პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება - ადამიანის უფლებათა თანამედროვე სტანდარტები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-07-2013, 19:38 | პოლიტიკა | ნანახია - 2236

პირადი მონაცემების შეგროვება და გამოყენება - ადამიანის უფლებათა თანამედროვე  სტანდარტებიმამუკა ჟღენტი

საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი

 

2006 წლის 1 აპრილს საქართველოსთვის ძალაში შევიდა ევროპის საბჭოს 1981 წლის “კონვენცია პირადი მონაცემების ავტომატური დამუშავების თვალსაზრისით პირთა დაცვისთვის”. ეს კონვენცია პირველი საერთაშორისო-სამართლებრივი ინსტრუმენტია, რომელიც იცავს პიროვნებას ხელყოფისგან, რაც შეიძლება მოჰყვეს პირადი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პროცესს. კონვენცია ასევე ადგენს წესებს ამ ინფორმაციის საზღვრებს მიღმა მოძრაობის თაობაზე. გარდა იმისა, რომ კონვენცია ადგენს გარანტიებს პირადი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების კუთხით, ასევე აკრძალულია ე.წ. “სენსიტიური” ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. კერძოდ, იკრძალება პიროვნების რასის, პოლიტიკური შეხედულებების, ჯანმრთელობის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ცხოვრებისა და სხვა სახის ინფორმაციის დამუშავება შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში. კონვენცია ასევე ანიჭებს პირს უფლებას, იცოდეს, რომ მის შესახებ არის შენახული ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია შეიძლებაშესწორდეს. ამასთან, კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-8, მე-10 და მე-11 მუხლების მეორე პარაგრაფების დებულებათა მსგავსად, უშვებს გამონაკლისებსაც, რომლებიც დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებული ინტერესის არსებობის პირობებში (სახელმწიფო უსაფრთხოება, თავდაცვა და ა.შ.). იკრძალება ინფორმაციის სახელმწიფოს საზღვრებს მიღმა გადაცემა იმ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის მიმღებ სახელმწიფოს არ გააჩნია შესაფერისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფდა პირის უფლებათა ადეკვატურ დაცვას. საგულისხმოა, რომ კონვენციით ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ევალებათ უზრუნველყონ სპეციფიკური უსაფრთხოების ზომების არსებობა, რათა თითოეული ფაილი იყოს ჯეროვნად დაცული მისი სენსიტიურობის დონის გათვალისწინებით, იყოს შესაბამისი შეზღუდვები ამ ინფორმაციასთან წვდომაზე თვით ინფორმაციის შემგროვებელი ორგანიზაციის შიგნით, დააწესონ მოთხოვნები გრძელვადიანი შენახვის კუთხით და ა.შ. უსაფრთხოების ზომები უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ სტანდარტებს და ითვალისწინებდეს შესაძლო რისკებსა თუ არამართლზომიერი დაინტერესების დონეს.

 

მისასალმებელია, რომ 2013 წლის 15 მაისს საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციის დამატებით ოქმს, რომელსაც სიახლეები შემოაქვს 1981 წლის კონვენციასთან მიმართებაში. კერძოდ, გათვალისწინებულია დამატებითი საზედამხედველო ორგანოთა შემოღება, რომლებიც გააკონტროლებენ კონვენციის დებულებათა შესაბამისად მიღებული კანონმდებლობის შესრულებას. მეორე სიახლე კი შეეხება ინფორმაციის საერთაშორისო გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხს - ინფორმაციის გადაცემა დაშვებულია მხოლოდ იმ სახელმწიფოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელიც აკმაყოფილებს დაცულობის შესაბამის სტანდარტებს. დამატებითი ოქმი ძალაში შევიდა 2004 წლის 1 ივლისს (http://www.conventions.coe.int/Treaty/Commun/ChercheSig.asp?NT=181&CM=2&DF=14/07/2013&CL=ENG) და საქართველოსთვის ამოქმედდება მას მერე, რაც დავასრულებთ შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს და სარატიფიკაციო ან დამტკიცების შესახებ ინსტრუმენტი დეპონირებული იქნება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.

 

საგულისხმოა, რომ კონვენცია არ ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს, ჩამოაყალიბონ საზედამხედველო სტრუქტურა ან სტრუქტურები, რომლებიც ამ სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევდნენ კონვენციისა და დამატებითი ოქმის პრინციპების შესრულებას. დამატებითი ოქმი კი სავალდებულოს ხდის ასეთი სტრუქტურ(ებ)ის შექმნას. საზედამხედველო სტრუქტურის მიზანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა პირადი ინფორმაციის დამუშავებასთან მიმართებაში. ამისთვის საზედემხედველო სტრუქტურას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რესურსები (იურისტები, კომპიუტერი, ექპერტები), რათა განახორციელოს დროული და ეფექტური ქმედებები მოქალაქეთა დასახმარებლად.

 

მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ოქმი ხელშემკრველ სახელმწიფოებს უტოვებს საკმაოდ დიდ დისკრეციას დამოუკიდებლად განსაზღვრონ მისანიჭებელი უფლებამოსილებების დიაპაზონი, დადგენილია ის მინიმალური მანდატი, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს საზედამხედველო სტრუქტურას. კერძოდ, დამატებითი ოქმის თანახმად, ამ სტრუქტურას უნდა შეეძლოს გამოიძიოს ან ჩაერიოს მიმდინარე გამოძიებაში. უნდა შეეძლოს ჩაერთოს მიმდინარე სამართლებრივ პროცესში და ჰქონდეს უფლებამოსილება შეატყობინოს კომპეტენტურ სასამართლო ხელისუფლების სტრუქტურას შესაბამისი დებულებების ნებისმიერი დარღვევის თაობაზე. ზემოხსენებული “გამოძიების უფლება” მოიცავს შესაძლებლობას ნებისმიერ სახელმწიფო თუ კერძო ორგანოსგან, რომელიც აგროვებს და ამუშავებს პირადი ხასიათის ინფორმაციას, გამოითხოვოს ეს ინფორმაცია. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ინფორმაცია გახდეს ხელმისაწვდომი საზედამხედველო სტრუქტურისთვის, როდესაც მოქალაქეს აქვს სურვილი გამოიყენოს კონვენციის მე-8 მუხლის დებულებების შესაბამისად სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობით დაშვებული უფლებები. დამატებით ოქმში გამოყენებული ტერმინი “ჩარევა” გულისხმობს, რომ საზედამხედველო სტრუქტურას უნდა მიენიჭოს ისეთი უფლებამოსილება, როგორიცაა, მაგალითად, პირადი ინფორმაციის შემგროვებელი და დამმუშავებელი ორგანოსადმი მოთხოვნა, რათა ამ უკანასკნელმა შეასწოროს და/ან გაანადგუროს შესაბამისად არასწორი ან უკანონოდ მოპოვებული პირადი ხასიათის ინფორმაცია. ჩართვაში ასევე იგულისხმება შესაბამისი რეკომენდაციებისა და მოხსენებების მიწოდების უფლება საკანონმდებლო ორგანოსთვის ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის. გარდა ხსენებულისა, დამატებითი ოქმი ადგენს, რომ საზედამხედველო ორგანომ უნდა მოახდინოს საზოგადოების რეგულარული ინფორმირება შესაბამისი მოხსენებებით, დასკვნებით ან კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით. საზედამხედველო სტრუქტურას ასევე სასურველია ჰქონდეს საკონსულტაციო ფუნქცია, როდესაც სახელმწიფოში მიმდინარეობს საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება პირადი მონაცემების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

 

დამატებითი ოქმით გათვალისწინებული სამართლებრივ პროცესში ჩართვის უფლება ნიშნავს, რომ საზედამხედველო სტრუქტურას შეუძლია ჩაერთოს ნებისმიერ სამართლებრივ პროცესში ან პირადი მონაცემების დაცვის წესების ნებისმიერი დარღვევის შესახებ აცნობოს სასამართლო ხელისუფლებას. ეს უფლება გამომდინარეობს გამოძიების უფლებიდან, რომლის შედეგადაც საზედამხედველო სტრუქტურამ შესაძლებელია აღმოაჩინოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევები.

 

დამატებითი ოქმი ასევე ითვალისწინებს სხვა სიახლეებსაც. ნებისმიერ სახელმწიფოში მოქალაქეებს აქვთ უფლება ისარგებლონ სასამართლო პროცედურებით, თუმცა, დამატებითი ოქმის თანახმად, მოქალაქეებს უნდა მიეცეთ საშუალება, სარჩელები წარადგინონ საზედამხედველო სტრუქტურაშიც. უფრო მეტიც, სახელმწიფოებს ეძლევათ შესაძლებლობა, საზედამხედველო სტრუქტურაში სარჩელის წარდგენა გახადონ აღნიშნული სასამართლო პროცესის აუცილებელ შემადგენელ ელემენტად, ან თუნდაც წინაპირობად.

დამატებითი ოქმის მოთხოვნაა, რომ საზედამხედველო  სტრუქტურა სარგებლობდეს საკმარისი დამოუკიდებლობით საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას. დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა შესაძლებელია მისი შემადგენლობით, წევრების დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების  წესის მეშვეობით, ისევე როგორც შესაბამისი რესურსების მინიჭების გზით. ყოველივე ზემოაღნიშული და დამოუკიდებლობის სხვა ბერკეტების შემოღება თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს პრეროგატივაა. მეორე მხრივ, დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს ანგარიშვალდებულებას, პირველ ყოვლისა, მოქალაქეების მიმართ. შესაბამისად, ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, დამატებითი ოქმით დაშვებულია, რომ საზედამხედველო სტრუქტურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნას გასაჩივრებული სასამართლო წესით.

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ პირადი მონაცემებისა და ინფორმაციის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი და ფაქიზი საკითხია. იმისთვის, რათა მაქსიმალურად დაზღვეული ვიყოთ და სახელმწიფოსა და მოქალაქეებს მიეცეთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უკეთ დაცვის შესაძლებლობა, აუცილებელია, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და, მეორე მხრივ, ამ კანონმდებლობის ჯეროვანი იმპლემენტაცია. კონვენცია საქართველოსთვის ძალაშია. სასურველია უახლოეს მომავალში მოხერხდეს დამატებითი ოქმის რატიფიცირებაც და ოქმით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. სასურველია ამ პროცესში აქტიურად იქნას ჩართული არასამთავრობო სექტორი. ასევე რეკომენდებულია გავითვალისწინოთ იმ სახელმწიფოთა გამოცდილება, სადაც ამგვარი სტრუქტურები უკვე შექმნილია და ფუნქციონირებს. ახალი საზედამხედველო სტრუქტურ(ებ)ის შემოღებით გადავგდამთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია