პუტინის ოსტრაკიზმი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-11-2014, 17:52 | მსოფლიო | ნანახია - 2529

პუტინის ოსტრაკიზმიმამუკა გამყრელიძე 

 

“ივერიის” მკითხველს მინდა შევახსენო, რომ ოსტრაკიზმი ძველ ათენში ერთგვარი დემოკრატიული ინსტრუმენტი გახლდათ, როცა მოქალაქეები კენჭისყრის საფუძველზე ათენიდან აძევებდნენ მათთვის არასასურველ პიროვნებას. ისეთ ადამიანს, რომელსაც თავისი გავლენით ქალაქისათვის ზიანის მიყენება შეეძლო. 2500 წლის შემდეგ ჩვენ დაახლოებით ასეთი მოვლენის მომსწრენი გავხდით, როცა გლობალური სამყაროს ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ბრისბენში  ისეთი გარემო შეუქმნეს, რომ მას ნერვებმა უმტყუნა და G-20-ის სამიტი დროზე ადრე დატოვა.

 

მიმდინარე კვირაში მედიის ყველაზე განხილვად მოვლენას ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში ჩატარებული G-20-ის მორიგი სამიტი წარმოადგენდა.

 

თავისთავად G-20 უაღრესად საინტერესო პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმატია, რადგან მასში მთელი სისრულითაა წარმოდგენილი გლობალიზაციის იდეა. იგი 1999 წელს ბერლინში შექმნეს მსოფლიოს შვიდმა ეკონომიკურმა ლიდერმა სახელმწიფომ,  რათა  დიალოგი ეწარმოებინათ მსოფლიოს სხვა განვითარებად სახელმწიფოებთან. ამ  სახელმწიფოების ლიდერების რეგულარული სამიტები კი 2008 წლიდან, მსოფლიო საფინანსო კრიზისის ფონზე დაიწყო. G-20 მნიშვნელობა შესაძლებელია უფრო დიდია ვიდრე G-7 ფორმატისა, რადგან სწორედ მასში ხდება მსოფლიო ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ასეთი, გლობალური მასშტაბის მოვლენად იქცა მსოფლიო ლიდერების შეხვედრა ბრისბენშიც.

 

G-20-ის მორიგი სამიტის შედეგები მრავლისმთქმელია. მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს 800-მდე ეკონომიკურ ინიციატივას. კერძოდ, მიზნად დაისახეს 2018 წლისათვის G-20-ის ქვეყნების ჯამური GDP გაზარდონ ბაზისური ტრაექტორიით გათვალისწინებულზე  2%-ით  მეტად. ეს დაახლოებით 2 ტრილიონი აშშ დოლარია და ამით მოხდება სამუშო ადგილების მნიშვნელოვანი მატება. გადაწყდა, რომ გაიზარდოს ქალების მონაწილეობა დასაქმების ბაზარზე და მოხდეს მათი სამუშაოს ხარისხის ამაღლება. 2025 წლისათვის განსხვავება მამაკაცებისა და ქალების დასაქმებაში უნდა შემცირდეს 25%-ით, რაც ნიშნავს 100 მლნ ქალის დამატებით დასაქმებას. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია უმთავრესად განვითარებადი სახელმწიფოებისათვის. გარდა ეკონომიკური პრობლემატიკისა სამიტზე განიხილებოდა მსოფლიოსათვის სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები, მაგალითად ებოლას ეპიდემია და კლიმატური ცვლილებები. დაანონსდა 10 მილიარდიანი Green Climate Found-ის შექმნა. მასში 3 მილიარდს აშშ დებს 1.5 კი იაპონია. გარდა ამისა ქვეყნები შეთანხდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ საგადასახადო კუთხით, რათა ხელი შეუშალონ მსხვილ ტრანსნაციონალურ კომპანიებს გადასახადების დამალვაში. მთლიანობაში სამიტი წარმატებული იყო და მან კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების ერთიანი ხედვა არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სხვადასხვა გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში. შემაჯამებელ კომუნიკეში ითქვა, რომ შემდეგი სამიტი ჩინეთში ჩატარდება.

 

ყველაფერი ასე მშვიდ და საქმიან, ერთგვარად მოსაწყენ ატმოსფეროში ჩატარდებოდა, რომ არა ერთი ძალიან პიკანტური მომენტი, ის ობსტრუქციული გარემო, რომლის პირობებშიც რუსეთის პრეზიდენტს ბრისბენში მოუწია ყოფნა.რა თქმა უნდა, პუტინს კარგად ესმოდა, თუ როგორი დახვედრა ელოდა ავსტრალიაში, მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა მიეღო მოწვევა სამიტზე. მან, როგორც უაღრესად გამოცდილმა პოლიტიკოსმა კარგად იცის, რომ არ შეიძლება კავშირების ბოლომდე ჩაჭრა და მას შემდეგ რაც რუსეთი G-8 ფორმატიდან დაითხოვეს, ამ სამიტის, როგორც დიალოგის პლატფორმის უგულვებელყოფა ქვეყნისათვის ძალიან საზიანო იქნებოდა. პუტინის ზედმეტად ამაყ და ღვარძლიან ნატურას თუ გავითვალისწინებთ ადვილი წარმოსადგენი იქნება ის მორალური ტანჯვა რადაც მას ეს მოგზაურობა დაუჯდა. გავიხსენოთ თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები.

 

პუტინმა წინმსწრები ნაბიჯი გააკეთა და ავსტრალიის ნაპირებთან რუსული სამხედრო გემების ფლოტილია მიავლინა, რომელთაც წინ რუსეთის ფლოტის ფლაგმანი “ვარიაგი” მიუძღოდა. ეს ძალიან ღია და მკვეთრი გზავნილი იყო დასავლეთისათვის. თავად “ვარიაგის” იქ ყოფნაც სიმბოლური იყო. ეს გემი ცუსიმას ბრძოლის დროინდელი ხომალდის სახელს ატარებს და რუსულ სამხედრო ისტორიაში იმითაა ცნობილი, რომ არასდროს ნებდება მტერს. მიუხედავად ძალის ასეთი დემონსტრირებისა პუტინს მაინც ძალიან დაბალი დონის მიღება მოუწყვეს. მას ტრაპთან ავსტრალიის არც ერთი პირველი პირი  დახვდა. მხოლოდ თავდაცვის მინისტრის თანაშემწე. შედარებისათვის პუტინის შემდეგ ჩამოსულ ანგელა მერკელს ქვეყნის გენერალ - გუბერნატორი პიტერ კოსგროუვი, ხოლო სი ძინპინს კი კვინსლენდის შტატის (სამიტი სწორედ კვინსლენდის დედაქალაქში ჩატარდა) პრემიერ მინისტრი კემპბელ ნიუმენი. როცა პუტინი ჩამოვიდა ორივე ოფიციალური პირი აეროპორტში იმყოფებოდა, მაგრამ მათ არ ჩათვალეს საჭიროდ პუტინთან შეხვედრა.

 

რუსეთის პრეზიდენტის მიმართ შეურაცხყოფების კასკადი გაგრძელდა, როცა იგი ჯგუფური სურათის გადასაღებად ყველაზე განაპირა ადგილას, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის გვერდით დააყენეს. თავიდან ცენტრში დგომას მიჩვეული პუტინი დაიბნა კიდეც და ჯერ ცენტრისაკენ გაემართა, მაგრამ მას მალევე მიუთითეს მისი ადგილი. კანადის პრემიერმა სტივენ ჰარპერმა მას შეხვედრისას ხელი ჩამოართვა და უთხრა “I guess I’ll shake your hand but I have only one thing to say to you: You need to get out of Ukraine”. ამ სიტყვებს, რომელიც პრემიერის სპოუკსმენმა ჯეისონ მაკდონალდმა როიტერის სააგენტოს მიაწოდა, რუსულმა მხარემ საკმაოდ რბილი კონოტაცია მისცა. პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა ეს საუბარი “ზრდილობის ფარგლებს არ გასცდენიაო”. ჩვენი მკითხველი კი კარგად დაინახავს, რომ ორიგინალში პუტინს ღიად უთხრეს უკრაინიდან უნდა გაეთრიოო. ობსტრაკიზმის აპოთეოზი კი მაშინ გამოჩნდა, როცა ვახშამზე მის მაგიდას არავინ მიუჯდა და კარგა ხანს გაოცებული სახით მარტო იჯდა, სანამ მას ორგანიზატორებმა ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი არ დაუსვევს. ცხადია, პუტინი მზად იყო დასავლეთის  ლიდერების ასეთი არამეგობრული  დამოკიდებულებისათვის, მაგრამ ის ალბათ გაცილებით მეტ  კეთილგანწყობას ელოდა განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით BRICS-ის ქვეყნების ლიდერებისაგან. წარმოიდგინეთ მისი გაწბილება, როცა დაინახა, რომ არც ერთი მათგანი, რუსეთის პარტნიორად შერაცხული ჩინეთიც კი არ აპირებს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭებას რუსეთის ინტერესების დასაცავად.

 

სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ყოველივე ზემოთთქმული უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და გათვლილი იყო იმაზე, რომ პუტინსაც და მსოფლიო საზოგადოებასაც აშკარად დაენახათ დასავლეთის განწყობა რუსეთის უკრაინაში აგრესიასთან დაკავშირებით. თავად სამიტის დღის წესრიგში უკრაინის საკითხი არ იდგა, მაგრამ პუტინის ყველა ორმხრივი შეხვედრა თითქმის მთლიანად უკრაინის თემატიკას შეეხო. ასეთი ოფიციალური შეხვედრა კი პუტინს მრავლად ჰქონდა. მაგალითად საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, ბრიტანეთის პრემიერმინისტრ დევიდ ქემერონთან, ევროსაბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპეისტან, იტალიის პრემიერ მატეო რენცისთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, რომელთანაც საუბარი ოთხ საათს გაგრძელდა. ამ შეხვედრების შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგებია დასავლეთის პოზიცია, მაგრამ მას არ შეუძლია იმის თქმა, თუ როდის იქნება შესაძლებელი უკრაინის კრიზისის გარშემო არსებული რთული პრობლემების გადაწყვეტა. ამან კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, თუ რამხელა ნაპრალია რუსეთისა და დასავლეთის პოზიციებს შორის და ამ პოზიციების სწრაფი დაახლოების შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

თანამედროვე გლობალისტური მსოფლიო დღეს ისეთ პრინციპებზეა აგებული, რომ ყველა ქვეყნები ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი და მათ მიერ გადადგმული, ცალმხრივი ინტერესებით განპირობებული ყოველი ნაბიჯი სერიოზულ ტალღებს აჩენს დანარჩენ სამყაროში. ამიტომ გახდა რუსეთის ასეთი უხეში და აგრესიული ქმედებები არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს განხილვისა და შეშფოთების საგანი. ჩვენ ადრე ვწერდით პუტინის ახალი საერთაშორისო დოქტრინის განხილვისას, რომ იგი მორალურად მზადაა დაპირისპირების გამწვავებისათვის. შეგახსენებთ მის სიტყვებს, რომ ყოველი გეოპოოლიტიკური  დაპირისპირება დაკავშირებულია გლობალურ ომებთან, ან როგორც მინიმუმ ძალიან მწვავე რეგიონალურ კონფლიქტებთან. პუტინის ასეთ, ბრუტალური მაჩოს პოლიტიკას დასავლეთი დიდხანს ცდილობდა შეგუებოდა და მასთან ურთიერთობის სწორი ალგორითმი შეერჩია. ახლაც, ბრისბენში ობამამ განაცხადა, რომ მას ბევრად ურჩევნია დაინახოს რუსეთი მსოფლიო ეკონომიკაში სრულად ინტეგრირებული და ის პირველი იქნება ვინც სანქციების მოხსნას დაუჭერს მხარს თუ რუსეთი უკრაინის მიმართ პოზიციას შეიცვლის. მშვიდობის თეთრი მტრედი ობამასაგან განსხვავებით დასავლეთის ლიდერები უფრო მკაცრები გამოდგნენ და მერკელიც და ქემერონიც უკრაინაში დესტაბილიზაციის გაზრდის შემთხვევაში რუსეთს ახალი სანქციებით დაემუქრნენ. ამავე დროს მერკელი პუტინთან დიალოგის გაგრძელების მომხრედ რჩება. ობამამ, იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ და ავსტრალიის პრემიერმა ტონი ებოტმა რუსეთ უკრაინის ურთიერთობებს ცალკე შეხვედრა დაუთმეს. მათ პროტესტი გამოხატეს ყირიმის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით და მტკიცე პოზიცია დააფიქსირეს მალაიზიური ბოინგის კატასტროფის გამოძიებისა და  დამნაშავეების სასამართლო დევნის განხორციელების აუცილებლობაზე. ობამამ კი განაცხადა, რომ რუსეთი ვალდებულია საერთაშორისო პრინციპების ერთგული იყოს და ერთ - ერთი ასეთი პრინციპია არ შეიჭრა სხვა ქვეყანაში და არ ეცადო მის დაშლას.

 

პუტინის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება დღეს ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ. მიუხედავად იმისა, რომ მის სრულ იზოლირებას არავინ აპირებს და ეს კონტრპროდუქტიულია ბირთვულ სახელმწფიფოსთან მიმართებაში, დასავლეთი როგორც იქნა მიხვდა, რომ პუტინთან პოლიტიკის შერბილება და ენამოჩლექით საუბარი უაზრობაა და ტონი გაამკაცრა. ამავე დროს უკვე აშკარად ჩანს, რომ დასავლეთს პუტინის “მორჯულების” აღარ სჯერა და მას განიხილავს, როგორც ბედისწერის დროებით უკუღმართობას და შინაგანად უკვე პოსტპუტინისტურ ხელისუფლებასთან ურთიერთობისათვის ემზადება. სამწუხაროდ რუსეთის პოლიტიკურ არენაზე ასეთი ძალა ჯერ არ ჩანს და ისიც გაურკვეველია რამდენად ლიბერალური, ან პირიქით უფრო ავტორიტარული იქნება ის.ფაქტი კი ისაა, რომ ახალი “ცივი ომი” დაიწყო. სიტუაცია ძალიან ჰგავს 1983 წლის სამხრეთ კორეული ბოინგის კატასტროფის შემდგომ პერიოდს, როცა რონალდ რეიგანმა სსრკ-ს “ბოროტების იმპერია” უწოდა და მის წინააღმდეგ დასავლეთის ჯვაროსნული ომი დაიწყო. შედეგი ყველას კარგად გვახსოვს. დღევანდელი დაპირისპირება რუსეთისათვის კიდევ უფრო სავალალოდ გამოიყურება. ერთმანეთს უპირისპირდება ორი ძალა. ერთისმხრივ 1 მლრდ მეორეს მხრივ კი 144 მლნ მოსახლეობით. ერთ მხარეს მსოფლიოს GDP-ს 60%-ია, მეორე მხარეს კი სულ 2%. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ დღეს რუსეთს არ გააჩნია ის პოლიტიკური რესურსი, რომელიც სსრკ-ს ჰქონდა ადვილი წარმოსადგენია ვინ დარჩება ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული.

 

პუტინი ვერ ითვალისწინებს, რომ რუსეთი აღარაა მსოფლიოში პოლიტიკური ზემოქმედების ცენტრი. ეკონომიკურად და ფინანსურად კი იგი სისტემის პერიფერიაზე იმყოფება. მის აქტივად მხოლოდ ბირთვული იარაღი და რუსული პროპაგანდისტული მანქანის გამალებული მუშაობა შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ პროპაგანდისტული ნაბიჯი იყო ბრისბენში მისი ინტერვიუ, რომელიც მან გერმანულ არხს ARD-ს მისცა. აქ მან კიდევ ერთხელ ძალიან უხეშად დაანახა მსოფლიოს, რომ არ აპირებს უკან დახევას. მან ევროკომისიის მონაცემები მოიშველია და განაცხადა, რომ სანქციებზე რუსეთის კონტრზომებმა ევროპას 5-6 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა. რუსეთისადმი მიყენებული ზარალი კი პუტინმა ვირტუალურად მონათლა. არადა რუსეთს უკვე ძალიან მძიმე პრობლემები შეექმნა. სანქციებმა და ნავთობის ფასების ვარდნამ ქვეყანაში უმძიმესი საფინანსო კრიზისი შექმნა. რუბლის კურსმა  1997 წლის კრიზისისთვისაც კი არნახული ვარდნა განიცადა. “ფსკერი” კი ჯერ არ ჩანს. მაშინ როცა ქვეყნის ეკონომიკის დიდი წილი იმპორტზეა ორიენტირებული კომპანიებისა და მოსახლეობის შემოსავლები დოლართან მიმართებაში პრაქტიკულად განახევრდა. ამან თავის მხრივ მძიმე ინფლაცია გამოიწვია. ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ მოსალოდნელია პუტინის 85%-იანი მხარდაჭერის სწრაფი ვარდნა და არც სოციალური პრობლემებით გამოწვეული ქუჩის აქციებია შორს. ალბათ სწორედ სიტუაციის სიმწვავისაგან გამოწვეული გაღიზიანებით თუ აიხსნება იმავე ინტერვიუში პუტინის მიერ დასავლეთის ლიდერების ძალიან უხეში მოხსენიება. “ესმით თუ არა მათ რას აკეთებენ ? თუ პოლიტიკა მათ თვალებს უბნელებს ? თვალები ხომ ტვინის პერიფერიული ნაწილია. ესე იგი მათ ტვინებში რაღაც გაეთიშათ.”

 

ამ ინტერვიუს შემდეგ პუტინმა პროტოკოლის დარღვევით ნაადრევად დატოვა სამიტი. არ დაელოდა შემაჯამებელ კომუნიკეს და საერთო საუზმესაც არ დაესწრო. მიზეზად ორშაბათის წინ აუცილებელი გამოძინება დაასახელა. თითქოს მისი სასახლესავით თვითმფრინავის ბორტზე 18 საათიანი ფრენის დროს ძილს ვინმე დაუფრთხობდა.

 

დასავლეთი კი მეთოდურად აგრძელებს ზეწოლას. ობამამ სამიტის წინ  ბრისბენის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრაზე რუსეთი კვლავ ებოლასთან ერთად მთავარ საფრთხედ მოიხსენია. სამიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა რუსეთის ერთ ერთ მთავარ მიკავშირეს სერბეთს კატეგორიულად მოსთხოვა შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, თუ მას ევროკავშირში გაერთიანება სურს. ძალიან ნიშანდობლივია ანგელა მერკელის ინტერვიუ Frankfurter Allgemeine Zeitung-ისთვის, სადაც მან განაცხადა, რომ “უკრაინის კრიზისი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ რეგიონალურ კრიზისად.  ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველას ეხება. რუსეთის გავლენა ვრცელდება არა მარტო უკრაინაზე, არამედ მოლდოვაზე, საქართველოზე. შეიძლება სერბეთისა და დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი ქვეყნის მოხსენიებაც”. მან განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი არ შეეცადა კონფლიქტური სიტუაციიდან დემოკრატიული და სამართლებრივი გზების მოძებნას. მერკელს კი აღარ სურს იცხოვროს ისე, “როგორც ეს გდრ-ის დროს იყო. როცა არც ერთი გადაწყვეტილება მოსკოვის თანხმობის გარეშე არ მიიღებოდა.”

 

    დასასრულ მინდა კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ აღვნიშნო,  მთელი მსოფლიო მიხვდა, რომ პუტინთან არ შეიძლება რბილად საუბარი. კიდევ რა სიგნალია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენი ხელისუფლებაც გამოფხიზლდეს ?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია