მოძრაობა გააკეთეთ ...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-11-2014, 14:15 | მსოფლიო | ნანახია - 2426

მოძრაობა გააკეთეთ ...გია ჯაფარიძე

 

თემურ ქეცბაიას ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტი დაატოვებინეს.  იგი ისეთი სიხარულით გაუშვეს, თითქოს ქართულ ფეხბურთში არსებული პრობლემები მისი ბრალი იყო, თითქოს ქეცბაია უშლიდა ვინმეს ხელს, რომ ბურთი კარგად ეგორავებინა, აეკენწლა, დრიბლინგი გაეკეთებინა, და მისი წასვლით ქართულ ფეხბურთში ყველაფერი გამოსწორდება.

 

მანამდე ზეიმით მოიყვანეს ბოსჰკამპი, ჟირესი, ტოპმიულერი, კუპერი და ერთმანეთზე უარესი შედეგის გამო ისინიც ქეცბაიასავით გაუშვეს. არადა, ყველა მათგანმა კარგად დაიწყო, იმედი გააჩინა, მაგრამ შედეგი არ გამოჩნდა და პერსპექტივა არც ახლა ჩანს, საქართველოს ნაკრების თამაში დღითი დღე რუსეთის ნაკრების ფეხბურთს ემსგავსება - бей беги, კრეატიულობის არარსებობა და იმპროვიზაციის დეფიციტი.

 

თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცენდენტო ათმატჩიანი წაუგებელი სერია გააკეთა, მაგრამ უკანასკნელი 2 წელი მისი მუშაობა სხვებსავით წარუმატებელი აღმოჩნდა.  ამის მიზეზი ბევრი იყო. როგორც ნაკრების ყოფილი მწვრთნელის სიტყვებიდან ჩანს, მას არც მუშაობაში ხელის შეშლა, არც მის საქმიანობაში პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევა აკლდა.

 

საქართველოში პროფესიონალები და წარმატებულები საყოველთაო შურის ობიექტები ადვილად ხდებიან და ისინი არ უყვართ. ჩვენთან სნობიზმი და ნეპოტიზმი ჩაგრავს მერიტოკრატიას. თემურ ქეცბაიას პრობლემები შეუქმნა მისმა შეუპოვარმა ხასიათმა და პირდაპირობამ. ქართულში მდაბიურად გადმოტანილი რუსული კალკი რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „საფეხბურთო სამყარო“ ქეცბაიას იმ დღიდან დაუპირისპირდა, როცა ისინი ქართული ფეხბურთის განადგურებაში დაადანაშაულა.

 

ფეხბურთელებისგან ქეცბაია რუტინულ პროფესიონალიზმს - შრომას და დისციპლინას ითხოვდა, ასეთი მოთხოვნა კი „ფეხბურთის ბუნებითი ნიჭით“ მადლმოსილი ქართველი ფეხბურთელებისთვის მიუღებელია და გუნდში აუცილებელ კონფლიქტს იწვევს. პროფესიონალიზმის მოლოდინი ქეცბაიას არც ქართველი სპორტული ჟურნალისტებისგან უნდა ჰქონოდა - ქეცბაიას მათგან „sky sport-ზე“ გარი ლინეკერისეული თამაშის გარჩევა და სათამაშო ნიუანსებში ჩახედულობა სურდა, მაგრამ დაავიწყდა, რომ საქმე ჰქონდა ხალხთან, რომელიც ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე 20 წელი დუმდა და სამართლიანობის აღდგენის კონტექსტში ხმის ამოღება მხოლოდ ქეცბაიას კრიტიკაში გამოხატა.

 

 ქართული ფეხბურთის პრობლემა მწვრთნელში არ არის, პრობლემა ღრმა და სტრუქტურულია. ქართული ფეხბურთი ძირეულ რეფორმას საჭიროებს.

 

პირველ რიგში უნდა შეწყდეს გადასახადის გადამხდელთა ფულის ისეთ საქმეში ჩადება, რომელსაც მხოლოდ წაგება და იმავე გადასახადების გადამხდელთა გაწბილებული მოლოდინები და იმედგაცრუება მოჰყვება. ფეხბურთელთა უკანასკნელმა კარგმა თაობამ ბუცები კედელზე დაკიდა,  მათი ჩანაცვლება ახალი თაობის სპორტსმენებით ვერ მოხერხდა, დღეს ბურთის ოსტატები  ქვეყანას არ ჰყავს, რაც ბოლო წლებში ბავშვთა ფეხბურთის წარუმატებელი მენეჯმენტის ან კიდევ მისი სრული მიტოვების ბრალია. სახელმწიფოს მხრიდან ფეხბურთში ინვესტირება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გამართლებული - თუ ფულის ჩადება მოხდება ბავშვთა ფეხბურთში და რესურსები გადანაწილდება რეგიონებზე.

 

ბავშვთა ფეხბურთში ინვესტირება გულისხმობს უმცირეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი სავარჯიშო ცენტრების მშენებლობას, კვალიფიციურ მწვრთნელთა მომზადებას ან ბავშვთა ფეხბურთის უცხოელ სპეციალისტთა მოწვევას (თუნდაც ბრაზილიიდან და პორტუგალიიდან), რეგიონებში ფეხბურთის უფასო სექციების არსებობას. ფეხბურთი და ზოგადად სპორტი აუცილებელია გადავიდეს  წარმატებით გამოცდილ ე.წ. სამ საფეხურიან სისტემაზე - სკოლა, უნივერსიტეტი და პროფესიული სპორტი.

 

ქართული ფეხბურთის ბოლო ოცი წლის გამოცდილებამ დაადასტურა, რომ აქამდე ნაცადი ყველა „საბჭოთა“ გზა, ფედერაციის პრეზიდენტების და მწვრთნელების ცვლით, სხვადასხვა ასაკის ნაკრებების დაფინანსებაში ყოველწლიურად გადასროლილი რამდენიმე მილიონი ლარით არც ეროვნული ჩემპიონატის დონე ამაღლდა და ვერც ეროვნული ნაკრები გახდა ოდნავ მაინც წარმატებული.

 

რაც შეეხება თემურ ქეცბაიას, მას კიდევ ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი კლასი და პროფესიონალიზმი დაამტკიცოს, ალბათ უკვე სხვა ქვეყნის ნაკრებში ან საკლუბო გუნდში. ან იქნებ მომავალში მართლაც დათანხმდეს კვიპროსის რომელიმე დიდი პარტიის სიით ევროპული კავშირის პარლამენტში კენჭის ყრას, რაზეც წარსულში უარი თქვა, და მისი სახით ბრიუსელში შევიძინოთ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების თავგადაკლული ლობისტი.  

 

საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები კი ისევ იმედით დაველოდებით გუნდის წარმატებას. ხოლო მანამდე ქართული სპორტის ხელმძღვანელობის, სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციის, ფეხბურთის პროფესიულ ლიგის, ფეხბურთელების და იმავე ჟურნალისტების თუ გულშემატკივრების საქმიანობას თანამდევად გაჰყვება თემურ ქეცბაიას სიტყვები - მოძრაობა გააკეთეთ . . .

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია