ობამასა და პუტინის პეკინური რანდევუ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-11-2014, 15:35 | პოლიტიკა, ბლოგები | ნანახია - 2213

მამუკა გამყრელიძე

 

მიმიდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენა გახლდათ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC)  სამიტი, რომელიც პეკინში ჩატარდა. ამ მოვლენის მნიშვნელობა რომ გავიგოთ თავად APEC -  ზე უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ეს ორგანიზაცია 1989 წელს დაფუძნდა კანბერაში და მასში გაერთიანდნენ ისეთი მსხვილი ეკონომიკური მოთამაშეები, როგორებიც არიან აშშ, იაპონია, კანადა, სამხრეთკორეა, ავსტრალია. სულ12 ქვეყანა, რომელსაც წაყნარ ოკეანეზე ჰქონდა გასასვლელი. 1991 წელს მათ შეუერთდნენ  ჩინეთი, ჰონგკონგი და ტაივანი, მოგვიანებით კი ლათინური ამერიკის ქვეყნებიც. 1998 წლიდან ამ ორგანიზაცის წევრი რუსეთის ფედერაციაცაა. დღეს APEC მსოფლიოს ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ია გაერთიანებული და მასზე მსოფლიოს GDP-ს 54% მოდის. მასში გაერთიანებაზე დღეისათვის განაცხადი გაკეთებული აქვს ინდოეთსა და მონღოლეთს, რაც ამ ორგანიზაციას კიდევ მეტ მნიშვნელობას შესძენს.

 

 

ცხადია ასეთი დონის ფორუმი, რომელზეც მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყნების ლიდერები იკრიბებიან და ამ უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეგიონის განვითარების საკითხებზე მსჯელობენ, თავისთავად დიდ ინტერესს იწვევს. თუმცა, წლევანდელი სამიტის ყველაზე დიდი ინტრიგა ობამასა და პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა იყო. ამ შეხვედრას ჟურნალისტებიც და პოლიტიკოსებიც იმდენად ელოდნენ, რომ მან ნიუსებში გადაფარა ის ეკონომიკური საკითხები, რომლებზეც სამიტზე უნდა ემსჯელათ. საბოლოოდ ეს ფორუმი მსოფლიოს სწორედ ამ 8 წუთიანი შეხვედრითა და ობამასა და პუტინის ფართოდ გაშუქებული უსაქციელობით დაამახსოვრდება. 

 

APEC-ის წლევანდელი სამიტი ჩინური პომპეზურობით გამოირჩეოდა. 21 ქვეყნის ლიდერს, მათთან მხლებ პირებს და ჟურნალისტებს, ჩინელებისათვის დამახასიათებელი მასშტაბური სტუმართმოყვარეობით, საუკეთესო პირობები შეუქმნეს. ამ პერიოდში პეკინში შეაჩერეს მსხვილი საწარმოების საქმიანობა, რათა რთული ეკოლოგიური სიტუაცია გაეუმჯობესებინათ,  სტუმრებს ჩინეთში აკრძალული ფეისბუკითა და ტვიტერით სარგებლობის საშუალება მისცეს. თავად სამიტის ძირითადი თემაც მრავლისმთქმელი გახლდათ “მომავლის ფორმირება აზია - წყნარი ოკეანის პარტნიორობით ” და იგი  ამ რეგიონში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას ეხებოდა.

 

 

სამიტის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად პუტინისა და ობამას გამოსვლები იქცა.  ჟურნალისტების შეფასებით სტუმრების სიმპათიები ობამას მიმართ ბევრად მეტი იყო, ვიდრე პუტინის მიმართ. მიუხედავად ამისა, რუსეთის დელეგაციისათვის ეს ფორუმი ძალიან წარმატებული გამოდგა.  რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე  უაღრესად მნიშვნელოვან მემორანდუმზე მოეწერა ხელი. მემორანდუმზე, რომელმაც შესაძლებელია უდიდესი გავლენა იქონიოს რუსეთის მომავალ საგარეო პოლიტიკაზე და მისი განვითარების ვექტორზე. საქმე ეხება ჩინეთში რუსული გაზის მიწოდების ე.წ. დასავლეთის მარშრუტს. აღმოსავლეთ ციმბირიდან ჩინეთში გაზის მიწოდების 30  წლიანი კონტრაქტის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. ახლა, სიძინპინისა და პუტინის შეხვედრაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვით 2015 წლის ბოლომდე დაიდება კონტრაქტი რუსეთსა და ჩინეთს შორის გაზის უკვე დასავლეთ ციმბირის საბადოებიდან მიწოდებაზე. იმ საბადოებიდან, რომლებიდანაც რუსეთი ევროპას აწვდის გაზს.

ახალი კონტრაქტის პირობების მიხედვით გაზსადენის მშენებლობა, ისევე როგორც აღმოსავლეთ მარშრუტის, 4- დან 6 წლამდე გაგრძელდება. თუმცა, გაზპრომის პრეზიდენტის ალექსეი მილერის სიტყვებით, დასავლეთ მარშრუტი უფრო მალე ჩადგება მწყობრში, ვინაიდან ამ რეგიონში უკვე არსებობს განვითარებული ინფრასტრუქტურა. კონტრაქტი ასევე 30 წელზეა გათვლილი და წელიწადში, როგორც მინიმუმ, 30 მლრდ კუბ.მ. გაზის მიწოდებას გულისხმობს. თუმცა, ასევე მილერის მონაცემებით, მისი სიმძლავრის გაზრდა 60-დან 100 მლრდ-მდეა შესაძლებელი. რაც შეეხება კონტრაქტისათვის აუცილებელ თანხებს მათ მოზიდვას მილერი კომპანიის ძალებით აპირებს. ასევე, გაზპრომმა უარი თქვა აღმოსავლეთ მარშრუტის ჩინურ ავანსზე, რადგან ეს, შესაძლოა, ჩინელმა პარტნიორებმა  რუსული გაზის ფასის შემცირებაზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენონ. ამიტომ, გაზპრომმა შესაძლებელია გამოიყენოს რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის დახმარება, თუმცა არც ჩინური კრედიტის სრული გამორიცხვა  იგეგმება.

 

 

მთავარი ამ მემორანდუმში გახლავთ ის, რომ როგორც მილერმა, ასევე პუტინმა დაადასტურეს, ევროპაში მიმავალი გაზსადენი “სამხრეთის ნაკადი” აღარ განიხილება, როგორც პრიორიტეტული რუსეთისათვის. რუსეთმა, როგორც სჩანს, გადაწყვეტილება მიიღო და ჩინეთისაკენ საბოლოოდ შემობრუნდა. რამდენად იქნება ეს დასავლეთისათვის ზურგის შექცევა ამას დრო და რუსეთის ქმედებები გვიჩვენებს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ პეკინში გაზის კონტრაქტის გარდა სხვა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო და საფინანსო დოკუმენტებსაც მოეწერა ხელი, მაგალითად “ვნეშეკონომბანკსა” და China Financial Investments შორის საინვესტიციო კომპანიის “ვებ-აზიას” შექმნაზე, რომელიც რუსეთისათვის ჩინურ კერძო ინვესტიციებს მოიზიდავს. ამ ხელმოწერას ორი ქვეყნის პრეზიდენტი დაესწრო. საინტერესოა აგრეთვე ჩინეთისა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავება საავიაციო, ჰიდროენერგეტიკულ და სავაჭრო სფეროებში. ამ და კიდევ სხვა რამდენიმე უმსხვილესი ჩინური პროექტის განხორციელება რუსეთს საშუალებას მისცემს დააბალანსოს დასავლეთის სანქციებისაგან მიყენებული ზარალი. რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა და რა შედეგები ექნება მას მსოფლიო გეოპოლიტიკისათვის ამაზე ახლა, ალბათ, რთულია პროგნოზების კეთება. ერთი კი ცხადია, რომ მსოფლიო სწრაფად და მკვეთრად იცვლის სახეს.

 

რაც შეეხება ობამასა და პუტინის შეხვედრას, რომელიც პროტოკოლით დაგეგმილი არ იყო და სპონტანურად უნდა მომხდარიყო, იგი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა. მათ სამჯერ მიეცათ გასაუბრების საშუალება, თუმცა ეს საშუალება მათ მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს და 7-8 წუთი ისაუბრეს. როგორც ამბობენ  მათ ძალიან დელიკატურად შემოეცალნენ დამსწრეები და  მშვიდად საუბრის საშუალება მისცეს. რაზე იყო საუბარი ამაზე მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება, თუმცა პუტინის პრესმდივნის სიტყვებით იგი უკრაინას, სირიასა და ირანს ეხებოდა. სამწუხაროდ, ყველა საერთაშორისო სააგენტომ აღნიშნა, რომ ობამასაც და პუტინსაც ეტყობოდათ, რომ ერთმანეთისათვის არაფერი ჰქონდათ სათქმელი.

 

 

მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ ფაქტს, თუ რამდენად ზერელედ უყურებს საზოგადოება მსოფლიოში მიმდინარე ფუნდამენტურ პროცესებს. პეკინის სამიტის ყველაზე განხილვად მოვლენად არა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, ან რუსული გაზის კონტრაქტი იქცა, არამედ რუსეთის პრეზიდენტის კონფუზი, როდესაც მან ჩინეთის პრეზიდენტის მეუღლეს საკუთარი პლედი მოახვია ბეჭებზე. ეს კი ჩინური ტრადიციებით კატეგორიულად მიუღებელია. ჟურნალისტური ყურადღების მნიშვნელობით მეორე მოვლენა პრეზიდენტი ობამას საღეჭი რეზინა გამოდგა. არ გამოვრიცხავ, რომ მისი ღეჭვაღეჭვით სიარული ჩინელებმა ასევე შეურაცხყოფად მიიღეს. თუმცა ეს მხოლოდ წვეთია ამ წყნარი ოკეანესავით ბობოქარ დროს.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია