გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფოს ორ თავმოყვარე ხელმძღვანელს შორის ურთიერთობა ხშირად დაიძაბოს, რაც საქვეყნო საქმეებს ნამდვილად არ წაადგება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პარლამენტი განახლდა, მანაც ვერ დაიზღვია თავი  ოლიგარქულ-კლანური ჯგუფებისგან, რომლებიც, ალბათ კვლავაც გააგრძელებენ კულუარულ და სარფიან გარიგებათა ტრადიციას. ისე, სიმართლის გულისთვის, დაზღვევა არც არავის უცდია, პირველ რიგში კი პრეზიდენტს, რომლის სიითაც დეპუტატები ხდებიან მამამისი, ვაჟი, რამდენიმე ნათლიმამა, ნათლიდედა, ბიზნესპარტნიორი. ყველა საჩოთირო კი ის არის, რომ სწორედ პრეზიდენტის სიით ან მისი მფარველობით რადაში კვლავ ბრუნდება ზოგი ოდიოზური დეპუტატი და ფუნქციონერი. საზოგადოების გულგატეხილობას იწვევს ისიც, რომ ლუსტრაციის კანონით, რომელიც ამასწინათ მიიღეს, საჯაროდ არ დასჯილა არც ერთი სახელმწიფო მოხელე, ხოლო ანტკორუფციული კანონის სუსხი ასევე შეხებია მათ, ვინც ამას დიდი ხანია იმსახურებს.

 

ახალი უზენაესი რადა მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მასთან დაკავშირებული პირველი სკანდალი უკვე აგორდა, რომელიც დეპუტატთა ჯამაგირებთანაა დაკავშირებული. უკვე ყოფილმა რადამ რევოლუციური ეიფორიის ზენიტში მათი ჩვიდმეტათასიანი ხელფასები ხუთი ათასამდე ჩამოაქვეითა, რაც ამჟამინდელი ჰიპერინფლიაციის პირობებში სამას დოლარს ძლივს აღემატება. გამოჩნდნენ ახლადარჩეული ახალგაზრდა პარლამენტარები, რომლებმაც ხმამაღლა განაცხადეს, რომ ასეთი ჯამაგირის სანაცვლოდ ისინი მზად არ არიან ემსახურონ ხალხს და სახელმწიფოს. მათ შორისაა ცნობილი ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი მუსტაფა ნაიემი, რომელსაც გაავებულმა ამომრჩევლებმა უკვე მისცეს რეკომენდაცია აიღოს ბილეთი ქაბულამდე და დაემშვიდობოს აქაურობას (მუსტაფა უკრაინაში გაზრდილი ავღანელია). მუსტაფა რომ მარტო იყოს, ჯანდაბას, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა. მას მხარი აუბა „სამოპომოჩის“ ზოგიერთმა დეპუტატმაც, რომელთა მტკიცებითაც ხალხის რჩეული ხუთიათასიანი ხელფასით თავის მოვალეობას პატიოსნად ვერ შეასრულებს. არადა, წინა რადა სწორედ იმიტომ დაშალა პრეზიდენტმა ვადამდე ადრე, რომ სწორედ პატიოსნება აკლდა კატასტროფულად. ენაკვიმატმა ბლოგერებმა შენიშნეს, რომ არჩევნების შედეგად უკრაინაში მაიდნელთა „ზეციური ასეულის“ კვალდაკვალ გამოჩნდა დეპუტატთა „მშიერი ასეულიც“ და ეს ძალიან ცუდი სიმპტომია. თუმცა ეს ყველაფერი წვრილმანია მასთან შედარებით, რაც კვირას, ორ ნოემბერს მოხდა. მოხდა კი ის, რომ დონბასში ჩატარებული ე.წ. არჩევნების შედეგად (რომელსაც, რა თქმა უნდა, არ სცნობს მსოფლიოს არც ერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია) უკრაინამ მიიღო საკუთარი დნესტრისპირეთი. სეპარატისტებმა არაერთზის გამოცდილი სცენარითა და რუსეთის უშუალო ჩარევა-ხელმძღვანელობით საყოველთაო ლეგიტიმური არჩევნების კვალდაკვალ ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაითამაშეს სახალხო ნების გამოხატვის თავისებური ვარიანტი. სხვათაშორის, წვევამდელთა ასაკის მამაკაცებს, რომლებიც სეპარატისტულ არჩევნებზე მივიდნენ, ჩააბარეს სამობილიზაციო უწყებები და განუმარტეს, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შემთხვევაში დაისჯებიან რუსეთის კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ცნობილი გახდა, ბოევიკთა სარდლობას 30 ათასი მსგავსი უწყება აქვს გამზადებული, რაც იმის მანიშნებელია, რომ მზადდება დიდი სარეზერვო შევსება და, შესაბამისად, ახალი სამხედრო ოპერაციები. 2 ნოემბრის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც როსტოვისა და სხვა მომიჯნავე ოლქების ტერიტორიებზე იდგნენ, ბოევიკების მიერ დაკავებული სასაზღვრო პუნქტებიდან უკრაინის ტერიტორიაზე შემოვიდნენ. მათ, როგორც წესი, არა აქვთ განმასხვავებელი ნიშნები.

 

უკვე გამოცხადდა, რომ ე.წ. ლუგანდონმა ამომრჩეველთა 66 პროცენტით ხმა მისცა ახალ სახელმწიფო წარმონაქმთა სამართლებრივად გაფორმებას. გაგრძელება ადვილი წარმოსადგენია: მარიონეტი ბოევიკები ამ დღეებში შეაკოწიწებენ თავიანთ მთავრობებს და  სთხოვენ რუსეთს დაიცვან ისინი კიეველი „ფაშისტებისგან“. რუსეთი თავის მხრივ, რა თქმა უნდა, „გულგრილი“ ვერ დარჩება მოძმეთა თხოვნის მიმართ და არა მარტო აქ უკვე შემოყვანილი დიდძალი ჯარისა და ტექნიკის ლეგალიზებას მოახდენს, არამედ ამ კვაზისაზელმწიფოებსაც სცნობს დიპლომატიურად. ყველაფერი ისე იქნება, როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მოხდა: დონეცკსა და ლუგანსკში გაიხსნება რუსეთის საელჩოები, სეპარატისტულ ტერიტორიებზე აიკრძალება უკრაინული კანონები, გრივნა, უკრაინული ენისა და უკრაინის ისტორიის სწავლება, მოხდება რუსული კანონების კალკირება ან პირდაპირ მათი შემოღება, აქ ოფიციალურად განლაგდება რუსეთის ჯარი და მისი ბაზები ანუ ოკუპაცია დაკანონდება საბოლოოდ. ახლა მთავარია იმაზე ფიქრი თუ როგორი იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯი: დაჯერდება იგი ამ დაწყლულებულ ტერიტორიებსა და დესტაბილიზაციის კერებს თუ გაგრძელდება მისი „დრანგ ნახ ოსტენ“ - შემდგომი შეტევა უკრაინის აღმოსავლეთზე. რის დაპირისპირებას შესძლებს მისთვის კიევი, როგორი იქნება ევროპის, აშშ-სა ნატოს როლი ამ კონფლიქტში. დღეს უკვე არა მარტო უკრაინელი პოლიტიკოსები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც დარწმუნებული არიან, რომ დასავლეთი მათ ნაცვლად არ იბრძოლებს და საკუთარი თავი თვითონვე უნდა დაიცვან. ცხადია, დემოკრატიული მსოფლიო გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას მისთვის ხელმისაწვდომი მშვიდობიანი მეთოდებითა და სანქციებით, რომელთა ეფექტურობა ჯერჯერობით არ ჩანს და, ამდენად, ვლადიმერ პუტინის მტაცებლურ მადაზე გავლენას ვერ ახდენს. არა მარტო უკრაინა, არამედ ევროპაცა და მთელი მსოფლიოც დგანან სწორედ მის მიერ პროვოცირებული ახალი სერიოზული გამოწვევის წინაშე, რომლის ზუსტი პასუხი, როგორც ჩანს, ჯერ არავინ იცის. კიევი უარესობისთვის ემზადება, თუმცა ტრადიციულად უკეთესობის იმედი აქვს. ღმერთმა უსმინოს!

კიევი, 3 ნოემბერი, 2014

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია