პუტინის ახალი დოქტრინა - თამაშის ახალი წესები, თუ თამაში წესების გარეშე ?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-11-2014, 12:53 | მსოფლიო | ნანახია - 2494

პუტინის ახალი დოქტრინა - თამაშის ახალი წესები, თუ თამაში                    წესების გარეშე ?მამუკა გამყრელიძე

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა და “პოლიტიკანურმა” პროცესებმა ყურადღების მიღმა დატოვეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლა ვალდაის რიგით XI ფორუმზე, რომელიც ამჯერად სოჭში, საბიატლონე კომპლექს “ლაურაში” ჩატარდა.მოგეხსენებათ ახლა რუსეთს დაძაბული პერიოდი აქვს.ქვეყანა უკრაინასთან გამოუცხადებელი ომის და ამით გამოწვეული, დასავლეთის სანქციების პირობებში იმყოფება.ეს ყველაფერი რუსეთში მძიმე ეკონომიკურ და საფინანსო გარემოს ქმნის, რომელიც ადრე თუ გვიან რთულ პოლიტიკურ პროცესებში გადაიზრდება.შესაძლებელია, სწორედ ამით იყო გამოწვეული უცხოელ სტუმართა უპრეცენდენტოდ მცირე რაოდენობა სწორედ პუტინის სპიჩის დროს, როცა დარბაზი შეუვსებელი დარჩა. შესადარებლად ვიტყვით, რომ წინა დღეს, როცა უკრაინის გარშემო ტარდებოდა დისკუსია, დარბაზში ანშლაგი იყო. მიუხედავად ამისა,  მსოფლიოს მედიამ პუტინის გამოსვლა ფართოდ გააშუქა.  დასავლეთის პრესამ ეს გამოსვლა პუტინის 2007 წლის მიუნხენის ცნობილ სპიჩს შეადარა და ერთხმად აღნიშნა, რომ ეს გახლდათ პუტინის ყველაზე მნივნელოვანი და ამავე დროს ყველაზე ანტიამერიკული გამოსვლა მისი ლიდერობის 15 წლიან პერიოდში. ვინაიდან ამ გამოსვლაში გამოთქმული მოსაზრებები საქართველოსათვისაც უაღრესად მნიშვნელოვანია, შევეცდებით გადავხედოთ ზოგიერთ მათგანს და მათზე ჩვენი კომენტარებიც შემოგთავაზოთ.

 

დავიწყოთ იმით, რომ ფორუმის სათაური “მსოფლიო წესრიგი - თამაშის ახალი წესები, თუ თამაში წესების გარეშე” უკვე მაპროვოცირებელია. პუტინმა პირველად განაცხადა ღიად, რომ მსოფლიო წესრიგის ურთიერთშეკავებისა და ბალანსის სისტემა, რომელიც II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, დღეს აღარ მუშაობს. რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ძველი სისტემა “დასუსტებული, დაქუცმაცებული და დეფორმირებულია” და ამაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. მისი აზრით ძველი სისტემის სიმტკიცე ეფუძნებოდა არა მხოლოდ ძალების ბალანსს და გამარჯვებულის უფლებებს, არამედ იმასაც, რომ სისტემის “დამფუძნებელი მამები” ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ, ურთიერთმოლაპარაკებების საფუძველზე მოქმედებდნენ და არ ცდილობდნენ ყველაფრის ხელში ჩაგდებას. უკვე ამ სენტენციაში ჩანს პუტინის პოლიტიკური მრწამსი. გასათვალისწინებელია მხოლოდ ძლიერის აზრი,  ხოლო პატარა ქვეყნების ინტერესები არც კი განიხილება. აქვე ის აცხადებს, რომ ძველი, სუვერენული ქვეყნების ურთიერთმოლაპარაკების სისტემა უნდა აღდგეს. ძნელია მეტი ცინიზმი წარმოიდგინო ადამიანმა, როცა ამ სიტყვებს საქართველოსა და უკრაინის მაგალითებს შეადარებ.

  

პუტინი თავის გამოსვლაში აგრძელებს აშშ-ს დადანაშაულებას და აცხადებს, რომ ამერიკელებმა სსრკ-თან  “ცივ ომში” თავი გამარჯვებულად გამოაცხადეს და გადაწყვიტეს “საქმის ბოლომდე მიყვანა.” აშშ ცდილობს მსოფლიო მოწყობა საკუთარ ინტერესებზე მოირგოს და როგორც კი ძველი სისტემა ამაში ხელს უშლით მაშინვე მოიხსენიებს მას, როგორც “მოძველებულს, უვარგისს და სასწრაფოდ დასანგრევს.” აქ პუტინი უაღრესად მძაფრ ეპითეტს ხმარობს და აშშ-ს ადარებს იმ ნუვორიშს, რომელსაც ხელში უზარმაზარი სიმდიდრე (მსოფლიოს ლიდერობა) ჩაუვარდა ხელში და იმის მაგიერ, რომ ეს სიმდიდრე გონიერად გამოიყენოს უამრავ სისულელეს სჩადის. პუტინი აგრძელებს ბრალდებათა რიგს და აშშ-ს პრდაპირ ადანაშაულებს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ხელშეწყობაში, როცა აცხადებს, რომ ამერიკამ და მისმა სატელიტებმა აღზარდეს “თალიბანი”, “ალ-ქაედა”, შეაიარაღეს სირიელი მეამბოხეები და ხელი შეუწყვეს “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ერაყის ხელში ჩაგდებას. აშშ-ს ჯარების ავღანეთში ყოფნის პირობებში ჰეროინის წარმოება მრავალგზის გაიზარდა. და ბოლოს დასკვნა “ჯინი ბოთლიდან გამოვიდა და როგორც ჩანს “მართვადი ქაოსის” თეორიის ავტორებმა უკვე აღარ იციან მას რა უყონ. მოვიყვან პუტინის ორ ფრაზას. “დასავლეთი მხარს უჭერდა, და მათ შორის ფინანსურადაც, საერთაშორისო ტერორისტების შემოჭრას რუსეთში. ჩვენ ეს არ დაგვიწყნია.” და კიდევ, “როგორც ჩანს ისინი, ვინც გაუთავებლად თითხნიან ფერად რევოლუციებს, ფიქრობენ, რომ გენიალური მხატვრები არიან და ვეღარ ჩერდებიან” - როგორც იტყვიან კომენტარები ზედმეტია.

 

პუტინი ძალიან აგრესიულად აგრძელებს ამერიკის ბრალდებას და აცხადებს, რომ აშშ-მ ვერ მოახერხა “ერთპოლუსიანი მსოფლიოს” ურთულესი სისტემის მართვა და ახლა ცდილობს შქმნას მტრის ხატი და მასზე ააგოს “კვაზიორპოლუსიანი მსოფლიო სისტემა”,  სადაც ლიდერი ამერიკაა, ხოლო მტერს და ბოროტების სიმბოლოს ამერიკული პროპაგანდა შეარჩევს ირანის, ჩინეთის,  ან რუსეთისაგან. აქ პუტინი აშკარა პროვოკაციაზე მიდის და “ბოროტების სიმბოლოს” კანდიდატებად ირანს და ჩინეთსაც მოიხსენიებს. ამით, ალბათ, ხაზს უსვამს ამ ქვეყნებთან მის მომავალ ანტიამერიკულ ალიანსს. საინტერესო იქნებოდა ირანისა და ჩინეთის ლიდერების აზრის მოსმენა ამ პროვოკაციაზე. რუსეთის პრეზიდენტი ამერიკას ბრალს სდებს მსოფლიოს დაქუცმაცებასა და გამყოფი ხაზების გავლებაში, მის მცდელობაში შექმნას კოალიციები არა მომხრეობის, არამედ მოწინააღმდეგეობის პრინციპზე და “ამით მოიპოვოს ლიდერობის, უფრო სწორედ დიქტატის უფლება”. ალბათ უცნაურია, როცა იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც დიქტატის დამყარებას ცდილობს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ავლებს საკუთარი ინტერესების ზონების საზღვრებს, აწარმოებს სუვერენული მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ღია ანექსიას, სხვას ადანაშაულებს იგივეში.

 

რუსეთის პრეზიდენტის ამ გამოსვლის ლაიტმოტივი საკუთარი პოლიტიკური უზნეობის ამერიკაზე გადაბრალება გახლდათ. მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს. პუტინის თქმით სრულიად აშკარაა, რომ ნაციონალური სუვერენიტეტების ცნება სახელმწიფოთა უმრავლესობისათვის პირობითი გახდა. ამერიკამ მათ შესთავაზა ფორმულა - რაც მეტია ქვეყნის ლოიალობა მათ მიმართ, მით მეტია ამა თუ იმ მმართველი რეჟიმის ლეგიტიმურობა. სინამდვილეში კი სწორედ რუსეთი ახვევს თავს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს ამ ფორმულას. პუტინის სიტყვებით, ანვითარებს რა ანტისარაკეტო თავდაცვის გლობალურ სისტემას ევროპაში, აშშ არღვევს ხელშეკრულებას შეიარაღების კონტროლის შესახებ და ამას ამბობს ლიდერი, რომელმაც უტიფრად დაარღვია ბუდაპეშტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტი გახლდათ და პირიქით აგრესორის როლში მოგვევლინა.

 

ვალდაის ფორუმზე პუტინის გამოსვლა სამ საათს გრძელდებოდა და მისი მთლიანად გარჩევა ამ ფორმატში შეუძლებელია. ვიტყვი ერთს, რომ ცინიზმისა და პარანოიდალური ბოდვის ეს სამარცხვინო ნიმუში მესამე სამყაროს რომელიმე დიქტატორისათვის უფრო იქნებოდა შესაფერისი. აქ უპრიანი იქნებოდა გაგვეხსენებინა ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ გაეროში ფეხსაცმლის ქუსლით მაგიდაზე ბრახუნი, რითიც ის საკუთარი არაადექვატურობის დამტკიცებას  ცდილობდა, რათა დანარჩენი მსოფლიოსათვის დაენახვებინა, ის უკან არ დაიხევს და საჭიროების შემთხვევაში ატომურ იარაღსაც გამოიყენებს. პუტინის გამოსვლაც, როგორც ჩანს, ამ მიზანს ემსახურება და მან აღნიშნა კიდეც, რომ “ცივი ომი დამთავრდა, მაგრამ ზავი არ დადებულა!” მან დამსწრეებს ისიც შეახსენა, რომ “მსოფლიო წესრიგის ცვლილებას, და ახლა სწორედ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, თან ახლავს გლობალური ომები, მინიმუმ კი ინტენსიური ლოკალური კონფლიქტები.”  რა არის ეს თუ არა ღია და დაუფარავი მუქარა და შანტაჟი ? პუტინმა პირდაპირ აღნიშნა, რომ მსოფლიოში გამოჩნდა ანარქიის ნიშნები, რომელთა მიზეზი არა მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობებია, არამედ იმ ქვეყნების შიდა არასტაბილურობაა, რომლებიც დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთაზე იმყოფებიან და მაგალითად უკრაინა მოიყვანა.ამით მან მკვეთრად შემოხაზა საკუთარი ინტერესებისა და გავლენის სფერო და ამ გამყოფ ხაზზე პერმანენტული არასტაბილურობა დააანონსა.

 

სიტყვის ბოლოს პუტინმა აღნიშნა, რომ მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა რუსეთი თვითიზოლაციაში მოექცეს, რუსეთი არ აპირებს ავტარქიის გზით წასვლას, ხოლო სანქციები, რომლებიც  ეწინააღმდეგებიან WTO -ს, კერძო საკუთრების პრინციპებსა და გლობალიზაციის მოდელს,  მხოლოდ გაამტკიცებენ რუსეთის პატრიოტულ სულისკვეთებას.

 

დასკვნის სახით უნდა ვთქვათ, რომ პრეზიდენტი ობამა მართალი იყო, როცა გაეროში გამოსვლის დროს მსოფლიოსათვის რუსეთიდან მომავალი საფრთხე ებოლას ვირუსის შემდეგ მეორე ადგილზე დააყენა. პუტინმა ძალიან მკაფიოდ აუხსნა დასავლეთს, რომ რუსეთის უკან დახევის პერიოდი დამთავრდა და ახლა ის ნებისმიერ, თუნდაც არაადექვატურ ნაბიჯებსაც კი გადადგამს, რათა საკუთარი ქვეყნის ინტერესები დაიცვას. ამის დასტურად პუტინის მორიგი უკბილო ხუმრობაც კმარა, რომ “ის რისი უფლებაც აქვს იუპიტერს -  ხარს ამის უფლება არ აქვს. მართალია, ხარს არ აქვს, მაგრამ დათვი კი არც არავის ჰკითხავს, მე ეს ზუსტად ვიცი. საკუთარ ტაიგას ის არავის დაუთმობს !” სამწუხაროდ ამ “ტაიგაში” პუტინი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეს მოისაზრებს და დიდი ალბათობით საქართველოც რუსული დათვის სათარეშო უღრან ტყეში მოაქცია. აქ ალბათ შეგვიძლია დავსვათ სამართლიანი კითხვა, რუსეთთან რომელ “დათბობა-დალაგებაზე” საუბრობდა ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი მთავრობა ?

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია